9 680 - "მანჩესტერ იუნაიტედის" სათავეში მოსვლიდან 9 680 დღის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონმა წინა ოთხშაბათს განაცხადა, რომ სეზონის დასრულებისთანავე სამწვრთნელო კარიერას დაასრულებდა. კვირას "ვესტ ბრომვიჩთან" გასვლითი მატჩი უკანასკნელი იქნება ფერგის კარიერაში. შოტლანდიელმა 38 ტიტული მოიპოვა და "იუნაიტედს" პრემიერლიგაში 625 მატჩი მოაგებინა.
პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელთა 45 პროცენტი და "მანჩესტერ იუნაიტედის" 17 წევრი დაბადებული არ იყო მაშინ, როდესაც 71 წლის სპეციალისტი "წითელ ეშმაკებს" სათავეში
"ოლდ ტრაფორდზე" გამართულ უკანასკნელ შეხვედრაში "იუნაიტედმა" "სუონსის" 2:1 მოუგო. გამარჯვების მომტანი გოლი რიო ფერდინანდმა გაიტანა, ვისაც ბოლო ბურთი 1 947 დღის წინ ჰქონდა გატანილი. ცენტრალური მცველის ეს გოლი, ფერგიუსონის ეპოქაში, "იუნაიტედის" მიერ "ოლდ ტრაფორდზე" გატანილი 1 535-ე ბურთი იყო.
56 - წაუგებელი მატჩი ჯამში. "პორტუს" და "ბენფიკას" ურთიერთშეხვედრის წინ 28-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ. პორტუგალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში გამართული ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი თითქოს 1:1 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ყველაფერი 92-ე წუთზე შეიცვალა. ცვლილებაზე შემოსულმა კელვინმა მასპინძლებს მოაგებინა და "ბენფიკას" უკანასკნელი 13 თვის განმავლობაში პირველი მარცხი აგემა.
ახლა, ბოლო ტურის წინ, "პორტუ" ლიდერია და ძალიან ახლოს არის ზედიზედ მესამე, სულ კი 27-ე ტიტულთან. გამარჯვების შემთხვევაში, "პორტუ" ტიტულების რაოდენობით "ბენფიკას" კიდევ უფრო მიუახლოვდება - ლისაბონური გუნდი 32-გზის ჩემპიონია.
21 - შედეგიანი მატჩი ზედიზედ. ლიონელ მესის საოცარი სერია კვირას შეწყდა, როდესაც არგენტინელმა "ატლეტიკოს" კარი ვერ დალაშქრა. ბოლოს მესის წინააღმდეგ კარი მშრალად "სელტამ" 3 ნოემბერს შეინახა. იქიდან მოყოლებული, არგენტინელმა 21 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა. აი, "ატლეტიკოსთან" კი ვერაფერს გახდა. თამაშის ბოლოს "ლა პულგამ" ტრავმა მიიღო და როგორც მოგვიანებით გაირკვა, სეზონიც ნაადრევად დაასრულა.
წინა დღეს "ესპანიოლის" გმირობის გამო (ფრე "რეალთან", 1:1) "ბარსა" ესპანეთის ჩემპიონი გახდა, მესიმ კი კარიერაში მე-20 ტიტული მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ გაიტანა, "ბარსამ" მაინც იმარჯვა (2:1) და ესპანეთის ახალი რეკორდი დაამყარა - კატალონიელებმა ზედიზედ 27-ე გასვლით შეხვედრაში გაიტანეს.
19 - წელი ტიტულის გარეშე. ხანგრძლივი მოლოდინი დასრულდა და "პარი სენ-ჟერმენმა" საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. პსჟ ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდა. პარიზელები 7-ით ჩამორჩებიან რეკორდსმენ "სენტ ეტიენს", რომელსაც, თავის მხრივ, ჩემპიონობა უკვე 32 წელია, არ ღირსებია.
3 - პსჟ-ს სამი ფეხბურთელი - დევიდ ბექჰემი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მაქსველი - უკვე მეოთხე ქვეყნის ჩემპიონი გახდა. მხოლოდ პსჟ-ის ყოფილ ფორვარდს, მატეა კეჟმანს აქვს უკეთესი შედეგი - სერბს ხუთი სხვადასხვა ქვეყნის ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.
0 - მოგება 17 საშინაო შეხვედრაში - ეს არის საშინელი რეკორდი, რომელიც "ფიურტმა" დაამყარა და საკუთარი სახელი ბუნდესლიგის ისტორიაში ჩაწერა. აქამდე, ბუნდესლიგის 50-წლიან ისტორიაში, არ ყოფილა შემთხვევა, რომ გუნდს მთელი სეზონი საშინაო მოგების გარეშე ჩაემთავრებინოს.
რეკორდების დამყარებას აგრძელებს მიუნხენის "ბაიერნიც". შაბათს "რეკორდმაისტერმა" "აუგსბურგს" 3:0 მოუგო და ჩემპიონატის ზედიზედ 36-ე შეხვედრაში გაიტანა, რითაც საკლუბო რეკორდი გაიმეორა. "ბაიერნმა" 88 ქულა მოაგროვა, რაც ასევე რეკორდია. გარდა ამისა, ლიდერს და მეორე ადგილზე მყოფ დორტმუნდის "ბორუსიას" შორის სხვაობა 22 ქულაა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა - აქამდე პირველ ორ ადგილზე მყოფ გუნდებს შორის ამხელ სხვაობა არასდროს დაფიქსირებულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: სწრაფი გოლები და გერმანული რეკორდები