"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.
რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.
ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" სამშაბათის და პარასკევის ნომრებში გამოქვეყნდება.
ასევე იხილეთ:
ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები
ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი III:
ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VIII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი IX: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი X: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
გუცაევი ნაკრებში თავის პრინციპების შემოტანას ცდილობდა, აქცენტს პატრიოტიზმზე აკეთებდა. ფურცელზე დაწერილი საქართველოს ჰიმნი დაგვირიგა ყველას - ისწავლეთო. მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.
თან გუცაევს, ქეცბაიასთან მოუვიდა კონფლიქტი. მათი დავა ჩემი გასარჩევი არ არის, მაგრამ ამით ეროვნულმა ნაკრებმა რომ იზარალა, ფაქტია.
ისე მოხდა, რომ ჟურნალისტთა უმეტესობამ გუცაევის მხარე დაიჭირა - ის პატრიოტად გამოიყვანა, ნაკრების ფეხბურთელთა უმეტესობა კი თურმე ფეხებს უფრთხილდებოდა...
მასმედია ყოველთვის ვერ აკეთებს სწორ ანალიზს, სამწუხაროდ, პრესა ხშირად ძალიან სუბიექტურია. საქართველოს ნაკრებში პატროიოტიზმის დეფიციტი არასდროს ყოფილა, ნაკრებში თამაში ყველას გვიხაროდა.
"ევრო 2000"-ის შესარჩევში პირველი თამაში ლატვიასთან გვქონდა - სტუმრად და 0:1 წავაგეთ. ლატვიელთა მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი იყო. ამ წაგების შემდეგ ნაკრებში კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია.
შემდეგი თამაში ათენში გვქონდა და თემურ ქეცბაიას ასეთი იდეა მოუვიდა - განტვირთვის მიზნით, მთელი გუნდი თევზის რესტორანში წავიდეთო. გუცაევს ეს არ ესიამოვნა - დღეს რესტორანი, მერე კი კაზინო და ქალები მოგინდებათო!.. ქეცბაიამ არ დაუთმო და მწვრთნელს უპასუხა - ძველი აზროვნება გაქვსო. ამ ყველაფერმა უსათუოდ იმოქმედა გუნდზე, საბერძნეთთან 0:3 წავაგეთ. საბერძნეთის ნაკრებში ის მცველი ვიცანი, რომლის წინააღმდეგაც "აიაქსი"- "ოლიმპიკოსის" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ვითამაშე. გაოცებულმა მკითხა, ასე ცუდად რომ თამაშობთ, რა დაგემართათო?!..
ფეხბურთის ფედერაციას უკვე ახალი პრეზიდენტი ჰყავდა. ნოდარ ახალკაცის ადგილი მერაბ ჟორდანიამ დაიკავა. არ ჩქარობდა ნაკრებში მწვრთნელის შეცვლას, მაგრამ ეს დრომ და ვითარებამ მოიტანა - საქართველოს ეროვნულ გუნდში ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპი მოვიდა.
ბოსკამპის ხელში, საქართველოს ნაკრების თამაში შედარებით დალაგდა, თითქოს უფრო ორგანიზებულად ვთამაშობდით. ნაკრებში ქეცბაია დაბრუნდა და ბოსკამპის ხელმძღვანელობით, გუნდის პირველივე შეხვედრაში გამოიჩინა თავი. თბილისში საბერძნეთის ნაკრებს ჩინებული გოლი გაუტანა, თუმცა მატჩის ბოლოს ორი გოლი გავუშვით და წავაგეთ.
მე ტრავმის გამო არ მითამაშია. ვერც მომდევნო მატჩში დავეხმარე გუნდს. ნორვეგიასთან 0:1 წავაგეთ და ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი გადაგვეწურა. ბოლო სამი შეხვედრა სლოვენიასთან (1:2), ლატვიასთან (2:2) და ალბანეთთან (1:2) ვითამაშეთ. სამივე თამაშში თითო გოლი გავიტანე და სამივე აჩის პასით. ბოსკამპი კი, ნაკრებიდან გაუშვეს!.. მაშინაც ასე მეგონა და ახლაც ასე ვფიქრობ, ბოსკამპი უნდა დარჩენილიყო, უფრო მეტი დრო უნდა მიეცათ, მის ხელში, ჩვენს ნაკრებს კარგი პერსპექტივა ექნებოდა.
ნაკრების ხელმძღვანელად ისევ დავით ყიფიანი მოიყვანეს, თუმცა გუნდს მეორე მთავარი მწვრთნელიც დაუნიშნეს - ძოძუაშვილი. ტანდემმა არ გაამართლა.
შესარჩევის ეტაპი რიხიანად დავიწყეთ. ლიტვას სტუმრად 4:0 მოვუგეთ, მაგრამ იტალიაში 0:2 წავაგეთ. მომდევნო მატჩი შინ, რუმინეთთან გვქონდა. ეს გარდამტეხი თამაში იყო, წარმატების შემთხვევაში, მუნდიალზე მოხვედრის შანსს შევინარჩუნებდით და ყიფიან-ძოძუაშვილიც თავიანთ პოზიციებს გაიმყარებდნენ. გულშემატკივრის და მასმედიის მოთხოვნა ჯერ კიდევ მაღალი იყო, საქართველოს ნაკრებისგან ფინალური ეტაპის საგზურს ელოდნენ.
რუმინეთთან თბილისში უნდა გვეთამაშა, თუმცა შეკრებაზე გერმანიაში, კიოლნთან ახლოს წაგვიყვანეს. სავარჯიშო პირობები კარგი იყო, მაგრამ კარგად ვერ მოვემზადეთ - მწვრთნელებმა გამოგვფიტეს. დღეში ორჯერ ვვარჯიშობდით, თანაც ხშირად ისეთი ვარჯიში გვქონდა, თითქოს ერთი გუნდი მეორეს ეთამაშებოდა. ფეხბურთელებმა ერთმანეთს სული ამოვხადეთ. ჰოდა, აღარც ჯანი შეგვრჩა და აღარც ის სიბრაზე, რითიც მეტოქე უნდა დაამარცხო!.. რუმინეთთან ძალიან ცუდად ვითამაშეთ და 0:2 წავაგეთ.
დავით ყიფიანი, საშა ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, რევაზ ძოძუაშვილი... მატჩის წინ კრებები იმართებოდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ვარჯიშებზე არასდროს ვაკეთებდით იმას, რაც თამაშის დროს უნდა გვეკეთებინა.
რუმინეთის მერე იტალიასთან 1:2 წავაგეთ, შემდეგ უნგრეთს ვხვდებოდით სტუმრად. უნგრელებს მაღალი ფეხბურთელები ჰყავდათ, მაგრამ ჩვენი ლაპარაკით ისინი ვერ დაპატარავდებოდნენ. ქმედითი ზომების მიღება იყო საჭირო. ვერც იმას დავუპირისპირეთ რამე, უნგრელები ხელოვნურ თამაშგარეს რომ კარგად აკეთებდნენ და სტანდარტულ სიტუაციებს წარმატებით იყენებდნენ.
ძნელია, ეკამათო ჩივაძეს და ყიფიანს, მაგრამ მაინც ვეკამათებოდი. ისინი დიდი ფეხბურთელები იყვნენ და ალბათ უჭირდათ იმის გაგება, რომ ვიღაცას არ შეეძლო ჩივაძესავით კარგად გაეთვალა მეტოქის სვლები შეტევაში, არ შეეძლო ყიფიანივით კარგად მიეწოდებინა ბურთი თანაგუნდელისთვის. დათო ყიფიანი როცა იტყოდა - ბიჭო, მიეცი ამას პასი, როცა დაინახავ, რომ კარგად იხსნება,ალბათ ეგონა, რომ სხვასაც ისევე კარგად შეეძლო ამისი შესრულება, როგორც მას.
უნგრეთთან სტუმრად თამაშის წინაც ვიკამათე ყიფიანთან. ეს იმას ჰგავს, შვილიშვილი ბაბუას "იმას" ასწავლიდაო - კამათის გამო, ასეთი პასუხი მივიღე ერთხელ ყიფიანისგან.
რუმინეთთან თამაშით უკმაყოფილო იყო, ნაკრების ფეხბურთელებს სირბილი გეზარებათო, ბევრს არ მოძრაობთო. მე კი სხვა რამეს ვამტკიცებდი, ჩვენ არასწორ პოზიციაზე ვართ განლაგებულნი, არასწორად ვდგავართ და ისე ჩანს, თითქოს მონდომებულები არა ვართ და სათანადოდ არ ვიბრძვით-მეთქი.
თბილისში რომ დავბრუნდით, ტელევიზიით გამოვიდა და თქვა, ჩემზე მდიდარ ფეხბურთელებს ჩემი აღარ სჯერათ, ამ თაობასთან მუშაობა დავამთავრეო.
ამან ძალიან მატკინა გული... მასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა და, შეიძლება ითქვას, უზომოდ დიდ პატივს ვცემდი. მიუხედავად იმისა, რომ დამარცხების მიზეზი ფეხბურთელებიც ვიყავით, ვფიქრობ, ასეთი კომენტარი მაინც არ დაგვიმსახურებია.
გულშემატკივარსაც ეგონა, რომ ჩვენ თავს ვზოგავდით.
უნგრეთთან წაგების შემდეგ მუნდიალზე მოხვედრის შანსი გადაგვეწურა. დავით ყიფიანი და რეზო ძოძუაშვილი გადააყენეს... ნაკრების მწვრთნელად ისევ საშა ჩივაძეს უხმეს. ციკლში დარჩენილი სამი თამაშიდან, ორი მოვიგეთ, უნგრეთთან შინ - 3:1, ანგარიში მე გავხსენი, ლიტვასთან - 2:0, ერთიც ფრე, რუმინეთთან - 1:1.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჟორდანია ისევ ჩივაძეს ენდო და... მომდევნო შესარჩევიც, მისი მწვრთნელობით დავიწყეთ. ჩვენი მეტოქეები: ირლანდია, შვეიცარია, რუსეთი და ალბანეთი იყვნენ.
საკვალიფიკაციო ციკლის დაწყებამდე ჩემი კავშირებით ის მოვახერხე, რომ შენოლ გიუნეშის გაწვრთნილ თურქეთს ამხანაგური მატჩი ვეთამაშეთ. მატჩი ტრაბზონში გაიმართა და იქაური გულშემატკივარი დიდი ოვაციით შემხვდა. რაც შეეხება თამაშს - 0:3 წავაგეთ.
ამ თამაშმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენი ნაკრების ტაქტიკურ სისუსტეებს. ჩივაძემ პირველ ტაიმში კარში ლომაია დააყენა, რომელმაც საკმაოდ კარგად ითამაშა მსოფლიოს პრიზიორთან. მეორე ტაიმში გვარამაძეს უნდა ეთამაშა, ანგარიში 1:0 იყო თურქების სასარგებლოდ. ყველა ფეხბურთელის თანდასწრებით ვთხოვე, რომ მეკარე არ გამოეცვალა, რადგან "ლომა" "უვერენად" იდგა და ეს ჩვენზე დადებითად მოქმედებდა.
არ ვიცი რა, მაგრამ გვარამაძეს ყველაფერი სხვანაირად მოახსენეს და ისიც, რა თქმა უნდა, ჩემზე ძალიან განაწყენებულა. შვეიცარიაში შეკრებაზე ყოფნისას არ მელაპარაკებოდა, რაც ძალიან გავიკვირვე.
გაგრძელება იქნება
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"