ალექსანდრე ჩივაძე: მან პირადად მომიხადა ბოდიში იმ პენალტისთვის...

AutoSharing Option
უკრაინული ua-football.com ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, ალექსანდრე ჩივაძეს ელაპარაკა. ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა, რაშიც მკითხველი თავად დარწმუნდება.

ოღონდ, დღეს ვაქვეყნებთ ინტერვიუს პირველ ნაწილს, მეორე დასკვნით ნაწილს კი "ლელო" მოგვიანებით შემოგთავაზებთ...

..."ალბათ, ინტერვიუ არ გამოგვივა", - ცოტა არ იყოს, გული დამწყვიტა ალექსანდრე ჩივაძემ სასტუმრო "პრეზიდენტის" ჰოლში შეხვედრისას. ის აქ ვეტერან ქართველ ფეხბურთელებთან ერთად არის ჩამოსული...

"თქვენ გინდათ, ძირფესვიანად ვისაუბროთ, მე კი საამისო განწყობა არ მაქვს. არ ვარ განწყობილი ბევრი საუბრისთვის, მაგრამ რადგან შევხვდით, ვსინჯოთ", - მითხრა გასული საუკუნის 70-80-იანი წლების თბილისის
"დინამოს" ლეგენდარულმა კაპიტანმა...

პირველი ათი წუთის განმავლობაში ჩივაძე კითხვებზე ძალიან "მშრალად" მპასუხობდა. მერე მისი საფირმო ულვაშის ქვეშ ღიმილი დავლანდე. ჩივაძემ ხუმრობა დაიწყო. რამდენჯერმე დიქტოფონის გამორთვაც მთხოვა, რათა მოეყოლა რამდენიმე ისტორია, რომელიც ბეჭდურ ვერსიაში ვერაფრით მოხვდება...

და მაინც, ქართველთათვის საკულტო ფეხბურთელმა ბევრი საინტერესო რამ თქვა...

ლობანოვსკი ყოველთვის ყურადღებით მისმენდა...
- კიევში ყოფნისას ქალაქის ქუჩებში გასეირნება მოასწარით?
- დრო არც ისე ბევრი იყო. ცოტა გვიან ჩამოვედით, პრესკონფერენცია ჩავატარეთ, მერე დასვენება გვინდოდა... შეიძლება ითქვას, კიევი სასტუმროს ფანჯრიდან ვნახე. მას შემდეგ, რაც აქ ბოლოს ვიყავი, მნიშვნელოვნად შეცვლილა თქვენი დედაქალაქი, შეიცვალა უკეთესობისკენ. აქ ბევრი მეგობარი მყავს. ჩამოვედი თუ არა, თბილად მომიკითხეს ტოლია დემიანენკომ და ვალოდია ბესონოვმა. ჩვენ ერთმანეთს მაშინაც ვურეკავთ, როცა მე თბილისში ვარ. ძალიან თბილი ურთიერთობაა ჩვენ შორის ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ერთმანეთის წინააღმდეგ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში და თასზე ვთამაშობდით. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ერთად ვიყავით საბჭოთა კავშირის ნაკრებში...

საწყენია, რომ ჩვენთან აღარ არიან ანდრეი ბალი, ვიტია ჩანოვი... ისინიც ჩემი მეგობრები იყვნენ. იმ თაობიდან აღარ არიან ვიტალი დარასელია, დათო ყიფიანი, რამაზ შენგელია... ძალიან მტკივნეულია იმის შეგრძნება, რომ აღარ არიან ადამიანები, ვისთან ერთადაც მთელი ახალგაზრდობა გაატარე. მინდა სითბოთი გავიხსენო ჩვენი მწვრთნელები, რომლებიც ასევე აღარ არიან ჩვენ შორის - ნოდარ ახალკაცი და ვალერი ლობანოვსკი.

- ქართველები ვერ პატიობენ ვალერი ლობანოვსკის დავით ყიფიანთან დამოკიდებულებას...
- ლობანოვსკი დიდი მწვრთნელი იყო, მას ჰქონდა თავისი ხედვა და აქედან გამომდინარე იღებდა გადაწყვეტილებებს. როცა ნაკრებში ვთამაშობდი, ის ყოველთვის ყურადღებით ისმენდა ჩემს აზრს, და არა მხოლოდ ჩემსას. არ ვიცი, რაზე საუბრობდნენ ისინი ერთმანეთში, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ ლობანოვსკი ყიფიანს აფასებდა.

- გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან თბილისის "დინამოს" არაერთი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავდა. არადა, მხოლოდ თქვენმა თაობამ მიაღწია უნიკალურ წარმატებებს. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის მიზეზი?
- თბილისის "დინამო" ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი - 1964 და 1978 წლებში. საერთოდ, წარმატება რამდენიმე ფაქტორის თანხვედრას მოაქვს. საჭიროა, რომ კარგ თაობასთან ძლიერმა მწვრთნელმა იმუშაოს. რატომ გახდა "დინამო" ჩემპიონი 1964 წელს? პასუხი მარტივია - შესანიშნავ ფეხბურთელებთან, სერგო კოტრიკაძესთან, ჟორა სიჭინავასთან, ვლადიმერ ბარქაიასთან, სლავა მეტრეველთან, მიშა მესხთან, ილია დათუნაშვილთან და სხვებთან ერთად მუშაობდნენ ისეთი სპეციალისტები, როგორებიც იყვნენ მიხაილ იაკუშინი და გავრილ კაჩალინი.

7-8 წლის შემდეგ წამოვიდა ახალი თაობა - კახი ასათიანი, რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, გივი ნოდია... არ იყო დიდი მიღწევები იმიტომ, რომ არ იყო მწვრთნელი. ჩვენს პლეადას კი გაუმართლა იმაში, რომ "დინამო" ნოდარ ახალკაცს ჩააბარეს.

ნახევარდაცვიდან დაცვაში
- 1978 წელს თქვენ კიეველებთან და დონეცკის "შახტიორთან" ბრძოლაში გახდით ჩემპიონები...
- უკრაინაში თამაში ყველაზე მეტად გვიჭირდა. არა მხოლოდ კიევსა და დონეცკში, არამედ დნეპროპეტროვსკში, ოდესასა და ლვოვში, მერე ხარკოვშიც. ყველა გუნდს თავისი სტილი ჰქონდა, მათგან ნებისმიერი რამ იყო მოსალოდნელი.

დარწმუნებული ვარ, მაშინდელი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ერთ-ერთი უძლიერესი იყო მსოფლიოში. ახლანდელი გაგებით, პრაქტიკულად, ეს იყო აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატი. ჩვენ თითქმის საქართველოს ნაკრები ვიყავით, კიევის "დინამო" - უკრაინის, "არარატი" - სომხეთის, "ნეფთჩი" - აზერბაიჯანის, "ფახთაქორი" - უზბეკეთის... რუსეთის ნაკრები წარმოდგენილი იყო "სპარტაკის", "დინამოს", ცსკა-სა და "ტორპედოს" ფეხბურთელებით. იყვნენ ძალიან თვითმყოფადი გუნდები, მაგალითად - "ზენიტი" და "დნეპრი". ეს იყო წარმოუდგენელი ჩემპიონატი.

ერთადერთი, ძნელი იყო ფრენა. თბილისიდან ალმა-ათაში, იქიდან ლენინგრადში, მერე ლენინგრადიდან უკრაინაში... სად იყო მაშინ ჩარტერები? ჩვეულებრივი რეისებით დავფრინავდით... ახლა საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე გუნდები ავტობუსებითა და მატარებლებით დადიან...

- ისე ჩანს, 1978 წლის ჩემპიონობამ "დინამოს" განსაკუთრებული ბიძგი მისცა...
- ჩვენ ვიგრძენით, რომ არა მხოლოდ კონკრეტული მატჩების მოგება შეგვეძლო, არამედ მთელი მარათონისაც. მართალი ხართ, ეს იყო ფსიქოლოგიური გარდატეხა. ჩვენ წინა ჩემპიონატშიც ვგრძნობდით ძალას, უეფას თასზე "ინტერს" მილანში მოვუგეთ, ყიფიანმა ფაკეტის წაართვა ბურთი და "ჯუზეპე მეაცაზე" მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. მერე თბილისში 0:0 ვითამაშეთ და "ინტერი" ტურნირიდან გამოვთიშეთ ისე, რომ ორ მატჩში არც ერთი გოლი არ გაგვიშვია.

მაშინ მე საყრდენ ნახევარმცველად ვთამაშობდი. შეიძლება, ამავე პოზიციაზე გამეგრძელებინა თამაში, რომ არა ერთი შემთხვევა - 1977 წელს უეფას თასზე "გრასჰოპერსს" შევხვდით. პირველი მატჩი თბილისში 1:0 მოვიგეთ, საპასუხო შეხვედრაში 0:2-ს ვაგებდით, როცა მოვატყუე მეკარე და ცარიელ კარში უნდა გამეტანა, მაგრამ მცველმა მომცელა. წარმოიდგინეთ, არბიტრმა პენალტი არ დანიშნა. ჩვენმა დიდებულმა ცენტრალურმა მცველმა, შოთა ხინჩაგაშვილმა ვეღარ მოითმინა, ჩვენი საჯარიმოდან ჩამოირბინა და მსაჯს შეაფურთხა. რა თქმა უნდა, ეს იყო წითელი ბარათი, რასაც ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოჰყვა...

გავიდა ერთი წელიწადი და ისევ უეფას თასზე ვთამაშობდით, ამჯერად "ნაპოლისთან". პირველი მატჩი თბილისში გვქონდა და ახალკაცი დილემის წინაშე დადგა - ვის უნდა შეეცვალა დისკვალიფიცირებული ხინჩაგაშვილი? ბიჭებთან გაიარა კონსულტაცია და მე შემომთავაზა უკან თამაში. ჩვენ "ნაპოლი" გავიარეთ, მე კი ასე დავრჩი ცენტრალურ მცველად...

ასეთ ფეხბურთს სცემდნენ პატივს ახალკაცი და ლობანოვსკი
- გაძლევდათ ხელს ეს გადაადგილება?
- რატომაც არა?! მიყვარდა შეტევა, მაგრამ მცველის პოზიცია არ მზღუდავდა. ყველა ტურნირი რომ ავიღოთ, 58 გოლი გავიტანე. საბჭოთა ფეხბურთში მცველებიდან ჩემზე მეტი არავის გაუტანია.

საერთოდ, მიმაჩნია, რომ გუნდში ათმა ფეხბურთელმა ერთნაირად კარგად უნდა იცოდეს დაცვაც და შეტევაც. ამას ვეუბნებოდი სულ ჩემს შეგირდებს, როცა მწვრთნელი ვიყავი. აი, თანამედროვე "ბარსელონას" თამაში ხომ ხელოვნებაა? ყველას შეუძლია შექმნა და ბურთის ართმევა თუ არა, მოწინააღმდეგის კონტრშეტევებისთვის ხელის შეშლა მაინც. ყველაფერს ერთი-ორი შეხებით აკეთებენ. ეს ფეხბურთის განვითარების მწვერვალია. სწორედ ასეთ ფეხბურთს სცემდნენ პატივს ახალკაცი და ლობანოვსკი.

პირველად, ეს ჰოლანდიის ნაკრებმა გვიჩვენა, რომელსაც შემადგენლობაში იოჰან კრუიფი ჰყავდა. ბურთი სულ უნდა მოძრაობდეს. როცა ის მოწინააღმდეგეს აქვს, შენ გიწევს სირბილი ზონების გადასაკეტად. ჩემთვის თანამედროვე მწვრთნელის ეტალონი ხოსეპ გვარდიოლაა - კრუიფის მოსწავლე. და გახსოვთ, რას ამბობდა კრუიფი? - ფეხბურთი უბრალო თამაშია, მაგრამ უბრალოდ თამაში ძალიან რთულიაო...

ჩაიბარა თუ არა ახალკაცმა "დინამო", მაშინვე ფლანგიდან დისპეტჩერად გადაიყვანა ყიფიანი. მწვრთნელის ყველაზე დიდი ღირსებაა, მიხვდეს, რომელ ამპლუაში შეუძლია ფეხბურთელს გუნდისთვის ყველაზე დიდი სარგებლობის მოტანა. მაგალითად, ვალოდია ბესონოვი - მას შეეძლო, ყველგან ეთამაშა. საბჭოთა კავშირში ცოტა იყო ასეთი უნივერსალი. ამიტომ ნაკრებში ყველაზე მეტად მიყვარდა თამაში ბესონოვთან და ვაგიზ ხიდიატულინთან. სამივე არა მხოლოდ კარგად ვიცავდით თავს, არამედ შეტევაშიც ვერთვებოდით. მხოლოდ ხანდახან ცვლიდა რომელიმე ჩვენგანს სერგეი ბალტაჩა. ის კი მართლაც კლასიკური ცენტრალური მცველი იყო.

- თქვენს კარიერაში ყველაზე ლამაზი გოლი კიევის "დინამოს" გაუტანეთ?
- კი, 1982 წლის ჩემპიონატი მთავრდებოდა, თუმცა ის თამაში თბილისში 1:5 წავაგეთ. 40 მეტრიდან გავუტანე ვიტია ჩანოვს. იქამდე 3 წლით ადრე კი რომენსკის გავუტანე თავით კუთხურის შემდეგ საჯარიმოს ხაზიდან. ძალიან ლამაზი გოლი გამოვიდა, იმ შეხვედრაში - ერთადერთი.

ჩვენ განწირულები ვიყავით...
- ბესონოვმა გაიხსენა მატჩი, რომელშიც მასთან ერთად თქვენც ითამაშეთ. "მოედანი იქ ძალიან გრძელია - მთელი ჰექტარი. შენი საჯარიმოდან მეორე კარი არ ჩანს. კიდევ, ორასათასიანი სტადიონი. ეს ჩვენთვის წნეხი იყო", - ჰყვებოდა ის. თქვენც გახსოვთ ის თამაში?
- როგორ არ მახსოვს?! ვალოდია "მარაკანაზე" ლაპარაკობდა. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი პირველი მატჩი საბჭოთა კავშირის ნაკრებში. ჩვენ მაშინ სენსაციურად მოვუგეთ ბრაზილიას 2:1. პირველ ნახევარ საათში მაგრად ვწვალობდით სოკრატესთან, ზიკოსთან, ტონინიო სერეზოსთან ჭიდილში... ზიკომ პენალტი ვერ გაიტანა. მზად ვიყავით ასეთი წნეხისთვის და გავუძელით კიდეც.

კარგი ნაკრები გვყავდა, უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის. ლოგიკური იქნებოდა, კონსტანტინ ბესკოვის დროს მოსკოვის ოლიმპიადა მოგვეგო, მაგრამ ნახევარფინალში წავაგეთ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებთან. ყველაფერში კი ვაჯობეთ, მაგრამ რად გინდა? - გოლი ვერ გავუტანეთ. ეს შემთხვევითობა იყო. ესპანეთის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი თითქმის იმავე შემადგენლობით ჩავატარეთ და მუნდიალზე უპრობლემოდ მოვხვდით...

- თუმცა იქ საბჭოთა ნაკრებმა ვერ დატოვა მაინცდამაინც კარგი შთაბეჭდილება...
- ჩვენ განწირულები ვიყავით მაშინ, როცა ნაკრებში ერთბაშად სამი მწვრთნელი დანიშნეს - ბესკოვი, ლობანოვსკი და ახალკაცი. რა შედეგზეა ლაპარაკი, როცა დილის ვარჯიშს ლობანოვსკი ატარებდა, საღამოსას კი - ბესკოვი. ყველა მათგანს, რა თქმა უნდა, თავისი პრინციპები ჰქონდა...

- ახალკაცი?
- ნოდარი არ ერეოდა ამ პროცესში. ის უფრო ბრძნულად მოიქცა - სიტუაციის გაწონასწორება სცადა. ვერც იმას ვიტყვი, თითქოს, ბესკოვსა და ლობანოვსკის შორის კონფლიქტი იყო. თუ იყო აზრთა სხვადასხვაობა, ამის თაობაზე ფეხბურთელებმა არ ვიცოდით.

თამაშის მხრივ, არ ვიყავით უსუსურები. ავიღოთ ბრაზილიასთან სასტარტო მატჩი. ბალმა ანგარიში გახსნა, მეორე ტაიმში შენგელიას ფეხში ჩაარტყეს და მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა. ის ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ფიფას იმჟამინდელი პრეზიდენტისთვის, ჟოაო აველანჟისათვის ესიამოვნებინა.

ედერმა და სოკრატესმა შორიდან გაგვიტანეს გოლები და მოგვიგეს...

5:0 მოვუგეთ პორტუგალიას და მერე დაიწყო სასწაულები...
- ბევრს საუბრობდნენ პოლონეთის ნაკრებთან მატჩზე, რომელსაც შეეძლო, საბჭოთა კავშირი ნახევარფინალში გაეყვანა...
- მაშინ ლეხ ვალენსას "სოლიდარობა" პოპულარული ხდებოდა. მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი ბელგიას 1:0 მოვუგეთ. პოლონელებმა კი მათთან 3:0 გაიმარჯვეს. შესაბამისად, მათ ფრე ჰყოფნიდათ ჩვენთან შეხვედრაში. ამის მიუხედავად, ჩვენმა მწვრთნელებმა ძირითადში ხუთი მცველი დააყენეს - თენგიზ სულაქველიძე, მე, დემიანენკო, ბალტაჩა და ბესონოვი. ამოცანა იყო არა მოგება, არამედ - არწაგება. დამრჩა შეგრძნება, რომ იყო იდეოლოგიური ასპექტი. საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 მორჩა. არადა, შეგვეძლო, ნახევარფინალში გავსულიყავით.

- ნაკრებში თქვენი ყოფნის პერიოდში 1982 წლის ფორმაციის გუნდი ყველაზე ძლიერი იყო?
- 1983 წელს იმაზე სუსტი გუნდი ნამდვილად არ იყო, პირიქით, შეიძლება, უფრო ძლიერებიც ვიყავით. შესარჩევში შინ 5:0 მოვუგეთ პორტუგალიას და მერე დაიწყო სასწაულები. ჯერ პოლონელებმა საკუთარ მოედანზე სენსაციურად წააგეს პორტუგალიასთან, მერე ლისაბონში ჩვენ ძალიან ცუდად გვიმსაჯეს...

სხვათა შორის, სამი წლის წინ თბილისში ჩატარდა ტურნირი ფუტსალში და მას დაესწრო ის ადამიანი, რომელიც პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობდა 1983 წელს. მან პირადად მომიხადა ბოდიში იმ პენალტისთვის, რომელიც ჩვენს კარში დაინიშნა. ამის გამო, ვერ მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე და ლობანოვსკი გაათავისუფლეს...

გაგრძელება იქნება

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩანოვის კარებში გატანილი გოლი მახსოვს.ჩვენი საჯარიმოდან დაიწყო,ჯერ ბურთი ჩაჭრა,მერე გზაში 4 ფეხბურთელი მოატყუა და კინაღამ ცენტრიდან ცხრიანი გახვრიტა...წაგებას დაგავიწყებდა უსეთი გოლი იყო...
დათო
18:43 28-05-2017
0
ჩანოვის კარებში გატანილი გოლი მახსოვს.ჩვენი საჯარიმოდან დაიწყო,ჯერ ბურთი ჩაჭრა,მერე გზაში 4 ფეხბურთელი მოატყუა და კინაღამ ცენტრიდან ცხრიანი გახვრიტა...წაგებას დაგავიწყებდა უსეთი გოლი იყო...
დათო
18:41 28-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული