ზამთრის თასი 2017: ვარსკვლავური ომები თბილისში [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
მაგარი თამაშები, უამრავი გოლი, კარგი სანახაობა და ახლო წარსულის ბევრი ნამდვილი ვარსკვლავი იხილა გულშემატკივარმა თბილისის ახალ სპორტის სასახლეში, სადაც 13-15 იანვარს "ზამთრის თასი 2017"-ის ორი ტურნირი გაიმართა.

ეროვნული დარბაზის ამბები
საქართველოს ჩემპიონატის გუნდების ტურნირში გამარჯვებულები ოთხ ჯგუფში ირკვეოდა.

A ჯგუფი
გაგრა-შევარდენი 1906 6:5
ტორპედო-დილა 6:2
დილა-შევარდენი 1906 11:4
გაგრა-ტორპედო 4:3
ტორპედო-შევარდენი 1906 16:3
გაგრა-დილა 4:2

გაგრელებმა სამივე მატჩი მოიგეს და ყველასთვის მოულოდნელად, ნახევარფინალში გავიდნენ.

13 იანვარს, ზამთრის თასის პირველი სათამაშო დღე B ჯგუფის მატჩებით დაიხურა.

B ჯგუფი
საბურთალო-სიონი 4:4
ჩიხურა-მერანი 8:2
მერანი-საბურთალო 1:11
ჩიხურა-სიონი 6:5
სიონი-მერანი 5:0
ჩიხურა-საბურთალო 5:1

ეს უკანასკნელი დაპირისპირება ჯგუფის
ფინალი გამოდგა, სადაც საჩხერელებმა მომენტებით მეტოქეზე უკეთ ისარგებლეს და 9 ქულით ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

C ჯგუფი
თელავი-ვიტ ჯორჯია 6:3
დინამო (ბთ)-კოლხეთი 1913 7:8
თელავი-კოლხეთი 8:2
ბათუმი-ვიტ ჯორჯია 7:3
კოლხეთი-ვიტ ჯორჯია 13:7
ბათუმი-თელავი 10:5

განსაკუთრებით დრამატული ზღვისპირელთა შეხვედრა გამოდგა, სადაც შეხვედრის ბედი ბოლო წუთზე ფოთელების გოლით გადაწყდა. "თელავი" შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა, მაგრამ დარბაზის ფეხბურთის სპეციფიკას ალღო აუღეს და 2 გოლი კედლის დახმარებით, მეტად ეფექტურად გაიტანეს.

2 მოგება, 1 წაგება და 6 ქულა ერთდროულად სამმა გუნდმა დააგროვა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება, ბურთების უკეთესი სხვაობით, ბათუმის "დინამომ" მოიპოვა.

D ჯგუფი
შუქურა-სამტრედია 4:8
მეშახტე-დინამო (თბ) 1:11
დინამო (თბ)-შუქურა 19:4
მეშახტე-სამტრედია 3:6
შუქურა-მეშახტე 4:14
სამტრედია-დინამო (თბ) 4:9

ამ ჯგუფის ინტრიგა თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიის" დაპირისპირება იყო. თბილისელებმა ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს და რეკორდი დაამყარეს - 39 გოლი 3 მატჩში, გადამწყვეტ მატჩში კი "სამტრედიაც" დაამარცხეს - 9:4.

პლეი ოფი
15 იანვარს, ნახევარფინალში, თბილისის "დინამომ" 11:5 დაამარცხა ბათუმის "დინამო", ხოლო "გაგრამ" მოულოდნელად 5:0 სძლია "ჩიხურას" და ფინალში გავიდა.

ანატოლი პისკოვეცის გუნდის ნამდვილი აღმოჩენა გიორგი ქურდაძე გახლდათ, რომელიც მთელი გასული სეზონის განმავლობაში ფუტსალს თამაშობდა და დიდი ფეხბურთში "გაგრამ" დააბრუნა. ქურდაძემ გუნდის ამ წარმატებაში ლომის წილი შეიტანა, რადგან ეტყობა, გუნდი დარბაზის ფეხბურთის თავისებურებებში გაანათლა, რასაც შედეგად ფინალში თბილისის "დინამოს" დამარცხება (6:4) მოჰყვა.

18 გოლით ტურნირის ბომბარდირი თბილისელთა შემტევი საბა ლობჟანიძე გახდა, ხოლო საუკეთესო მოთამაშედ ზემოთ ნახსენები გიორგი ქურდაძე აღიარეს.

იაშვილის პოკერფინალი
15 იანვარს გულშემატკივარმა უეფას, ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ნაკრებებში ნათამაშები, ახლო წარსულის ბევრი ვარსკვლავი თუ მსოფლიო დონის გამორჩეული ფეხბურთელი და ძალიან ლამაზი მატჩები იხილა.

საქართველო ნაკრებში თამაშობდნენ გიორგი ლომაია, დავით გვარამაძე, ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, დავით მუჯირი, მიხეილ ყაველაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, მამუკა მაჭავარიანი... უნდა ეთამაშა კახა კალაძესაც, მაგრამ წინა დღეს ვარჯიშზე დაშავდა და თამაშებს სათადარიგოთა სკამიდან გულდაწყვეტილი უყურებდა.

ბევრი ცნობილი მოთამაშე იყო ესპანეთის ნაკრებშიც, რომელთა დამსახურებების ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს - ხუანფრანი, სერხი ბარხუანი, ხუან კაპდევილა, ლუის მილა, სალვა ბალესტა, ხუან ამავისკა, ხუან კარლოს აბლანედო, ლუის სემბრანოსი, მარკოს სენა.

უკრაინაში იყვნენ ვლადიმერ იეზერსკი (39 მატჩი ნაკრებში), სერგეი ნაგორნიაკი (14), ედუარდ ციხმეისტრუკი (7), გუნდს კი ევროპის ლიგის ფინალისტის, "დნიპროს" ყოფილი მწვრთნელი მირონ მარკევიჩი და კიევის "დინამოს" ლეგენდა და ყოფილი თავკაცი ანატოლი დემიანენკო ავარჯიშებდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა მთლიანად დავით პეტრიაშვილის სახელობის ფონდში დაირიცხა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით დაარსდა და საფეხბურთო თემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროფესიულ წინსვლაში დაეხმარება.

საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში თურქეთი 7:4 დაამარცხა (დემეტრაძე - 2, იაშვილი - 2, ამისულაშვილი - 2, კობიაშვილი). მაყურებელმა გიორგი ქინქლაძის ეფექტური პასით გატანილი ამისულაშვილის გოლი იხილა. "ქინქის" ბურთთან ყოველ შეხებას მაყურებელი ოვაციებით ხვდებოდა, ეგ იყო ოღონდ, რომ მსგავსი ეპიზოდები ძალიან ცოტა იყო, რადგან ქინქლაძეს წონა თამაშში ხელს უშლიდა.

მეორე შეხვედრაში საქართველომ უეფას ნაკრებს სძლია - 6:2 (კობიაშვილი - 2, დემეტრაძე, იაშვილი, მუჯირი, მაჭავარიანი) და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. A ჯგუფში თურქეთმა უეფას 5:4 მოუგო და მე-2 ადგილზე გავიდა.

ესპანეთთან ნახევარფინალი ნამდვილ საფეხბურთო სპექტაკლად და დავით მუჯირის ბენეფისად იქცა. მან ანგარიში გახსნა, რაზეც ხუან სანჩესმა უპასუხა. მერე დემეტრაძემ, ამისულაშვილმა და მუჯირმა უპირატესობა გაზარდეს - 4:1. ამის შემდეგ ესპანური "არმადა" ამოქმედდა და ხუანფრანის, სალვა ბალესტასა და სენას გოლებით წონასწორობა აღდგა - 4:4. მერე მუჯირის გოლს ისევ ხუან სანჩესმა უპასუხა. გადამწყვეტი ბურთი კი იაშვილმა შეაგდო და ქართველი "სთარები" ფინალში გაიყვანა. ქინქლაძემ აქაც ეპიზოდებში გაიბრწყინა, როცა ზედიზედ ორჯერ სალვა ბალესტა წამოაგო ფინტზე.

მეორე ფინალისტმა, უკრაინამ ჯგუფში აზერბაიჯანთან 3:3 ითამაშა, ესპანეთს 3:2 აჯობა, ხოლო დაძაბულ და ნერვულ ნახევარფინალში თურქეთს 3:1 სძლია. B ჯგუფში აზერბაიჯანი ესპანეთთან 2:5 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ფინალში უკრაინა 7:4 დაამარცხა (იაშვილი - 4, კობიაშვილი - 2, მუჯირი) და ტურნირის პირველი გამარჯვებულები გახდნენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


ფინალის გმირი გახდა ალექსანდრე იაშვილი, რომელმაც 4 გოლი გაიტანა და ძალიან კარგი ფეხბურთიც აჩვენა. სფფ-ის პრეზიდენტმა დუბლი შეასრულა, უკრაინელთა კარში გატანილი პირველი გოლის შემდეგ კი მაისურა გაიძრო და NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" გამოკითხვაში ზაზა ფაჩულიას მხარდამჭერი წარწერა გამოაჩინა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტურნირის საუკეთესო მეკარედ უეფას გუნდის წევრი ნოელ მუნი დასახელდა, საუკეთესო ბომბარდირი კი 8 გოლით იაშვილი გახდა. ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელისთვის დაწესებული საპატიო ჯილდო ესპანეთის ნაკრების ყოფილ მცველს, ხუან კაპდევილას გადაეცა, ხოლო საუკეთესო მოთამაშედ უკრაინის ნაკრებისა და "შახტარის" ექსფორვარდი სერგეი ნაგორნიაკი აღიარეს, რომელმაც ფინალში ბოლომდე იბრძოლა და ჰეთ-თრიკი შეასრულა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ეს იყო უდავოდ კარგი წამოწყება, რომელიც გუნდებისთვისაც სასარგებლო გამოდგა და საფეხბურთო სამყაროც ზამთრის პირქუში ძილისგან გამოაღვიძა. იმედია, მას მომავალშიც ვიხილავთ, რადგან ასეთი ტურნირები ჩვენ ძალიან გვჭირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
როცა საჭირო იყო მაშინ ეკეთებინათ საქმე.......
zura
12:56 16-01-2017
0
istorias ar axsovs saqartvelos erovnuli nakrebis forma da tasi ertad :D :D :D
___qartveli
13:38 16-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული