ზვიად სიჭინავა: გადადგნენ ბლატერი და პლატინი და მეც გადავდგები!

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბრისას იმდენ საინტერესო თემას შევეხეთ, რომელიმე მათგანის გამოყოფა ძნელია. ამიტომაც აჯობებს, ზვიად სიჭინავასთან ინტერვიუ ბოლომდე წაიკითხოთ.

პირველ საკითხად კი ახლახან გახმიანებული პროექტი ავირჩიეთ, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთის (ან რომელიმე სხვა ქვეყნის) ერთობლივი ჩემპიონატის ჩატარებას გულისხმობს.

- გაერთიანებულ ჩემპიონატებზე ლაპარაკი 2011 წელს დაიწყო, როცა ევროპული ქვეყნების ფედერაციების ხელმძღვანელები კვიპროსზე შევიკრიბეთ. იმხანად ასეთი სურვილი ჩეხეთმა და სლოვაკეთმა გამოთქვეს, იდეები და წინადადებები სხვა ქვეყნებსაც ჰქონდათ. მას შემდეგ ვმუშაობთ. პირველი ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა და ამიტომაც გავახმიანეთ. მთავარია, ისეთი პროექტი მოვამზადოთ, ფიფა-უეფას რეგლამენტს
რომ მიესადაგება.

- როგორც ცნობილია, ყაზახებმა ამაზე უარი თქვეს - ჩვენი ჩემპიონატი ისედაც ვითარდებაო... ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი პირველობის იდეა განიხილება?
- კონკრეტული ქვეყნები ჯერ ცნობილი არაა. თავის დროზე მხოლოდ ის ვთქვი, რომ მოლაპარაკებას ყაზახებთანაც ვიწყებდით. შესაძლოა, ყაზახების ნაცვლად მოლდოვა ან ბელორუსი იყოს. როცა პროექტი მზად იქნება, ზემოაღნიშნული ქვეყნების გარდა, მისი განხორციელება შეიძლება უკრაინასთან, რუსეთთან, ისრაელთან და ა.შ.

მთავარია, საინტერესო და კომერციულად მომგებიანი იყოს, ტელევიზიები და სპონსორები დააინტერესოს... ეს გრძელვადიანი პროექტია და როცა მომზადდება, საბოლოო ვერდიქტისთვის უეფას გავუგზავნით.

- ერთობლივი ჩემპიონატის საპრიზო თანხად 50 მილიონი ევრო დაასახელეთ... მგზავრობის თანხაზე რას იტყვით: მაგალითად, "ზესტაფონს" ხომ დასჭირდება სამგზავრო თანხა ბაქოში ან თუნდაც ზაქათალაში ჩასასვლელად?
- რა თქმა უნდა. ტელევიზიებისა და სპონსორებისგან მიღებული ფინანსებიდან კლუბებს მიეცემათ თანხა მგზავრობის, კვების, ინვენტარის, მოსამზადებელი ეტაპისთვის და ა.შ. ეს კომერციული პროექტია, რომელსაც დასახვეწად საკმაო ხანი დასჭირდება.

- ინფრასტრუქტურაზე რას იტყვით, სტუმარ გუნდს უეფას სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ხომ უნდა დაახვედრო?
- დღესდღეობით უეფას ლიცენზირების მოთხოვნებს აკმაყოფილებს "დინამო არენა" და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, ასევე, ქუთაისისა და ზესტაფონის სტადიონები. შესაძლოა, გარკვეული სამუშაოების შემდეგ მოთხოვნები გორისა და რუსთავის სტადიონებმაც დააკმაყოფილოს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაერთიანებულ ჩემპიონატში მაინცდამაინც კლუბები ითამაშებენ.

ამ ყველაფრის მოსაწესრიგებლად ერთი წელიწადი მაინც გვჭირდება. პირველ რიგში, ამხანაგური თამაშები უნდა ჩავატაროთ, ერთმანეთთან ქვეყნის ჩემპიონები და თასის მფლობელები ვათამაშოთ - შინ და სტუმრად. ვნახოთ, როგორ დაინტერესებას გამოიწვევს.

შესაძლოა, დაწესდეს "ორი ზღვის თასი" ან მსგავსი რამ. რაღაცით ხომ უნდა დავიწყოთ? მხოლოდ კაბინეტში ჯდომით და ლაპარაკით საქმე არ გაკეთდება...

- ფიქრობთ, რომ მაგალითად, "სიმურგი" - "ვიტ ჯორჯიას" მატჩიც ისეთივე ინტერესს გამოიწვევს, როგორსაც თბილისის "დინამოს" და ბაქოს "ნეფთჩის" შეხვედრა?
- ჩემი აზრით, საინტერესო პროექტი იქნება, მათ შორის, კომერციულადაც. დაბალი დონის ბევრი კლუბი არც ჩვენ გვყავს, აზერბაიჯანულმა კლუბებმა კი ისეთი ძლიერი ფეხბურთელები დაიმატეს, მათი ნახვა მაყურებლისთვის საინტერესო იქნება.

- მაგრამ, თუ თანხების მოზიდვის შესაძლებლობა არსებობს, არ აჯობებს, ჯერ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ, გავაძლიეროთ და ასეთ რამეებზე მერე ვიფიქროთ?
- "ჟიგული" კარგი მანქანაა, მაგრამ რაკი რებრენდინგს არ უკეთებენ, წარმატება არ აქვს. აი, "მერსედესი" კი, რომელი მოდელიც უნდა იყოს, მაინც მაგარია... ჩვენ ახალ ბრენდს, ახალ ჩემპიონატს ვაკეთებთ. სამი წელიწადია, ფედერაციაში ვარ და სამწუხაროდ, რაც ყველამ იცის, იმ სპონსორებისა და ფინანსური "გულშემატკივრების" გარდა, ვერავინ მოვიძიეთ...

იმედია, გაერთიანებული ჩემპიონატი კომერციულად უფრო საინტერესო იქნება, მეტი სპონსორი გამოჩნდება, თორემ მეც მირჩევნია, საქართველოს უმაღლეს ლიგაში 18 გუნდი იყოს და ყველას კარგი დაფინანსება ჰქონდეს.

მეტი თამაში მეტ გამოცდილებას ნიშნავს და შედეგიც უკეთესი გაქვს. სამწუხაროდ, ჩვენივე წვენში ვიხარშებით და ამიტომაცაა, რომ სულ გარიგებულ მატჩებზეა ლაპარაკი, ყველა პენალტი და აუტი საეჭვოა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კლუბების ხელმძღვანელებს "პარანოია" დაემართათ და ყველაფერი საეჭვოდ ეჩვენებათ...

- რომან ფიფიამ განაცხადა, რომ სფფ-მ უნდა გამოიძიოს, ტოტალიზატორებმა მაინცდამაინც გორის "დილას" თამაშები რატომ ამოიღეს პროგრამიდანო...
- მქონდა შეხვედრა ბატონ რომანთანაც და სხვა კლუბების წარმომადგენლებთანაც. ჩემი აზრით, ასეთი საკითხები თორმეტთა საბჭოზე უნდა განვიხილოთ და გარეთ არ გავიტანოთ, თორემ ისედაც ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ. უკვე ისეა საქმე, ღრუბლიან ამინდზეც იმას ამბობენ - ვიღაცამ "იჩალიჩა", მზე რომ არ გამოსულიყოო...

- რას გულისხმობდა სფფ-ის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, როცა თქვა: "სიახლე არაა, რომ არჩევნები არ გვქონდა"?..
- ვერ გეტყვით. ერთი ვიცი, რომ 2011 წლის არჩევნებზე განაცხადი ბოლო წუთამდე არ შემქონდა, მაგრამ არ მინდოდა დაწყებული საქმის მიტოვება და ფეხბურთში ისევ ქაოსი. კენჭი სწორედ ამიტომ ვიყარე. მით უმეტეს, ხელი არავისთვის შეუშლიათ და არც დაუშინებიათ, ნებისმიერ მსურველს შეეძლო არჩევნებში მონაწილეობა. არ ვიცი, რას გულისხმობდა არველაძე იმ არჩევნებთან დაკავშირებით...

- კონკრეტულად ის არჩევნები არც უხსენებია...
- ლაპარაკი ყოველთვის გვესმის - ხან მერაბ ჟორდანიას არჩევნებს იხსენებენ, ხან ნემსაძის ან ახალკაცის ამბავს, ეს ხომ საქართველოა?! ჩვენთან 3 მილიონი მცხოვრებიდან 2 999 999 მწვრთნელია. ჩემ გარდა, ყველა მწვრთნელი და პროფესორია... არადა, პრობლემა ის არის, მუნიციპალიტეტები გაკეთებულ სტადიონებს რომ არ უვლიან და მუნიციპალურ კლუბებს ნორმალურად არ აფინანსებენ და არა ის, ვიღაცებმა რომ მოილაპარაკეს...

- მიგაჩნიათ, რომ ნემსაძის შემთხვევაც მხოლოდ "სალაპარაკო თემაა" და 2007 წლის 13 მაისის არჩევნებისას არაბუნებრივი არაფერი მომხდარა?
- "ნემსოს" დიდ პატივს ვცემ და ჩემს კოლეგადაც მიმაჩნია, რადგან სფფ-ის პრეზიდენტად იყო არჩეული, მაგრამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში ნუ გადავიყვანთ. თუ არ ვცდები, გიორგი ნემსაძეც და უმცროსი ნოდარ ახალკაციც ერთი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ.

პარტიაში თუ ვიღაცამ ვერ მოილაპარაკა, ეს უკვე სხვა საკითხია... მე წავალ, მაგრამ ვინც ჩემს ნაცვლად მოვა, თუ მართლა უყვარს ქართული ფეხბურთი და საქმის გაკეთება სურს, მთავრობის პოზიცია უნდა ეჭიროს. ოპოზიციაში ყოფნა, პირველ რიგში, ფეხბურთისთვის არის ცუდი. ამიტომაც პიროვნული საკითხები სახლში უნდა დატოვო და ის საქმე აკეთო, რაც ფეხბურთს სჭირდება.

- თუ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, ზვიად სიჭინავა მონაწილეობას აღარ მიიღებს?
- არათუ რიგგარეშე არჩევნებში, 2015 წელს ჩემი პრეზიდენტობის ვადა რომ ამოიწურება, მონაწილეობას მაშინაც არ მივიღებ. არ მაქვს ამ თანამდებობის ინტერესი - რაც გავაკეთე, ის გავაკეთე. თუმცა ნამდვილად კანონიერად ვარ არჩეული, მერე რა, რომ ერთადერთი კანდიდატი ვიყავი? არც პლატინის და ბლატერს ჰყავდათ არჩევნებში კონკურენტები და ისინიც უნდა გადადგნენ?! კი ბატონო, გადადგნენ და არ არის პრობლემა, მეც გადავდგები!

- ლევან კობიაშვილთან და ალექსანდრე იაშვილთან დაკავშირებულ ამბავზე რას იტყვით?
- დიდ პატივს ვცემ კობისაც, იაშკასაც, კალაძესაც და ნაკრების დანარჩენ ფეხბურთელებსაც. თუნდაც მხოლოდ ერთი მატჩი ჰქონდეს ჩატარებული საქართველოს ნაკრების მაისურით, თუ რომელიმე მოთამაშე ნაკრებიდან წასვლას გადაწყვეტს და ფეხბურთის ფედერაციას მიმართავს, შეძლებისდაგვარად ყველაფერს გავუკეთებთ. კობის რომ ჩვენთვის მოემართა, მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, ყველაფერი გავუკეთოთ მასაც და დანარჩენებსაც...

- ვეტერანები ამბობენ, ფედერაციას ან მწვრთნელს შეეძლო ეთქვა, რომ აღარ ვჭირდებით და ყოველი მატჩის წინ გამოძახებას აღარ დაველოდებოდითო...
- მესმის, მაგრამ ქეცბაიას ნაცვლად ხვალ სხვა მწვრთნელი რომ დაინიშნოს და კობიაშვილი და იაშვილი ნაკრებში მიიწვიოს, მაშინ როგორ მოვიქცეთ?!

ჩემდა საბედნიეროდ, არც ერთი მწვრთნელის საქმიანობაში არ ვერევი. ჭორია, თითქოს ფედერაციის ხელმძღვანელობა წყვეტდა, ნაკრების რომელ ფეხბურთელს რომელ ფლანგზე ან რამდენ წუთს ეთამაშა. არც ჩავრეულვარ, არც ვერევი და არც არასდროს ჩავერევი. თუ ყველაფერს მე ვწყვეტ, რაღაში სჭირდება ფედერაციას რომელიმე მწვრთნელი? ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს...

ესაუბრა რატი შელეგია
გაზეთი "ყველა სიახლე"

ასევე იხილეთ:
მიხეილ ყაველაშვილი: ფედერაციამ ან ფაქტები დადოს, ან ბოდიში მოიხადოს
რომან ფიფია: პირდაპირ ვიტყვი - აქ დიდი სიბინძურე ტრიალებს!
რეზო არველაძის სკანდალური განცხადება: არჩევნები არ გვქონდა
ლევან კობიაშვილი: გამოსათხოვარ მატჩს თავად გავმართავ!
ალექსანდრე იაშვილი: სულ ცოტა, ღირსეულ მადლობას ვიმსახურებდით
მკითხველის კომენტარები / 24 /
დომენტაა წადი ... ხო ხედავ რო იიქ არ მოხვდი სხვაგან ხარ
0
უყურე ამას შენ?! რას ამბობ დომენტი!
0

სიახლეები პოპულარული