ნუკრი რევიშვილი: სხვაზე გადაბრალება არ მიყვარს...

AutoSharing Option
დაახლოებით ათი წლის წინათ იყო, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ნიკა ჩხეიძემ რომ მითხრა, ქუთაისში ძალიან საინტერესო ბავშვი ვნახე, მისგან კარგი მეკარე დადგებაო.

მანამდე არაერთი სპეციალისტისგან მქონდა განაგონი მსგავსი რამ, 15-16 წლის ფეხბურთელი ბევრს შეუქია, მაგრამ მერე ეს ბიჭები ისე ვერ თამაშობდნენ ფეხბურთს, როგორადაც აქებდნენ.

ჩხეიძე მაშინ, თუ არ ვცდები, მეკარეების მწვრთნელი იყო, ახლა კი ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს ნაკრებების მენეჯერად.

მოკლედ, ჩხეიძის პროგნოზი სწორი გამოდგა, ნუკრი რევიშვილი მალე გაეცნო საფეხბურთო მილეთს და მალევე მოუწია საქართველოდან წასვლა - 18 წლისა უკვე
რუსეთში, ყაზანის "რუბინში" მოხვდა. მაშინ ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე გახლდათ.

რევიშვილი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ. 22 წლის იყო, მახაჭყალის "ანჟიში" რომ აღმოჩნდა და ძირითადი შემადგენლობის მეკარეც გახდა. მას უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრების კარს ანდობდნენ.

საქართველოში გამოჩნდნენ სხვა კარგი მეკარეებიც - გიორგი ლორია და როინ კვასხვაძე, ჩვენს ეროვნულ გუნდს მეკარის პრობლემა აღარ აწუხებდა.

თუმცა რევიშვილი "კრასნოდარში" რომ გადავიდა, კარიერა წარმატებულად ვეღარ გააგრძელა და იქიდან წამოსვლა მოუწია.

რევიშვილი ახლა გორის "დილაში" ვარჯიშობს, თუმცა ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ის ამ გუნდის ფეხბურთელი გახდება.

ნუკრისთან საუბარიც აქედან დავიწყეთ.

- რევიშვილი გორის "დილაში" - ეს რამდენად რეალურია? ალბათ, რთულია რუსული პრემიერლიგიდან საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება...
- ჯერ "დილაში" ვვარჯიშობ და ველოდები რაღაც ვარიანტებს. უვარჯიშებელი რომ არ შევხვდე ახალ გუნდს, "დილაში" მივედი და გუნდს, ალბათ, შეკრებაზეც გავყვები. ერთი სიტყვით, ვნახოთ, რა როგორ იქნება...

- ანუ "დილაში" თამაში თითქმის გამორიცხულია? "დილას" ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს გამოსვლა და თქმა რად უნდა, საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფეხბურთელები ძალიან დასჭირდება...
- თუ მანამდე რამე სხვა ვარიანტი არ გამოჩნდა, შესაძლოა, ევროპალიგის შესარჩევში "დილაში" ვითამაშო.

- ერთი სიტყვით, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნებას ამ ეტაპზე არ აპირებ...
- ისევ უცხოეთში მინდა წასვლა. ალბათ, ყველა ქართველი ფეხბურთელის სურვილია, რომ საზღვარგარეთ ითამაშოს. კარიერის ბოლოს კი სიამოვნებით ვითამაშებდი საქართველოს ჩემპიონატში.

- და რა მოხდა "კრასნოდარში"? რატომ ვერ მოიკიდე იქ მყარად ფეხი? რისი ბრალი უნდა ყოფილიყო ხანგრძლივი უთამაშებლობა?
- "კრასნოდარში" სიტუაცია გართულდა. ჯერ ოთარ მარცვალაძეს მოუწია იქიდან წასვლა, მერე ალექსანდრე ამისულაშვილს, შემდეგ კი ჩემი ჯერიც დადგა. ადრე თუ გვიან "კრასნოდარის" დატოვება ნაღდად მომიწევდა.

- რამ გაართულა სიტუაცია?
- კანონი შემოიღეს - ვისაც რუსეთის ნაკრებში თამაში არ შეუძლია, ლეგიონერად ითვლება. მე რუსული პასპორტიც მაქვს და ამ კანონის შემოღებამდე ლეგიონერად არ ვითვლებოდი, მერე კი მეც, ფაქტობრივად, ლეგიონერი გავხდი. რუსეთში ლეგიონერების რაოდენობა ლიმიტირებულია - მოედანზე შვიდ უცხოელზე მეტის გაყვანა არ შეიძლება, თერთმეტიდან ოთხი აუცილებლად რუსი უნდა იყოს.

საბოლოოდ, მე და კლუბმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შევწყვიტეთ, თორემ "კრასნოდართან" კიდევ ორი წლით ვიყავი დაკავშირებული. რაღაც დათმობებზე მეც წავედი. როცა უთამაშებელი ხარ, ნაკრებშიც ძალიან ძნელია მაღალ დონეზე თამაში - რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღების დროს ამ ფაქტორსაც ვითვალისწინებდი.

- ისევ რუსეთისკენ მიგიწევს გული თუ უფრო სხვა ვარიანტებზე ფიქრობ?
- კარგი იქნება, თუ ისევ რუსეთში ვითამაშებ, მივეჩვიე. იქ თამაში ადვილი ნამდვილად არ არის, ლეგიონერის სტატუსიც გირთულებს საქმეს. ვნახოთ, თუ ევროპაში თამაშის შესაძლებლობა გამოჩნდება, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, ძალიან მაინტერესებს ევროპაშიც რომ მოვსინჯო ძალა. 26 წლის ვარ და ეს ის ასაკია, მეკარეს კარიერაში საუკეთესო პერიოდი რომ ეწყება. ვფიქრობ, ახლა უფრო შევძლებ ევროპაში თამაშს, ამაში უკვე გამოცდილებაც შემიწყობს ხელს.

- ფაქტია, მახაჭყალის "ანჟიში" ყველაფერი კარგად წაგივიდა და დაღესტნური კლუბის შემდეგ ყველა იმის მოლოდინში იყო, რომ რევიშვილის კარიერაში წინსვლა იქნებოდა...
- "ანჟიში" მართლაც ყველაფერი ჩინებულად იყო, გუნდის მთავარი მწვრთნელი გაჯი გაჯიევი მენდობოდა და მეც რიგიანად ვთამაშობდი, კარში ძალიან თავდაჯერებულად ვიდექი. "კრასნოდარში" კი ყველაფერი აირია, ისე კარგად ვეღარ ვთამაშობდი, როგორც "ანჟიში", სადაც თამაში ისე არ დასრულდებოდა, ერთხელ მაინც რომ არ გადამერჩინა გუნდი.

"ანჟიში" ყოფნის დროს თამაში, ფაქტობრივად, არ ჩამიგდია. რატომ მოხდა სხვანაირად "კრასნოდარში", ზუსტად ვერ გეტყვით. სხვაზე გადაბრალება არ მიყვარს, ალბათ რაღაც დავაკელი საკუთარ თავს, მიზეზს მხოლოდ ჩემში ვეძებ...

- შენი სანაკრებო კარიერით რამდენად კმაყოფილი ხარ?
- ვფიქრობ, წინა შესარჩევში ყველა თამაში ნორმალურად ჩავატარე. ვერ ვიხსენებ, რომ ნაკრებში ცუდად მეთამაშოს - თბილისში ისრაელთან, გასვლაზე საბერძნეთთან, მალტასთან, ლატვიასთან, ხორვატიასთან...

რაც შეეხება ამ შესარჩევს, ფინეთთან ისე ვერ ვითამაშე, როგორც უნდა მეთამაშა. ეს ალბათ იმის ბრალი იყო, რომ "კრასნოდარში" ვერ წამივიდა კარგად საქმე. როცა კლუბში სისტემატურად თამაშობ, ნაკრებშიც უკვე სხვა ფსიქოლოგიით ხარ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროპის ლიგაზე გორის "დილას" პირველი მეტოქის ვინაობა გაირკვა
ნუკრი რევიშვილი გორის "დილაში"?
"კრასნოდარმა" ნუკრი რევიშვილს კონტრაქტი შეუწყვიტა
გორის "დი­ლა­ში" თეიმურაზ ღონ­ღა­ძე და კონსტანტინე გა­ბაშ­ვი­ლიც გა­მოჩ­ნ­დ­ნენ
არამხოლოდ ახალგაზრდული ჟინით - გიორგი დევდარიანი გორის "დილაში"
გორის "დილა" - მოვერცხლილი ისტორია
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნუკრი გამაგრდი, არ მოეშვა და ბევრს მიაღწევ//////////////////
გიორგი
25 ივნისი 2013 10:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული