ძალიან საშური საქმე! იყო 15, გახდა 24, იყო 300, გახდა 500!..

AutoSharing Option
"ფონდი არველაძე" კვლავ საქართველოსა და ქართული ფეხბურთის სამსახურში დგას. 1-ელ ივნისს, "შატო მუხრანის" ტერიტორიაზე, პროექტ "საფეხბურთო თერაპიის" ფარგლებში, გაიმართა საფეხბურთო ტურნირი, რომლის ორგანიზატორიც სწორედ ეს ფონდი გახლდათ.

პირველი ასეთი ფესტივალი ზუსტად ერთი წლის წინ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გორში გაიმართა. მაშინ ტურნირში 15 გუნდი მონაწილეობდა, წლეულს კი 24-მა გუნდმა ითამაშა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 5 გუნდი პანკისიდან იყო. ერთი კლუბი მთლიანად გოგონებით გახლდათ დაკომპლექტებული, რაც, რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია...

ტურნირში მონაწილეობა მიიღო რაჭის ორმა და სპეციალური ოლიმპიადის მონაწილე ბავშვთა გუნდმაც.
ასევე ითამაშეს აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვებმა, რომლებიც თბილისის ზღვაზე ვარჯიშობენ.

"ფონდმა არველაძემ" პანკისში საფეხბურთო კერა შექმნა. ამ რეგიონის გუნდებს ყველანაირი საფეხბურთო ინვენტარი აქვთ, რეგულარულად ვარჯიშობენ... თუ შარშან ტურნირში 300 ბავშვი მონაწილეობდა, წლეულს მათი რაოდენობა 500-მდე გაიზარდა.

ტურნირს დაესწრნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ავსტრიის სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე - ავსტრიისა და თურქეთის ელჩები. ვეტერანი ფეხბურთელები, რომლებმაც სპეციალური პრიზები გადასცეს შეჯიბრების მონაწილეებს. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები - გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა.

ფინალში სასირეთის "იმედმა" პენალტების სერიაში მოუგო აფხაზეთის გუნდს. აღსანიშნავია, რომ "შატო მუხრანის" ტერიტორიაზე ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი სივრცეებიც იყო მოწყობილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული