[ოთხშაბათის საკითხავი] აფრიკის თასისთვის ხომ არ გვეყურებინა?

AutoSharing Option
გაბონში აფრიკის თასი დაიწყო. დაიწყო ისე, როგორც ყოველთვის - გვარიანი მოულოდნელობებით. ეგაა, წლეულს იმაზე მეტი გოლი გადის საწყის ეტაპებზე, ვიდრე ადრე, მაგრამ ჩვენთვის ეს არ არის მთავარი...

მე სხვა რამ მაინტერესებს. კითხვა წერილის დასაწყისშივე უნდა დავსვა: საინტერესოა, უყურებენ თუ არა ამ შეჯიბრებას ქართული კლუბების სელექციონერები? მერე რა, რომ ტრადიცია დაირღვა და "ევროსპორტი" აღარ გვანებივრებს პირდაპირი რეპორტაჟებით. გული გულობდეს და, ყურება სხვა გზითაც შეიძლება. თუმცა არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ადრე უყურებდა რომელიმე ჩვენებური სელექციონერი...

მოდით, შევთანხმდეთ: თუ ჩვენმა კლუბებმა არ
შეწყვიტეს ათასჯერ გატკეპნილი გზით სიარული, თუ ისევ ერთ წრეზე ვიარეთ და საქართველოს ჩემპიონატში ახალი კადრები არ მოვიძიეთ, თითო-ოროლა ტალანტის გამოჩენა ვერ გვიშველის და ჩვენი პირველობის დონე კიდევ უფრო დაეცემა, ან იგივე დარჩება. წესით, ეს არ უნდა გვაწყობდეს.

გასაგებია, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენი კლუბები ორიენტირებულნი უნდა იყვნენ ფეხბურთელების იმპორტზე, მაგრამ დღეს ჩვენს ფეხბურთში ისეთი ვითარებაა, რომ გასაყიდიც ბევრი აღარავინ არის. კლუბისთვის კი, წესითა და რიგით, სულერთი უნდა იყოს, ლეგიონერს გაყიდის თუ ადგილობრივ ფეხბურთელს.

თავიდანვე უნდა დავწეროთ: ჩვენ სულაც არ ვართ იმის მომხრე, რომ საქართველოს ჩემპიონატში უმრავლესობა ლეგიონერები იყვნენ და აქაური ტალანტები ჩრდილში მოექცნენ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი ახლა ისეთ დღეშია, "ჩინეთიზაცია" ნამდვილად არ ემუქრება. ნიჭიერებიც თითებზე დაითვლებიან...

ლეგიონერები ადგილ-ადგილ მაინც ჩნდებიან ქართულ გუნდებში და, ჩვენდა სამწუხაროდ, მათი სათამაშო ოსტატობის დონე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აფრიკის თასზე კი ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელის მოძიება შეიძლება, რომლებიც ძალიან გამოადგებიან ქართულ კლუბებს.

მაგალითად, უგანდის ნახევარი ნაკრები შინ თამაშობს. მავანმა, შესაძლოა, ცხვირი აიბზუოს, სად უგანდა და სად ფეხბურთიო, მაგრამ დროა, ძველ სტერეოტიპებს ჩამოვეხსნათ. უგანდის ნაკრები, ფაქტობრივად, აღარ აგებს აფრიკულ გრანდებთან და სიტუაციას მნიშვნელოვნად ვერც ის შეცვლის, თუ ეს გუნდი წარმატებით ვერ ითამაშებს აფრიკის თასზე. უგანდამ, ზიმბაბვემ და სხვებმა ამოცანა შეასრულეს. ისინი უკვე იქ არიან, საუკეთესოთა შორის. და იქ არ არის ნიგერია, თავისი ახალი და აფრიკის კვალობაზე მართლა მაგარი ვარსკვლავებით.

ეს ახლა შეიძლება საქართველოში მათი იაფად ჩამოყვანა, თორემ მერე შეუძლებელი იქნება. ჩვენ თვალწინ გვაქვს გაბონის მაგალითი. სანამ ამ ქვეყნის ფეხბურთელებს ევროპა კარგად გაიცნობდა, ისინი საქართველოში მოდიოდნენ სათამაშოდ.

აფრიკულ ქვეყანას, რომელსაც საფეხბურთო თვალსაზრისით კარგად არ იცნობენ, ტრამპლინად ნაკლებად ცნობილი ევროპული, თუნდაც პატარა ქვეყანა სჭირდება. გაბონისთვის, რაღაც მომენტში, ეს ტრამპლინი იყო საქართველო და ამით ჩვენ მოვიგეთ.

ესპანეთი, ინგლისი, საფრანგეთი... პიერ-ემერიკ ობამეიანგზე, აბა, რა უნდა ვთქვათ და, სწორედ ამ ქვეყნებში თამაშობენ გაბონის ნაკრების ფეხბურთელები. არადა, ერთი ხანობა, ნახევარი ნაკრები აქ, საქართველოში გვყავდა. ვერავინ იტყვის, რომ პოლ კესანი, დიდიე ოვონო, ერნესტ აკუასაგა და ჯორჯ აკირემი ცუდი ფეხბურთელები იყვნენ. ეს კი არა, დღეს მათი დონის მოთამაშეები სანთლით არიან საძებარნი საქართველოს ჩემპიონატში.

ასეა, ფეხბურთში დროს შერჩევა სჭირდება ისევე, როგორც ცხოვრებაში. დააგვიანებ და ჩამორჩები მატარებელს. რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდებს იოლი გზით სიარული ურჩევნიათ. ჩვენთან ტრანსფერი, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, წლებია, აღარ განხორციელებულა.

ფეხბურთელს ამოეწურება კლუბთან ეფემერული კონტრაქტი. დაურეკავს მეორე, ოდნავ უფრო უზრუნველყოფილი კლუბი, დაჰპირდება რამდენიმე ასეული ლარით მეტს და წაიყვანს თავისთან. ესაა ჩვენი კლუბების მენეჯმენტი თავიდან ბოლომდე.

დღეს ერთს აქვს ცოტა მეტი ფული, ხვალ - მეორეს ექნება და ვბრუნავთ ასე ერთ წრეზე.

და მაინც, აფრიკის თასისთვის ხომ არ გვეყურებინა?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ძალიან საჭირო სტატიაა, 20 წელია ამას ვიძახი, მაგრამ აუჩემებიათ ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი ბიჭებიო და ამ ლეგიონეროფობიის გამო კი ვხედავთ რომ ვართ ტ$&#ში!
0
თვენ დასკვნას ჩვენი ადგილმდებარეობის შესახებ, სრულად ვეთანხმები.
0

სიახლეები პოპულარული