დღეს ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ქართულ ფეხბურთში აღარ მოდის ისეთი თაობა, ადრე რომ გვყავდა. რა თქმა უნდა, ეს ბიჭები, ახლა რომ დიდი ფეხბურთის კარზე აკაკუნებენ, ნიჭით და გაქანებით ძნელად თუ შეედრებიან 90-იანების ვარსკვლავებს, მაგრამ კარგი და კონკურენტუნარიანი თაობა რომ გვეზრდება, ფაქტია...
ძალიან კარგი ბიჭები ჰყავს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გია გეგუჩაძეს. ძალიან კარგი ახალგაზრდობა მოდის თბილისის "დინამოში". კარგი ბიჭები
ფიქრობ, რადგან არსად ისე იოლად არ იფლანგება ნიჭი და იკარგება თაობა, როგორც საქართველოში.
ჩვენ კი ამის შემჩნევას თავის დროზე ვერ ვახერხებთ და განგაშის ზარებს მხოლოდ მაშინ ვარისხებთ ხოლმე, როცა ურემი უკვე გადაბრუნებულია, როცა საშველი აღარ არის. პრობლემაზე თავიდანვე დასაწერია, თავიდანვე უნდა ითქვას სათქმელი, თორემ ჩვენ რომ ვმალოთ, ჭირი თავის თავს მაინც არ დამალავს და ადრე თუ გვიან მთელი სიმძაფრით შეგვახსენებს თავს...
როგორ გინდა, საკუთარ თავს და სხვებსაც არ გამოუტყდე, რომ ბოლო წლებში ჩვენი ფეხბურთი უფრო ერთი დიდი ტკივილია, ვიდრე სიხარული და ამ ტკივილს, ქრონიკულ უშედეგობასთან ერთად, იწვევს დაკარგული თაობების დიდი ნოსტალგიაც.
საითაც გინდა გაიხედე ქართულ ფეხბურთში, სულ ამ თაობების ბიჭები გხვდებიან. ჩვენ ბოლო რამდენიმე თაობის მაგალითზე დავწერთ და მკითხველიც დაგვეთანხმება: არსად ისე უდიერად არ ექცევიან ნიჭს, როგორც საქართველოში.
...იმ ბიჭებიდან, თავის დროზე ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე მძლავრად რომ ითამაშეს, დღეს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას მხოლოდ თითოოროლა შემორჩა. არადა, თაობა იყო, ავ თვალს არ დაენახვებოდა: აქეთ სანდრო იაშვილი და გოჩა ხოჯავა, იქით გოგი ფიფია, ზაალ ელიავა და სხვები...
კარგი, ძალიან კარგი თაობა იყო და რაღაც დროის განმავლობაში ერთადაც შეიყარა კარგ და თვითმყოფად "თბილისში", თუმცა საბოლოოდ მაინც ისე მოხდა, რომ ამ თაობამ ქართულ ფეხბურთს ვერ მოუტანა იმხელა სარგებლობა, რასაც მისგან ელოდნენ.
რა თქმა უნდა, თავად ამ ბიჭებმაც დააკლეს რაღაც. რა არის ეს "რაღაც", მათ ყველაზე უკეთ იციან. ფაქტია, საქართველოს მთავარ ნაკრებს ამ მართლაც შესანიშნავი თაობიდან პრაქტიკულად არ მიუღია სარგებლობა.
ჩვენ წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრებისთვის ვეძებდით კვალიფიციურ, გამტან ფორვარდს. და ეს მაშინ, როცა ოპტიმალურ საფეხბურთო ასაკში მყოფი სანდრო იაშვილი უკვე აღარ თამაშობდა ფეხბურთს. და ვინ თქვა, რომ ჩვენნაირ პატარა ქვეყანას ამის ფუფუნება აქვს?
ცხადია, სანდრო იაშვილი არ იყო მარტივი ნატურა, მაგრამ ის არც ისე რთული პიროვნება იყო, როგორც ამას ზოგიერთი გვიკიჟინებდა. რა თქმა უნდა, თავისი თაობის ლიდერმა საკუთარ თავს ძალიან ბევრი დააკლო, მაგრამ მე მაინც მჯერა - ის დღესაც ძალიან კარგად და შედეგიანად ითამაშებდა ფეხბურთს, თავის დროზე ისეთი კაცი რომ გამოჩენილიყო, ვინც მას ბოლომდე გამოუცხადებდა ნდობას.
საქართველოს ნაკრებში მას თითქმის არ მიეცა შანსი და ეს იხსნებოდა ძალიან მარტივად - რა გვეჩქარება, ის ძალიან ახალგაზრდაა, ჯერ ნაკრები მისთვის ადრეაო...
ზოგადად, საქართველოში რატომღაც დიდ ყურადღებას აქცევენ ფეხბურთელის ასაკს. არადა, ხდება ხოლმე, მენტალურადაც და ფიზიკურადაც ფეხბურთელი ახალგაზრდულ ასაკშივეა მზად მაღალ დონეზე სათამაშოდ. არ მგონია, ფრანგებს ფეხბურთელები აკლდეთ და აგერ, ასაკის მიუხედავად, კილიან მბაპეს უკვე ათამაშებენ ქვეყნის პირველი გუნდის შემადგენლობაში.
იმ მართლა კარგი თაობიდან ზოგიერთი ისე შეეშვა ფეხბურთის თამაშს, საერთოდ ვერ დატოვა კვალი ქართულ ფეხბურთში. არადა, აშკარად შეეძლო. შეეძლო თუნდაც ის, რომ საქართველოს ჩემპიონატის დონეზე თამაშს არ დასჯერებოდა...
ჩვენ ვერაფერი ვისწავლეთ ისტორიიდან და სულ მალე კიდევ ერთი თაობა დაგვეკარგა. თაობა - ძალიან კარგი და მიმზიდველი. ამ თაობას ძალიან ადრე და მასობრივად მოუწია ერთბაშად რამდენიმე ფრონტზე ბრძოლა. ბიჭები გადაიწვნენ, თუმცა ყველაფერს ამას ვერ დავაბრალებთ.
ფაქტია: მათთვის ძალიან ადრე გაიღო დიდი ფეხბურთის კარი და ისინი არ აღმოჩნდნენ მზად ამის თანმდევი მოვლენებისთვის. არადა, იმ თაობასაც ჰყავდა ძალიან კარგი, ბევრისშემძლე ფეხბურთელები. მაგალითისთვის შორს წასვლა რად გვინდა, თუნდაც ბექა გოცირიძე, გიორგი განუგრავა და რატი წინამძღვრიშვილი გავიხსენოთ.
ამ სამეულიდან რატი უკვე აღარ თამაშობს ფეხბურთს. ბექა ახლახან დაბრუნდა, განუგრავა კი, ვისაც, ჩემი აზრით, მაღალი დონის ფეხბურთელად შეეძლო ჩამოყალიბება, ბურთს დღესაც საქართველოს ჩემპიონატში აგორებს.
...ვერავინ იტყვის, რომ თაობა, რომელზეც ახლა უნდა დავწერო, საბოლოოდ დავკარგეთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ერთობლიობაში და თუნდაც სანაკრებო დონეზე მას ვერ მოაქვს ქართული ფეხბურთისათვის იმხელა სარგებლობა, რამხელაც უნდა მოჰქონდეს. ცოტა ხნის წინ ამ ბიჭებმა ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე ლამის სასწაული მოახდინეს. მათ ვერ მიიღეს ნდობა საქართველოში და უმრავლესობამ პროგრესი შეაჩერა.
გია ცეცაძე ამ ბიჭებს ერთხელაც ენდო "სამტრედიაში" და შედეგად საქართველოს ჩემპიონობა მიიღო. საწყენია, რომ იმ ფორმაციის მართლაც საინტერესო "სამტრედია" ისე ჩაბარდა ისტორიას, რომ ევროპულ ასპარეზზე მხოლოდ ერთხელ ითამაშა და ისიც მაშინ, როცა სრულიად ახალი ჩამოყალიბებული იყო.
ამ თაობაში ფეხბურთისადმი მიდგომასა და მის სიყვარულს ვერავის დაუწუნებ. ეგაა, თაობასაც, ადამიანის მსგავსად, სჭირდება იღბალი. ძალიან მინდა, რომ სიტუაცია შეიცვალოს, მაგრამ მე რასაც ვუყურებ, ამ თაობას მაინცდამაინც დიდი საფეხბურთო ბედი არ დაჰყოლია.
განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭი არ სჭირდება იმის აღიარებას, რომ საფეხბურთო თვალსაზრისით ძალიან მოკლე პერიოდში ლამის 3 თაობა დავკარგეთ. ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც არ აქვს ულევი საფეხბურთო რესურსი, ეს ნამდვილი ტრაგედიაა.
და რა უნდა ქნას ახალმა თაობამ, ძველების ბედი რომ არ გაიზიაროს? ჯერ კიდევ ძველბერძნები ტყუილად როდი აღმერთებდნენ ზომიერებას. ისინი ყველაფერში ზომიერები უნდა იყვნენ. მათ ფეხბურთით უნდა იცხოვრონ.
რა თქმა უნდა, თაობას სჭირდება კარგი მასწავლებელი და მე მგონია, რომ ეს თაობა კარგ ხელშია - არ არის არგუმენტი, რომელიც გეგუჩაძის სამწვრთნელო კვალიფიკაციას ეჭვქვეშ დააყენებს. ახლა საჭიროა, კლუბები მეტად ენდონ მათ. მგონი, ამის დეფიციტიც აღარ არის. მაგალითად, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, თბილისის "დინამო", დღეს დიდწილად სწორედ ახალგაზრდებზე დგას.
საიდანაც გინდა, იქიდან მიუდექი: ფეხბურთში მთავარი ნდობაა და თუ ის არ არსებობს, წარმატებაზე ფიქრიც უტოპიაა.
მეორეც: მე რომ ვუყურებ, დღევანდელი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი წინასგან გვარიანად განსხვავდება. მან იცის, რომ ფეხბურთი არ მთავრდება მაშინ, როცა პირველ სერიოზულ კონტრაქტს "გაირტყამ", პირველ "პადიომნის" ჩაიჯიბავ და შენი ოცნების მანქანას იყიდი.
გვინდა თუ არა, ეს დალოცვილი ევროპული წესრიგი ნელ-ნელა ჩვენამდეც მოდის და ბიჭები ხვდებიან: ერთი დღით ცხოვრება, ისე, რომ საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავდე, კარგს არაფერს მოიტანს.
ბოლოს და ბოლოს, ამ ფეხბურთელებს თვალწინ აქვთ არაერთი მაგალითი იმისა, რომ თუ ფეხბურთს ყველაფერი არ მიეცი და დიდი მსხვერპლი არ გაიღე, მაშინ წარმატების მატარებელი ისე ჩაგივლის, თვალს ვერ მოჰკრავ.
იმ კონტრაქტით ნაშოვნი ფული კი მალე დამთავრდება და დარჩები ცარიელზე. დარჩები საკუთარ თავთან მარტო, როგორც არარეალიზებული ფეხბურთელი და დარჩები მარტო შენს განცდებთან და ტკივილთან. ის ხალხი კი, ვინც დითირამბებს გიმღეროდა და თითქოს შენ იქით ვერაფერს ხედავდა, უცბად დაგივიწყებს. მათთვის შენ ციცინათელა ხარ. როცა ანათებ, შენ საუკეთესო ხარ, წაბორძიკდები და... აღარავის ახსოვხარ.
სიმართლე და მწარე რეალობა ესაა: საკუთარ თავს თავადვე უნდა უპატრონო, რადგან საკუთარ თავზე დიდი ქომაგი შენ არ გყავს და შენ მიერ დაშვებული შეცდომებიც ყველაზე მეტად ისევ შენ გაზიანებს. ჩვენი თაობების მთავარი პრობლემა სწორი აზროვნება იყო და პირადად მე ამ მხრივ პროგრესს ვხედავ.
იმედია, ისინი ბოლომდე ასე იაზროვნებენ, ჩვენ კი კიდევ ერთ კარგ თაობას აღარ დავკარგავთ. ისტორია იმისთვისაც არის, რომ მისგან რაღაც ისწავლო...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"