კახა კალაძე: მერიამ თბილისში სკოლის ასაშენებლად ადგილი არ გამომიყო

AutoSharing Option
უკრაინული სპორტული გაზეთი КОМАНДА კახა კალაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი განვლილ სპორტულ კარიერას იხსენებს.

- ჯერ კიდევ გამოუცდელი და მოკრძალებული ახალგაზრდა იყავით, როცა ვალერი ლობანოვსკის მიწვევით, კიევის დასაპყრობად ჩამოხვედით. ცოტა ხნის წინ კი უკვე ფეხბურთს გამოეთხოვეთ. კმაყოფილი ხართ თქვენი განვლილი საფეხბურთო კარიერით?
- ახლა, როცა უკან ვიხედები, იმ თითქმის 20-წლიანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, შემიძლია ვთქვა, რომ უკმაყოფილების მიზეზი არ მაქვს.

ფეხბურთი ისეთი სპორტია, სადაც ყოველთვის შეგიძლია მეტის მიღწევა. ყოველთვის ვცდილობდი წინსვლას და მივაღწიე კიდეც იმას, რომ ჩემი
ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ვარ. გამოვდიოდი გრანდებში, "მილანთან" ერთად მოგებული მაქვს დიდი ტიტულები, ვმონაწილეობდი მაღალი დონის ტურნირებზე და ამით ძალიან ამაყი ვარ.

დღემდე არ დამავიწყდება ჩემპიონთა ლიგის ფინალში "იუვენტუსთან" თამაში, რომლის ყველა დეტალი მახსოვს. ასეთი დაუვიწყარი მატჩები ბევრი მაქვს...

- რის ან ვის გარეშე ვერ იქნებოდით ის, ვინც ახლა ხართ?
- ვფიქრობ, ვერაფერს მივაღწევდი ფეხბურთის, სპორტის, შრომისმოყვარეობის, სიყვარულისა და წარმატების გარეშე. გარდა ამისა, ყოველთვის მეხმარებოდა ჩემი ოჯახისა და თანამემამულეების სიყვარული.

- კარიერის განმავლობაში ბევრ სახელიან მწვრთნელთან მოგიწიათ მუშაობა. რომელმა დაგიტოვათ წარუშლელი კვალი?
- მადლიერებით ვიხსენებ ყველას, მათ შორის იმათაც, ვინც ჯერ კიდევ ბავშვობაში მასწავლიდა ფეხბურთის თამაშს. პირველი საბაზისო ცოდნა, რომელიც მერე განვავითარე, თბილისის "დინამოსა" და, რა თქმა უნდა, კიევში მომცეს.

განსაკუთრებული მწვრთნელი და მასწავლებელი, ამ სიტყვის სრული გაგებით, ჩემთვის ვალერი ლობანოვსკი იყო. მასთან მუშაობისას იმ დონეს მივაღწიე, რომელმაც "მილანში" გადასვლის საშუალება მომცა. იქ კი საინტერესო იყო ფათიჰ თერიმთან და კარლო ანჩელოტისთან მუშაობა.

- როგორ მიიპყარით ვალერი ლობანოვსკის ყურადღება, სად შეგნიშნათ?
- როგორც მახსოვს, ლობანოვსკის ჩემი კიევში მიწვევა საქართველოს ნაკრებში იტალიის წინააღმდეგ ჩემმა თამაშმა გადააწყვეტინა. იტალიასთან ის თამაში ფრედ - 0:0 დავასრულეთ. მატჩიდან რამდენიმე ხანში კიევის "დინამოში" ჩემი ტრანსფერი განხორციელდა.

- რას ნიშნავს თქვენთვის გამოსამშვიდობებელი მატჩი, რთული იყო ასეთი ღონისძიების ორგანიზება?
- პირველ რიგში, ჩემთვის ეს მეგობრების, ყოფილი პარტნიორების, მეტოქეებისა და მწვრთნელების ნახვის შესაძლებლობაა, რომლებთან ერთადაც ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე. გარდა ამისა, ეს იმ საქმისთვის პატივის მიგებაა, რომელსაც ვემსახურე; და ბოლოს, გულშემატკივრის წინაშე ვალდებულებაა - დიდი ხანია მინდოდა თბილისში ასეთი რანგის დღესასწაულის მოწყობა.

რთული იყო თუ არა მალდინისა და კანავაროს დონის ფეხბურთელების საქართველოში ჩამოყვანა? - არა, რადგან ეს ბიჭები ჩემი მეგობრები არიან და მაშინვე დათანხმდნენ მოწვევას.

- რას ნანობთ?
- ერთადერთი სინანული, რომელიც ჩემს საფეხბურთო კარიერას უკავშირდება, ისაა, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირებზე ვერ ვითამაშე. და რა თქმა უნდა - საკუთარ კარში გატანილ ორ გოლზე, რომელიც 2009 წელს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში გავიტანე.

- რა პროექტები გაქვთ?
- ვცდილობ, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს დავეხმარო. ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე მინდოდა თბილისში სპორტული სკოლის შექმნა, თუმცა მერიასთან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა, ადგილი არ გამომიყვეს მშენებლობისთვის. თუმცა, მაინც მაქვს იმედი, რომ ჩემსას გავიტან.

მაქვს ახალი პროექტიც - მინდა ორი სპორტული სკოლა გავხსნა ჩემს მშობლიურ სამტრედიაში. არ გამოვრიცხავ, ეს სკოლა უფასო იყოს.

იხილეთ სტატია სრულად
ambebi.ge

ასევე იხილეთ:

მადლობა, კახა! [VIDEO]
კახი კალაძე: სფფ-ის ხელმძღვანელობის მიმართ პრეტენზია არ გამაჩნია
კახა კალაძე: ჩემს განვლილ კარიერაში გული ორ რამეზე დღემდე მწყდება
მკითხველის კომენტარები / 2 /
ცუდ მოცეკვავეს რა უშლიდაო და... დანარჩენი ყველამ იცით. თუ კალაძეს სკოლის აშენება გულით უნდოდა, მაინც ააშენებდა, თბილისში თუ არა, სხვაგან სადმე, და თუ ყველგან ხელოვნურ ბარიერს შეუქმნიდნენ, ამას საჯაროდ იტყოდა მაშინვე და აშკარად გამოჩნდებოდა ვინ ვინ არის. ასე კი ძალიან უცნაურად ჟღერს ყველაფერი.
mixo
00:27 07-06-2013
0
თან საინტერესო ის არის, რომ სტატიის ავტორი მაინცდამაინც კალაძის ინტერვიუს სულ ბოლო სტროფს (სადაც სპორტულ სკოლაზე საუბრობს) უყენებს სათაურად, თითქოს ბევრი რამ სხვაც არ იყოს იქ უფრო საინტერესო - უკვე გული მერევა ზოგი ჟურნალისტის საქციელზე! ახალი ხელისუფლება უკვე 9 თვეა რაც სათავეშია და მაინც დროის 90% ძველი მთავრობის ლანძღვას ანდომებენ და თავად ქვა ქვაზე არ დაუდიათ, და ამაში ბევრი ვაი-ჟურნალისტიც უბავს მხარს!... საქმე აკეთეთ, საქმე!
maxo
00:30 07-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული