თბილისის "დინამოს" საევროპო სამზადისი - ავსტრიული ფრაგმენტები [VIDEO]

AutoSharing Option
გასული სეზონის ტრიუმფატორმა თბილისის "დინამომ" ავსტრიულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩი ჩაატარა: დუშან უჰრინის გუნდის მეტოქე რუსეთის პრემიერლიგის წარმომადგენელი "კრასნოდარი" იყო, რომელსაც ცნობილი სერბი სპეციალისტი სლავოლიუბ მუსლინი წვრთნის.

"დინამოსა" და "კრასნოდარის" სპარინგ-მატჩის (0:1) პერიპეტიებზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი შეგახსენებთ, რომ რუსულ გუნდთან პაექრობამდე "დინამომ" სამი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და სამივე ერთობ ძლიერ მეტოქეებთან: კიევის "დინამოსთან" (0:1), დონეცკის "შახტართან "(1:0) და რუმინულ "კლუჟთან" (0:0).

ბოლო სპარინგი
შეკრების ბოლო მატჩში "დინამო" ოპტიმალური შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე, თუმცა, ვინც ამ საკონტროლო შეხვედრას თვალი მიადევნა, დაგვეთანხმება,
რომ ჩვენმა ჩემპიონმა თამაში მეორე ტაიმში გამოასწორა. აი, პირველი ტაიმი კი (განსაკუთრებით - საწყისი წუთები) "კრასნოდარის" უპირატესობით წარიმართა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
სლავოლიუბ მუსლინის შეგირდები მოედნის ცენტრს უპრობლემოდ გადიოდნენ და მერე ფლანგებსაც აქტიურად იყენებდნენ. განსაკუთრებით, მარცხენა ფლანგიდან იქმნებოდა ხიფათი, სადაც "კრასნოდარის" ახალწვეული, კოლუმბიელი რიკარდო ლაბორდე გამოირჩეოდა.

23 წლის მარცხენა გარემარბი ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს, ალბათ, ემახსოვრება: შარშან "ანორთოსისის" შემადგენლობაში გორის "დილას" წინააღმდეგ ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"კრასნოდარის" სასტარტო აქტიურობას ზედიზედ ორი სახიფათო მომენტი მოჰყვა, რომელთაგან ერთ-ერთ შედეგიანი აღმოჩნდა: ურუგვაელი მაურისიო პერეირას პასით სენეგალელმა მუსა კონატემ ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა. 20 წლის კონატეს მატჩის ბოლოსკენ კიდევ ორჯერ შეექმნა რეალური მომენტი, მაგრამ ორჯერვე თორნიკე ზარქუამ იყოჩაღა.

ეს მეორე ტაიმში მოხდა, პირველ ტაიმში კი იგივე კონატე ორჯერ დაემუქრა სახიფათოდ გიორგი ლორიას კარს.

რაც შეეხება დინამოელებს, ერთ ეპიზოდში გოლიც გაიტანეს, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. აი, მეორე ტაიმში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "დინამო" ბევრად უკეთ ათამაშდა: სასარგებლოდ მოქმედებდა დაუღალავი პეტერ გრაიციარი, მარჯვენა ფლანგზე აქტიურობდა შეცვლაზე შემოსული ირაკლი ლექვთაძე.

"დინამომ" ორი საკმაოდ რეალური მომენტიც შექმნა, მაგრამ ჩისკოს შორეული "გასროლაც" და ლევან ხმალაძის თავური დარტყმაც "კრასნოდარის" მეკარემ დიდი გაჭირვებით მოიგერია. განსაკუთრებით ხმალაძის მომენტია აღსანიშნავი - ბურთი "კრასნოდარის" კარის "ცხრიანში" მიფრინავდა, მაგრამ...

მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, "კრასნოდარის" ფეხბურთელები უხეშობაზეც გადავიდნენ და კირილ მოროზოვი გააძევეს კიდეც მოედნიდან, თუმცა ანგარიშის გათანაბრება მაინც ვერ შევძელით.

შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე "გახსნილი თამაში" წავიდა: "კრასნოდარის" შემადგენლობაში შეცვლაზე შემოსული ნიკა ჩხაპელიას ეფექტურ რეიდს ჩვენების საპასუხო შეტევა მოჰყვა, კუთხურის შემდეგ კი ელგუჯა გრიგალაშვილის დარტყმული ბურთი მიზანს სულ ოდნავ ასცდა.

საბოლოოდ, "კრასნოდარმა" მინიმალური ანგარიშით (1:0) გაიმარჯვა. "დინამომ" კი ავსტრიული შეკრების ბოლო სპარინგმატჩი ასეთი შემადგენლობით ჩაატარა:

ლორია (46. ზარქუა) - სეთურიძე, კვარაცხელია (69. შაშიაშვილი), უსტარიცი (57. კვირკველია), გლიშიჩი - გრაიციარი, ხმალაძე (82. პაპავა), ძარია, მერებაშვილი (67. ე. გრიგალაშვილი) - დვალი (46. ლექვთაძე), ჩისკო (83. მიქაბერიძე).

მატჩის შემდეგ
"კრასნოდართან" შეხვედრის შესახებ თბილისის "დინამოს" ოფიციალურ ვებგვერდზე მთავარი მწვრთნელის, დუშან უჰრინისა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ჩისკოს კომენტარები გამოქვეყნდა.

დუშან უჰრინი: დასახული გეგმა სრულად შევასრულეთ
"კარგად ორგანიზებული შეკრება გამოვიდა. კარგი ამინდი, სასტუმრო, ხარისხიანი მოედანი, კვება... ერთი სიტყვით, ყველაფერი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული.

ნაყოფიერად ვივარჯიშეთ, მოვემზადეთ ფიზიკურად, ვმუშაობდით ტაქტიკაზე. საინტერესო მატჩებიც გავმართეთ ძლიერ მეტოქეებთან - 1 მოვიგეთ, 1 ფრედ დავასრულეთ და 2 წავაგეთ. მხოლოდ 1 გოლი გავიტანეთ.

ყველა რგოლში მძაფრი კონკურენცია უნდა იყოს, მათ შორის, თავდასხმაში და აქედან გამომდინარე, ვმუშაობთ შეტევის გაძლიერებაზე.

ყველა ფეხბურთელი მონდომებულია, მათ შორის, ახალწვეულებიც. კვირკველია გამოცდილი მო
თამაშეა და ის უკვე სრულ მზადყოფნაშია. გრიგალაშვილს და მიქაბერიძეს დრო სჭირდებათ; ხურცილავა ფიზიკურად კარგად არის მზად, მაგრამ ტაქტიკურად უნდა მოუმატოს.

კარგად იმუშავეს კაკაბაძემ და გურეშიძემ, რომლებიც პირველ გუნდთან ერთა
დ პირველად იყვნენ შეკრებაზე. მათ მომავალშიც ხშირად ვავარჯიშებთ ძირითად შემადგენლობასთან.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპისთვის დასახული გეგმა შევასრულეთ. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება თბილისში გაგრძელდება".

ჩისკო: საწყის წუთებში კონცენტრაცია გვაკლდა
"მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, მეტოქეს ვაჯობეთ, საგოლე მომენტებიც შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენე
თ და ამაზე უნდა ვიმუშაოთ.

სამწუხაროდ, საწყის წუთებში კონცენტრაცია გვაკლდა, რის გამოც
გოლი გავუშვით.

მთავარი და პოზიტიური, რაც ჩანს, ის არის, რომ ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებულნი. მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე გვაქვს გადატანილი, სადაც მნიშვნე
ლოვანი შეხვედრები გველის".

პირველი შეკრება პირველ გუნდთან ერთად
..."ლელოს" წინა ნომერშიც გაუწყეთ იმის შესახებ, რომ "დინამოს" პრესსამსახური (ხელმძღვანელი - გიგა გვენცაძე) ოპერატიულად აშუქებს ავსტრიული შეკრების ყოველდღიურ ამბებს: გუნდის საწვრთნელ პროცესს, სპარინგ-მატჩების ტექსტურ ტრანსლაციას, ფეხბურთელებისა თუ მწვრთნელების კომენტარებსა და ასე შემდეგ.

ამას გარდა, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე ყოველდღე ქვეყნდება "დინამოს" ფეხბურთელებთან ინტერვიუები. ახლაც ერთ-ერთი ინტერვიუ გვინდა შემოგთავაზოთ, კლუბის პრესსამსახურმა "დინამოს" ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს, ალექსანდრე გურეშიძესა და ოთარ კაკაბაძეს რომ ჩამოართვა.

ავსტრიულ შეკრებაზე მყოფი "დინამოს" ფეხბურთელთაგან ყველაზე ახალგაზრდები 18 წლის მცველები, ალექსანდრე გურეშიძე და ოთარ კაკაბაძე არიან.

Sportall.Ge
ფოტოზე: ოთარ კაკაბაძე (მარცხნივ) და ალექსანდრე გურეშიძე

აღსანიშნავია, რომ გურეშიძეც და კაკაბაძეც "დინამოს" პირველ გუნდთან ერთად შეკრებაზე პირველად არიან. ორივე მათგანი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში თამაშობს და თბილისში დაბრუნების შემდეგ ამჯერად უკვე სანაკრებო შეკრებები ელოდება.

ალექსანდრე (სანდრო) გურეშიძე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისათვის მოემზადება, ოთარ კაკაბაძე კი, სხვა დინამოელებთან ერთად, ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით ერთკვირიან სანაკრებო შეკრებას მინსკში გაივლის.

"დინამოს" ძირითადი გუნდის დებიუტანტები ავსტრიულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ, თუმცა მანამდე ისიც გვინდა ვთქვათ, რომ ოთარ კაკაბაძეს დაბადების დღის აღნიშვნა ავსტრიაში მოუწია - 27 ივნისს 18 წელი შეუსრულდა.

ოთარ კაკაბაძე:
- უპირველეს ყოვლისა, ყველას მადლობა მინდა ვუთხრა მოლოცვისათვის. ისე მოხდა, რომ დათო კვირკველიასაც ამ დღეს ჰქონდა დაბადების დღე. მასაც ვულოცავ. გუნდის ვახშამზე ორი სადღესასწაულო ტორტი გაიჭრა. ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა, ძალიან მიხარია, რომ ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელი ჩვენით დაინტერესდა და ვეცდები, ეს ნდობა გავამართლო. ყველამ ძალიან თბილად მიგვიღო და ყველანაირად ხელს გვიწყობენ.

ალექსანდრე გურეშიძე:
- ძალიან სასიხარულოა, "დინამოს" ძირითად გუნდთან ერთად რომ გვიწევს შეკრებაზე ყოფნა და ისიც, რომ თავის კარგად წარმოჩენის შანსი მოგვეცა. აღარაფერს ვამბობთ მართლაც შესანიშნავ პირობებზე. მწვრთნელები, წევრები თუ გამოცდილი თანაგუნდელებიც მუდმივად მხარში გვიდგანან და ჩვენც მაქსიმალური მონდომებით ვვარჯიშობთ.

- ამპლუით ორივენი მცველები ხართ. "დინამოს" დაცვის ხაზი კი გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, - იმათგან ალბათ, ბევრ სასარგებლოს სწავლობთ...
ოთარ კაკაბაძე:

- ვცდილობთ, ყველასგან რაღაცა ვისწავლოთ: ზოგისგან - ბრძოლა და თავდადება მოედანზე, ზოგისგან კი - ინდივიდუალური ოსტატობა. გამოცდილი პარტნიორები ძალიან თბილად გვექცევიან.

ალექსანდრე გურეშიძე:
- ხშირად მიფიქრია, ამა თუ იმ საფეხბურთო ეპიზოდში როგორ მოვიქცეოდი და როცა ყურადღებით ვაკვირდები ჩვენი გამოცდილი თანაგუნდელების ვარჯიშსა თუ თამაშს, მივმხვდარვარ, რომ თურმე ვცდებოდი. ასეთი გამოცდილი და პროფესიონალი ფეხბურთელების გვერდით ვარჯიში კი ჩემთვის დიდი სკოლა და სიამოვნებაა.

- ძირითად გუნდთან ერთად შეკრებაზე პირველად ხართ, თუმცა საკონტროლო მატჩების მიმდინარეობისას მაყურებლის როლში ყოფნა გიწევთ...
ოთარ კაკაბაძე:

- ჩემპიონთა ლიგაზე "შახტარისა" თუ "კლუჟის" თამაშებს სულ ცოტა ხნის წინათ ტელევიზორში ვუცქერდი, აქ კი, ჩემ თვალწინ, ჩემი თანაგუნდელები ეპაექრებოდნენ. ორივე მეტოქესთან საინტერესო შეხვედრები იყო და ვცდილობდით, მაქსიმალური ყურადღებით მიგვედევნებინა თვალი თითოეული ეპიზოდისათვის. იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ სწორედ ასეთი მატჩებისათვის გვამზადებენ...

ალექსანდრე გურეშიძე:
- სამივე სპარინგ-მატჩისას ნათლად ჩანდა, რომ "დინამო" ფიზიკურად კარგად არის მომზადებული. თანაც, იმის მიუხედავად, რომ ეს შეხვედრები ამხანაგურ ხასიათს ატარებდა, "დინამოს" ყველა ფეხბურთელმა დიდი მონდომებით ითამაშა. ჩვენ კი, ახალგაზრდები, ცდას არ დავაკლებთ, რათა "დინამოს" განუყოფელ ნაწილად ვიქცეთ.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამო" და საკონტროლო მატჩები - სიახლეების მოლოდინი
დინამო-შახტარი 1:0 - კარგი განწყობა ჩემპიონთა ლიგის წინ [VIDEO]
დინამო (თბილისი)-დინამო (კიევი) 0:1 - პირველი სპარინგი ავსტრიაში [VIDEO]
დინამო-შირაქი 1:1 - ახა­ლი გუნ­დის კონ­ტუ­რე­ბი [VIDEO]
წილისყრა. თბილისის "დინამო": ხანდახან ჩვენც ხომ უნდა გაგვიმართლოს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული