თვალსაზრისი: ქართული ფეხბურთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის შეღავათი

AutoSharing Option
რა ბედი ელით ეგრეთ წოდებულ საბიუჯეტო კლუბებს? აქტუალური კითხვაა, ოღონდაც ყველაზე აქტუალური არის თუ არა ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის, ძალიან დასაფიქრებელია.

თუ გამგეობები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და სხვადასხვა სამინისტრო გააგრძელებენ კლუბების დაფინანსებას, ეს წინგადადგმული ნაბიჯი ვერ იქნება. ევროპულ ქვეყნებში არის იმის მაგალითები, როცა მერია კლუბის თანამფლობელია რაღაც ფორმით, მაგრამ კლუბი მთლიანად რომ მერიას ან პრეფექტურას ეკუთვნოდეს, ალბათ, ძალიან იშვიათი შემთხვევაა (თუ ასეთი საერთოდ არსებობს).

ანუ რა უნდა მოხდეს: საბიუჯეტო კლუბები თანდათან უნდა გადაეცეს კერძო მფლობელებს, ან ისევ ანაქრონიზმისკენ წავიდეთ.

ცხადია, პირველი გზა
უკეთესია. თუ ამაზე ვთანხმდებით, ახლა ისიც ვიკითხოთ, როგორ უნდა გადაეცეს საბიუჯეტო კლუბები კერძო მფლობელებს.

საქართველოში ფეხბურთი ჯერ არ არის ბიზნესი და შესაბამისად, ბიზნესმენისთვის ვერ იქნება მომხიბვლელი საფეხბურთო კლუბის ყოლა.

სიტუაცია კი მოითხოვს, რომ ფეხბურთი საქართველოში საინტერესო იყოს ბიზნესმენისთვის.

პოლიტიკური ცვლილებები, ალბათ, იმისთვის არ მომხდარა, რომ ხელისუფლებამ რომელიმე ბიზნესმენს დაავალოს ამა თუ იმ კლუბის შენახვა. უკვე სხვა მიმართულებაა საჭირო, მაგრამ ეს მიმართულება ჯერ მკაფიოდ არ ჩანს.

ველოსიპედს თუ არ გამოვიგონებთ, საკითხი ასე უნდა მოგვარდეს: შეიქმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რითაც საფეხბურთო კლუბი მიმზიდველი გახდება ბიზნესმენისთვის ან რომელიმე ბიზნესჯგუფისთვის. საკანონმდებლო ბაზა კი, ძირითადად, საგადასახადო შეღავათებს უნდა გულისხმობდეს.

რამდენად შესაძლებელია ამ ყველაფრის საქართველოში განხორციელება, ეს უკვე ახალი ხელისუფლების ამოცანაა.

თუ მანამდე ბევრი კლუბი ფინანსდებოდა ბიუჯეტიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არის იმდენი დოვლათი, რომ ფული ფეხბურთზეც დაიხარჯოს. ეს დოვლათი კი ახლა ისე უნდა გადანაწილდეს, რომ ფული კერძო სტრუქტურიდან მივიდეს კლუბში. ეს დაახლოებით იგივეა, რაც პირველი კლასის მათემატიკა: შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.

მოკლედ, ამ ხელისუფლებას შეუძლებლის გაკეთება არ მოუწევს, თუმცა ამით იმის თქმას როდი ვაპირებ, რომ ეს ადვილად გასაკეთებელია.

საქართველოში არის რამდენიმე ბიზნესმენი, რომელსაც ფეხბურთი ძალიან უყვარს და ამ საქმისთვის ბევრი გაუკეთებია.

"ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტი გურამ რუხაძე ამ საქმეს 1998 წლიდან აკეთებს. ის საკუთარი ჯიბიდან დებს ფულს ფეხბურთში. მას არანაირი შეღავათი არ მიუღია სახელმწიფოსგან. მე მიმუშავია ამ კლუბში და კარგად ვიცი, თუ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული საქართველოში საფეხბურთო გუნდის შენახვა. 14 წლის განმავლობაში რომ ახორციელებ სოციალურ პროექტს და სახელმწიფო შენზე არ ზრუნავს, არ უნდა იყოს მოსაწონი ამბავი.

ფეხბურთზეა შეყვარებული "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაიაც. შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კაცის ხელშეწყობით ზესტაფონში მძლავრი საფეხბურთო კერა შეიქმნა.

კარგი საქმე კეთდება ქუთაისშიც. "ტორპედო" რაც "ვისოლის" და პრეზიდენტ ლევან ფხაკაძის ხელში მოხვდა, კლუბის პროგრესი სახეზეა.

დავა დაიწყო "დინამოზე", მაგრამ კლუბის ახლანდელი მფლობელის, რომან ფიფიას თაოსნობით რომ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, დღესავით ნათელია.

რუსთავის "მეტალურგს" ამ ქალაქის მეტალურგიული ქარხანა ინახავს და ქარხნის დამფუძნებლებმა სახელმწიფოსგან მხარდაჭერა თუ ვერ იგრძნეს, უსასრულოდ ალბათ ვეღარ დახარჯავენ ფულს ფეხბურთში.

მარტვილის "მერანსაც" ბიზნესმენი ინახავს, ფრიდონ ინჯია და მასაც სჭირდება თავისებური სტიმული.

სახელმწიფო თუ ასეთ ხალხს დაეხმარება საგადასახადო შეღავათებით, ეს მაგალითი იქნება იმ ბიზნესმენებისთვის, რომლებიც ჯერ არ იყურებიან ფეხბურთისკენ, მაგრამ ხვალ შესაძლოა, ის ეგრეთ წოდებული საბიუჯეტო კლუბები გადაიბარონ.

დღეს საფეხბურთო მოედანი რომ ირწყვება, კლუბის მფლობელს ამაზეც კი არ აქვს შეღავათი სახელმწიფოსგან. ამ საკითხის შესწავლა და ეფექტური ზომების განხორციელება პრიორიტეტი თუ არ იქნება ახალი მთავრობისთვის, ისევ ერთ ადგილზე მოგვიწევს ყურყუტი.

თურქეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი... ეს ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ქვეყნების პატარა ჩამონათვალია, სადაც ხელისუფლებამ მოახერხა და ფეხბურთში ფულის მიმტან ხალხს შეღავათები დაუწესა. ანუ ეს არის იმის მაგალითი, რომ მთავრობის კეთილი ნების და გეგმაზომიერი მუშაობის შედეგად საფეხბურთო შეღავათების დაწესება-ამუშავება სავსებით რეალურია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან ყიფიანი: უკიდურესობაში არ უნდა გადავვარდეთ
გურამ რუხაძე: სტადიონზე მაყურებლის მოზიდვის ეფექტურ გზას მივაგენით
ლევან ფხაკაძე: ფეხბურთში ბიზნესს ასე თუ მოვიზიდავთ
ფრიდონ ინჯია: პროფესიული ფეხბურთის ლიგა ნიკა გილაურმა ჩაგვიშალა
მკითხველის კომენტარები / 3 /
შეღავათები ჟორდანიას რომ ქონდა ისეთი უნდოდა. გამდიდრდნენ, იყიდეს კლუბი საზღვარგარეთ. ერთი იმ დღეს თქვენი გაზეთიდან გვაყვედრიდა, იქეთ მომქონდა ფული დინამოშიო.
კაი რა, ეგ ხომ გავიარეთ.
koko
18:48 08-11-2012
0
აუცილებლად უნდა გადასცენ ბიზნესმენებს,თუნდაც სიმბოლურ ფასად,და მათ დანახარჯი აუცილებლად დაუბრუნდებათ,ევროთასებზე ხომ ნებისმიერ მცირე წარმატებებზე საკმაოდ სოლიდური თანხები ერიცხებად გუნდებს უეფადან(სოლიდური ჩვენი ყოფისგან გამომდინარე),ოღონდ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შეწყვიტოს კლუბის საქმეებში ჩარევა,ვინმე კირკიტაძეებისა და ძმათა მათთა მსგავსად.
giorgi
20:52 08-11-2012
0

სიახლეები პოპულარული