როდის გაბრწყინდება "ივერია"? ხაშურის მთავარი არენა რეაბილიტაციის მოლოდინშია

AutoSharing Option
ჩვენი ქვეყნის იმ ქალაქებს შორის, სადაც სტადიონი მეტად სავალალო მდგომარეობაშია, ხაშურიცაა. "ივერიის" სტადიონი რამდენიმე წელია, შველას ითხოვს და ჯერჯერობით მის რეაბილიტაციას ვერაფრით დაადგა საშველი.

1933 წელს აშენებული არენა დიდი ხნის განმავლობაში მასპინძლობდა სპორტულ შეჯიბრებებს. პირველ ყოვლისა კი, ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "ივერიას" საშინაო მატჩებისას იტვირთებოდა...

სტადიონს რეკონსტრუქცია ბოლოს 1990 წელს ჩაუტარდა (8 ათას მაყურებელს იტევდა) და იმავე წლიდან, ანუ საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატის დაარსებიდან მოყოლებული, ქვეყნის პირველობის კალენ
დარული მატჩები იმართებოდა.

ხაშურელებმა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 7 სეზონი გაატარეს, თუმცა შემდეგ დაქვეითდნენ და ძირითადად, ქვედა ლიგებში უწევდათ ასპარეზობა.

კლუბის ღირსებას ქართულ ფეხბურთში ცნობილი არაერთი მოთამაშე იცავდა - ნიკა ტოგონიძე, მალხაზ ლაცაბიძე, გივი ქობელაშვილი, ლიტველი გოლკიპერი ალგიმანტას ბრიაუნისი...

38 წლის მცველი ზაზა ლაცაბიძე, რომელმაც პირველად 1992-93 წლების სეზონში "ივერიას" მაისურით იასპარეზა უმაღლეს ლიგაში, ისევ ხაშურშია და მშობლიური კლუბის ღირსებას იცავს, უკვე როგორც მოთამაშე-მწვრთნელი.

2005-09 წლებში, ფინანსური სიდუხჭირის გამო, კლუბმა არსებობა შეწყვიტა, თუმცა ფეხბურთზე შეყვარებული ახალგაზრდების ინიციატივით, მისი აღდგენა შესაძლებელი გახდა.

2011 წლამდე, სტადიონის არასახარბიელო მდგომარეობის მიუხედავად, "ივერია" მაინც ახერხებდა საშინაო მატჩების ამ არენაზე გამართვას, მაგრამ 2009 წელს ადიდებულმა მდინარე სურამულამ, ხაშურის დიდ ნაწილთან ერთად, სტადიონიც დატბორა და მინდვრის საფარი მთლად უვარგისი გახადა.

მოედნის გარდა, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია ინფრასტრუქტურა - გასახდელები, ადმინისტრაციის ოთახები... ტრიბუნებზე დასაჯდომი ადგილები საერთოდ აღარაა, ზედმეტია ლაპარაკი სტუმართა ლოჟაზე, ტაბლოსა და სხვა აუცილებელ ატრიბუტებზე, რაც წყალდიდობამდე კარგა ხნით ადრეც აღარ მოქმედებდა.

ამის გამო "ივერიამ" ერთი სეზონი აგარაში, ხოლო ორიც ბორჯომში ჩაატარა. ახლახან დასრულებულ სეზონში ხაშურელებმა II ლიგის აღმოსავლეთ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. ვინაიდან პირველ ადგილზე გასული "ქართლი 2011" ცოტა ხნის წინათ დაიშალა, "ივერიას" პირველ ლიგაში თამაშის შანსი მიეცა, მაგრამ ახალ პირველობას მაინც მეორე ლიგაში იწყებს.

"ივერიას" ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებს. მთავარმა მწვრთნელმა, ახალგაზრდა სპეციალისტმა ვასილ კობერიძემ ზედა ლიგაში თამაშზე უარის თქმის მიზეზად საშინაო არენის არქონა დაასახელა.

"გუნდს აქვს იმის პოტენციალი, რომ პირველ ლიგაშიც ღირსეულად იასპარეზოს, თუმცა ამას გაზრდილი ხარჯებიც ესაჭიროება.

მუნიციპალიტეტში ამ დღე
ებშიც იყო შეხვედრა ამ საკითხზე. ხაშურის ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსება არ იქნება, თუ გუნდი საშინაო შეხვედრებს შინაურ არენაზე არ გამართავს. ამიტომ წლეულს ისევ მეორე ლიგაში ვითამაშებთ, ხოლო საგაისოდ, თუ ამ სეზონში წარმატებას მივაღწევთ, ანალოგიურ ვითარებაში რომ არ აღმოვჩნდეთ, არენის პრობლემის მოგვარებაა აუცილებელი.

სტადიონს დაგროვილი აქვს ძველი დავალიანება, 80 ათას ლარამდე, ადევს ყადაღა... უნდა მოხდეს ამ თანხის ჩამოწერა ეკონომიკის სამინისტროს მიერ. მერე კი რაიონის ხელმძღვანელობა გვპირდება, რომ სტადიონის მოწესრიგება დაიწყება.

საუბარია ალტერნატიულ ვარიანტებზეც, რომლის მიხედვითაც, რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობა ხაშურშივე მდებარე მეორე, მარტივი ტიპის მოედანს ან სურამის სტადიონს გააკეთებს.

მაგრამ საყოველთაო მოსაზრებით, უმჯობესია, თუ ისევ "ივერიის" სტადიონის რეაბილიტაცია მოხდება, რადგან მისი კეთილმოწყობა სამომავლოდ მაინც აუცილებელი გახდება",
- გვითხრა კობერიძემ.

"ივერიისთვის" საშინაო არენის მოსაწესრიგებლად ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინტერესი სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსმა ნოდარ კვინიკაძემაც დაგვიდასტურა. მისი განმარტებით, რაიონის მომავალი წლის ბიუჯეტში, დიდი ალბათობით, აუცილებლად იქნება ასახული სტადიონის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხაც.

ჯერჯერობით კი "ივერია" მატჩებს ისევ ბორჯომის სტადიონზე ჩაატარებს. არადა, წლეულს ბორჯომსაც გაჰყავს გუნდი მეორე ლიგაში. ამიტომ იქაური არენა საზიარო იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარტო სტადიონი? სპორტული კომპლექსი რომ არ გვაქვს მასზე რატო არ წერენ? კალათბურთელები რომ გაყინულ და გაყიდულ კსკ–ში ვარჯიშობენ? როგორც გარეთ წვიმს ისე შიგნით, ძალიან მინდა რომ ჩემი შვილები დაეუფლონ ამ ლამაზ სპორტს მაგრამ ცუდი პირობების გამო იძულებული ვარ ვერ ვატარო. ამას წინათ ხარაგაულში ვიყავი ნათესავებში და გაგიჟებული ჩამოვედი ნუთუ ამ პატარა მიკარგულ რაიონულ ცენტრს ჰყავს პატრონი და საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალურ ქალაქს არა?
იუკა
17:55 15-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული