"ეს კორპუსი არ ააშენონ და ახალ, კოხტა და თანამედროვე სტადიონს ავაშენებ"

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინ თბილისის "დინამომ" დიღმის ბაზის მიჯნაზე წამოწყებული მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტა. სპორტული ობიექტიდან 5 მეტრში მშენებარე 16-სართულიანი კორპუსები "დინამოს" ბაზას ჟირაფივით გადახედავს, რაც ბაზას ზრდის თეორიულ შანსსაც დაუკარგავს. ამას ვინ ჩივის, საფეხბურთო ბაზის გარშემო არსებული კომფორტული გარემო სრულიად დაირღვევა და ობიექტი მთავარ ფუნქციას შეელევა.

ნოდარ ახალკაცი ჭკვიანი კაცი იყო და ამიტომაც მოინდომა "დინამოს" ბაზის დიღომში დატოვება - იქ, სხვა უბნებთან შედარებით, ფეხბურთელები უფრო მშვიდ და კომფორტულ გარემოში ივარჯიშებენო. ის ბაზაზე დიდმოხელე კომუნისტებსაც არ უშვებდა, ფეხბურთელებისთვის სიმშვიდე რომ არ
დაერღვიათ და საფლავში ამოტრიალდებოდა, ეს ამბავი რომ შეეტყო.

"დინამოს" პრეზიდენტის მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ დედაქალაქის მერიას კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით, რომ სამშენებლო კომპანიას ალტერნატიული ფართი გამოუყოს.

"თავიდან ნებართვა სამსართულიანი ნაგებობის მშენებლობაზე გაიცა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ 18-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდებოდა. თუ ეს პროცესი არ შეჩერდება, ბაზა რეალურ ფუნქციას დაკარგავს და სპორტსმენები ნორმალურ პირობებში ვეღარ ივარჯიშებენ", - ამბობს სალუქვაძე.

სტადიონის აშენების ვალდებულებას ვიღებ
"ლელომ" მოკლე ინტერვიუ ჩაწერა "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთან:

- რეალურად მიგაჩნიათ იმ მშენებლობის შეჩერება, რომელიც უკვე დაწყებულია?
- ბერლინის კედელი დაანგრიეს და ჯერარაშენებული კორპუსის შეჩერება და მისთვის ალტერნატიული ტერიტორიის გადაცემა რა პრობლემა უნდა იყოს?

სამშენებლო კომპანია არაფერ შუაშია, მაგრამ სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, ადგილმონაცვლეობა გაუკეთონ - ეს ზონა უნდა იყოს დაცული, მშენებლობა კი შესაჩერებელია.

ადრეულ წლებში, დიღმის ბაზის პერიმეტრზე სამ-ოთხსართულიანზე მეტის აშენება არ შეიძლებოდა. სხვათა შორის, თავიდან უფლება სამსართულიანი სავაჭრო შენობის მშენებლობაზე გაიცა და მერე გავიგეთ, რომ სამ მაღალსართულიან კორპუსს დგამდნენ. რატომ, რომ "დინამოს" ბაზამ ფუნქცია დაკარგოს? ეს დაუშვებელია, რადგან ეს კომპლექსი მხოლოდ რომან ფიფიას საკუთრება არაა, ის საქართველოს ეკუთვნის.

- როგორც შევიტყვეთ, ამ ტერიტორიაზე პატარა სტადიონის მშენებლობა გსურდათ...
- ყველა დონეზე მაქვს ნათქვამი, რომ ამ ვალდებულებას ჩემს თავზე ვიღებ - ეს კორპუსი არ ააშენონ და ახალ, კოხტა და თანამედროვე სტადიონს ავაშენებ.

ქვეყანას არ აქვს თანამედროვე საფეხბურთო ბაზები და სტადიონები, მით უფრო - ასეთი ბაზა. არც არავინ აშენებს. ამიტომაც უნდა მოვუაროთ და თუ საშუალება იქნება, გავაფართოვოთ. ლაპარაკია 3-5-ათასიან სტადიონზე, რაც ჩვენი ჩემპიონატის თამაშების ჩასატარებლად დღეს სავსებით საკმარისია, რომელიც ჩვენს ჭაბუკთა გუნდებსა და ასაკობრივ ნაკრებებსაც მოემსახურება.

"მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე საფარი გაფუჭდა, რადგან იქ რამდენიმე გუნდი თამაშობს. სტადიონების აშკარა დეფიციტია და ეს პრობლემა არ უნდა მოგვარდეს?

ეს მშენებლობა ბაზას მიკროკლიმატს სრულად უკარგავს. მერე იგივე სხვებსაც მოუნდებათ. გამოდის, ბაზა უნდა გადავიტანო. მეც სახლების აშენება რომ დავიწყო, ვინმე დამიშლის? მაგრამ ეს როგორ უნდა ვიკადრო?

როგორც ევროპაში იციან...
სადავო საკითხთან დაკავშირებით ორიოდე დღის წინ თბილისის მერიის წარმომადგენელმა სამარცხვინო კომენტარი გააკეთა - ბაზასთან კორპუსის წამოჭიმვა მშენებლობის ნორმებს არ არღვევსო.

ცხადია, რომ ეს ნორმაა ქვეყანაში, რომლის დედაქალაქშიც 23 სტადიონი გაასხვისეს და მათ ადგილზე კორპუსები მოაწყვეს, ძველ 35-ე სკოლაში კი ახლა ტრაილერების სადგომია...

ნორმაა ქვეყანაში, სადაც მთავარი საცურაო აუზი გააუქმეს; ველოტრეკზე სასაფლაო გახსნეს; "დედაქალაქის ფილტვებად" წოდებული იპოდრომი გაყიდეს...

ნორმაა ქვეყანაში, სადაც ბათუმი, ზუგდიდი და ფოთი უსტადიონოდაა დარჩენილი?!

ჩვენი არქიტექტურული ნორმები ევროპელებს "ნოუ ჰაუდ" გამოადგებათ. ფაქტია, რომ გერმანიაში, ინგლისში, ესპანეთსა და იტალიაში ამ გრანდიოზულ "აღმოჩენას" არ იცნობენ. ნახეთ "რეალის", "ბარსელონას", "მანჩესტერის", "იუვენტუსის", "ბაიერნის"... ასევე, ინგლისის ნაკრების ბაზების ფოტოები. ნეტავ სად არის ამ ფოტოებზე ქართული "ნორმებით" აშენებულ-ჩადგმული კორპუსები?

Sportall.Ge
ფოტოზე: "ბარსელონას" ბაზა

Sportall.Ge
ფოტოზე: "რეალის" ბაზა

Sportall.Ge
ფოტოზე: "იუვენტუსის" ბაზა

ნორმა კი ეს არის - ბაზა უნდა იყოს მშვიდ გარემოში და მის გვერდით კორპუსის აშენება იმდენად წარმოუდგენელი არქიტექტურული ნონსენსია, ევროპაში მასზე ნებართვის გაცემა აზრადაც არავის მოუვა. და თუ მოუვა, ამისთვის კვარტალურ პრემიას ნამდვილად ვერ მიიღებს. ბოლოს და ბოლოს, საქართველოში ისეთი ნორმები უნდა დავამკვიდროთ, ფულის შოვნის სურვილს ქვეყნის და ქალაქების არქიტექტურული იერსახე არ გადავაყოლოთ.

გამოსავალი კანონის მიღებაა, მათ შორის, არქიტექტურულ ნორმებზე. იმაზეც, რომ სტადიონებისა და ბაზების გასხვისებისას მათი პროფილის შეცვლა უნდა აიკრძალოს და ასე შემდეგ. აი, რაში უნდა მივბაძოთ ევროპას!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 29 /
მომეჩვენა, თუ ტექსტიდან კობიაშვილის და ყაველაშვილის გვარები უკვალოდ გაქრა
იორდანე
30 იანვარი 2017 18:16
0
სად არიან ამ დროს პარლამენტარი ფეხბურთელები და თუ ეკითხებათ რამე საერთოდ? საინტერესო იქნება მათი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით. ისე, კაცმა რომ თქვას, ახია ქართულ ფეხბურთზე.
იორდანე
30 იანვარი 2017 18:12
0
ბატონო რომან, სტადიონს მშენებარე კორპუსის ადგილზე ააშენებთ? ეს როგორ! ეყოფა კი სტადიონის აშენებას აღნიშნული ადგილი? თქვენს პირს შაქარი, მაგრამ არა მგონია!!!!!!
buba
30 იანვარი 2017 17:52
0
სირცხვილია! სირცხვილია დინამოს ბაზას 18 სართულიანი კორპუსი დაჰყურებდეს თავზე! ერს უნდა ქონდეს ნებისყოფა, რომ სადაც ასაშენებელი არაა იქ არ ააშენოს.
ქუთაისელი
30 იანვარი 2017 17:47
0
წარმატებები ბატონ რომას და დინამო თბილისს, მაგ ტერიტორიაზე კორპუსის აშენება დაუშვებელია.
gurami
30 იანვარი 2017 17:31
0
ფიფიას ეხლა გაახსენდა ეგ ადგილი?
ასჯერ შესთავაზეს ,მაგრამ ფულის გადახდა არ უნდოდა,მუქთად უნდოდა ხელში ჩაეგდო.ერთი 8-10 წელია ეგ ადგილი ბაზრის გაყიდვის შემდეგ თავისუფალია და ინვესტორს ეძებდნენ,ეხლაც უნდა მუქთად ჩაიგდოს ხელში,მერიის ხარჯზე.გაუცვალონო,სხვა ადგილი მისცენო,წადი და დაელაპარაკე პატრონებს,მაგრამ მაგასაც არ კადრულობს, ტელევიზიით და გაზეთებით ცდილობს აჟიოტაჟის ატეხვას,ერთი "არაგვის" ადგილას ააშენა რამე
beqa
30 იანვარი 2017 17:27
0
კი, აბსოლიტურად ვეთანხმები იმ ხალხს, ვინც სავარჯიშო ბაზის სიახლოეს საცხოვრებელი კორპუსუს მშენებლობას აპროტესტემს, თუმცა სასაცილოდ ჟღერს აქ გრანდი გუნდების სავარჯიშო ბაზებზე აპელირება (არც ერთიეს ბაზა არ არის სალაქის დსახლებულ ადგილებში). ადრე დინამოს ვაზასთან მიახლოება და თვალის ერთი შევლებაც ვარჯიშისა, დიდი სიამოვნება იყო. ახლა ვის რაში აინტერესებს ამათი ვარჯიში, მით უმეტეს კორპუსიდან რომ დაუწყონ ყურება. მარტო ეს კორპუსი რომ შენდებოდეს კიდევ ხო!!! ბაზის გარშემო ხომ ადრეც აშენებულა კორპუსები და ბაზა ფაქტიურად მათ ტყვეობაშია დიდი ხანია. ფიფიას ურჩევნია ახალი სტადიონის მაგიერ, ახალი და ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბოს, ტყუილად რომ დაკარგა ამდენი წლები. დაუჯინია აკადემია, აკადემია!!! სად არიან ამ აკადემიის აღზრდილები? იქნებ გამოაჩინოთ.
akaki kvantaliani
30 იანვარი 2017 17:07
0
tu stadionis asheneba shegizliat, dasavlet sakartvelos daexmaret da ik aashenet stadionebi, tkveni gundi ik ar chadis satamashod? zota ragazas daamsgavset chempionati, kvelaferi tbilishi, rom gindat aashenot tkve unamusoebo.
kai bichi
30 იანვარი 2017 17:04
0
სირცხვილია რაა! მეტის ღირსები ვართ ამ ნარმანიას გადამკიდე :@
დინამო
30 იანვარი 2017 16:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული