თბილისის "დინამოს" მიერ ორგანიზებული ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. მთავარ პრიზს კიევის "დინამოს" ჭაბუკთა გუნდი დაეუფლა, რომელმაც შარშანდელი გამარჯვებული, ჰოლანდიური "ალკმაარი", პენალტების სერიაში დაამარცხა.
წლევანდელი ტურნირი უდავოდ გამორჩეული იყო. თბილისში ბევრი ცნობილი კლუბის მომავალი თაობა ვიხილეთ. უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტი იყო მილანის "ინტერის" 16-წლამდელთა სტუმრობა, რაც მომავალში, შეიძლება, მაგალითი იყოს დიდი სახელის მქონე სხვა კლუბებისთვისაც...
"ლელომ" ინტერვიუ ჩაწერა თბილისში მყოფი "ინტერის" მთავარ მწვრთნელ მატეო ლომბარდოსთან. ამაში ახალგაზრდა მენეჯერი, ორგანიზაცია "თავისუფალი ფეხბურთის" დამფუძნებელი
მატეო ლომბარდი ბევრ საინტერესო თემაზე გველაპარაკა და ვფიქრობთ, ინტერვიუ "ლელოს" მკითხველსაც დააინტერესებს...
სხვაგვარად, ასეთ სოლიდურ გუნდებს ვერ ჩამოიყვან...
- ჯერ, ზოგად შთაბეჭდილებებზე გვითხარით. დიდი კლუბის სისტემაში მუშაობთ და, ცხადია, გვაინტერესებს, როგორ შეფასებდით ტურნირს, მის ორგანიზაციულ მხარეს და საერთოდ - საქართველოს საფეხბურთო გარემოს?- პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობას, ასეთ მშვენიერ ტურნირზე რომ მოგვიწვია. 14 მაისს 16-წლამდელთა სერია A-ში პლეი ოფის მატჩები იწყება. თბილისური ტურნირის შემდეგ უკვე შემიძლია ვთქვა, რომ გადამწყვეტი თამაშებისთვის აქ ძალიან კარგად მოვემზადეთ.
ტურნირი კარგად ორგანიზებულიც იყო და ძლიერი გუნდებიც თამაშობდნენ. ვეთანხმები კიეველ კოლეგას, რომელმაც ამ გათამაშებას "მინი ევროპალიგა" უწოდა...
ჩვენ ტურნირებზე ხშირად დავდივართ, სადაც ევროპის უძლიერეს გუნდებს ვეთამაშებით, მაგრამ თბილისური ტურნირი გამორჩეული იყო იმ მხრივ, რომ დასავლეთ და აღმოსვლეთ ევროპის ლამის ყველა სტილისა და მიმდინარეობის გუნდს შევხვდით. ასეთ თამაშებში გროვდება ფეხბურთის ცოდნა და გამოცდილება. დასაფასებელი ის არის, რომ ეს საქართველოში კეთდება.
- დასაფასებელი თუ გასაკვირი?
- გასაკვირიც, რადგან ვიცით, რომ საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა, ამ დროს კი ორგანიზატორი ბავშვთა ტურნირზე სოლიდურ თანხას ხარჯავს. სხვაგვარად, ასეთ სოლიდურ გუნდებს ვერ ჩამოიყვან და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ფეხბურთი გიყვართ, მომავალზე ზრუნავთ და აქედან მოდის სწორედ წარმატებებიც.
გამორჩეული მადლობა ჩვენს მეგობარ ლევან სეთურიძეს, რომელიც გვერდიდან არ გვშორდებოდა და ყველანაირად ცდილობდა, თავი კარგად გვეგრძნო.
საერთოდ, საქართველოში ნანახმა გამაოცა - აქ ჩემთვის უცნობი, ძალიან კარგი ხალხი და ქვეყანა აღმოვაჩინე.
ქართველი პარტნიორები
- საქართველოზე საერთოდ არაფერი იცოდით?- ელემენტარული წარმოდგენა ნამდვილად მქონდა, მაგრამ მხოლოდ წამოსვლამდე გავიგე, რომ ერთ დროს თბილისის "დინამო" ძლიერი გუნდი იყო და "ინტერი" უეფას თასიდან გამოთიშა. რა თქმა უნდა, ვიცნობ კალაძეს, მჭედლიძეს და კიდევ რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს, მაგრამ მთლიანად ქვეყანაზე, თქვენს ფეხბურთსა და ხალხზე ბევრი არაფერი ვიცოდი. ისიც გამიკვირდა, "დინამოს" ასეთი კარგი ბაზა და საფეხბურთო აკადემია რომ აქვს. ასეთი პირობების მქონე გუნდი ევროპალიგაზე მაინც უნდა ხვდებოდეს...
- ქართველებთან ურთიერთობას მომავალშიც აპირებთ?
- ვაპირებთ, რადგან "დინამოს" პრეზიდენტისგან დიდი კეთილგანწყობა და პარტნიორობისთვის მზადყოფნა იგრძნობოდა. არ არის გამორიცხული, "დინამო" ჩვენც მივიწვიოთ რომელიმე ტურნირზე. ან თუ მომავალშიც მოგვიწვევენ თბილისში, კვლავ სიამოვნებით ჩამოვალთ. ლევან სეთურიძეს კონტაქტი ჰქონდა ჩვენს მენეჯმენტთან და თანამშრომლობის პროექტების განხილვას აპირებენ. საქართველო საინტერესო ბაზარია და ეს კავშირები ნამდვილად გვიღირს.
დინამოელები მომეწონა, მაგრამ...
- დარასელიას ტურნირზე თბილისის "დინამოს" შეხვდით. საინტერესოა, ქართველებზე როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?- ჩვენ ერთმანეთს ჯგუფის ბოლო მატჩში შევხვდით. "დინამომ" კარგი შთაბეჭდილება დატოვა, აგრესიული და მებრძოლი გუნდია, 3-4 ძალიან ნიჭიერი მოზარდიც ჩავინიშნე, რომელთაც დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ, მშვენიერი საფეხბურთო ინტელექტი და ტექნიკა აქვთ.
- რომელ ფეხბურთელებს გულისხმობთ? არ გაგვიმხელთ?
- არა, დაკონკრეტებას მოვერიდები, მაგრამ უდავოდ საინტერესო ბავშვები არიან და თამამად ვიტყვი - თავიანთი ასაკის სერია A-ში წარმატებით ითამაშებდნენ.
- გულახდილად გვითხარით: რომელიმე მათგანს "ინტერში" წაიყვანდით?
- სიამოვნებით!
- მათი გვარები ამიტომაც ხომ არ ჩაინიშნეთ?..
- ეს დიდ პრობლემას უკავშირდება და ძნელი იქნება.
- ძნელი რატომ არის?
- "ინტერს" არაევროკავშირელი ნიჭიერი მოთამაშის წაყვანა აქამდეც უცდია, მაგრამ ყოველთვის დაბრკოლებას ვაწყდებოდით - აღმოჩნდა, რომ სრულწლოვანებამდე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მათი წაყვანა იურიდიულ პრობლემას უკავშირდება.
სხვათა შორის, ტურნირის მსვლელობისას ერთი გასაოცარი ფაქტი მომხვდა თვალში - გვერდით მოედნებზე ბავშვები ვარჯიშს არ წყვეტდნენ.
- ამაში კარგი ან ცუდი რა შეიძლება იყოს?!
- კარგი ის არის, რომ გუნდი გეგმის მიხედვით ვარჯიშობდა და პროცესს ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის გამოც კი არ წყვეტდა. ვარჯიშის გადატანის და ჩაშლის მიზეზი ყოველთვის მოიძებნება, მაგრამ ის არ უნდა შეიცვალოს - არც დრო და არც დღე.
იტალიელების მოლოდინი
- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ იტალიური ფეხბურთი კრიზისშია?- ბევრს ასე ჰგონია, მაგრამ მუდმივად წარმატებული საფეხბურთო ქვეყანა არ არსებობს - ყოველთვის ვერ იდგები ევერესტზე, სხვებიც მუშაობენ და პირველობას გეცილებიან. მაგრამ ჩვენი პლუსი ისაა, რომ არ ვნერვიულობთ, საკუთარი ძალების და მომავლის გვჯერა და იმ დროს ველოდებით, პაუზის შემდეგ მსოფლიოსა და ევროპაში წარმატებას ისევ რომ მივაღწევთ. საერთოდ, გააზრებული გეგმით თუ მუშაობ, წარმატება ვერ დაგემალება.
- ...მაგრამ ხომ დაგემალათ?
- ტრადიცია, გამოცდილება და ისტორიული კლასი ბევრს ნიშნავს. ჩვენ გვყავს მსოფლიო ფეხბურთის გრანდები - "ინტერი", "იუვენტუსი", "მილანი", "რომა". მათ გარდა, კიდევ ბევრი ძლიერი კლუბია, სადაც მუშაობა არ დავიწყებიათ და ყოველთვის სხვა სიმაღლეზე დგანან. ახლაც ასეა, ეგრეთ წოდებული "კრიზისის" დროს. "ბარსელონა" ბოლო ათწლეულის პირველი გუნდია, მაგრამ "იუვენტუსს" შეხვდა და ვერაფერი მოუხერხა. ესაა იტალიური ფეხბურთი - ის თავის სიტყვას ყოველთვის ამბობს.
- თქვენი "ინტერის" შედეგებზეც ვილაპარაკოთ. იტალიური გრანდის მომავალი თაობისგან თბილისურ ტურნირში ბევრად უკეთეს შედეგს ველოდით...
- იცით, იტალიური ფეხბურთი რას ემყარება? ჩვენ ამ ასაკში ბავშვებს არ ვძაბავთ, გვსურს, რომ ბავშვური სილაღე დიდხანს შეინარჩუნონ და შედეგებზე ფიქრით მორალურად არ გამოვფიტოთ. ძალიან კარგი, თუ სერია A-ში ან სხვა ნებისმიერ ტურნირზე გავიმარჯვებთ, მაგრამ წაგებისგან ტრაგედიას არ ვქმნით.
- ასეთი მიდგომა მხოლოდ "ინტერშია" თუ ზოგადად იტალიურ ფეხბურთში?
- მთლიანად იტალიურ ფეხბურთში. წარუმატებლობას მშვიდად ვაანალიზებთ და ბავშვებს შეცდომებს ვუხსნით, ვეუბნებით, რა დაგვაკლდა მოსაგებად და სამომავლოდ რა უნდა გამოვასწოროთ. მაგრამ ამა თუ იმ ტურნირზე პირველ ადგილს თუ ვერ მოვიპოვებთ, ამის გამო ბავშვებს საყვედურს არ ვეტყვით - ეს გამორიცხულია! ჩვენ ვეუბნებით, რომ გამარჯვებისთვის ცოტა დაგვაკლდა.
ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და მათი გამუდმებით შედეგზე დამოკიდებულება ყოვლად დაუშვებელია. გახდებიან სრულწლოვნები და სტრესი და ნერვიულობა მერეც ეყოფათ. მთავარია, თანამედროვე ფეხბურთის ნიუანსები ვასწავლოთ და ნიჭს მივცეთ გასაქანი.
სიმეონე ინტერში დაბრუნდება
- დღევანდელ "ინტერზეც" უნდა გკითხოთ. სერია A-ში გუნდი მეშვიდე ადგილზეა და ტრადიციულად ამბიციური ვეღარ არის... - ეს ბოლო წლებში მენეჯმენტში მიმდინარე რყევების შედეგი იყო. ამავე დროს, "ინტერი" ერთი მეპატრონის ხელიდან მეორის საკუთრებაში გადავიდა, გარდამავალ პერიოდს კი გაურკვევლობა ახასიათებს.
- მაგრამ ყველაფერს დასასრული აქვს, "ინტერი" კი ვერა და ვერ დალაგდა.
- გუნდის დალაგების ლოგიკური პროცესი დასასრულს უახლოვდება.
- "ინტერის" აქციათა საკონტროლო პაკეტი 2013 წელს გაიყიდა და მას შემდეგ რატომ ვერ დალაგდა?
- დიახ, მაშინ კლუბის აქციათა 70 პროცენტი ინდონეზიელმა ერიკ ტოჰირმა შეიძინა, მაგრამ გუნდი ერთ და ორ დღეში ვერ შენდება, ამისთვის დროა საჭირო. ის კლუბს უყურებს, როგორც მომგებიან ბიზნესს და დარწმუნებული ვარ, "ინტერი" მალე ისევ ისეთი გუნდი იქნება, როგორსაც მსოფლიო იცნობს - ამბიციური და წარმატებული.
- ბოლო დროს ბევრი ცნობილი გამოცემა ამტკიცებს, რომ "ინტერის" მთავარ მწვრთნელად დიეგო სიმეონეს დანიშნავენ. ის თანახმაა, დატოვოს მადრიდის "ატლეტიკო"?
- დარწმუნებული ვარ, დათანხმდება, რადგან ისეთი პირობები შესთავაზეს, რომელზეც უარს არ ამბობენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"