ტორპედო-აქტობე 1:1 - ფრე ყაზახების სასარგებლოდ [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
რაც ქართული ფეხბურთი დამოუკიდებლად არსებობას შეუდგა, ევროთასებზე ქართული და ყაზახური გუნდების გზები უკვე მეოთხედ გადაიკვეთა.

წინა სამი დაპირისპირებიდან ყაზახების ბარიერი მხოლოდ ერთხელ გადავლახეთ, როცა რუსთავის "მეტალურგმა" გასულ წელს ორრაუნდიან ბრძოლაში "ირტიში" გამოთიშა ასპარეზობიდან. ამიტომაც იყო, რომ "აქტობეს" შეფასებისას ქუთაისელი ფეხბურთელები ფრთხილობდნენ და ამბობდნენ, რომ წინ რთული ბრძოლა მოელოდათ.

მათი ვარაუდი გამართლდა. "აქტობე" "ტორპედოსთვის" მართლაც უხერხული მეტოქე აღმოჩნდა. სამწუხარო რეალობაა, რომ სტუმრები შეხვედრის უმეტეს ნაწილში უპირატესობას ფლობდნენ და მათ თავდამსხმელებს მეტი ფხა რომ გამოეჩინათ, შინ გაცილებით კომფორტული ანგარიშითაც გაემგზავრებოდნენ. თუმცა 1:1-იც
მათ აქტივში უნდა ჩაიწეროს.

მონდომებას ტორპედოელებსაც ნუ დავუკარგავთ. ქუთათურები ბევრს ეცადნენ, საგოლე მომენტებიც საკმაოდ შექმნეს და გოლიც გაიტანეს, მაგრამ შეხვედრა სასურველი ანგარიშით ვერ დაასრულეს.

გია გეგუჩაძის შეგირდებს განმეორებით შეხვედრაში დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, რომ ორრაუნდიან ბრძოლაში "აქტობეს" ბარიერი გადალახონ.

* * *
ევროთასებზე ასპარეზობას მონატრებულ ტორპედოელებს მოტივაცია ნამდვილად არ აკლდათ. გია გეგუჩაძეს შემადგენლობაში რაიმე განსაკუთრებული სიახლეები არ შეუტანია. თუმცა გამოკვეთილ ფორვარდ რევაზ გოცირიძეს ფლანგებიდან დოლიძე და საბანაძე დაახმარა და ამით აქცენტი აშკარად შემტევ ფეხბურთზე გააკეთა.

ვლადიმირ მუხანოვმა "ტორპედოს" ბოლომდე ოპტიმალური შემადგენლობა ვერ დაუპირისპირა. "აქტობეს" დისკვალიფიკაციის გამო ძირითადი მეკარე სიდელნიკოვი და ტრინიდადელი ლეგიონერი პრიმუსი აკლდა. ამას მატჩის მიმდინარეობისას მათი გამოკვეთილი ფორვარდის, ალექსანდრ გეინრიხის ტრავმაც დაერთო.

მატჩის დაწყებამდე გუნდებმა წუთიერი დუმილით ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, რამაზ შენგელიას ხსოვნას მიაგეს პატივი.

შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. პირველად ნიკოლოზ საბანაძემ გაამწვავა ვითარება, როცა საჯარიმოს გარედან სახიფათოდ დაარტყა, თუმცა მისი გარჯა უშედეგო გამოდგა.

ყაზახებმა მალევე მწვავედ უპასუხეს, თუმცა მარატ ხაირულინმა ემილ კენჟისარიევის შესანიშნავი გადაცემა ვერ გამოიყენა და ხელსაყრელი პოზიციიდან უხეიროდ დაარტყა.

თვალშისაცემი იყო სტუმრების უკეთესი ფიზიკური მომზადება, რისი წყალობითაც ისინი უფრო სწრაფად გადადიოდნენ მეტოქის ნახევარზე და საწყის ნახევარ საათში ტერიტორიულ უპირატესობასაც ფლობდნენ.

დროის ამ მონაკვეთში მუხანოვის გუნდი უფრო გამართულ ფეხბურთს უჩვენებდა, თუმცა კარში დარტყმები ყაზახებსაც უჭირდათ.

37-ე წუთზე "ტორპედო" აშკარა გოლს გადაურჩა. მეკარესთან პირისპირ შეყრილმა ბიკმაევმა კარში დარტყმას ხაირულინისათვის გადაცემის გაკეთება ამჯობინა და მცველებმა მდგომარეობა განმუხტეს.

ტაიმის ბოლოს ქუთათურებიც გააქტიურდნენ და გოლის გატანასთანაც ახლოს იყვნენ. მასპინძელთაგან მდგომარეობას უმეტესად გიორგი კუხიანიძე და საბანაძე ამწვავებდნენ, რომლებიც თავიანთი ტექნიკური არსენალის გამოყენებას არ ერიდებოდნენ და ყაზახებს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდნენ.

ტაიმის ბოლო წუთზე კუხიანიძემ შესანიშნავი პასით საჯარიმოს შიგნით რევაზ გოცირიძე მოძებნა, რომელსაც კარგი პოზიციიდან გატანა მართებდა, მაგრამ ხეირიანად ვერ დაარტყა.

მეორე ტაიმში გია გეგუჩაძემ გადაადგილებებს მიმართა. პასიური გოცირიძის ნაცვლად მოედანზე ვალერი ბოლქვაძე გამოჩნდა, რის შემდეგაც კუხიანიძემ ცენტრიდან მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა, ცენტრფორვარდის პოზიცია კი საბანაძემ დაიკავა. ცვლილებამ გაამართლა და "ტორპედო" გააქტიურდა. ბოლქვაძემ მოედნის ცენტრში ბურთი "დაიჭირა" და თანაგუნდელებს კარგი პასებითაც ამარაგებდა.

მასპინძელთა აქტიურობამ შედეგი მალევე გამოიღო და საბანაძემ საჯარიმოს გარედან გამოზომილი დაბალი დარტყმით საკუთარი გუნდი დააწინაურა.

გაშვებულმა გოლმა სტუმართა რიგებში გარკვეული დაბნეულობა შეიტანა, თუმცა მუხანოვის შეგირდებმა თამაში მალე დაალაგეს და ანგარიშის გასათანაბრებლად გაიწიეს. ომარ მიგინეიშვილს რამდენჯერმე მოუხდა თამაშში ჩართვა. მან ჯერ ზემლიანუხინის მოჭრილი დარტყმა მოიგერია, შემდეგ სამატ სმაკოვის სახიფათო საჯარიმოც გააუვნებელყო.

მაგრამ, სამწუხაროდ, "ტორპედო" გაშვებულ გოლს მაინც ვერ გადაურჩა. სტუმრებმა მასპინძლების შეცდომით ისარგებლეს, სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს. კენჟისარიევმა მარცხნიდან საპირისპირო მხარეს გამჭოლი გადაცემა გააკეთა, სადაც ბიკმაევმა მცველებს დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ დროში ქუთათურები ბევრს ეცადნენ, მაგრამ ანგარიშის შეცვლის შანსი აღარ მისცემიათ. მათ ახლა საპასუხო შეხვედრაში მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლას იმსახურებენ.

ევროპის ლიგა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
05.07. ქუთაისი. ცენტრალური. 8500 მაყურებელი.
ტორპედო-აქტობე 1:1 (იხილეთ ვიდეო)
1:0 საბანაძე (62), 1:1 ბიკმაევი (82. კენჟისარიევის პასით)

ტორპედო აქტობე
4-3-2-1 4-5-1
მიგინეიშვილი ნარზიკულოვი
რიგვავა კლიმიავიჩუსი
გამეზარდაშვილი სმაკოვი
კვახაძე ლოგვინენკო
გ. გურული კენჟისარიევი
დიღმელაშვილი ბიკმაევი
გ. დათუნაიშვილი კოვალჩუკი
კუხიანიძე კაპაძე
დოლიძე ხაირულინი
საბანაძე ბაიერი
გოცირიძე გეინრიხი

მწვრთნელები:
გ. გეგუჩაძე ვ. მუხანოვი

ტორპედო
58. გოცირიძე - ვ. ბოლქვაძე
74. დოლიძე - იოსელიანი
81.კუხიანიძე - ფანცულაია

სათადარიგოები: ქვილითაია, გიგაური, ზ. ჭელიძე, ფირცხალავა

აქტობე
30.გეინრიხი - ზემლიანუხინი
75. კლემიავიჩუსი - ბადლო
90. ბაიერი - ლისენკოვი

სათადარიგოები: პავლოვი, დარაბაიევი, კუატი, კურმაშევი

გაფრთხილება: ლოგვინენკო (40), რიგვავა (43), დიღმელაშვილი (47), კლიმავიჩუსი (61)

არბიტრი: თოლგა ოზკალფა (თურქეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გია გეგუჩაძე: გპირდებით, "ტორპედო" საკმაოდ კარგი, სიმპათიური გუნდი იქნება
ვლადიმირ მუხანოვი: ქუთაისის "ტორპედოს" გატანილი გოლი არცთუ ისე ლოგიკური იყო
ტეუტა-მეტალურგი 0:3 - რუსთაველებმა საქმე უკვე მოამთავრეს
მკითხველის კომენტარები / 4 /
მართალია, ის რაც ქუთაისურმა გუნდმა ითამაშა თანამდროვე დროში ფეხბურთი არ ჰქვია.
odala
18:55 06-07-2012
0
რატომ არ თამაშობს ტორპედო პასებით? რატომ არ იხსნებიან ბურთზე? როგორც კი შემტევი ბურთს მიიღებს მარტო უნდა შედეგის მიღწევა. ეგრე გინდა სეზონის დასაწყისი იყოს გინდა ბოლო, შედეგი ნოლია. პლიუს უაზროდ გაფლანგული ძალა.
ramo
12:01 06-07-2012
0

სიახლეები პოპულარული