აბრაგანი აზერბაიჯანულად - ვინ არის პირველი ამიერკავკასიაში?

AutoSharing Option
იმ ქვეყნის ჩემპიონმა, სადაც ხელისუფლება მემკვიდრეობით გადადის, საქართველოს ჩემპიონს აბრაგანი ამოსცხო - 3:0 ბაქოს "ნეფთჩისგან".

ამის შემდეგ ძალაუნებურად ჩნდება კითხვა - ამიერკავკასიაში ვინ არის ყველაზე მოწინავე საფეხბურთო ქვეყანა?

საქართველო ფეხბურთშიც დეკორატიულ ქვეყანას ემსგავსება. კლაუს ტოპმიოლერი, ექტორ კუპერი...ფეხბურთის ფედერაციის გალამაზებულ-გარემონტებული შენობა, ინფრასტრუქტურული პროექტები, უეფას სუპერთასი და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესაძლო მასპინძლობა - დინამიკა არის, ფეხბურთი კი...

ჩვენ რაღაც შეგვეშალა და ისევ გვეშლება. "ზესტაფონის" მარცხიც "ნეფთჩისგან" რაღაცის შედეგია. ეს ძალიან პრინციპული მატჩი იყო, საიდანაც საქართველოს ჩემპიონი ნაცემი გამოვიდა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატს ბევრი
მასხრად იგდებს და ბევრს მიაჩნია, რომ იქ მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი ნაკრებისთვის საინტერესო არ არის. მე არ მახსოვს საქართველოს ნაკრების ისეთი მწვრთნელი, წმინდა პროფესიული ინტერესის გამო წასულიყოს აზერბაიჯანში და იქ მოთამაშე ქართველები ენახოს.

ალბათ იმიტომ, რონ ჩვენი დეკორაციებისთვის აზერბაიჯანული ტონები გამოსადეგარი არ იყო. ჰოდა, ესეც თქვენ - აბრაგანი აზერბაიჯანულად.

იქ ჩვენზე ადრე დაიწყეს ფეხბურთის განვითარებაზე ზრუნვა. ეს იყო მათი სახელმწიფო პოლიტიკა. ხელისუფლების ინიციატივით, კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურებიდან დაიწყო ფულის გადაქაჩვა საფეხბურთო კლუბებში. აზერბაიჯანში დაახლოებით 9 მილიონი მცხოვრებია და საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას 12 გუნდი ჰყავს. გეოგრაფიას თუ გადავავლებთ თვალს, თითქმის ყველა რეგიონს მოეპოვება გუნდი უმაღლეს ლიგაში, ანუ იქაური ჩემპიონატი მოფულიანებულიცაა და დაბალანსებულიც.

აზერბაიჯანი სპეციფიკური ქვეყანაა. დემოკრატიის განვითარებაზე იქ თავს დიდად არ იწუხებენ, მაგრამ კეთილდღეობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. აზერბაიჯანს წაგებული აქვს საყარაბახო ომი სომხეთთან, მაგრამ მარცხის შემდეგ ახალ ომებს ერიდება. მოკლედ, კეთილდღეობის გარდა, იქ სტაბილურობაც კრიტერიუმია.

და ფეხბურთი, რომელიც ილჰამ ალიევის პოლიტიკის საკვანძო საკითხია. იქ მოთამაშე ჩვენი ლეგიონერებისგან გამიგია, კონტრაქტში სხვა თანხას გვიწერენ და ხელზე უფრო მეტს ვიღებთო.

მოკლედ, აზერბაიჯანში რაღაც-რაღაცებზე თვალი იხუჭება, იქაური ფეხბურთის განვითარების მოდელი რაღაცით წააგავს თურგუთ ოზალის იმ პროექტს, რომლის განხორციელებითაც თურქულმა ფეხბურთმა ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია.

შესაძლოა, აზერბაიჯანშიც ფული ფეხბურთში ისე სწორად და ეფექტურად არ იხარჯება, როგორც საქართველოში ან სხვა ქვეყნებში, მაგრამ ჩვენზე მეტი ფული ნამდვილად იხარჯება, ფული კი ძალიან ბევრ რამეს ამარცხებს. როცა ინვესტიცია უწყვეტია, ნებისმიერ სისხლძარღვს გააფართოვებს, სარქველს გახსნის და საქმეც წინ წაიწევს.

"ზესტაფონი" წლობით ნაშენები გუნდია და ამით კიდევ უფრო მწარეა საქართველოს ჩემპიონის წაგება ბაქოში. შარშანდელის მერე ეს გუნდი ვერ გაძლიერდა. შეიძლება ითქვას, რომ ოდნავ დასუსტდა კიდეც. ნიკა გელაშვილი რომ დიდი ძალა იყო, ამას მტკიცება, მგონი, არ სჭირდება.

მარგველებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფეხბურთელად ითვლებოდა შოთა გრიგალაშვილი, თუმცა ისე მოხდა, რომ ეს მრავალმხრივი შუახაზელი გორის "დილაში" გადავიდა. მისი სრულფასოვანი შემცვლელი "ზესტაფონს" არ აღმოაჩნდა.

გელაშვილი და შოთა გრიგალაშვილი - ორი ლიდერის წასვლამ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი დაასუსტა. ზესტაფონელებმა ისეთი სატრანსფერო პოლიტიკა განახორციელეს, რომ გელაშვილ-გრიგალაშვილის შეცვლას დრო სჭირდება; ოვონიკოკოს, ლევან შარიქაძესა და ლუკა გუგუჩიას საერთაშორისო გამოცდილება, ფაქტობრივად, არ გააჩნიათ.

"ზესტაფონი" აზერბაიჯანის ჩემპიონთან შეხლაში გათვლას იმაზე აკეთებდა, რომ მეტოქეზე უფრო შეთამაშებული გუნდია, მაგრამ ამ ფაქტორმა ჩვენებურების სასიკეთოდ ვერ იმუშავა.

თავიანთი საქმისა ფეროელებმა უკეთ უწყიან, ოღონდაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შესვლას უწყვეტი და მზარდი ფინანსური ზურგი რომ სჭირდება, საკამათო არ უნდა იყოს. "ზესტაფონი" კი ხმაურიან ტრანსფერებს მოერიდა...

ბრუნო ბერტუჩი, ჯულიუს ვობაი, ჯავიდ იმამვერდიევი - საქართველოს ჩემპიონის დასამარცხებლად თურმე ასეთი კონტინგენტიც საკმარისია, ოღონდაც ეს კონტინგენტი კლუბს იაფი არ უჯდება.

კალკულაციის უნარში არავის ვეპაექრები, თუმცა ხუთი მილიონი ევრო ალბათ ის მინიმუმია, საიდანაც ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრისთვის ოცნება იწყება. საქართველოს სამი-ოთხი ასეთი ბიუჯეტიანი კლუბი რომ ჰყავდეს, "ნეფთჩის" და მისთანების უკან მოტოვება აღარ გაძნელდებოდა. ბოლოს და ბოლოს, ქართული გენი ფეხბურთში, ალბათ, რაღაცას წარმოადგენს და ამიერკავკასიაში მაინც უნდა ვიყოთ პირველები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აზერბაიჯანული "სტუმართმოყვარეობა" - როგორ დაგვამცირეს ქართველები ბაქოში
ილია კოკაიას ბოდიში და დაპირება: ბაქოს "ნეფთჩის" ბარიერს დავძლევთ!
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]
გიორგი ჭიაბრიშვილი: თქვენ ნამდვილი "ზესტაფონი" არ გინახავთ
დავით მუჯირი: "ნეფთჩიმ" კი არ გაიმარჯვა, "ზესტაფონმა" წააგო
თორნიკე აფციაური: ასეთი რამის შემდეგ გონს მოსვლა ძნელია
ჯავიდ იმამვერდიევი: "ზესტაფონის" დამარცხების იმედი მეორე მატჩიც გვაქვს
"ნეფთჩის" პრეზიდენტი: ჩვენი მიზანი საქართველოში გამარჯვებაა
მკითხველის კომენტარები / 5 /
რას იტყვი kapelo?
merab
16:51 20-07-2012
0
გრიგალაშვილს და ონიანს რაღა ამ საპსუხისმგებლო მომენტში მოუნდათ წასვლა შარსანაც გეგუჩაძემ იგივე გააკეთა გუნდი რომ დატოვა და შედეგიც სახეზეა...
levani
07:12 20-07-2012
0

სიახლეები პოპულარული