ლანჩხუთს სტადიონს გაუკეთებენ!

AutoSharing Option
ამის შესახებ განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა ლანჩხუთში სტუმრობისას გააკეთა. მან საფეხბურთო კლუბ "გურიას" სტადიონი არქიტექტორებთან ერთად მოინახულა. მინისტრს ახლდნენ გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

რამაზ ნიკოლაიშვილის თქმით, ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქცია უახლოეს პერიოდში დაიწყება და თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი სტადიონი გაკეთდება.

არქიტექტორები პირველ რიგში დეტალურად შეისწავლიან არსებულ მდგომარეობას, კონსტრუქტორები დაადგენენ სტადიონის ტრიბუნის მდგრადობას და ამის შემდეგ გაკეთდება პროექტი.

გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, კახაბერ ებრალიძის განცხადებით, ხელისუფლებამ ლანჩხუთელ გულშემატკივრებს დიდი საჩუქარი გაუკეთა.

"ლანჩხუთის საფეხბურთო საზოგადოებისა
და ქომაგების სახელით, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ რამაზ ნიკოლაიშვილს და იმ ადამიანებს, რომლებიც ამ გაჭირვების ჟამს ლანჩხუთის "გურიას" გვერდში დაუდგნენ. ჩვენი მხრივ ვეცდებით, რომ მათი მხარდაჭერა გავამართლოთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ "გურია" ჯერ უმაღლეს ლიგას, შემდეგ კი ქართული ფეხბურთის ელიტას დაუბრუნდეს", - გვითხრა ებრალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის მთავარ არენას ბოლოს რეკონსტრუქცია ზუსტად 26 წლის წინ ჩაუტარდა - "გურიას" უმაღლეს ლიგაში გადასვლასთან დაკავშირებით არენა ზამთრის სუსხიან ერთ თვეში გაკეთდა, რაც 25 მილიონი მანეთი დაჯდა, როცა რაიონის ბიუჯეტი მხოლოდ ამის მეხუთედი იყო. მაშინ დაგებული მინდვრის საფარი და სადრენაჟე გაყვანილობა ბოლო დრომდე იდეალურად გამოიყურებოდა.

სტადიონი "გურიას" ყველა დროის საუკეთესო პატრონის, ევგრაფი შევარდნაძის სახელს ატარებს - ეს 90-იანი წლების დასაწყისიდან, მანამდე არენა ანდრო ჟორდანიას სახელობისა გახლდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული