N51 - საბჭოური ინერცია დასრულდა, ახალი ქართული ფეხბურთი არსად ჩანს...

AutoSharing Option
წლების წინ თბილისის "დინამო" (ადრინდელი საქართველოს ნაკრები) აზერბაიჯანულ, უზბეკურ, სომხურ, მოლდოვის გუნდებთან თავს არ იკლავდა, რადგან ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ კლასით მაინც მოუგებდნენ და პირველ ტაიმში თუ არა, მეორეში აუცილებლად დაამარცხებდნენ.

დრონი მართლა მეფობენ და ახლა ასე აზერბაიჯანული კლუბები გვეთამაშებიან - ისინიც არ იკლავენ თავს, რადგან იციან, რომ კლასით მაინც დაგვამარცხებენ და რომ ეს გარდაუვალია. მათ თამაშში ის მედიდური დამაჯერებლობა იგრძნობა, რომელსაც ადრე თავად ვავლენდით მათ მიმართ...

"სამტრედიის" ფეხბურთელები ამბობდნენ, ჩვენ მხოლოდ ერთ კონკრეტულ გუნდს და ქალაქს კი არა, ქვეყანასა და
მის სახეს წარმოვადგენთო. ევროთასებზე გასული ყველა გუნდი ქვეყნის სახეა და სამწუხაროა, რომ ეს სახე საშინლად გამოიყურება.

საჩხერის "ჩიხურას" თუ არ ჩავთვლით, რომელმაც საქართველოს ჯერჯერობით ერთადერთი ქულა მოუტანა, ჩვენმა გუნდებმა დამთრგუნველი შთაბეჭდილება დატოვეს: 7 შეხვედრაში მხოლოდ 1 ფრე და 6 მარცხი - მსგავსი კატასტროფა არ გვახსენდება...

იყო დრო, როცა საშუალო დონესთან ახლოს ვიყავით. ახლა ფსკერზე დავეშვით და ჩვენსა და მათ შორის უზარმაზარი უფსკრულია. გადავხედოთ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში უსუსტესი ქვეყნების გუნდების შედეგებს: ლუქსემბურგის "დუდელანჟი" კვიპროსის აპოელ-თან გასვლაზე 0:1 დამარცხდა...

სომხეთის "ალაშკერტმა", ასევე გასვლაზე, ბელორუსის ბატე-სთან 1:1 ითამაშა...

ლიტვის ჩემპიონმა "ჟალგირისმა" ბულგარეთის "ლუდოგორეცი" 2:1 დაამარცხა...

ირლანდიური "დანდალკი" შინ ნორვეგიულ გრანდ "რუსენბორგს" ებრძოლა (1:1)

არის აქ სადმე 0:4, 1:5 ან 0:5?!

კატასტროფული შედეგები ლოგიკურად აისახა რეიტინგში: 10 ივლისს, 2017/18 წლების სეზონში ევროთასებზე ნაჩვენები შედეგებით ("სამტრედიის" თამაში ჯერ არ შეუტანიათ) უეფას განახლებულ რანგ-ლისტში საქართველო, 55 ქვეყანას შორის, 51-ე ადგილზეა!

ამ რეიტინგში საქართველომ რეალურად მხოლოდ კოსოვოს გაასწრო, ჩეხეთს, რუმინეთსა და საბერძნეთს კი ამ ეტაპზე კლუბები არ გამოუყვანიათ. ყველა დანარჩენი ჩვენ წინაა - ლიხტენშტეინი, მალტა, ლიტვა, ჩრ. ირლანდია, ისლანდია, ლუქსემბურგი, ფარერები, ესტონეთი, გიბრალტარი, სომხეთი, ლატვია, მოლდოვა, თქვენ წარმოიდგინეთ, ანდორა და სან მარინოც კი!

ეს ის არის, რისიც წლების განმავლობაში გვეშინოდა. ამ წარუმატებლობას ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი და, ალბათ, მთავარი - ქართული ფეხბურთის 25-წლიანი ნგრევის სავალალო ისტორიაა, როცა ფეხბურთს თვალის დაუხამხამებლად გამოაცალეს საფუძველი, გაუსხვისეს სტადიონები, მოედნები, საფეხბურთო სკოლები და დაუფიქრებლად გასცეს იქ სახლების მშენებლობის უფლება; უპატრონოდ მიაგდეს საფეხბურთო სკოლები და გუნდები. ქართული ფეხბურთი მაშინ მოკლეს, როდესაც სტადიონი გაყიდეს ვაკის სტუდქალაქში, ავლაბარში (სკა), ნინოშვილის ქუჩაზე (ძველი 35-ე სკოლა), ჯიქიაზე ("ოლიმპი"), ჭავჭავაძის გამზირზე ("ირაო"), დიდუბეში ("ნორჩი დინამო"), ნაძალადევში (ეგრეთ წოდებული ტრიკოტაჟის სტადიონი) - ფეხბურთმა სულ 23 სტანდარტული სტადიონი დაკარგა.

ფეხბურთის მტრობით დაწყებული ნგრევა თვალსაჩინო რეგრესში აისახა და წლებია, თაობებს საკუთარი ქვეყნისა და ფეხბურთისადმი უნდობლობა და ნიჰილიზმი გაუჩნდათ. როცა უკვირთ, რატომ გარბიან ეროვნული ლიგის წამყვანი მოთამაშეები უცხოეთში, ბოლო წლების ევროთასებია ამის პასუხი - უიმედობისა და უნდობლობის გამო. ამ ახალგაზრდებს საზღვარგარეთულ გუნდებში თამაში ცხოვრებისეულ გამოსავლად მიაჩნიათ.

აქ ერთი რამ არის საინტერესო და გულშემატკივარს დავესესხები, რომელმაც კლუბების ხელმძღვანელებს რიტორიკულად მიმართა - იბრძოლეთ, ევროტურნირზე მოხვდით და მოსამზადებლად 6 თვე გქონდათ, შემადგენლობის გასაძლიერებლად კი არაფერი ან ვერაფერი გააკეთეთო!

შეუძლებელია, არ დავეთანხმოთ ქომაგს, რომელიც წერს: "ფეხბურთი ეროვნული საქმეა და სანამ საქართველო პატივისცემას არ დაიმსახურებს და სახელს არ დაიბრუნებს, ლოდინი მოგვიწევს. გაბრაზებითა და გინებით მხოლოდ ერთმანეთს მოვუშლით ნერვებს, საქმეს კი არაფერი ეშველება".

უკვე მერამდენედ ჩაგვახედეს სარკეში, იქ ჩვენი მოძველებული ფეხბურთიც იმდენჯერ დავინახეთ და ჯერ ვერაფერი გამოვასწორეთ. რა გვეშველება უახლოეს მომავალში და რაც მთავარია, რა გველის უახლოეს წლებში - იგივე სირცხვილი? მეტი უკუსვლა წარმოუდგენელია - ჩვენ უკან სიცარიელეა და მალე ფარერები და სან მარინოც აღარ იქნებიან იქ, სადაც არიან.

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამით ფედერაცია აქცენტს მასობრიობაზე აკეთებს და კლუბების დაფინანსების სისტემით ხალხს გუნდების შექმნისკენ უბიძგებს. ეს სამომავლო გათვლაა.

ქართულ ფეხბურთს საკუთარი სტრატეგია და საფუძველი სჭირდება. იმიტომ, რომ საბჭოური ინერცია დასრულდა, ახალი ქართული ფეხბურთი არსად ჩანს, არსებული კი ქვეყნის ღირსების შემლახველად გადაგვექცა...

უეფას რეიტინგი
ქვეყნები კლუბები ბონუსები ქულები საშ. ქულ.
1. ინგლისი 0/7 16.000 16.000 2.285
2. ლიხტენშტეინი 1/1 0.000 2.000 2.000
3. გერმანია 0/7 12.000 12.000 1.714
4. ესპანეთი 0/7 12.000 12.000 1.714
5. პორტუგალია 0/6 8.000 8.000 1.333
6. იტალია 0/6 8.000 8.000 1.333
7. საფრანგეთი 0/6 8.000 8.000 1.333
8. მალტა 2/4 0.000 5.000 1.250
9. სლოვაკეთი 4/4 0.000 5.000 1.250
10. ყაზახეთი 3/4 0.000 4.500 1.125
11. აზერბაიჯანი 4/4 0.000 4.000 1.000
12. ისრაელი 4/4 0.000 4.000 1.000
13. ირლანდია 3/4 0.000 4.000 1.000
14. მაკედონია 3/4 0.000 4.000 1.000
15. პოლონეთი 3/4 0.000 4.000 1.000
16. ბოსნია 3/4 0.000 4.000 1.000
17. დანია 4/4 0.000 4.000 1.000
18. უნგრეთი 3/4 0.000 3.500 0.875
19. ბულგარეთი 3/4 0.000 3.500 0.875
20. სლოვენია 3/4 0.000 3.500 0.875
21. ლიტვა 3/4 0.000 3.500 0.875
22. ნორვეგია 4/4 0.000 3.500 0.875
23. შვედეთი 4/4 0.000 3.500 0.875
24. ფინეთი 3/4 0.000 3.500 0.875
25. კვიპროსი 4/4 0.000 3.500 0.875
26. შვეიცარია 1/5 4.000 4.000 0.800
27. ბელგია 0/5 4.000 4.000 0.800
28. რუსეთი 0/5 4.000 4.000 0.800
29. ჰოლანდია 1/5 4.000 4.000 0.800
30. თურქეთი 1/5 4.000 4.000 0.800
31. უკრაინა 0/5 4.000 4.000 0.800
32. ჩრ. ირლანდია 1/4 0.000 3.000 0.750
33. ჩერნოგორია 2/4 0.000 3.000 0.750
34. ისლანდია 3/4 0.000 3.000 0.750
35. სერბეთი 2/4 0.000 2.500 0.625
36. ლუქსემბურგი 3/4 0.000 2.500 0.625
37. ბელორუსი 3/4 0.000 2.500 0.625
38. ფარერები 1/4 0.000 2.500 0.625
39. ესტონეთი 1/4 0.000 2.000 0.500
40. გიბრალტარი 0/3 0.000 1.500 0.500
41. ხორვატია 3/4 0.000 2.000 0.500
42. ალბანეთი 2/4 0.000 2.000 0.500
43. სომხეთი 1/4 0.000 2.000 0.500
44. უელსი 1/4 0.000 2.000 0.500
45. ლატვია 2/4 0.000 1.500 0.375
46. ავსტრია 3/4 0.000 1.500 0.375
47. მოლდოვა 2/4 0.000 1.500 0.375
48. შოტლანდია 2/4 0.000 1.000 0.250
49. ანდორა 0/3 0.000 0.500 0.166
50. სან მარინო 0/3 0.000 0.500 0.166
51. საქართველო 1/4 0.000 0.500 0.125
52. ჩეხეთი 1/5 0.000 0.000 0.000
53. კოსოვო 0/2 0.000 0.000 0.000
54. რუმინეთი 1/5 0.000 0.000 0.000
55. საბერძნეთი 1/5 0.000 0.000 0.000

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 36 /
რაც არ უნდა სტადიონები აშენო, თუ გააგრძელე 37 წლის წინანდელი ფეხბურთის თამაში, მაინც არაფერი გამოვა. ფეხბურთი მოკვდა საქართველოში, ეხლა უნდა შეწყდეს დაფინანსება. ნოლიდან დაიწყებენ ენთუზიაზისტები, და დაახლოებით 25 წლის მერე გვეშველება.
ან გინდა ეს სტატია რას იძლევა? არაფერს.
haha
15:34 14-07-2017
0
ქართულ ფეხბურთს მომავალი არა აქვს მწარე რეალობა ესაა . საბჭოთა სპორტული სკოლები ერთ ერთი უძლიერესი იყო მთელ მსოფლიოში. ყველაფერი რაც საბჭოეთიდან კარგი დაგვრჩა მოსპეთ სკოლებიც . სპორტიც მუსუკაც ხელოვნებაც. ეს ერი არაფერს არ იმსახურებს. მარტო კომუნისტების გინებაში ხართ მაგრები. კომუნისტები ათი თავით გჯობდათ . რა ერიო ის ბერიო ნათქვამია რა ქვეყანაც და ხალხიც არის ის ფეხბუღტი გავაქვს დღეს.
androia
15:52 14-07-2017
0

სიახლეები პოპულარული