საქართველოს თასის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში ბოლნისის "სიონმა" ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" "ტორპედოს" უმასპინძლა.
შეხვედრა სტუმართათვის ყველანაირად უიღბლო გამოდგა:
გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა 0:2 წააგეს და გათამაშებას გამოეთიშნენ. გარდა ამისა, ქუთაისელებს ჯერ
ვალერი ბოლქვაძე დაუშავდათ, შემდეგ -
ვაჟა ტაბატაძე.
მაგრამ ამასაც ვინ ჩივის: დამატებულ მე-4 წუთზე ქუთაისელთა ცენტრალურმა მცველმა
გიორგი ონიანმა ბოლომდე იბრძოლა, ბურთი კუთხურზე რომ არ გადასულიყო და მოედნიდან ორიოდე მეტრის მოშორებით რკინის ბოძს შეეჯახა.
Video დაცული ჩვენს სტადიონებზე უსაფრთხოების ნორმები?" />
გიორგი ონიანის უმძიმესი ტრავმა
ექიმებმა ონიანს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და სასწრაფოდ პირველ კლინიკურ საავადმყოფოში (ე.წ. არამიანცი) გააქანეს. მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს - კისრის მე-4 და მე-5 მალების მოტეხილობა.
საბედნიეროდ, დაზიანებული არ აღმოჩნდა ზურგის ტვინი.
გიორგის ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩაუტარეს და ყველაზე დიდი საფრთხე, რომ ონიანი ვეღარ ითამაშებდა, გამოირიცხა.
ძნელი სათქმელია, ბაზის ნაცვლად, მატჩი სხვა სტადიონზე რომ გამართულიყო, შესაძლებელი იყო თუ არა ამ საშინელი ამბის თავიდან აცილება, მაგრამ კითხვა იბადება, დაცულია თუ არა ჩვენს სტადიონებზე უსაფრთხოების ნორმები, შემოვლებული დამცავი ბადეები იყო თუ არა მოედნიდან სტანდარტის მიხედვით დაშორებული?
"ლელომ" მოიპოვა უეფას ბოლო მოთხოვნები, სადაც მითითებულია რეკომენდებული მანძილები მოედნის ფარგლებსა და მყარ (მზიდ) კედლებს შორის: გვერდითი ხაზებიდან - 6 მეტრი, კუთხურის ხაზებიდან - 7,5 მეტრი. აქვე გეტყვით, რომ სარეკლამო დაფები მყარ კედლად არ ითვლება.
ჩვენ არავის დადანაშაულება და ამით სპეკულაცია არ გვსურს, ეს უზნეობა იქნება, მაგრამ ამის შემდეგ მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთავარია ადამიანი და მისი ჯანმრთელობა.
ფეხბურთის ფედერაციამ ყველაფერზე თვალი რომ დახუჭოს და უსაფრთხოების ნორმების დაცვა არ მოითხოვოს, ქართული არენების ხელმძღვანელებმა ეს საკუთარი ინიციატივით უნდა გააკეთონ, მოთამაშეები, მაყურებლები და სტადიონზე მისული ადამიანები მაქსიმალურად დაცულნი რომ იყვნენ.
უეფას ამის მძიმე გამოცდილებები აქვს და მოთხოვნებს უსაგნოდ არ იგონებს - ლიცენზირებისას სიმკაცრე აუცილებელიც არის.
და თუ რომელიმე სტადიონი ამ ნორმებს ვერ პასუხობს, იქ თამაში უნდა აკრძალონ მანამ, სანამ ყველა მოთხოვნას მაქსიმალურად არ დააკმაყოფილებს. ეს ისევ და ისევ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვით უნდა იყოს განპირობებული.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ონიანს უთამაშია თბილისის "ლოკომოტივში", ბათუმის "დინამოში", რუსთავის "ოლიმპში", იენის "კარლ ცაისში", "ზესტაფონში", გორის "დილაში", ქუთაისის "ტორპედოში" კი 2012 წელს ჩაირიცხა. იყო ეროვნული ნაკრების კანდიდატი და რამდენჯერმე შეკრებაზე მიიწვიეს. სხვათა შორის, ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში "დილასთან" მოგებული მატჩის შემდეგ "ლელომ" ონიანი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
ფეხბურთი იქით იყოს: ვისაც გიორგისთან ერთხელ მაინც ჰქონია შეხება, დაგვეთანხმება, რომ ის გამორჩეული ადამიანია. ცხადია, მკურნალობას დიდი დრო დასჭირდება. ჯერ უცნობია, როდის გამოჯანმრთელდება და მოედანს როდის დაუბრუნდება, მაგრამ იმედია, ეს მალე მოხდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:ექიმების პროგნოზი: გიორგი ონიანი თამაშს შეძლებსგიორგი ონიანმა ოპერაციის შემდეგ კიდურების ამოძრავება შეძლოგიორგი ონიანის ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი ლადო ბურდულმა გააკეთაგიორგი ონიანს კისრის მალის მოტეხილობა დაუდგინდასიონი-ტორპედო 2:0 - დამსახურებული სიხარული [VIDEO]