[ფანკლუბები] გაიცანით Penya Blaugrana Tbilisi - "ბარსელონას" ქართული ფანკლუბი

AutoSharing Option
Sportall.ge აგრძელებს რუბრიკა "ფანკლუბებს", რომლის მიზანია, მორიგეობით გაგაცნოთ საქართველოში არსებული ქართული და უცხოური კლუბების ფანკლუბები - რას საქმიანობენ, როგორ ხდება გაწევრიანება, რა პრივილეგიები აქვთ წევრებს და ა.შ.

დღეს კატალონიის "ბარსელონას" ქართულ ფანკლუბს წარმოგიდგენთ, რომლის წევრთა რაოდენობაც საქართველოში მყოფ უცხოურ ფანკლუბებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია. ეს ფანკლუბი იმითაცაა გამორჩეული, რომ საქართველოში უცხოური კლუბის ფანკლუბებს შორის ერთ-ერთია, რომელსაც ოფიციალური სტატუსი თავად კლუბმა მიანიჭა. თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ამაზე ფანკლუბის პრეზიდენტ მიხეილ ზაქარეიშვილს ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, გვითხარით, როდის და როგორ გაჩნდა ფანკლუბის
დაარსების იდეა?
- ოფიციალური ფანკლუბის დაარსებაზე აქტიური მუშაობა 2015 წლის სექტემბერში დავიწყეთ. მანამდე კი, აგვისტოში, როდესაც თბილისში სუპერთასზე "ბარსელონა" და "სევილია" იყვნენ ჩამოსულები, გავიცანით ბარსელონაში მომუშავე იამალ ჰავაში, რომელიც კანარის კუნძულებზე "ბარსელონას" ფანკლუბების პრეზიდენტია. იმ დროისთვის ის ასევე იყო "ბარსელონას" ფანკლუბების მსოფლიო ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი.

მან გაკვირვება გამოთქვა, რომ ამხელა ქალაქში "ბარსელონას" ფანკლუბი არ არსებობდა და შეგვპირდა, დაგეხმარებითო. იამალი აქტიურად გვეხმარებოდა, მაგრამ პროცესი მაინც წელიწად-ნახევარი გაიწელა. საბოლოოდ, ჩვენმა გაერთიანებამ "ბარსელონასგან" ოფიციალური ფანკლუბის სტატუსი 2017 წლის 6 თებერვალს მიიღო.

ოფიციალური ფანკლუბის მიზანია, გავცდეთ მხოლოდ მნიშვნელოვანი თამაშების ერთად ყურების პრაქტიკას, ჩავერთოთ აქაურ პროექტებში და თავადაც წამოვიწყოთ საინტერესო და სასარგებლო პროექტები. მუშაობას სხვა მხრივაც ვაპირებთ - თუმცა, ჩვენი ყველა აქტივობა, გარკვეულწილად, ჩვენი საყვარელი კლუბის ღირებულებების გამტარებელი იქნება. მაგალითად, ვეცდებით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაში, გულშემატკივრობის კულტურის განვითარებაში და ა.შ.

- როგორ ვითარდებოდა თქვენი ფანკლუბი?
- ფანკლუბმა ვირტუალურად ფუნქციონირება 2006 წელს დაიწყო. 2007 წლიდან დავიწყეთ მნიშვნელოვან თამაშებზე შეკრება. ამ ყველაფერს "ბარსელონას" აღზევებაც დაემატა და ჩვენი პოპულარობაც ძალიან გაიზარდა. თუ საწყის ეტაპზე, ფანკლუბის რეკლამირება გვიხდებოდა იმისათვის, რომ წევრები შეგვმატებოდა, ახლა ეს პროცესი თავისთავად მიმდინარეობს.

დღეს "ბარსელონას" ოფიციალური ფანკლუბში არიან ადამიანები, რომლებსაც გულშემატკივრების მობილიზების დაახლოებით 10-წლიანი გამოცდილება აქვთ და გაგვიჩნდა ამბიცია, რომ ახალ ეტაპზე გადასვლის დრო დადგა.

- დღეს რამდენნი ხართ?
- "ბარსელონას" იმ ქართველი გულშემატკივრების რაოდენობა, რომლებსაც ფანკლუბთან კავშირი აქვს, რამდენიმე ათეული ათასია. უბრალოდ, ფანკლუბში ოფიციალურად გაწევრიანება ახლახან დავიწყეთ. ამჟამად გვაქვს 450-მდე რეგისტრაცია, მათგან 172 უკვე დასრულებულია.

- რას ნიშნავს "ბარსელონას" ქართული ფანკლუბისთვის ოფიციალური სტატუსი?
- ოფიციალური სტატუსი ნიშნავს, რომ ჩვენი გაერთიანება "ბარსელონამ" ოფიციალურად აღიარა. გვაქვს კლუბისგან დამტკიცებული დასახელება (Penya Blaugrana Tbilisi), ლოგო და წესდება. სხვა მხრივ, კლუბი საქმიანობაში არ გვზღუდავს და გარკვეულ შეღავათებსაც კი გვაძლევს.
Sportall.Ge
საწევრო ბარათებს ჩვენს წევრებს თავად "ბარსელონა" უმზადებს და ამ ბარათის მფლობელებს, ბარსელონაში ჩასვლის შემთხვევაში, მთელი რიგი შეღავათები ექნებათ. მაგალითად, მუზეუმსა და "კამპ ნოუს" ტურზე... ასევე, ფეხბურთისა და კალათბურთის პირველი გუნდების გარდა, მათთვის კლუბის ყველა გუნდის საშინაო თამაშზე დასწრება უფასო იქნება. მაგალითად, "ბარსელონა ბ"-ს, ქალთა გუნდების, ხელბურთისა და ჰოკეის გუნდების და ა.შ.

ჩვენს საფეხბურთო გუნდს უფლება ექნება, მონაწილეობა მიიღოს "ბარსელონას" ოფიციალური ფანკლუბების ჩემპიონატში. ჩვენი ლოგო გამოიკვრება "კამპ ნოუს" ექსტერიერზე.

და, ჩემი აზრით, მთავარი უპირატესობა - ჩვენი ბარათით, გულშემატკივარს საშუალება ექნება, თავად კლუბში გაწევრიანება გაიმარტივოს. ამჟამად, იმისათვის, რომ "ბარსელონას" კლუბის წევრი გახდე, 3 წლის განმავლობაში, ყოველ წელს უნდა ჩახვიდე კატალონიაში და ჯერ სპეციალური ბარათი აიღო, შემდეგ კი, ეს ბარათი ახანგრძლივო. სულ მალე ჩვენი ბარათი ამის შემცვლელი იქნება. ეს რეგულაცია ძალაში შესული ჯერ არაა, თუმცა ოფიციალურადაა დაანონსებული.

"ბარსელონას" მიერ დაწესებული შეღავათების გარდა, საქართველოში ჩვენი ბარათების მფლობელი პირები, ჩვენი პარტნიორი კომპანიების პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე შეღავათებს მიიღებენ. მათ საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ გათამაშებებში, სადაც არაერთი საინტერესო პრიზი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, "კამპ ნოუს" ბილეთებიც.

- ოფიციალური სტატუსის მისაღებად რა გზების გავლა დაგჭირდათ?
- პროცესი ხანგრძლივი და რთულია. სხვა ევროპული გრანდების ფანკლუბებისგან განსხვავებით, "ბარსელონას" შემთხვევაში, სტატუსის მიღება დისტანციურად არ ხდება. საჭიროა კატალონიაში ჩასვლა.

არის საბუთების წარდგენის რამდენიმე ეტაპი. თავდაპირველად, უბრალოდ, განაცხადს ვავსებთ და ველოდებით ჩვენ მიერ შერჩეული დასახელების კლუბის მიერ დადასტურებას. შემდეგ ხდება ლოგოს, წესდებისა და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა. საბოლოოდ, როდესაც ფანკლუბი ყველა პროცედურას გაივლის, ელოდება "ბარსელონას" დირექტორთა საბჭოს სხდომას. ჩვენს შემთხვევაში, ეს სხდომა 2017 წლის 6 თებერვალს გაიმართა და იმავე დღეს მოგვანიჭეს სტატუსი.

Sportall.Ge

- კლუბთან, ფეხბურთელებთან და ადგილობრივ ფანკლუბთან უშუალო კონტაქტი თუ გაქვთ?
- კლუბის წარმომადგენლებთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, გვაქვს. სტატუსის მოპოვება არ ნიშნავს, რომ ის სამუდამოდ მოგვენიჭა. კლუბის მიერ გამოგზავნილი სერტიფიკატის ყოველწლიურად გახანგრძლივებაა საჭირო. "ბარსელონას" ვაწვდით ჩვენი ყველა წევრის შესახებ ინფორმაციას. ასევე საჭიროა, კლუბი დარწმუნდეს, რომ ჩვენი ფანკლუბი აქტიურია და მხოლოდ ფორმალურად არ არსებობს.

გვაქვს უფლება, ჩვენ მიერ ჩატარებულ სხვადასხვა ღონისძიებაზე, "ბარსელონას" წარმომადგენლები, მათ შორის, პრეზიდენტიც კი მოვიწვიოთ. ვაპირებთ, როდესაც ჩვენი ფანკლუბი ფეხზე დადგება, ასეც მოვიქცეთ.

რაც შეეხება სხვა ფანკლუბებთან ურთიერთობას, თბილისის ფანკლუბი ეკუთვნის "ბარსელონას" ფანკლუბების მსოფლიო ფედერაციას. ამ ფედერაციის წარმომადგენლებს ერთმანეთთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს. მაგალითად, ამჟამად მიმდინარეობს ამ ფედერაციის პრეზიდენტისა და დირექტორთა საბჭოს წევრების არჩევნები. ეს პროცესი თვეზე მეტხანს გრძელდება.

ასევე, "ბარსელონას" ფანკლუბებს ჰყავს თავისი ომბუცმენი და საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია მასაც მივმართოთ.

- ფანკლუბში გაწევრიანების მსურველთათვის, დაწესებულია თუ არა საწევრო?
- გაწევრიანება ფასიანია და ღირებულება, ქართული რეალობის გათვალისწინებითაც კი, მინიმალურია. სრულწლოვანი პირებისთვის წლიური საწევრო შეადგენს 30 ლარს, 14-იდან 17 წლამდე პირებისთვის - 19 ლარს, ხოლო 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - 10 ლარს.

ამ თანხის ნაწილს ვუხდით "ბარსელონას" იმისთვის, რომ კლუბმა საწევრო ბარათები დაამზადოს. თანხის დანარჩენ ნაწილს თავად მოვიხმართ გათამაშებების მოწყობისთვის, მუდმივმოქმედი ბარის დასაქირავებლად, ფანკლუბის საფეხბურთო გუნდის დასაფინანსებლად, ქველმოქმედებისა და სხვადასხვა ღონისძიების მოსაწყობად.

მართალია, ფანკლუბში გასაწევრიანებლად ასაკი შეზღუდული არაა, თუმცა, ბუნებრივია, ფანკლუბის საქმიანობაში ჩართულობის ხარისხი ასაკზე, გარკვეულწილად, დამოკიდებული იქნება.

- სამომავლო გეგმები როგორია?
- საქართველოში ოფიციალური ფანკლუბების ფორმალურად დაარსებისა და შემდეგ მალევე გაუქმების ცუდი პრაქტიკა არსებობს. მაგალითად, "ბარსელონამ" თბილისის ფანკლუბებზე ოფიციალური სტატუსი აქამდე 3-ჯერ გასცა (ორჯერ 2006 და ერთხელ 2012 წელს). ეს ფაქტი გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ ფანკლუბის საბოლოოდ ჩამოყალიბების პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

აქედან გამომდინარე, ვაპირებთ, კვლავ განვაგრძოთ მუშაობა ფანკლუბის ფეხზე დასაყენებლად. იმედი გვაქვს, ამ მიზანს უახლოეს თვეებში მივაღწევთ და მომდევნო სეზონიდან ბევრად დიდი მასშტაბებით დავიწყებთ ფუნქციონირებას.

ვაპირებთ, ვიყოთ ორგანიზაცია, რომელიც არაერთ სასარგებლო პროექტში მიიღებს მონაწილეობას. გვაქვს სურვილი, ვითანამშრომლოთ ქართულ სპორტულ ორგანიზაციებთან, შემხვედრი ინტერესიც დავინახეთ და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.

Penya Blaugrana Tbilisi არ იქნება ფანკლუბი, რომელიც "ბარსელონას" მეტს ვერაფერს ხედავს. გვინდა, ჩვენი მცირე წვლილი სხვადასხვა სფეროს განვითარებაშიც შევიტანოთ. მათ შორის, რა თქმა უნდა, ქართული სპორტი და ქართული ფეხბურთიცაა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბაჩო გ-ს. არ გინდა!! კარგი კაცო!!! არ გინდა და ნუ გინდა, ვინმემ დაგაძალა. გადაგრევს ეს ხალხი. მაიცა, რეალის ფანკლუბი გინდა? ერთი თქვენს ტვინში ჩამახედა და მეტი არაფერი მინდა.
bibi
09:42 28-04-2017
0
უფლება აქვთ ჩამოაყალიბონ რაც უნდათ... მაგრამ. უარყოფითი არის ახალგაზრდების მასიურად გავრცელებული და მოდური არასწორი ფასეულობებისადმი ბრმა და წამხედური მიტმასვნა. როცა საკუთარს პრინციპულად აკნინებ, იგნორირებ და ფეხქვეშ თელავ, ხოლო გადამთიელს აღმერთებ, აი ეს არის ნიშანი მანკიერი ღრმა ფესვებგადგმული მონური მენტალიტეტის ჩვენს ფსიქიკაში. კარგად მახსოვს ბარსელონას და სევილიას თამაშის დროს თბილისში 2015 უეფას სუპერ თასზე ესპანელი ფანები რომ იყვნენ ჩამოსულები როგორ დამცინავად, ქილიკით და ქედმაღლურად საუბრობდნენ საქართველოზე და ქართულ ფეხბურთზე. ჩვენ კი იმის მაგივრად რომ საკუთარი დავაფასოთ, დავეხმაროთ და პოპულარიზაცია გავუწიოთ გოიმური მოდის ბრმა მიმდევრებად გადავიქეცით. უბრალოდ საცოდავად და გაუცხოებულად გამოიყურებიან ეს ადამიანები ბარებში თუ სოაციალურ ქსელებში.
ლუკა (სხვა)
03:30 28-04-2017
0

სიახლეები პოპულარული