მატჩი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდი VI ჯგუფის აუტსაიდერია და ჯერ ქულაც არ მოუპოვებია. შეგახსენებთ, რომ ჩეხებმა თბილისში 3:0 მოგვიგეს.
დღესვე მეორეადგილოსანი იტალია ლიდერ შვეიცარიას ეთამაშება, ჩეხები კი მე-2 ადგილისთვის იბრძვიან და მოგების შემთხვევაში, "სკუადრა აძურას" გადასწრების შანსი აქვთ. მოკლედ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბაჯელიძის გუნდს საკმაოდ რთული თამაში ელის.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ამ მატჩისთვის
"სამწუხაროდ, საუკეთესო შემადგენლობა ვერ შევკრიბეთ, რადგან ტრავმირებულები გვყავს. ყაზახეთის ჩემპიონატში 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გულნარა გაბელია დაშავდა, მენისკის ტრავმა მიიღო და ვერ დაგვეხმარება.
აზერბაიჯანულ "გაბალაში" ნინო კოჭლამაზაშვილმა მყესი დაიზიანა, თურქეთში მოთამაშე ხატია ჭყონია კი დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაგვეხმარება. მიკროტრავმები აქვთ ნინო პასიკაშვილსა და მეკარე თამარ ნადირაშვილს, მაგრამ ისინი მაინც გამოვიძახეთ და ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩეხეთთან ითამაშონ", - ამბობს ბაჯელიძე.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეკრებაზე მყოფი მოთამაშეების მდგომარეობაზეც გველაპარაკა:
"ლეგიონერები საკმაოდ ნორმალურ გუნდებში თამაშობენ და კარგადაც გამოიყურებიან. მაგალითად, ახლა ნინო სუთიძე თურქეთის ჩემპიონი გახდა. ტატა მატვეევა ნორვეგიაში თამაშობს, სადაც სერიოზული დონეა და ორივეს დიდი იმედი გვაქვს...
საერთოდ, ლეგიონერების გარეშე ვარჯიშები ჯერ კიდევ მარტიდან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში თამაშიდან ერთ კვირაში დავიწყეთ და გოგონები მეტ-ნაკლებად ნორმალურ ფორმაში არიან. 6 აპრილიდან კი შეკრებაზე ვიყავით და ლეგიონერებიც შემოგვიერთდნენ. მაგრამ ჩვენ რეალობიდან გამოვდივართ - ჩეხეთი ძლიერი მეტოქეა, ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს...
საერთოდ, ჯგუფში ჩვენზე გაცილებით ძლიერი მეტოქეები არიან. ამიტომ ახლა მთავარია, გამოცდილება დავაგროვოთ, შემდეგ ციკლში უკეთ რომ ვითამაშოთ".
საქართველოს ქალთა ნაკრები ოპავაში ამ შემადგენლობით ჩავიდა:
მეკარეები: თამარ ნადირაშვილი (ჰერეთი), თეონა სუხაშვილი (ჰერეთი);
მცველები: ნათია სხირტლაძე, ანა ზაქაიძე, თინათინ თევდორაძე (ყველა 35-ე სკოლა), ნინო სუთიძე (ქონაქი ბელედიესფორი, თურქეთი), თეონა სტურუა (მართვე), თამარ ტატუაშვილი (სამსუნი, თურქეთი), ნინო ჩხარტიშვილი (გურია);
ნახევარმცველები: ტატიანა მატვეევა (მედკილა, ნორვეგია), მარიამ დანელია (35-ე სკოლა), მარიამ ბასილაძე (გაბალა, აზერბაიჯანი), თეონა თოდაძე (სამსუნი, თურქეთი), ლანა გორგაძე (მართვე), ნინო პასიკაშვილი (ათაშეჰირი ბელედიესფორი, თურქეთი);
თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე (ათაშეჰირი ბელედიესფორი, თურქეთი), ანა ჩემინავა (35-ე სკოლა), თეონა ბაქრაძე (ჰერეთი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"