68 წლის სპეციალისტი საქმიანობას 1 სექტემბრიდან შეუდგება. ალბათ, ეს სწორედ მისთვის მორგებული შტატია, რადგან ფეხბურთში ჩახედული ხალხი დაგვეთანხმება, რომ "მიხიჩა" მოთამაშეს, როგორც იტყვიან, კოჭებში ცნობს.
ძოძუაშვილმა თავის სამწვრთნელო კარიერაში ყველაფერი გამოიარა. სწორედ მის სახელს უკავშირდება თავის დროზე ყველასთვის უცნობი ლატვიური "სკონტოს" გაძლიერება. მერე იყო ლატვიის ეროვნული გუნდი, რომელსაც რამდენიმე დასამახსოვრებელი გამარჯვება მოუტანა. ამ ნაკრებმა ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე რომ იასპარეზა, ეს გზა ძოძუაშვილის გაკვალულიცაა.
სხვათა შორის,
ძოძუაშვილი "ლელოს" თავის ახალ საქმიანობაზე უსაუბრა...
- გილოცავთ ფეხბურთში დაბრუნებას!..
- ჯერ ჩემი საკითხი გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ მითხრეს, რომ ხელშეკრულებას 1 სექტემბრიდან გავაფორმებთ. მიხარია, რომ მიმიწვიეს. სულ ვამბობდი, რომ ქართულ ფეხბურთს ჰაერივით სჭირდებოდა ვეტერანი ფეხბურთელების გამოცდილება და ცოდნა. ეს არ იყო ჩემი ახირება და არც იმის მცდელობა, რომ რაიმე ადგილი მეპოვნა.
საბედნიეროდ, ფეხბურთის ფედერაციაში ყოფილან ადამიანები, რომელთაც ესმით - ხურცილავას, ჩივაძის, ძოძუაშვილისა და სხვა ვეტერანების გამოცდილება ისევ ჩვენს ფეხბურთს წაადგება. ასეა კიევის "დინამოში", სადაც ვეტერანებს თვალის ჩინივით უფრთხილდებიან.
ბრაზილიის ნაკრები აიღეთ - სკოლარის ასისტენტებად მსოფლიოს ჩემპიონატებზე ნამუშევარი მწვრთნელები მიუსვეს. გამოცდილება არ უნდა დაიკარგოს.
- თქვენი დანიშვნა მოულოდნელი იყო იქიდან გამომდინარე, რაც 2011 წელს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მოხდა. მაშინ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას დაუპირისპირდით...
- ქართველები ემოციური ხალხი ვართ და მაშინ მეც ზედმეტი მომივიდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ გაუგებრობა იყო. მე ჩაწყობილ მატჩებში მონაწილე ფეხბურთელებსა და კლუბების პრეზიდენტებზე ვთქვი - მათ მთელი ცხოვრება უნდა იწვალონ-მეთქი, არადა, ზვიადმა ეს საკუთარ თავზე მიიღო. მერე შევხვდი, დავილაპარაკეთ, ორივეს ერთი და იგივე პრობლემები გვადარდებს. ერთმანეთი გავიცანით და უსიამოვნებაც წარსულს ჩაბარდა.
- ნაკრები გუნდების სელექციონერი მუდმივად მოძრაობაში უნდა იყოს, შესაბამისად, სახსრები დაგჭირდებათ. ფედერაცია ამას უზრუნველყოფს?
- ჯერ არც ვიცი, რა პირობებზე ვიმუშავებ. არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ მქონია და ჩემივე სახსრებით ბევრს ვმოძრაობდი. სელექციონერობა ჩემთვის საშუალებაა, რომ ქართულ ფეხბურთს უფრო აქტიურად ვემსახურო. კარიერა რომ დავამთავრე, მსაჯობა დავიწყე, მერე არმიის გუნდში ჯარისკაცებს ვავარჯიშებდი. ეს საქმე არ მეზარება, რადგან მიყვარს ფეხბურთი და მისი სხვა კუთხიდან შესწავლა მსურდა. ნიჭიერი ბავშვების ძებნა ყოველთვის მახარებდა და ახლა რაღა დამიდგება წინ?
- კლუბსა და ოფიციალურ სტრუქტურებში 2010 წლიდან არ გიმუშავიათ. ამ პერიოდში რას საქმიანობდით?
- იცით, რომ მიმუშავია საქართველოსა და ლატვიის ეროვნული ნაკრებებში, ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ, ლატვიურ, უკრაინულ, ყაზახურ და საუდის არაბეთის კლუბებშიც კი. თუმცა 2010 წლიდან, "თავუზიდან" წამოსვლის შემდეგ, კლუბში აღარავის მივუწვევივარ.
მაგრამ ფეხბურთის გარეშე ერთი საათიც არ მიცხოვრია. ჩამოვაყალიბე ძოძუაშვილის აკადემია, სადაც უგუნდო ფეხბურთელებს მოვუყარე თავი. სტადიონი არ მქონდა და ამიტომ, ჯერ "დინამო არენის" სათადარიგო მოედანზე ვვარჯიშობდით, შემდეგ იპოდრომზე. ცალკე აფრიკელების გუნდიც მყავდა...
ხომ იცით, საქართველოში ბევრი უპატრონო ბავშვია, გუნდი კი - ცოტა და გუნდში ხომ ყველა ვერ ეწყობოდა. ზუსტად ასეთებს ვეხმარებოდით. მაგალითად, არსად არ ირიცხებოდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი, 24 წლის გიორგი ჭედია, რომელიც "მეტალურგში" საქართველოს ჩემპიონი გახდა. გარკვეული პერიოდი ჩვენთან ვარჯიშობდნენ მეკარე მაქსიმე ქვილითაია, ზაალ ელიავა, გიორგი თექთურმანიძე, ახლახან - ვალერი აბრამიძეც.
სხვათა შორის, თექთურმანიძე "დინამოში" ჩვენთან ამხანაგური თამაშის შემდეგ აიყვანეს. აბა, ასეთი ფეხბურთელების გამოუყენებლობა იქნებოდა?! ფაქტობრივად, ქუჩიდან მოვიყვანეთ 17 წლის თავდამსხმელი გიორგი გიორგაძე, რომლითაც ერთ-ერთი ინგლისური კლუბი დაინტერესდა.
- როგორ გგონიათ, ქართულ კლუბებში რატომ აღარ გიწვევდნენ?
- იყო დრო, ძოძუაშვილი კი არა, საერთოდ, გამოცდილი ხალხი აღარ სჭირდებოდათ. თორემ, თავად ყოველთვის ქართული ფეხბურთისთვის ვცხოვრობდი. კარგად მახსოვს, რუსეთში ვმუშაობდი, როცა ქუთაისის "ტორპედოს" გაუჭირდა. ძმებმა კოდუებს ჩემი თავი ურჩიეს და რუსული გუნდი დაუფიქრებლად მივატოვე.
მთელი ცხოვრება იმაზე ვოცნებობდი, რომ ცოდნა და გამოცდილება ქართული ფეხბურთისთვის გამომეყენებინა და ახლა ეს შანსი მომეცა. თუ მწვრთნელად არავის ვჭირდები, აგერ, სელექციონერად მიხმეს და დავთანხმდი. მსაჯობა არ მითაკილია და სელექციონერობაზე უარს ვიტყოდი?!
- თქვენი აზრით, ჩრდილში ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა?
- ეზო-ეზო და სოფელ-სოფელ დავდივარ, რადგან ასეთი ბევრი გვყავს. ზოგი ფეხბურთიდან გაჭირვების გამო მიდიოდა, ზოგს საოპერაციო ფული არ ჰქონდა და ასე შემდეგ. უჭირს ხალხს... ისეთი ნიჭიერი მოთამაშეები აღმომიჩენია...
- თქვენი აზრით, დღეს ნაკრები გუნდების სელექციონერები როგორ მუშაობენ?
- ქეცბაია, ჩივაძე, ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები სულ ძიებაში არიან და მეც გვერდში დავუდგები. თუ გაიხსენებთ, სადაც მიმუშავია, ნაკრებს მოთამაშეებს ყოველთვის ვუზრდიდი. კობიაშვილი, კალაძე, აშვეთია, ასათიანი, სილაგაძე, ჩალაძე... რომელი ერთი ჩამოვთვალო? ან პერტია მწვრთნელად ვინ გაზარდა? ფედერაციასაც არ აქვს იმხელა ფული, ვინმე უცხოეთში მყოფ ქართველებს სისტემატურად რომ დააკვირდეს, თორემ მუშაობა არავის ეზარება.
რა გგონიათ - ქინქლაძეები და არველაძეები საქართველოში აღარ არიან? და თუ ვინმე მომეწონება, ნაკრების მწვრთნელს ვურჩევ და ხელსაც მოვაწერ, რომ ის ფეხბურთს ითამაშებს, რადგან ჩემი ამორჩეული 10 კაციდან 9 ფეხბურთს თამაშობდა.
გიგა ნორაკიძის შემდეგ ქართული ფეხბურთი ჭაობში იყო და ისეთი ტალანტები დავკარგეთ, დღემდე ვერ მომინელებია. მე ვალდებულიც ვარ, ჩვენს ფეხბურთს დავეხმარო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რევაზ ძოძუაშვილი ფეხბურთში ბრუნდება
რევაზ ძოძუაშვილი: მეშინია, დღევანდელი ფეხბურთით თავი არ მოგვეჭრას
რევაზ ძოძუაშვილი: თემურ ქეცბაია ამ წრეს სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს
"ყველა ქართველ პრეზიდენტს ადვილად სამართავი მწვრთნელი სჭირდება"