რას ხედავ, ბიძია, მაქედან?!

AutoSharing Option
- რას ხედავთ, ბიძია, მაქედან? - ჰკითხა კორესპონდენტმა სტადიონის ირგვლივ ჩამწკრივებულ ალვის ხეებზე შემომსხდარ პატარა ბიჭებს.
მათგან ერთი გამოირჩა და სტუმარს გურული სიმკვირცხლით უპასუხა, რას ვხედავ, ბიძიკო და, უმაღლეს ლიგას!

მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ლანჩხუთელი ბიჭუნას ოცნება 10 წლის შემდეგ ასრულდებოდა და "გურია" სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებდა. იმ დროს ხომ გუნდი მხოლოდ მეორე ლიგაში ასპარეზობდა, ის კონკრეტული შეხვედრა კი ისტორიული იყო - "გურიას" სათასო შეხვედრაში მოსკოვის ცსკა სტუმრობდა. მაშინ პირველად შეივსო პირთამდე ლანჩხუთელთა
არენა და ტრიბუნებზე ადგილი რომ არ იყო, ქომაგების ნაწილმა სტადიონის ირგვლივ ხეები ამიტომაც "აითვისა".

დღეს ლანჩხუთში სწორედ "გურიას" უმაღლეს ლიგაში გადასვლიდან 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ. 1986 წლის 12 ნოემბერი ოქროს ასოებით შევიდა ლანჩხუთური კლუბის ისტორიაში - იმ დაუვიწყარ ღამეს ბათუმში მოსკოვის "ლოკომოტივთან" მოგებული მატჩის შემდეგ "გურიამ" მსოფლიო აალაპარაკა - ქალაქმა, რომლის მოსახლეობის რაოდენობა 10 ათასს არ აღემატებოდა და პირთამდე ავსებდა ჯერ 16-ათასიან, შემდეგ კი 22-ათასიან არენას, დიდი ქალაქების გვერდით ასპარეზობის უფლება მოიპოვა!

ეს არის ქალაქი, სადაც სამგზავრო მატარებლის გაჩერებაც "გურიას" უკავშირდება და, ზოგადადაც, ლანჩხუთი ყოფილმა საბჭოთა სივრცემ სწორედ ფეხბურთით გაიცნო. საკავშირო ფეხბურთის სამმართველოში გამოკრულ რუკაზე ლანჩხუთი აღნიშნულიც კი არ იყო და როცა გუნდი მეორე ლიგაში გადავიდა, ფედერაციის მაღალჩინოსანმა მუქი წერტილი დასვა რუკაზე სამტრედიასა და ბათუმს შორის და თანამშრომლებს მიუბრუნდა - დაიმახსოვრეთ, ამიერიდან მუქი წერტილი რუკაზე არის - ლანჩხუთი!

გურულებმა 12 ნოემბრის ტრიუმფიდან ორიოდ თვეში კიდევ ერთხელ "გადარიეს დუნია", როცა ზამთრის სუსხიან დღეებში სასწაული მოახდინეს და ახალი 22-ათასკაციანი არენა საუმაღლესლიგოდ მოამზადეს. არადა, წინდაწინ გააფრთხილა მოსკოვიდან ჩამოსულმა ფედერაციის ემისარმა, ალექსანდრე პონომარიოვმა ლანჩხუთელები - ამ სტადიონზე ვერ გათამაშებთ და სტადიონი შეარჩიეთო. მაშინ, როცა რაიონის ბიუჯეტი 4 მილიონი მანეთი იყო, საფეხბურთო ინფრასტრუქტურაში დაიხარჯა 20 მილიონი!!!

გურულებს დიდი დახმარება "საქაგრომრეწვის" ხელმძღვანელმა, გურამ მგელაძემ გაუწია. შესამოწმებლად მეორედ ჩამოსულმა, სტადიონამდე მანქანით მისვლა ვერ მოახერხა - ადგილობრივი ქომაგების სიმრავლის გამო ფეხით გაუყვა არენისაკენ გზას. როგორც რაიკომის მაშინდელი მეორე მდივანი და "გურიისა" და მშენებლობათა კურატორი ალბერტ ლომაძე იხსენებს, სტადიონზე შესულ სტუმარს ჯერ უთქვამს, გურულებმა მომატყუეთ, აშკარად სხვა სტადიონზე მიმიყვანეთო, მაგრამ, როცა დარწმუნდა, რომ იმავე სტადიონზე იყო, რომელიც თვეების წინ დაიწუნა, აღტაცება ორიოდ სიტყვით გამოუხატავს - ფანტასტიურია, ყოჩაღ!

... 1926 წელს ლეგენდარულმა ანდრო ჟორდანიამ ლანჩხუთში პირველი საფეხბურთო კლუბი - "კიმი" ჩამოაყალიბა. მიუხედავად დღევანდელი მდგომარეობისა, იღბლიანი ხელი ჰქონია ქართული ფეხბურთის დიდ ამაგდარს - ლანჩხუთურმა კლუბმა ბევრი შეძლო და იმედია, ასრულდება ყველა აქაური ქომაგის ოცნება - "გურია" კიდევ არაერთხელ გადარევს დუნიას!" ამის იმედს თუნდაც ის განწყობა იძლევა, რაც შექმნილია იუბილის აღსანიშნავად - გამოიცა სპეციალური ბუკლეტი, მოწვეული არიან ტრიუმფალური "გურიის" და ქართული საფეხბურთო სამყაროს გამოჩენილი წევრები. იმედს იძლევა ისიც, რომ ყველაფერ ამას ხელმძღვანელობს ლანჩხუთის გამგებელი, ფეხბურთისა და "გურიის" დიდი ქომაგი გიორგი გოგუაძე. სწორედ მისი, ადგილობრივი საკრებულოსა და გურიის რეგიონული ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევით, ცდილობენ იუბილე ისეთი გამოვიდეს, როგორც "გურიას" ეკადრება.

დღევანდელი საიუბილეო გრაფიკი ასეთია: დილის 10 საათზე გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის ოფისთან შეკრება, ერთ საათში ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიხსნება ლანჩხუთის "გურიას" მემორიალი. ამის შემდეგ ჩატარდება საიუბილეო ტურნირის სუპერ-ფინალი. 12.30 საათზე გაიხსნება სპორტული მუზეუმი, შემდეგ სტუმარ-მასპინძლები ლანჩხუთის "გურიასა" და ვანის "სულორის" შეხვედრას დაესწრებიან. საღამოს კულტურის სახლში გაიმართება შეხვედრა ვეტერან ფეხბურთელებთან. არსებული ინფორმაციით, ლანჩხუთს ნუგზარ კვაშალი და ვახტანგ ტატიშვილი ესტუმრებიან. ისინი კულტურის სახლში ცოცხლად შეასრულებენ "გურიის" ჰიტად ქცეულ სიმღერას. შეგახსენებთ, რომ 25 წლის წინათ, წინასაახალწლო კონცერტების ეგიდით ანსამბლმა "ივერიამ" ლანჩხუთური კლუბის უმაღლეს ლიგაში გადასვლას "ლანჩხუთლებმა გადარიეს მთელი დუნია" მიუძღვნა.

1986 წლის 12 ნოემბერი - ეს იყო ლანჩხუთის ზეიმი, ფეხბურთის ნამდვილი დღესასწაული. ბათუმიდან მომავალ გზაზე მახინჯაურში, მწვანე კონცხზე, ციხისძირში, ჩაქვში, ქობულეთში, ყველა ეზოსთან, ყველა სახლთან ხალხი გამოსული იყო და ესალმებოდა ლანჩხუთისაკენ მიმავალ ფეხბურთელთა და გულშემატკივართა უზარმაზარ კოლონას. რა დაივიწყებს იმ ბედნიერ, კეთილ სახეებს, ჩირაღდნებანთებულ ჩაქველებს რომ ეხატათ, ქობულეთელთა მისალმებებს ხომ თვლა არ ჰქონდა. იმ დღეს ბათუმში ლანჩხუთიდან 8 ათასი გულშემატკივარი ჩავიდა!

აი, მთავარი ტრიუმფატორებიც: ბესიკ ფრიდონაშვილი - 46 მატჩი (გაიტანა 27 ბურთი), თემურ ჩხაიძე - 44 (8), მურმან აკოფიანი - 43 (7), ბადრი დანელია - 43 (1), გოჩა ტყებუჩავა - 42 (5), ლევან მელიქია - 41 (3), ვახტანგ კოპალეიშვილი - 40 (16), სერგეი შვეცოვი - 40 (1), ენუქი თევზაძე - 39 (5), თემურ ებანოიძე - 37 (1), გია იმნაძე - 36 (41 გ), ალექსანდრე კონდრატიევი - 36, მერაბ თევზაძე - 30 (1), გია გილიგაშვილი - 26, ირაკლი იმნაძე - 12, კარლო მჭედლიძე - 12 (22 გ), დავით უგრელიძე - 11 (5), სერგო თოფურიძე - 11 (3), დავით სანიკიძე - 3, მამუკა კილაძე - 3, დავით იმნაძე - 1, ირაკლი გიგატაძე – 1. "გურიას" იმ სეზონში ბეგი სიხარულიძე წვრთნიდა, გუნდის უფროსი შოთა პატარაია გახლდათ, ხოლო საფეხბურთო კუთხით საორგანიზაციო საკითხებს გულსუნდა დუნდუა აგვარებდა.

ბეგი სიხარულიძე: "ჩვენ რატომღაც არ გვთვლიდნენ უმაღლესი ლიგის საგზურის სერიოზულ პრეტედენტად. ამით ჩვენ არ დავზარალებულვართ, მაგრამ გასაკვირი ისაა, რომ აზრი არც მაშინ შეუცვლიათ, როცა "გურია" ზედიზედ 18 ტურის განმავლობაში სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იყო. თავიდან ნამდვილად არც ჩვენ გვიფიქრია უმაღლეს ლიგაზე, მაგრამ თამაშები რომ წაგვივიდა, შანსი გამოვიყენეთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა მშობლიურმა კლუბმა ყველაზე დიდ წარმატებას მაშინ მიაღწია, როცა გუნდს მე ვწვრთნიდი".

ვახტანგ კოპალეიშვილი: "ძალიან რთული იყო საქართველოს მეორე გუნდის ასეთი აღზევება. კიდევ უფრო რთული, უფრო სწორად, წარმოუდგენელი, უმაღლეს ლიგაში პატარა დაბის გუნდის გადასვლა. მოსკოვის "ლოკომოტივი" ჩვენი კონკურენტი იყო და მასთან მოგებით საგზურს ვინაღდებდით. საკავშირო ფედერაციამ ჯერ კიდევ თამაშამდე შეგვიქმნა პრობლემები. ლანჩხუთში თამაშის უფლება არ მოგვცა, წინა ტურში რიგის "დაუგავას" 2:1 მოვუგეთ, მაგრამ ხალხი მსაჯის მოქმედებით აღშფოთდა, საკუთარ კედლებში თამაში სულ სხვაგვარად გვმუხტავდა. თუმცა, იმ დღეს ბათუმში, მიუხედავად წვიმისა, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, მაგარი თანადგომა გამოგვიცხადა. ბესო ფრიდონაშვილის გოლით 1:0 მოვიგეთ და უმაღლეს ლიგაში გადავედით. სხვათა შორის, მოლოცვა აფრიკის ქვეყნებიდანაც მივიღეთ, რაც ჩვენთვის დიდი სიურპრიზი იყო. არც ვიცით, საიდან მოუვიდათ ასეთი აზრი, მაგრამ ძალიან კი გაგვიხარდა. ხალხი ბათუმიდან ლანჩხუთამდე ჩვენს ავტობუსს ესალმებოდა. დაუვიწყარი დღე იყო...".

თემურ ჩხაიძე: "ეს იყო დიდი გუნდი და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კაპიტნობის დროს მოვახერხეთ კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატების მოპოვება. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ასე ფინანსურად გაჭირვებული არასდროს ვყოფილვართ, როგორც 1986 წელს. თან, ჩვენგან არც არავინ ითხოვდა, გინდა თუ არა, უმაღლესში უნდა გადახვიდეთო. კარგად მახსოვს, უკრაინაში ორი გასვლითი მატჩი წარმატებით ჩავატარეთ და "აღმოვაჩინეთ", რომ მეორე ადგილზე მყოფ ცსკა-სთან ჩამორჩენა მცირედიღა იყო".

გიგლა იმნაძე: "იცით, რა ხდებოდა იმ წელს? სეზონი კარგად დავიწყეთ, უმაღლესზე არავინ ფიქრობდა. ერთი ხანობა, გუნდის დაშლაზეც კი ალაპარაკდნენ. მაშინ "უშრომელი შემოსავლის" კანონი გამოვიდა და წარმოებები ვეღარ გვეხმარებოდნენ. ვრჩებოდით 200-მანეთიან ხელფასზე. თუმცა მალე ვითარება გამოსწორდა და პატარა სასწაული მოვახდინეთ".

მურმან აკოფიანი: "ხშირად ჩამოვდივარ ლანჩხუთში, ოღონდ უკვე ფედერაციის დელეგატის რანგში და ყოველთვის გაღიმებული სახით მხვდებიან. ლანჩხუთში სხვანაირად უყვართ ფეხბურთი".

"გურიის" ტრიუმფში უდიდესი წვლილი მიუძღვით: შალვა კაკაბაძეს, ვინც 25 წლის მანძილზე წვთნიდა კლუბს; აწგარდაცვლილთ გულსუნდა (იმედო) დუნდუას, ანზორ კილაძეს და რა თქმა უნდა, ევგრაფი შევარდნაძეს - კაცს, რომელმაც 40 წლის წინათ შექმნა XXI საუკუნის კლუბის პრეზიდენტის სახე! მისი ამაგის შესაფასებლად მხოლოდ ერთი რამის თქმაც საკმარისია, ლანჩხუთში დღესაც ასეა: ამბობენ ბატონ ევგრაფის და "გურიას" გულისხმობენ და პირიქით. 12 ნოემბრის ღამეს "გურიის" მოთამაშეები პირველად სწორედ მის საფლავზე მივიდნენ და კლუბის ყველა დროის ყველაზე დიდ მოჭირნახულესა და ამაგდარს მიულოცეს წარმატება, რომელზე ოცნებაც ლანჩხუთის ფეხბურთისთვის ბუმბერაზმა ადამიანმა იმქვეყნად წაიღო.

* * *

- რას ხედავ, ბიძია, მაქედან?!
მართალია, ახლა არც ალვის ხეებია "ევგრაფი შევარდნაძის" ირგვლივ და არც ქომაგების ხეებზე შემოსხდომის საჭიროება, მაგრამ ლანჩხუთელი ქომაგი კვლავაც უმაღლეს ლიგას ხედავს, ოღონდ ამჯერად ქართულს, დამოუკიდებელს - ამაში ხომ ყველაზე დიდი ხარკი თავის დროზე "გურიამ" გაიღო: მაშინ, როცა ქართული ფეხბურთის ფლაგმანი თბილისის "დინამო" ყოყმანობდა, უმაღლეს ლიგაში მეორედ გადასულმა ლანჩხუთურმა გუნდმა უარი თქვა სსრკ-ის პირველობაზე თამაშზე, ფეხბურთელებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს - ან საქართველოს პირველობაზე ვითამაშებთ, ანაც გუნდიდან მივდივართო.

ამის ერთ-ერთი ინიციატორი კი, 1986 წლის 12 ნოემბრის მატჩის გმირი ბესიკ ფრიდონაშვილი გახლდათ, ვინაც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა არა მხოლოდ "გურიის", არამედ მთლიანად ქართული ფეხბურთის ისტორიაში - სწორედ მისი გოლით მოიპოვა პირველი ეროვნული თასი ლანჩხუთურმა კლუბმა.

დღეს ლანჩხუთს ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი ზვიად სიჭინავაც ესტუმრება. მისი თქმით, "გურია" თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოსთან" ერთად ბრენდია და ყველანაირად ეცდება, ქართულმა ქომაგმა კიდევ არაერთხელ დაიგუგუნოს "გურია"! "გურია"!

ფოტო: "გურია 86"
წინა რიგში მარცხნიდან: ენუქი თევზაძე, გოჩა ტყებუჩავა, ირაკლი იმნაძე, ვახტანგ კოპალეიშვილი, სერგეი შვეცოვი.
შუა რიგში: ბეგი სიხარულიძე (უფროსი მწვრთნელი), გია იმნაძე, ბესიკ ფრიდონაშვილი, მურმან აკოფიანი, ლევან მელიქია, კარლო მჭედლიძე, იმედო დუნდუა (გუნდის უფროსი)
უკანა რიგში: თეიმურაზ ჩხაიძე, თეიმურაზ ებანოიძე, ალექსანდრ კონდრატიევი, მერაბ თევზაძე, გია გილიგაშვილი, ბადრი დანელია, გურამ ცარიელაშვილი (გუნდის ექიმი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ გურიას 25 წლისთავს! მალე მოსულიყოს ის დრო გურია რომ ბარსელონას უმასპინძლებს განახლებულ ლანჩხუთის სტადიონზე! იაო უაო, იაო უაო!
ჩუმად: მანამდე არაფერი გვეტკინოს :(

დაარსებიდან 100 წლისთავისთვის მაინც გაარემონტეთ სტადიონი...
უძლევი
03:38 13-11-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული