ინფრასტრუქტურა: სამზადისი და რემონტი "თენგიზ ბურჯანაძესა" და "ქართლზე"

AutoSharing Option
გორში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის თემაზე ბოლო ხანს სიახლეებია. ქალაქის მთავარი საფეხბურთო არენა - თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი - 15 მაისიდან ივნისის მიწურულამდე სარეკონსტრუქციოდ დაიხურება. გასახდელების, ლოჟების, ოპერატორთა კაბინებისა და მოედნის საფარის განახლებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია, რომ სტადიონზე განათების დამონტაჟებაც იგეგმება.

15 მაისიდან "თენგიზ ბურჯანაძეზე" ვეღარც მესამელიგელი "გორი" ითამაშებს. მაგრამ მარტო თამაში ხომ არ არის? სტადიონი სავარჯიშოდაც გამოიყენებოდა. შესაბამისად, დადგა საკითხი დროებით სადმე შესახლებაზე.

გორული ფეხბურთის მესვეურებმა მზერა "ქართლისკენ" მიმართეს - ქალაქის მეორე საფეხბურთო არენაზე აქამდე ძალიან ცუდი პირობები იყო, მაგრამ უკვე იქაც
დაიწყო სარემონტო სამუშაოები და "ქართლს" ცოტა ხანში სახეცვლილება უნდა დაეტყოს, თან ისე, რომ ეროვნული ლიგა 2-ის მატჩების გამართვაც გახდეს შესაძლებელი.

"გორში" დირექტორად ქართულ ფეხბურთში კარგად ცნობილი მენეჯერის, გია ისიანის დანიშვნაც ამ პროცესებს დაემთხვა. სხვათა შორის, "ქართლზე" სარემონტო სამუშაოების დაწყება მისი ინიციატივაა. ისიანი პროფესიონალია და კარგად იცის, რა სჭირდება სტადიონს. მით უმეტეს, დოკუმენტზე, რომლითაც სფფ-მ "ქართლს" შენიშვნების ნუსხა გაუგზავნა, ფედერაციის მხრიდან ისიანსაც ჰქონდა ნამუშევარი.

გასულ კვირას სტადიონის ტერიტორიაზე მასშტაბური დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა, რასაც გამწვანების აქციაც (მონაწილეობდნენ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, გორის მერია, ასევე, საფეხბურთო კლუბები - "დილა" და "გორი") მოჰყვა. არენის დასავლეთით და აღმოსავლეთით გაკეთდა ქარსაცავი ზოლი, რაც ვარჯიშსაც კომფორტულს გახდის, თამაშსაც და მორწყულ მოედანსაც გვიან გამოაშრობს.

სარემონტო სამუშაოები ახლაც აქტიურად მიმდინარეობს "ქართლზე" არსებულ ადმინისტრაციისთვის განკუთვნილ შენობაში, სადაც სულ მალე ბევრად უკეთეს მდგომარეობაში უნდა იყოს გასახდელები და საშხაპეები, უნდა მოეწყოს ოთახი მსაჯებისა და დელეგატებისთვის, აგრეთვე, სამედიცინო ოთახი.

თავისი სივრცე დასჭირდება "დილასაც", რადგან, ვიდრე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი ჩაივლის, გუნდმა სწორედ აქ უნდა ივარჯიშოს, ხოლო ეროვნული ლიგის მატჩებს თბილისში გამართავს. რაც შეეხება მესამე ლიგის ბინადარ "გორს", მისთვის "ქართლი" სავარჯიშო არენაც იქნება და სათამაშოც.

რადგან ინფრასტრუქტურაზე ვსაუბრობთ, აქვე გეტყვით, რომ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომელიც შპს "გრანდ ემ"-ის საჩივარს ეხება, ეს საქმე ჯერჯერობით წინ არ წასულა...

- "მადლობის ნაცვლად ქონება წამართვეს, ამიტომ ახლა ვითხოვ სტადიონს, ანუ - ჩემს ქონებას"

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გრანდი არა კიდე ის, ქალაქი ფეხზე დადგება მაგ სტადიონს შეეშვით განათება უნდა დაამონტაჟონ ძლივს რაღაც უნდა გვეშველოს და ეს ფულის მღრნელები საიდან გამოტყვრენ ..
dila
12:19 02-05-2017
0
მიდი გია ისიანი მაგარი კაცი ხარ, შენს დაბრუნებას გაუმარჯოს გორში
ketili dila
20:41 03-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული