დილა-რაპიდი 0:3 - ტომოგრაფია: ევროპისთვის არ გამოდგები! [VIDEO]

AutoSharing Option
კარგად აგორებული ემოციური ტალღა გორის "დილაზე" 29 აგვისტოს დამთავრდა. შეკოწიწებული "დილა" ევროპალიგის ჯგუფში ვერ გავიდა, "დილამ" წლევანდელი ევროსარბიელი ლოგიკური შედეგით დაასრულა, თუმცა შინ 0:3 მაინც ძალიან მტკივნეულია.

"რაპიდთან" ჯერ კიდევ ვენაში, პირველ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ "დილას" გაუჭირდა საკუთარი თამაშის პოვნა. საპასუხო შეხვედრაშიც ასე მოხდა, გიორგი დევდარიანის გუნდმა რამდენიმე ეპიზოდში გაიბრწყინა, მთლიანობაში კი ავსტრიულ ქვაზე დასათხლეშ ხეჭეჭურს ჰგავდა.

"რაპიდი" სწორედაც რომ ქვა და რკინა იყო ნახევარდაცვაში. ჯანმაგარი ავსტრიელები ორთაბრძოლებს თითქმის არ აგებდნენ. "დილაც" სხვადასხვა გზით ცდილობდა ჯებირების გადალახვას, თუმცა გათანგული და
დაჯაბნილი თვითონ გამოდგა.

"რაპიდი" არ არის ფანტაზიით გამორჩეული გუნდი, თუმცა ავსტრიელები შეტევაში ნამდვილი გერმანელებივით გადადიან და "რაპიდი" ისეთ იმიტაციას ქმნიდა, თითქოს ახალგაზრდულ გუნდს ეთამაშებოდა - "რაპიდი" "დილაზე" აშკარად ღონიერი გამოდგა ძალისმიერ თამაშში.

Sportall.Ge"რაპიდის" ორი საყრდენი ნახევარმცველი - ბრაიან ბეერენდტი და ჰარალდ პიხლერი მეორე ტაიმში მოედნის ცენტრში ისე ბატონობდნენ, რომ "დილა" გრძელი გადაცემებით და შეცვლაზე შემოსული ირაკლი მოდებაძის იმედად დარჩა, ბურთზე კონტროლი ძალიან უჭირდა; არადა, პირველი ტაიმი დევდარიანის გუნდმა წააგო და თამაშის გადაწყობა მართებდა.

...მატჩი ორივე გუნდმა ფრთხილად დაიწყო, პირველი 15-20 წუთი მოსაწყენიც კი გამოდგა. მერე ავსტრიელებს ჰქონდათ გოლის გატანი შანსი - მარსელ ზაბიცერი აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზციაში, მაგრამ ნუკრი რევიშვილი კარგად გამოვიდა კარიდან, კუთხე დაფარა და ბურთი კარში არ შეუშვა.

...დავით ბოლქვაძის პასით გრიგოლ დოლიძე გაიჭრა "რაპიდის" კარისკენ, მცველთან ორთაბრძოლაში წაიქცა, საკამათო ეპიზოდი იყო, არბიტრმა "დილას" სასარგებლოდ არ ჩასტვინა.

"დილას" მხნეობა მოემატა, გიორგი ილურიძემ ერთხელაც იმდენი ქნა, რომ ბურთი კარგად გაათრია, სოლო-რეიდს ჩინებული პასიც მიაყოლა. დოლიძეს მართებდა გოლის გატანა, მაგრამ "რაპიდის" მეკარეს, იან ნოვოტას ვერ აჯობა.

ამასობაში "დილას" დაცვაში წუნმა იმატა, გვიდო ბურგშტალერის დარტყმა ხარიხამ აისხლიტა, ტაიმის მიწურულს კი ერთხელაც მოირღვა გორული დაცვა და ეს უკვე ოცნების დასასრულს ნიშნავდა - შინ გოლგაშვებული "დილა" ფსიქოლოგიურად გატყდა.

მეორე ტაიმისთვის დევდარიანმა ორი შეცვლა განახორციელა - ტვინის შერყევის შემდეგ ახალგამოჯანმრთელებული ირაკლი მოდებაძე და მიხეილ გორელიშვილი შეუშვა მოედანზე. მოდებაძემ რამდენჯერმე მოახერხა პირველი ბურთის მოგება და შეტევისთვის ნიადაგის მომზადება, გორელიშვილმა კი მარცხენა ფლანგიდან თამაშის გამწვავება ვერც შეძლო - მეურვეს სისწრაფესა და ფიზიკურ ძალაში ვერ ჯობნიდა.

მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, "დილამ" დამუშავებული კომბინაცია გაითამაშა - დავით ბოლქვაძემ მცველების ზურგს უკან ჩაჰკიდა ბურთი, ფეხმალი დოლიძეც შეიჭრა "რაპიდის" საჯარიმოში, თუმცა კუთხე დაიმახვილა და დარტყმა მეკარეს შეაწყვიტა.

ეს ეპიზოდი იმედის ნაპერწკალი იყო, რომელმაც ცეცხლი ვერ დაანთებინა "დილას". ავსტრიელებმა ისევ მარჯვედ გადაკეტეს ზონები და მოწინააღმდეგის შებოჭვაც მოახერხეს.

ბურთი ვერ გააგორეს, ფლანგებიდან ვერ შეუტიეს, მოდებაძე მარტო რჩებოდა რამდენიმე მცველთან, ილურიძე ეფექტურად ვეღარ ირჯებოდა - "დილას" აღარაფერი გამოსდოდა.

მეორე გოლიც "დილამ" ავსტრიელების კონტრშეტევით გაუშვა. "რაპიდმა" გორელებთან ორივე შეხვედრაში კარგად გამოიყენა ის იარაღი, რასაც "დილა" უპირისპირებდა "რაპიდამდე" ხორვატულ "ჰაიდუკსა" და დანიურ "ოლბორგს".

0:2-ის მერე დევდარიანის გუნდმა მაინც გაიბრძოლა, ილურიძის პასით გორელიშვილს მიეცა საგოლე შესაძლებლობა, მაგრამ ვერ გამოიყენა, ულაზათოდ დაარტყა.

რაც უფრო ძლიერია მოწინააღმდეგე, მით უფრო კარგად ჩანს, ვის აქვს ევროპული გამოცდილება და კლასი. ოთარ ხიზანეიშვილი "რაპიდთან" ორივე შეხვედრაში გამორჩეული იყო, სხვაზე მეტი კლასი ეტყობოდა, თორემ უშეცდომო არც ის ყოფილა.

"დილა" სულ იმის ცდაში იყო, როგორმე მოეძებნა ღრიჭო "რაპიდის" დამცავ ეშელონებში, მაგრამ მხოლოდ მცდელობა ვერ იქნებოდა საკმარისი - მეტოქე "დილაზე" უკეთ ირჯებოდა.

გორელები შინ დიდი ანგარიშით რომ დამარცხდნენ, იქნებ მთლად ლოგიკური ვერ იყოს, "დილასაც" ჰქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ მესამე გოლი ისე გაუშვა, რომ "რაპიდისთვის" 3:0 ალალი გამოდგა - ბეერენდტმა "დილას" რამდენიმე ფეხბურთელი იოლად დაჯაბნა, მეკარესაც გაუსწორდა და ასე შეაგორა ბურთი კარში.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის დასრულების შემდეგ სტუმრებმა მოედანზე პატარა წრე შეკრეს და ცეკვა-თამაშითაც აღნიშნეს გამარჯვება.

"დილას" კი ტაში მაინც დაუკრეს - დევდარიანის გუნდმა ეს, ალბათ, იმით დაიმსახურა, რომ მოკლე დროში რაღაცის გაკეთება ნაღდად მოახერხა.

მატჩის შემდეგ
გიორგი დევდარიანი:
ჩვენმა ბიუჯეტმა და ორთვიანმა მომზადებამ გვაჩვენა, რომ ევროპის ლიგის ჯგუფში ჩვენი ადგილი არ არის. მიუხედავად ამისა, სანამ ანგარიში გაიხსნებოდა, ორი საგოლე შანსი გვქონდა. "რაპიდმა" გვაჯობა და დამსახურებულად გავიდა ევროპის ლიგის ჯგუფში.

800 000 ლარი და ორი თვე მოსამზადებლად - ასე იყო საქმე. ამ შეხვედრის დეტალებზე კი მაშინ ვისაუბრებ, ყველაფერს ცივი გონებით რომ შევხედავ.

რაც შეეხება იმას, გავაგრძელებ თუ არა მუშაობას "დილაში"... როცა წარმატებით თამაშობ და იმარჯვებ, ერთია და მეორე ის, როცა წააგებ და გვერდში დგომაა საჭირო. გორელი გულშემატკივრების სითბოს არასდროს დავივიწყებ.

"დილას" ორი წამყვანი მოთამაშე დატოვებს - ლაშა გვალია და გიორგი ილურიძე. მათ მადლობას ვუხდი და წარმატებას ვუსურვებ. ამ ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ "დილასთან" განშორება მოუწევდათ და მაინც მონდომებით ითამაშეს, თუმცა რომ მიდიხარ, ეს ძალაუნებურად მაინც მოქმედებს.

ერთადერთი, რითიც კმაყოფილი ვარ, ის არის, რომ "დილამ" წლევანდელ ევროსარბიელზე ნორმალური თამაში აჩვენა. პირველმა ოთხმა მატჩმა იმედი გააღვივა, რაც საბოლოოდ ფუჭი გამოდგა".


ზორან ბარიშიჩი:
"ასეთი ანგარიშით მოგებას არ ველოდი, რადგან კარგი მოწინააღმდეგე გვყავდა. რთული მატჩი გამოდგა, იყო შანსი, რომ სხვანაირი თამაში ყოფილიყო.

ამ შეხვედრაში მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ გოლი პირველი ტაიმის ბოლოს გავიტანეთ. ვფიქრობ, ამან მეტოქეზეც იმოქმედა"
.

ასევე იხილეთ:

რაპიდი-დილა 1:0 - თამაში ავანტიურის გარეშე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 10 /
ეეეეეეეეჰ
alexandre
10:42 30-08-2013
0
მატჩის მსვლელობის კარგი გარჩევაა ძლიერი ხარ რეფორტიორო ლორთქიფანიძე ქართული ენითაც ურტყაქმ ათიანში-ქვაზე შემსკდარი ხეჭეჭურივით-მაგარია ლორთქიფანიძისნაირი კომენტატორები ესაჭიროება ქართულ ფეხბურთს,თუ დიქციაც და გარეგნობაც ხელს უწყობს. კოტე მახარაძისნაირი ეტალონია საჭირო, მაღალი ჭკვიასნი,ფეხმურთში გამრკვევი,თაქტიანდა თავმდაბალი,ერთი-ორი ენის ლონდონური ან მადრიდული ან მოსკოვური აქცენტით, მცოდნე,რა თქმა უნდა თბილისური აქცენტის მიღმა
Elizabeth-Grtat London
11:16 30-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული