მამუკა კვარაცხელია: ყრილობას ეს წინადადებები მოეწონა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXII ყრილობაზე, დღის წესრიგის მიღმა, ბევრ საინტერესო საკითხზე ილაპარაკეს. მათ შორის ერთ-ერთი, ყველაზე საინტერესო, უეფას მედია-ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ დააყენა.

"ლელომ" მას ინტერვიუ ჩამოართვა:

- ყრილობას ოთხი წინადადებით მივმართე. პირველი აღმასკომის წევრთა შეცვლას შეეხებოდა. მიმაჩნია, რომ ის ხალხი, ვისაც ქართული ფეხბურთისთვის ბევრი რამ გაუკეთებია და ფეხბურთით ცხოვრობს, აღმასრულებელ კომიტეტში აუცილებლად უნდა შეიყვანონ.

აღმასკომის წევრთა რაოდენობის გაზრდაც რომ გახდეს საჭირო, ეს ნაბიჯი მაინც უნდა გადავდგათ.

მეორე წინადადება: ბოლო წლების სამარცხვინო ტენდენცია, რომ უამრავი სტადიონი და ბაზა გასხვისდა ან მის
ადგილზე მშენებლობა დაიწყო და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მწვავე დეფიციტია. ამიტომ, გადაუდებელ აუცილებლობად მიამჩნია, რომ ყველა ქალაქში, დაბასა და სოფელში აღირიცხოს მოედნები, ბაზები და ეს სია ფეხბურთის ფედერაციასა და პარლამენტს წარედგინოს. შემდეგ კი არც ერთ მათგანზე ბალახი არ უნდა მოწყვიტონ და ერთი აგურიც აღარ დაადონ.

მესამე საკითხი: აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ეროვნული ჩემპიონატის დასაწყისში მოქმედი აფხაზური კლუბები - სოხუმის "ცხუმი", გალის "მზიური" და ოჩამჩირის "ამირანი". პარლამენტმა და მთავრობამ კეთილი ინებონ, საკითხს სერიოზულად მოეკიდონ და ამ გუნდებს დაეხმარონ.

მეოთხე და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - ლევან ფხაკაძემ წარმოადგინა პროექტი, რომელიც ბიზნესმენებისთვის ადეკვატური საგადასახადო წესების შემოღებას გულისხმობს (იხილეთ ვრცლად). ჩემი აზრით, ეს ძალიან საინტერესო წინადადებაა, რომელიც დახვეწის შემთხვევაში, ქართულ ფეხბურთს დიდ დახმარებას გაუწევს.

იმ ხალხს, ვინც ქართულ ფეხბურთში ფულს დებს, დაუწესონ გარკვეული შეღავათები. სახელმწიფოს ვთხოვთ არა ფულს, არამედ, დღევანდელობის შესაბამის კანონმდებლობას, სხვაგვარად, ფეხბურთი დაიღუპება.

- კანონმდებლობის მიღება როგორ წარმოგიდგენიათ?
- გაუმართლებელი იქნებოდა, გუნდის მეპატრონე საერთოდ რომ არ დაიბეგროს. მაგრამ საწყისი 500 ათასი ლარი არ დაუბეგრონ, ამის შემდეგ კი ჩვეულებრივი გადასახადი დაუწესონ - ნუთუ ეს შეუძლებელია?

ხომ ვხედავთ, რომ ქართულ ფეხბურთს ბიზნესი სათოფეზეც არ ეკარება, ორიოდე ადამიანი შემორჩა და ისიც უნდა გავაქციოთ?

- თქვენი აზრით, ეს ვითარებას შეცვლის?
- რა თქმა უნდა, შეცვლის. საწყისი 500 ათასი რომ არ დაებეგრება, ფეხბურთი მიმზიდველი გახდება. მე ვიცი კონკრეტული ბიზნესმენები, რომლებიც ამ ცვლილებას ელიან.

"ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია წავიდა, რესურსები "იბერია სტარის" პრეზიდენტსაც ამოეწურა, ბოლოს და ბოლოს, რაღაც ხომ უნდა შევცვალოთ, რამე ხომ უნდა ვიღონოთ? ფეხბურთი რომ დაიღუპება, მერე გვიანი იქნება თითზე კბენანი.

- ყრილობის დელეგატებს თქვენს წინადადებაზე რა რეაქცია ჰქონდათ?
- ყველას მოეწონა, წინადადებები სამშაბათს აღმასკომზე წარმოადგინეთო. ჩამოყალიბებულ პროექტს ფედერაციის სამდივნოში ორშაბათს წარვადგენ, აღმასკომმა რომ განიხილოს.

ვნახოთ, რას იზამენ, ფაქტია, რომ აღმასკომი და ყრილობა უფრო ქმედითუნარიანი უნდა იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფეხბურთის ფედერაციამ კლუბებს 40 000 დაუზოგა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული