- გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტს აქვს პლუსები, მაგრამ იმდენი უარყოფითი დავაფიქსირე, მეეჭვება, ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღისთვის მისი განხორციელება გვიღირდეს.
არ ვიცი, ეს პროექტი აზრად ვის მოუვიდა, ან რა სიკეთე დაინახეს, ასე რომ აიტაცეს.
- მიუღებელი რა არის?
- ის, რომ ეს მხოლოდ დროებითი გამოსავალია. გრძელვადიან სამომავლო გეგმებსა და იმედებს მასზე ვერ დავამყარებთ.
- ზოგიერთი კლუბისა და ფეხბურთის ფედერაციის აზრით, ახალი ჩემპიონატი სტადიონებზე მაყურებელს მიიზიდავს, სპონსორებს დააინტერესებს და შემოსავლებს გაზრდის.
- მე მჯერა, რომ ამ რესურსების მოზიდვა საქართველოს ჩემპიონატშიც არის შესაძლებელი, ოღონდ უფრო ორგანიზებულნი თუ ვიქნებით და ბევრ სხვა პრობლემასაც მოვაგვარებთ.
- გაერთიანებული ჩემპიონატით ჩვენი კლუბების დონის გაზრდას იმედოვნებენ...
- ეს არის ერთ-ერთი უპირველესი იმედი, მაგრამ ამაში ეჭვს შევიტანდი. სიმართლე გითხრათ, ამ ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებით ჩვენი გუნდების კლასის გაზრდაზე ლაპარაკი ილუზია მგონია. კლასის ამაღლებისთვის დიდ გუნდებთან სპარინგებია საჭირო. აზერბაიჯანსა და ყაზახეთს კი ჩვეულებრივი, ჩვენი დონის ჩემპიონატები აქვთ და ბევრს ვერაფერს შეგვძენენ.
მეორე მხრივ, გაერთიანებულ ჩემპიონატში ერთი ქვეყნიდან ექვსი ან რვა გუნდი ითამაშებს - ესეც აშკარა მინუსი იქნება, რადგან მათსა და დანარჩენ ქართულ კლუბებს შორის სხვაობა გაიზრდება, საქართველოს ჩემპიონატი კი მეორეხარისხოვანი გახდება.
ესეც სათქმელია: ჩვენ, აზერბაიჯანელებსა და ყაზახებს განსხვავებული საფეხბურთო მენტალიტეტი და გემოვნება გვაქვს და ერთმანეთს რამდენად შევუხამებთ? ჩემი აზრით, თანხვედრა არც ჩვენი ქვეყნების სპორტულ ინტერესებშია.
ამიტომაც მიმაჩნია, რომ კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ საკუთარი ჩემპიონატის დონის გაზრდაზე, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ბავშვთა ფეხბურთში არსებული მდგომარეობის გამოსწორებაზე. ამ ტურნირის ორგანიზებისთვის გათვალისწინებული თანხები საქართველოს ჩემპიონატს მოვახმაროთ.
ქართულ ფეხბურთს სხვა, უფრო ძირეული პროექტების განხორციელება ესაჭიროება და არა მსგავსი ჩემპიონატის ჩატარება.
- მეორეც, საკითხავია: არსებობს კი იმის თანხები, რომ ჩვენმა გუნდებმა აზერბაიჯანელებსა და ყაზახებს კონკურენცია გაუწიონ?
- დარწმუნებული ვარ, საფეხბურთო ნიჭით მათზე ბევრად მაღლა ვდგავართ, მაგრამ საკამათო არც ის არის, რომ ორივე ქვეყანას ჩვენზე გაცილებით მეტი ფინანსები აქვს, მათ ლიდერებს კი ჩვენს ფავორიტებზე ათჯერ მეტი ბიუჯეტი.
მაგალითად, ბაქოს "ნეფთჩის" მეპატრონე გუნდს ყოველწლიურად 40 მილიონ დოლარს ახარჯავს. ამხელა ბიუჯეტი ყველა ქართულ კლუბს ერთად აღებულს არ ექნება. და თუ მათ ამ მონაცემებით არ მივუახლოვდებით, ერთობლივ ჩემპიონატში ძალიან გაგვიჭირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გია ისიანი: ურიგო არ იქნება, თუ ასეთი ტურნირის ჩატარებას ვცდით
დაინტერესდება ჩვენი ქომაგი აზერბაიჯანულ-ქართული ლიგით?
რევაზ ძოძუაშვილი: მეშინია, დღევანდელი ფეხბურთით თავი არ მოგვეჭრას
რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?
ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ
კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს
გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ
ელგუჯა ქომეთიანი: კლუბები გაძლიერდებიან, ხალხი სტადიონზე დაბრუნდება
გიორგი ყიფიანი: ამ ეტაპზე სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ
გია გურული: ჯერ ჩვენს ჩემპიონატსა და ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ
სოსო ფრუიძემ გაერთიანებული ჩემპიონატის იდეაზე ისაუბრა