დინამო VS შირაქი - ქართულ-სომხური დაპირისპირებები

AutoSharing Option
ათი წელიწადია, თბილისის "დინამოს" ასეთი წარმატებული სეზონი არ ჰქონია: ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა საქართველოს ჩემპიონობაც მოიპოვა და თასიც! თუმცა, წინ ხომ ევროტურნირებია: 24 ივნისის წილისყრაზე შევიტყობთ, თუ ვინ იქნება ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქე.

ახალი სეზონისათვის მზადება უკვე დაწყებულია, ორ დღეში კი გუნდი ავსტრიულ შეკრებაზე მიემგზავრება, სადაც ოთხი საკონტროლო მატჩია დაგეგმილი ერთიმეორეზე ძლიერ მოწინააღმდეგეებთან (კიევის "დინამო", დონეცკის "შახტარი", რუმინული "კლუჟი", რუსული "კრასნოდარი").

ავსტრიაში პირველი საკონტროლო მატჩი "დინამოს" 20 ივნისს აქვს დაგეგმილი, თუმცა ახალ, 2013-14 წლების საფეხბურთო
სეზონს ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბი 17 ივნისს გახსნის სომხეთის ჩემპიონთან, გიუმრის "შირაქთან" ამხანაგური შეხვედრით.

იმედი დავიტოვოთ, რომ საქართველოსა და სომხეთის ჩემპიონების ამხანაგური საერთაშორისო მატჩი გულშემატკივართა დიდ ინტერესს გამოიწვევს და აქვე იმასაც ვიტყვით, რომ ეს შეხვედრა "დინამო-არენაზე" 18 საათზე დაიწყება, ბილეთის ფასი კი 2 ლარი იქნება.

რა თქმა უნდა, ასეთი შინაარსის მატჩებში შედეგი მეორეხარისხოვანია, თუმცა ქართულ-სომხური გუნდების დაპირისპირება, ტრადიციულად, მუდამ დიდ ინტერესს იწვევს.

ასე იყო საკავშირო ჩემპიონატის დროსაც, არანაკლებ პრინციპული ხასიათი ჰქონდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (როცა ქართულ-სომხური გუნდები ევროტურნირებზე ხვდებოდნენ ერთმანეთს), იგივეს თქმა შეიძლება სანაკრებო დონეზე ჩატარებულ მატჩებზეც და, ალბათ, ამ მხრივ, არც 17 ივნისის ამხანაგური შეხვედრა იქნება გამონაკლისი...

პრინციპული მეტოქეობა და მეგობრობა
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების დროს თბილისის "დინამოსა" და სომხეთის ფეხბურთის ფლაგმანის, ერევნის "არარატის" დაპირისპირებები გამორჩეულად პრინციპულ ხასიათს ატარებდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, მატჩი სად ტარდებოდა (თბილისსა თუ ერევანში); არც იმას, კონკრეტული მომენტისათვის მეტოქეებს რომელი ადგილი ეკავათ: "დინამოსა" და "არარატის" პაექრობები მუდამ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა.

თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს უშეღავათო ბრძოლა თუ ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული "მიდგომა" მხოლოდ 90 წუთს გრძელდებოდა; ანუ მატჩი დამთავრდებოდა თუ არა, "დინამოსა" და "არარატის" ფეხბურთელები ისევ მეგობრებად რჩებოდნენ; ანუ მეგობრები იყვნენ მატჩამდე და მატჩის მერეც; აი, უშუალოდ შეხვედრის დროს კი ორივე გუნდის ფეხბურთელებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გრძნობა ამოძრავებდათ: უპრინციპულესი მეტოქე დაემარცხებინათ!

ანალოგიური განწყობა იყო გულშემატკივრებს შორისაც: თბილისში "არარატთან" ვერმოგებას ყოველთვის უდიდესი იმედგაცრუება მოჰყვებოდა ხოლმე, ერევანში კი არც ერთ სხვა გუნდთან წაგებით არ ღიზიანდებოდნენ, როგორც თბილისის "დინამოსთან" დამარცხებით.

კიდევ ვიმეორებთ, ეს "ქიშპობა" მხოლოდ და მხოლოდ საფეხბურთო მატჩის დროს იყო, თორემ რამდენიც გნებავთ, იმდენი შემთხვევა ყოფილა, როცა ერევნელ ქომაგებს ტაშით გამოუცილებიათ "დინამოს" ფეხბურთელები, თბილისში კი - "არარატის" მოთამაშეებს არ მოჰკლებიათ სითბო და სიყვარული.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ისტორიაში "დინამომ" და "არარატმა" ერთმანეთში 58 მატჩი ჩაატარეს: აქედან 23 თბილისელთა გამარჯვებით დამთავრდა, 16 შეხვედრა ერევნელებმა მოიგეს, 19 დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა.

უპირატესობა გვაქვს ბურთების შეფარდებაშიც (75-62) და ტიტულებშიც: "დინამო" ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964, 1978), "არარატი" - ერთხელ (1973). უფრო დიდია სხვაობა სხვა სინჯის მედლებში: "დინამო" ხუთჯერ გახდა ვერცხლისპრიზიორი, ცამეტჯერ კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა, მაშინ, როცა "არარატი" მხოლოდ ორჯერ გავიდა მეორე ადგილზე.

რაც შეეხება საკავშირო თასის გათამაშებას, "დინამომ" და "არარატმა" ორ-ორჯერ შეძლეს ამ საპატიო პრიზის მოგება; თუმცა დინამოელები კიდევ ექვსჯერ იყვნენ ფინალში, "არარატი" კი - ორჯერ.

ისე, რახან სათასო დაპირისპირებები ვახსენეთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ თბილისის "დინამომ" ეს პრიზი პირველად 1976 წელს (მეექვსე ცდაზე) მოიპოვა და ფინალში... ერევნის "არარატი" დაამარცხა - 3:0 (გოლები: დავით ყიფიანი, ფირუზ კანთელაძე, რევაზ ჩელებაძე).

...საკავშირო ჩემპიონატების ისტორიაში "დინამოსა" და "არარატს" შორის არაერთი გამორჩეული მატჩი ჩატარებულა; აი, თუნდაც ის შეხვედრა რად ღირს: 1965 წელს "დინამომ" ერევნის "არარატს" უმასპინძლა, 5:0 გაიმარჯვა და ხუთივე გოლი ილია დათუნაშვილმა გაიტანა!

თუმცა მტკივნეული წაგებებიც ყოფილა თბილისში: 1971 წელს, პირველ წრეში "დინამო" საკუთარ მოედანზე სასტიკად დამარცხდა "არარატთან" (0:4), თუმცა მეორე წრეში სტუმრად რევანში აიღო და მანუჩარ მაჩაიძის ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვა.

ის შეხვედრა, 1971 წლის 15 სექტემბერს რომ ჩატარდა, ერევნელთათვის განსაკუთრებული იყო: "რაზდანის" სტადიონის გახსნა უპრინციპულეს მეტოქესთან მატჩს დაამთხვიეს, მაგრამ დამარცხდნენ...

ტკბილად გასახსენებელი
ქართული და სომხური კლუბები ევროტურნირებზეც შეხვედრიან ერთმანეთს და უპირატესობა აქაც ჩვენს მხარეს არის: ოთხ შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე ქართული კლუბები გავიდნენ, ორჯერ კი - სომხური.

პირველი დაპირისპირება 1997 წელს შედგა, როცა თასების მფლობელთა თასის I საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამო" ერევნის "არარატს" ხვდებოდა. პირველი შეხვედრა შოთა ჭეიშვილის დამოძღვრილმა "დინამომ" მოიგო (4:2), მაგრამ ბათუმელთა შემადგენლობაში დისკვალიფიცირებულმა ფეხბურთელმა (დავით სოლოღაშვილი) ითამაშა და წაგება ჩაგვეთვალა (0:3).

საპასუხო შეხვედრაში ბათუმელებმა როსტომ თორღაშვილისა და ივანე მახარაძის გოლებით 2:0 კი მოიგეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ერთი წლის შემდეგ ქუთაისის "ტორპედოს" დებიუტი შედგა ევროტურნირებზე; "ინტერტოტოს თასის" I საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედომ" საშინაო შეხვედრაში სომხური "ერებუნი" დიდი ანგარიშით (6:0) დაამარცხა: ბურთები გაიტანეს გიორგი მეგრელაძემ (2), დავით ჯანაშიამ (2), ზაზა ვაჩიბერაძემ და კახა კვეტენაძემ; საპასუხო მატჩი კი ფრედ (1:1) დამთავრდა და მომდევნო ეტაპზე "ტორპედო" გავიდა.

აი, 2005 წელს კი ჩვენთვის მოულოდნელი ამბავი მოხდა: უეფას თასის I საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივმა" გიორგი ალავერდაშვილის, ლაშა ქებაძისა და გიორგი ონიანის გოლებით სტუმრად 3:2 მოუგო ერევნის "ბანანცს", თუმცა საპასუხო შეხვედრაში შინ 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

"ბანანცი" ერთი წლის მერე კვლავ გვესტუმრა: ევროტურნირების დებიუტანტ "ამერს" თბილისში 1:0 მოუგო, მაგრამ ერევანში უკვე ქართულმა გუნდმა იყოჩაღა და 2:1 (გოლები: რატი წინამძღვრიშვილი, დენის დობროვოლსკი) გაიმარჯვა.

იმავე 2006 წლის ზაფხულში კიდევ ერთი ქართულ-სომხური დაპირისპირება შედგა: "ინტერტოტოს თასზე" თბილისის "დინამომ" სტუმრადაც მოუგო "კილიკიას" (5:1) და საკუთარ მოედანზეც (3:0).

აღსანიშნავია, რომ "კილიკიასთან" პირველ მატჩში "დუბლი" შეასრულა ჯაბა დვალმა, რომელიც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის საუკეთესო ბომბარდირია ევროტურნირებზე.

ბოლო დაპირისპირება კი 2011 წელს შედგა და მეტოქედ კვლავაც "ბანანცი" გვყავდა: ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთავის "მეტალურგმა" ირაკლი ქობალიას ერთადერთი გოლის წყალობით სტუმრად გაიმარჯვა, შინ კი ფრედ (1:1) ითამაშა და მასპინძელთაგან ის ბურთი გიორგი მიქაბერიძემ გაიტანა.

აქვე სანაკრებო დონეზე ჩატარებული მატჩებიც უნდა ვახსენოთ და, უპირველესად, გასახარი ამბავი ვთქვათ: სომხეთი ხომ იშვიათ მეტოქეთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთანაც ჩვენს ნაკრებს დადებითი ბალანსი გააჩნია!

ჰო, აქამდე ჩატარებული ხუთი ამხანაგური მატჩიდან სამი ჩვენი გამარჯვებით დამთავრდა, ერთხელ დავმარცხდით და ერთხელაც ფრედ ვითამაშეთ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია სულ პირველი სანაკრებო დაპირისპირება, 1997 წლის 30 მარტს რომ ჩატარდა: საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დავით ყიფიანი სადებიუტო მატჩს ატარებდა და ის შეხვედრა ჩვენებმა სარეკორდო ანგარიშით (7:0) მოიგეს.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



მართლაც ჩინებული სანახაობა ვნახეთ: შოთა არველაძემ ჰეთ თრიქი შეასრულა, არჩილ არველაძემ - დუბლი, თითო-თითო გოლი კი გიორგი ქინქლაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანეს.

სხვათა შორის, იმ მატჩის მონაწილე ორი ჩვენი ფეხბურთელი დღესაც აგრძელებს აქტიურ საფეხბურთო კარიერას: 39 წლის ამირან მუჯირი და 35 წლის ლევან კობიაშვილი...

დღევანდელი მეტოქე

Sportall.Ge

გიუმრის (ყოფილი - ლენინაკანის) "შირაქი" 1958 წელს არის დაარსებული და 1992 წლამდე რეგულარულად ასპარეზობდა ყოფილი საკავშირო ჩემპიონატის მეორე ლიგაში.

იმდროინდელი მეორე ლიგა, უმეტესწილად, ტერიტორიული პრინციპით იყო დაკომპლექტებული და "შირაქსაც" ხშირად უწევდა ქართულ გუნდებთან (ლანჩხუთის "გურია", სამტრედიის "ლოკომოტივი", რუსთავის "მეტალურგი", ფოთის "კოლხეთი", გორის "დილა" და სხვები) პაექრობა.

სხვა სომხური გუნდისგან (აბოვიანის "კოტაიკი") განსხვავებით, "შირაქმა" ვერც ერთხელ შეძლო საკავშირო პირველ ლიგაში აღზევება; რაც შეეხება საბჭოთა კავშირის თასს, ამ გათამაშებაში საუკეთესო შედეგი 1960 წელს ჰქონდა, როცა მეოთხედფინალამდე მიაღწია, მაგრამ იქ უკვე უშანსოდ იყო: თბილისის "დინამომ" 5:1 (გოლები: ზაურ კალოევი - 4, შოთა იამანიძე) დაამარცხა.

...სომხეთის ფეხბურთის დამოუკიდებლობის შემდეგ "შირაქი" ოთხჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ხუთჯერ მეორე ადგილზე გავიდა, ორჯერ - მესამეზე, ერთხელ სომხეთის თასი მოიპოვა, სამჯერ კი - ქვეყნის სუპერთასი.

"შირაქი" ევროტურნირებზეც რეგულარულად ასპარეზობდა, მაგრამ პირველად მხოლოდ შარშან შეძლო ერთი ეტაპის დაძლევა. კლუბის პრეზიდენტი არმან სააკიანი გახლავთ, მთავარი მწვრთნელი - ვარდან ბიჩახჩიანი.

გასულ საჩემპიონო სეზონში "შირაქის" შემადგენლობაში რამდენიმე ლეგიონერი გამოირჩეოდა, ასევე, გამოცდილი ადგილობრივი ფეხბურთელებიც: 35 წლის ტიგრან დავთიანი, 32 წლის ანდრანიკ ბარიკიანი, 32 წლის კარენ ალექსანიანი.

საერთოდ კი, "შირაქის" შემადგენლობაში სხვადასხვა დროს ბევრ ცნობილ ფეხბურთელს უთამაშია: არკადი ანდრიასიანს, ლევონ იშტოიანს, ოგანეს ზანაზანიანს, ალიოშა აბრამიანს, ჟორა ბარსეგიანს, სამველ ყასაბოღლიანს, არუთუნ ვარდანიანს, არა ადამიანს და სხვებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"შირაქ გიუმრის" თბილისში საქომაგოდ 50-მდე ადამიანი გამოჰყვება
თბილისის "დინამოს" ავსტრიული შეკრების სპარინგ-პარტნიორები ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 2 /
გლადიატორ ძმა ხარ :D
nika
14:01 17-06-2013
0
"არა ადამიანი" :D :D :D აქედან რომელია ცნობილი? :D მე მარტო "არა ადამიანი" ვიცი, ოღონდ სხვა გაგებით :D :D
gladiator
13:05 17-06-2013
0

სიახლეები პოპულარული