[კოტე გოგიშვილის აზრები] ტაშიდან ტაშ-ტაშ, ტარამ-ტარამდე!..

AutoSharing Option
გრიშა ცაავას მონაყოლი მახსოვს - თასი რომ მოვიგეთ, აეროპორტში და მერეც, თვითმფრინავში მგზავრობისას, მე მომაბარეს: ყურადღება მიაქციე, სადმე არ გაგვებნესო...

მოვფრინავდი და ვფიქრობდი, რახან პატარა ვარ, გამახალისეს და უნდათ, ტრაპზე ჩავიტანო, ხალხმა დამინახოს, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, მოკლედ... თურმე სადა ხარ, თბილისში ჩავედით თუ არა, საშა ჩივაძემ ეგრევე "დაითრია" ეს ჩემი ნალოლიავები თასი და ტრაპზეც პირველი ჩავიდაო...

ასე ხდება ხოლმე - არსებობდა და არსებობს ეს ერთგვარი საფეხბურთო იერარქია, საჭირო გაგებით - "დედოვშჩინა", როცა მიდიხარ გუნდში, ერგები მას - სიტუაციას, თანაგუნდელებს,
ფილოსოფიას, დღიდან დღემდე, თამაშიდან თამაშამდე, ვარჯიშიდან ვარჯიშამდე ეძებ და იმკვიდრებ საკუთარ მდგომარეობას...

მერე გაცილებით იოლია ყველაფერი.

ამიტომაა, მომწონს და დიდი იმედი მაქვს ალექსანდრე იაშვილის ფაქტორისა ქართულ ფეხბურთში: პირველ რიგში მომწონს ის მისია, რომელიც მას დაეკისრა - "სამტრედიაშიც", "დინამოშიც", ახლა - ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ნაკრებ გუნდებში...

მისია ავტორიტეტისა, პროფესიონალისა, მისაბაძი კაცისა - რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში არაფერი უჭირდა და ენატრებოდა, ფეხბურთს მისცა ყველაფერი, რისი მიცემაც კი საჭიროა.

გასაგებია, რომ მის ფონზეც კაშკაშებენ ჩვენი ლოკალური მასშტაბის "ვარსკვლავები", მაგრამ ვფიქრობ, ეს კაშკაში ნებისმიერ ეტაპზე ზომიერი იქნება - ადრე თუ გვიან ყველას მიუჩენენ თავის ადგილს და გარდა მაგისა, მენტალობაც, საქმისადმი დამოკიდებულებაც შეიცვლება.

განა ძალიან დიდი ფიქრი და განათლება სჭირდება იმის გაგებას, რომ შენ ერთი მთელის, საერთოს ნაწილი ხარ, ცა ქუდად არ უნდა გეხუროს, მიწა ქალამნად არ უნდა გეგოს და ერთ განსაზღვრულ, ყველასთვის ერთნაირ წესს უნდა ემორჩილებოდე.

მართლა ვარსკვლავური ამბავი თუ ვინმეს აინტერესებს, შევჩენკოს "ჩელსიში" მისვლას გავახსენებ - "ქუინის" "ჩემპიონები ვართ" რომ ამღერეს. ზოგადად, ასე ხდება ყველგან და არა მარტო ფეხბურთში.

ახლა კი მთავარზე. ალექსანდრ შტელინმა ერთხელ - ქართველი ფეხბურთელი კი არ უნდა მოარგო სქემას, სქემა უნდა მოარგო ქართველსო.

- შტელინის აზრი ჩაკვეტაძესა და ქართველებზე: ნატურალური ხორცი და მწვანილი

აი, ქართულ გულს რომ ფხანს, ისეთი ნათქვამია, მაგრამ ისევ ქართული ნათქვამისა არ იყოს, ფხანა ქეცმა იცის...

სულ ტყუილი მოლოდინი იქნება, რომ ბელგიაში ან სადმე სხვაგან, მავანი მწვრთნელი "ქართულ საიდუმლოს" ამოხსნის და "გენკის", "გენტის" ან "სერკლ ბრიუგეს" სათამაშო სქემას "იბერიულ-კავკასიურ" ვარიანტში დაქსელავს.

აქ კახა კალაძისა და გიორგი დემეტრაძის თანაგუნდელის, პროზაულად საშუალო თანაგუნდელის, ალექსანდრ ხაცკევიჩის ძველი ინტერვიუდან ამონარიდი უნდა გაგახსენოთ ("გორდონის ბულვარის" არქივში დღესაც იძებნება) - სანამ გუნდში ერთი ან ორი ქართველი თამაშობს, არა უშავს და სამი და მეტი თუ მოიყრის თავს, მერე იწყება ღვინო და მწვადებიო...

დაახლოებით იგივე, დაახლოებით იმავე პერიოდში ფრანც ბეკენბაუერსაც უთქვამს - ყოველ შემთხვევაში, ასე ითარგმნა ქართულ პრესაში.

ჰოდა, საჭირბოროტო კითხვაც: რა ჯობია, ასეთი იმიჯი ჰქონდეთ ქართველ ფეხბურთელებს და ველოდოთ მავან "შერეკილს", რომელიც ჩვენებურ ნიჭიერ ბიჭს სქემას მოარგებს, თუ ვითამაშოთ ფეხბურთი საყოველთაოდ აღიარებული და მიღებული წესებით?

ბუნებრივია, პასუხი ერთადერთია და ეს პასუხი საქართველოშიც კარგად ვიცით - ამას ვაღიარებთ თუ არა. დადგა დრო, როცა ფეხბურთს მხოლოდ პროფესიონალები თამაშობენ. თამაშობენ დაწერილი წესებით და ამას აწი უკვე ვერავინ და ვერაფერი შეცვლის.

შტელინმა ბელგია იცის და საქართველო, ფორმულაც გულის მოსაფხანი გამოუყვანია, მაგრამ...

დათვური სამსახურია ეს, როცა, მინიმუმ, ხუთამდე ქართველის მაგალითი გვაქვს, თუ როგორ განვითარდა მათი კარიერა ბელგიაში. ამიტომ, მეტი სიფრთხილე გვმართებს. ისე არ მოხდეს, "ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი" ბავშვების მშობლებმა რომ იციან (თუ იცოდნენ) თქმა - ჩემს ბავშვს მასწავლებელი "გადაეჯინაო"...

საფიქრალია ამაზე - რატომ "გადაგვეჯინნენ" ბელგიელები? ჩვენში - ხასიათში, აზროვნებაში, საქმისადმი მიდგომაში ხომ არ არის პრობლემა?

გადავხედოთ, სად თამაშობენ ჩვენებურები და სად თამაშობენ ბელგიელები, რომელთა შორისაც, სულო ცოდვილო - არიქა, ბელგების შთამომავალიაო, ცოტაზე თუ იტყვი. ზოგი არაბული სისხლისაა, ზოგი აფრიკულის, ვალონებიც და ფლამანდელებიც არიან (რა თქმა უნდა), მაგრამ ისეთი სქემა დაქსელეთ, მაჩვის ტყავივით მომერგოსო, აქამდე არავის უთქვამს.

თანამედროვე ფეხბურთში სერიოზული ხალხი ამაზე არც ლაპარაკობს და იმიტომ!

შეგნებულად არ დავასახელებ იმ მართლა ნიჭიერი ბიჭების გვარს, ვინც ბელგიურ კარიერას დააკავშირეს - ღმერთმა ქნას, მათი ტალანტი უკეთეს ლიგებში გაფურჩქნულიყოს, მაგრამ მათ აქედანვე უნდა იცოდნენ, რომ სქემა კი არაა საქმე, შრომის ნიჭია საქმე.

ვარსკვლავობას მხოლოდ ის აღწევს, ვისაც შრომა, ფეხბურთისთვის ყველაფრის მიცემა შეუძლია.

რომ "ყველა ნიჭზე დიდი მაინც შრომის ნიჭია" და ეს შტელინმა ან მავანმა ჟურნალისტმა კი არა, დავით ყიფიანმა თქვა.
როგორღაც დავივიწყეთ, გაგვიცვდა ეს ფრაზა, რომ უშრომლად არაფერი ხდება...

ამიტომ თუა, 36 წლის წინათ მოპოვებული გამარჯვება გვეამაყება მხოლოდ...

და ვერაფრით გადაფარა იმ მზიანი ღამის ტაში ქართულ ფეხბურთში სენად შემოჭრილმა, შარდენსა თუ სხვა ადგილებში აგორებულმა "ტაშ-ტაშ, ტარამ-ტარამმა"...

ფეხბურთი სამსახური არ არის, იქ განსაზღვრულ საათებში იარო და ტაბელი აბრუნო - ფეხბურთი გრძნობა, ემოციაა და ცხოვრება!

ბელგიაშიც და საქართველოშიც...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რაც არ უნდა ნიჭიერი იყო შრომის გარეშე ვერაფერს შექმნი,ფეხბურთშიც ასეა.
sake
21:52 20-05-2017
0
დავით ყიფიანი: "ყველა ნიჭზე დიდი მაინც შრომის ნიჭია"
ნიკო
14:15 20-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული