თავისუფალი თემა: БУТЫРКА - რეპორტაჟი ცუდი ადგილიდან

AutoSharing Option
ფეხბურთზე წასვლასაც თავისი პრელუდია აქვს.

როცა საქართველოს ნაკრები რომელიმე გრანდს ეთამაშება, რამდენიმე დღით ადრე მიდიხარ სალაროში და ძვირიან ბილეთს ყიდულობ. გინდა ნახო ვარსკვლავები და მათი შეხლა საქართველოს ნაკრებთან. ითვლი თვეებს, დღეებს და თამაშიც გიახლოვდება.

საქართველოს ნაკრებმა შინ გრანდებთან ყველა მატჩი წააგო ერთის გარდა - იტალიას 0:0 ვეთამაშეთ და საფრანგეთი 98-ზე მოხვედრა სათუო გავუხადეთ - იტალიამ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მერე პლეი ოფით გავიდა მუნდიალზე. ნეტავ, იმ დროს!...

საქართველოს ნაკრების მატჩებისთვის ემზადებიან ჩვენი სასახელო მეფსონეებიც. შედეგი ძნელი გამოსაცნობი არ არის
და პატივცემული მეფსონეებიც საქართველოს ეროვნული გუნდის წაგებაზე დებენ ფულს. ეს უეჭველი მოგებაა, აქ გამართლება საჭირო აღარ არის.

რაც ოქრო და ვერცხლი მაქვს, ყველაფერს საქართველოს ნაკრების წაგებაზე დავდებ - ასეთია პრელუდია გრანდების წინ.

მეფსონეები თურმე საქართველოს პირველ ლიგასაც შეუჩნდნენ და მიდის გაქანებული ყომარბაზობა. პირველი ლიგის მაიმუნობები თითქოს არ ჩანს, თითქოს არავინ არაფერს ამჩნევს. მიდი-მოვდივარ! ოღონდაც, პირველი ლიგის თამაშებზე ხალხი ძალიან ცოტა დადის და შესაბამისად, სტადიონზე წასვლის პრელუდიაც ვერ იქნება დიდად მნიშვნელოვანი.

ეროვნული ჩემპიონატის გულისფეთქვა ისევ პერიფერიებშია. ტრადიციული გუნდები ლიხს იქეთ უფრო გვეგულება, ვიდრე აქეთ. ცხადია, ამ გუნდების სტადიონებზე წასვლა არაერთხელ მომიწია და იმედია, კიდევ ბევრჯერ მომიწევს.

მიკროავტობუსები მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიიდან გადის. ხმაური და გამონაბოლქვი, დაბინძურებული ადგილები, დამტვრეული ასფალტის გზა და სავაჭრო ჯიხურები - თითქოს ყველაფერს იოლად ეგუები, სანამ შეხვდები ადამიანებს, რომელთა ხელობა ყვირილია. ორი კაცი და გავდივართ! საჩხერე გადის ხუთ წუთში! ზესტაფონი, ქუთაისი გავიდა!

მიკროავტობუსი იქ ბევრია და იმის არ გეშიანია - ჩახვალ თუ არა დანიშნულების ადგილამდე. გაივლი მყვირალა ხალხს და მიადგები მძღოლს, რომელიც დარწმუნებით გეუბნება, რომ მისი "მარშრუტკა" ათ წუთში გავა და არა მაშინ, როცა მგზავრებით გაივსება.

თუ გულუბრყვილო არ ხარ, მიხვდები, რომ მიკროავტობუსი ათ წუთში არ გავა, რადგან ათ წუთში არ გაივსება. მძღოლის ტყუილი თურმე სერიოზულად არ უნდა მიიღო, ამ ტყუილს არ აქვს მკაცრი მნიშვნელობა, ეს ხელობის ნაწილია და თითქმის ყველა მგზავრი შეგუებულია ამას.

"მარშრუტკაში" ლოდინი სწორედაც რომ საქმეა. ჯერ ბანანის გამყიდველი მოგადგება, მერე ძველი ყვითელი ჟურნალების გამსაღებელიც, გთავაზობენ მოჭიქულ კვერებსა და სხვა ტკბილეულს, ხატებსა და სანთლებს, მოდიან მათხოვრებიც. ამასობაში გადის ათი წუთი, კიდევ ორი ამდენი და "მარშრუტკაც" იძვრის ადგილიდან.

იქ არასდროს არ ყოფილა ნაზარეველი. ცილდები მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას და შვებაც თავისით მოდის. წამით დაფიქრდები იმაზე, ამ ყველაფერს რატომ არ აჩვენებენ ტელევიზორში, მაგრამ მეორე წამს ხვდები, რომ ეს აქტუალური არ არის ჩვენი პატივცემული ბიურგერებისთვის.

სანამ დედაქალაქიდან გახვალ, მძღოლი ბენზინგასამართ სადგურზე აჩერებს, მგზავრებიდან მოკრებილ ფულს ითვლის, საწვავს იმარაგებს და თავს იმის უფლებასაც აძლებს, MP3 ჩართოს და დამკვრელის ხმას აუწიოს.

აქ უკვე წინა პლანზე გამოდის რეპერტუარის თემა. ქართულ ფოლკლორულ მოტივებზე შექმნილი სიმღერები უცნობი მომღერლების შესრულებით - მგზავრების უმეტესობას ეს მოსწონს. ვისაც არ მოსწონს, აქვს იმის უფლება, მძღოლს ხმის დაწევა სთხოვოს.

მალე გამოჩნდება მცხეთის სანახებიც, რასაც მოჰყვება პირჯვრის გადაწერა და იმედი, რომ ღმერთი არ მიგატოვებს.

არმისული გორამდე მძღოლი მეორე MP3-ს უშვებს დამკვრელში. მუსიკა რუსულია, ვიღაც ჩახლეჩილი ხმით მღერის და რაღაცნაირად ხვდები, რომ მძღოლის გარდა ეს მუსიკა რამდენიმე მგზავრსაც უკვნესებს გულს, ჯიგარს ედება და იწვევს ისეთ ჩაფიქრებას, ცივმა თუ ცეცხლიანმა ბუხარმა რომ იცის.

რუსული ბენდის სახელი მოვიკითხე და თამაშიდან დაბრუნებულმა მყის ინტერნეტში დავუწყე ძებნა. БУТЫРКА - ჯგუფი, რომელიც თურმე თავის ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესოა. БУТЫРКА ძველი ციხეა რუსეთში, ეკატერინე მეორის დროს აშენებული სატუსაღო, რომელიც დღესაც მოქმედია.

ლიხის გადალახვამდე მძღოლი ერთხელაც აჩერებს მანქანას. რიკოთზე ბევრი სასადილოა, მძღოლისთვის კი სულერთი როდია, თუ სად გააჩერებს. როგორც ერთმა მგზავრმა მითხრა, ასეთ სასადილოებში მძღოლებს უფასოდ ეძლევათ სადილი, რადგან გაჩერებული მიკორავტობუსიდან მგზავრებიც ჩამოდიან ხაჭაპურის თუ სხვა კერძის მისართმევად.

ზოგიერთი ურჩი მგზავრი რიკოთის სასადილოსთან გაჩერების გამო წუწუნებს, მძღოლი და მისი თანამოაზრეები კი რკინის არგუმენტით იგერიებენ შემოტევას - ქალბატონო, საჭმელს ძაღლებსაც კი აჭმევენ! ასეთ რამეზე ჩივილი მხოლოდ ქალებს შეუძლიათ - ეს წესივითაა.

რიკოთის უღელტეხილზე მგზავრობა დამღლელია, თუმცა გულს ამასაც გადააყოლებს კაცი. ხევში, მდინარის პირას დაინახავთ რამდენიმე ვაკე ადგილს, სადაც ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ. "ბარსელონა", "ბაიერნი", "რეალი" - მათ, ალბათ, ამ გუნდების ფეხბურთელები აყვარებენ ფეხბურთს, ალბათ ასეთ გუნდებში თამაშზე ოცნებობენ, ან უბრალოდ ერთობიან. ეს ბავშვები ძაან სანახავები არიან, ღარიბი ოჯახებიდან გამოსულები, რაღაცნაირად ალალები და მხიარულები.

ლიხსიქითა სტადიონებზე კი ბევრი ხალხი აღარ დადის. "ტორპედოში" ცვლილებებია, "ზესტაფონს" გაუჭირდა, ფოთის და ბათუმის გუნდები უმაღლესი ლიგიდან გავარდნენ. თუმცა მეჩხერი ტრიბუნები მხოლოდ ამის ბრალი არ უნდა იყოს. ხალხს ისე აღარ ეფეხბურთება, როგორც ადრე, სიღარიბე დიდ ხანს გაგრძელდა.

მწუხრზე, სტადიონიდან გამოსულს ისევ "მარშრუტკით" მომიწია მგზავრობა. ახალი და საინტერესო აღარაფერი მინახავს, ერთი ეგ იყო, რომ უკანა რიგებში ნასვამი მგაზვრები ისხდნენ და სიგარეტს მოურიდებლად ეწეოდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული