მეორე საკითხია - რა ცვლილებები სჭირდება ქართულ ფეხბურთს?
ამის შესახებ "ლელოს" თავის მოსაზრებებს ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე უზიარებს.
- ყველა თანხმდება, რომ დღეს არსებული ვითარება კატასტროფულია და ცვლილებები ჰაერივით გვჭირდება, რისი გამოხატულებაც სანაკრებო დონეზე წარუმატებლობაა. თქვენ პირადად რა რეფორმებს ისურვებდით?
- ყველა პრობლემა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ყველა მათგანის მოგვარება საჭიროა. მდგომარეობის შესაცვლელად ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და აუცილებელი პირობაა,
ამისთვის საკანონმდებლო ბაზა უნდა შეიცვალოს. ცხადია, ეს იურისტების სამუშაოა და დეტალებზე მათ უნდა მიმართოთ. მაგრამ არაერთხელ თქმულა, რომ წყლის გადასახადი არ შეიძლება ერთნაირი იყოს მოედნისთვის და მაგალითად, ლიმონათის ბიზნესისთვის.
იგივე უცნაურობაა მოედნის საფრისა და სპორტული ინვენტარის განბაჟების შემთხვევაში, რომლებზეც საკმაოდ დიდი გადასახადებია.
მხოლოდ რამდენიმე პრობლემას შევეხე, მაგრამ ჩამონათვალი გაცილებით მეტია და ამ კუთხით ბევრი სამუშაოა. ამ დეტალებს რომ ჩავუღრმავდეთ, კანონმდებლობაში არაერთი ხარვეზია გამოსასწორებელი...
- წმინდა საფეხბურთო კუთხით რა არის შესაცვლელი?
- ბავშვთა ფეხბურთში არსებული ვითარება დამაფიქრებელია: ფაქტობრივად, ჩვენს ბავშვებს გასაზრდელად პირობები არ აქვთ. არ არის ნორმალური მინდვრები, სავარჯიშო ინვენტარი, ეკიპირება, საშხაპეები...
შესაძლოა, სასტიკი გადაწყვეტილება იყოს, მაგრამ სკოლების ლიცენზირება აუცილებელია.
ერთი პერიოდი, ფეხბურთის ფედერაციამ ეს დაიწყო კიდეც. მიმაჩნია, რომ ბავშვებთან უნდა მუშაობდნენ ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, ნიჭიერი თაობები რომ გაზარდონ და სწორ გზაზე დააყენონ. კონკრეტულ ასაკში კონკრეტული დატვირთვებია რეკომენდებული, რაც მცოდნე მწვრთნელებმა იციან.
- თბილისსა და რამდენიმე ქალაქში ნიჭიერი ბავშვები შედარებით ნაკლებად იკარგებიან, მაგრამ ზოგადად რაიონებში ეს დიდი პრობლემაა.
- ჩემი აზრით, ფეხბურთის ფედერაციაში უნდა ჩამოყალიბდეს ტექნიკური განყოფილება, რომელიც ქართულ საფეხბურთო ფილოსოფიას, მომზადებისა და აღზრდის სისტემასა და მეთოდიკას შეიმუშავებს.
აუცილებელია, ეს ქართული მენტალიტეტის გათვალისწინებით მოხდეს, რადგან ანალოგიური გზა აქვთ გავლილი ესპანეთს, ჰოლანდიას, ჩეხეთს, საფრანგეთს...
სხვათა მიბაძვით შექმნილი, ჩვენი ბუნებისთვის უცხო მეთოდიკა ვერ იმუშავებს.
რეგიონების საფეხბურთო ცენტრები ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა ჯგუფმა უნდა გააკონტროლოს და კონკრეტული რეკომენდაციებით მოამარაგოს. სხვანაირად ეს საქმე არ გამოვა.
საერთოდ, დღეს პროცესები თვითდინებაზეა მიშვებული. რა თქმა უნდა, ამ პროგრამისა და მიმართულების შემუშავებაში სპეციალისტებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა და უნდა აიხსნას, რატომ იქნება არჩეული გზა უფრო მისაღები და არა სხვა.
ჩემი აზრია, ნიჭიერი ბავშვები თბილისში და სხვა ცენტრებში არ უნდა წავიყვანოთ, მათ ადგილზე სჭირდებათ ვარჯიშისა და ზრდის პირობები.
- იქიდან გამომდინარე, რომ მშობლიური გარემოდან მოწყვეტა ბევრ ბავშვზე უარყოფითად მოქმედებს?
- არა მხოლოდ ამის გამო - უბრალოდ, ყველა რაიონში უნდა იყოს ძლიერი საფეხბურთო ცენტრი. ქართულ ფეხბურთს ამ რესურსის ამოქმედება ჰაერივით სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ამის შედეგად ძალიან ძლიერ შევსებას მივიღებთ.
ახლა კი, როდესაც დავკარგეთ ქუჩის ფეხბურთი, აფხაზეთი და სამაჩაბლო მოწყვეტილია, მხოლოდ და მხოლოდ ნიჭის იმედად ვართ, ხოლო ბავშვებს ფაქტობრივად, სწორად თითქმის არსად ზრდიან. ამიტომ არის, რომ სათანადო ცვლას ვერ ვიღებთ და ყველა კლუბი მძიმე საკადრო პრობლემებს განიცდის.
- სხვათა შორის, დინამოელი ჩისკო ამბობს, ქართველებს ესპანელებზე ბევრად ათლეტური ბავშვები გყავთ, მაგრამ არასწორად იზრდებიანო.
- ეს ისეთი მნიშვნელოვანი და ვრცელი თემაა, ერთ ინტერვიუში ამომწურავად ვერ ვილაპარაკებთ. ზოგადად გეტყვით, რომ შემუშავებული მაქვს პროგრამა, რომელიც ფურცელზე გადავიტანე და იქიდან მხოლოდ ერთ რამეს აღვნინავ: ჩემი აზრით, დუბლშემადგენლობებსა და ჭაბუკთა გუნდებს შორის ასაკობრივი წყვეტაა და ერთ-ერთი ასაკი ყოველთვის დაიჩაგრება.
თავისთავად ცხადია, რომ ყველა კლუბში აუცილებელია მყარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა. დღეს კი გვყავს, ერთი მხრივ, შედარებით ძლიერი კერძო კლუბები და მეორე მხრივ, სახელმწიფოს დოტაციაზე არსებულები, რომლებიც სულს ღაფავენ.
ეს არის საკითხების მთელი კასკადი, რომლებიც უნდა მოგვარდეს, რომ ფეხბურთი ფეხზე წამოდგეს და მხოლოდ ნიჭის იმედად არ ვიყოთ. ასე უნდა წამოვწიოთ ბავშვთა ფეხბურთი, რასაც შემდეგ მოჰყვება ძლიერი ნაკრებები, კლუბები და ეროვნული ჩემპიონატი, ამ პროცესის გვირგვინი კი ეროვნული ნაკრების გაძლიერება იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"