ლაგოდეხის ბაზა - ქართული ფეხბურთის სახლი კახეთში

AutoSharing Option
ოც წელიწადზე მეტია, ლაგოდეხის საწვრთნელი ბაზა უფუნქციოდ იყო მიტოვებული. მის აღდგენაზე საუბრები ბოლო წლებია, მიმდინარეობს, მაგრამ საქმეს რეალურად ახლაღა ებმება თავი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით, ლაგოდეხის ბაზის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოსთვის ყველა ძირითადი სამუშაო დასრულებული იქნება.

სფფ-მ სპორტულ ჟურნალისტებს სპეციალური ტური მოგვიწყო და თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ლაგოდეხის ბაზას ყველა პირობა უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ საწვრთნელ შეკრებებსა თუ შეჯიბრებებს უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს.

სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებზე უკვე 700 ათასი ლარი დაიხარჯა. დღეისთვის კეთილმოწყობილია სამი საცხოვრებელი სართული.
თითო სართულზე 26 ადამიანის, ანუ დაახლოებით ერთი საფეხბურთო გუნდისა და მისი პერსონალის განთავსებაა შესაძლებელი. სულ გარემონტებული ბაზა 145 ადამიანზე იქნება გათვლილი.

შენობის პირველ სართულზე განთავსდება სამედიცინო პუნქტი, სატრენაჟორო და საპრესკონფერენციო დარბაზები, კვების ბლოკი და ძიუდოსა და ჭიდაობის დარბაზი. შენობაცა და ბაზის ტერიტორიაც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოეწყობა.

ლაგოდეხის ბაზას ექნება ორი სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი - ერთი ბუნებრივი, ერთიც კი ხელოვნურსაფარიანი. ამ უკანასკნელზე შეკრებაზე მყოფი გუნდების გარდა, ლაგოდეხელი ბავშვებიც ივარჯიშებენ.

წლებია, კახეთს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გუნდი არ ჰყოლია, შესაბამისად, არც ლაგოდეხურ ფეხბურთს ულხინს და ბაზის აღდგენა მასზეც სასიკეთოდ იმოქმედებს.

სტანდარტული საფეხბურთო მოედნების გარდა, ბაზაზე აშენდება ფეხბურთის მინი-მოედანი, საკალათბურთო მოედანი და ჩოგბურთის კორტი, ასევე - 25 მეტრი სიგრძის საცურაო აუზი.

ცენტრალურ, ბუნებრივსაფარიან მოედანზე დამონტაჟდება 2 ათასი ინდივიდუალური სკამი. ბაზის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე დღეისთვის 45 ადამიანია დასაქმებული. ყველა ადგილობრივია.

Sportall.Ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ეს ბაზა მხოლოდ საფეხბურთო გუნდებს არ მოემსახურება. გარდა საქართველოს ასაკობრივი საფეხბურთო ნაკრებებისა და კლუბებისა, ლაგოდეხის ბაზაზე შეკრების მოწყობა შეეძლებათ სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებს - მორაგბეებს, კალათბურთელებს, მოჭიდავეებს, ძიუდოისტებს, ჩოგბურთელებს, მძლეოსნებს და სხვებს.

Sportall.Ge

რასაკვირველია, შეკრების ორგანიზატორი სფფ-ს ამ მომსახურებისთვის დაწესებულ თანხას ჩაურიცხავს, რაც ბაზის შენახვასა და პერსონალის სახელფასო ანაზღაურებას მოხმარდება.

ზვიად სიჭინავა: "მოხარული ვარ, რომ ამ პროექტის განხორციელება დაიწყო. ლაგოდეხის საწვრთნელი ბაზა ახალი ბიძგი იქნება როგორც ქართული ფეხბურთის, ასევე მთლიანად, ქართული სპორტის განვითარებისთვის".

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის კლიმატი, რაც ლაგოდეხშია - აქ სიცხეს შუაგულ ზაფხულშიც ვერ იგრძნობთ, მთის ჰაერი, ტყისა და მდინარის სიახლოვე კი შეკრებაზე მყოფ სპორტსმენთა კონდიციებსა და განწყობაზე მხოლოდ და მხოლოდ დადებითად იმოქმედებს.

ბოლოს აუცილებლად უნდა ვახსენოთ იმ პიროვნების ღვაწლი, რომელმაც ლაგოდეხის ბაზის დღევანდელ დღემდე მოტანაში უდიდესი წვლილი შეიტანა - ეს ადგილობრივი ბადრი სამარგულიანი გახლავთ, რომელიც 1992 წლიდან მოყოლებული, ბაზის დირექტორია და საკუთარი ოფლითა და რუდუნებით შეძლო ამ საქმის კეთება. წლების განმავლობაში იგი ბაზას დარაჯად ედგა, ყოველგვარი ანაზღაურებისა და პირადი დაინტერესების გარეშე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხოდაბადრი სამარგულიანი სიცოცხლი ბოლომდე უნდა იყოს დირექტორი
gogi
11:06 26-06-2013
0
ბადრი სამარგულიანი უნდა იყოს სიცოცხლი ბოლომდე დირექტორი
Gogita
11:07 26-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული