27 სექტემბერი: ჰეი, ვარა! ფეხბურთი ხომ არ გვეთამაშა?

AutoSharing Option
ფოტოზე: დინამო (სოხუმი)-დინამო (თბილისი). სსრკ თასის ნახევარფინალი. 1965 წელი

ყველაფერს თავისი ფუძე აქვს. ფეხბურთშიც ასეა - რაც გამორჩეულია, ფუძის გარეშე არ არსებობს. სამხრეთელები იმიტომ თამაშობენ თავისებურად, რომ უფრო მოქნილი სახსრები აქვთ, ვიდრე ჩრდილოელებსო - ეს ბევრისგან გამოგონია და, ალბათ, ასეც არის.

დიეგო მარადონა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში რამდენჯერმე ამბობს ერთსა და იმავეს - არავის შეუძლია ხორცის ისე გემრიელად შეწვა, როგორც მამაჩემსო. იმავე წიგნში მარადონას ბევრი დიდი ფეხბურთელი ჰყავს დახასიათებული, კარლ-ჰაინც რუმენიგეზე კი წერს - ნამდვილი გერმანელია, თუ არ მოკალი, სხვანაირად ვერ
დაამარცხებო...

ფეხბურთი სწორედ მრავალფეროვნებით არის ლამაზი. არ არის აუცილებელი, რომ ყველამ ლეო მესივით ითამაშოს, რადგან ფეხბურთის კარგად თამაში სხვასაც უნდა და სხვასაც შეუძლია, თუნდაც რობერტ ლევანდოვსკის, ვინც ვერასდროს ითამაშებს მესივით...

ასე იყო საქართველოშიც. თბილისის უბნებიდან და საფეხბურთო სკოლებიდან გამოსულები რაღაცნაირად, ქალაქურად თამაშობდნენ, ქუთაისელები სულ სხვანაირად, ზღვისპირელები კი - განსაკუთრებულად...

ფეხბურთი შავი ზღვიდან შემოვიდა საქართველოში. გრიგოლ ცაავას ერთ-ერთ ინტერვიუში ვკითხე - მაინც რა განიპირობებდა ზღვისპირეთიდან წამოსული ფეხბურთელების ხელწერას-მეთქი და ასე მიპასუხა: მზე, ზღვა და ქვიშა - ბავშვები მთელი დღე ასეთ პირობებში დავდევდით ბურთსო...

აფხაზეთი მართლაც გამორჩეული საბადო იყო, იქაურებმა სხვანაირად იცოდნენ ბურთის ფლობა და მატაობა. ვერავინ გამოჩნდა თემურ ქეცბაიასავით შეუპოვარი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში; ვერავინ გაიტანა ისეთი მნიშვნელოვანი გოლი, როგორიც ვიტალი დარასელიამ; არავის შეუძლია ისე იხუმროს, როგორც სიომა ბარქაიას...

ჰეი, ვარა! - ასე მიმართავდა ხოლმე აფხაზი აფხაზს და ეს ფრაზა ისმოდა აფხაზეთის პატარა, საფეხბურთო მოედნებზეც. ასე იყო ომამდე, ფრთხილი, დაძაბული, მაგრამ ჯერაც ვერგათელილი ურთიერთობა აფხაზებსა და ქართველებს შორის. სოხუმის "დინამოს" ფეხბურთელებს ტაშს აფხაზებიც უკრავდნენ და ქართველებიც, საფეხბურთო სტადიონი თითქოს საოცრებას ახდენდა...

ომის მერე კი ქართველი და აფხაზი ფეხბურთელების ერთად შეხვედრა და მინდორზე გასვლა ვერ მოხერხდა. ყველაფერი პოლიტიკაა.

აფხაზეთიდან დევნილთა შვილები ენგურს აქეთ იბადებიან და იზრდებიან; მათ არ უნახავთ აფხაზეთი და არც ის, თუ როგორ თამაშობდნენ ფეხბურთს იქიდან გამოსული მაგარი ფეხბურთელები. არაერთს უთქვამს, იქნებ მათთვის მაინც მოხერხდეს ისეთი გუნდის შექმნა, რომელსაც აფხაზური სახელწოდება ექნება და რომელიც ევროსარბიელზე ითამაშებს საქართველოს სახელითო.

ასეთი გუნდის შექმნა არ უნდა იყოს დიდი პრობლემა, ოღონდაც ის მადლი მაინც ვერ ექნება, რაც ზღვას, მზეს, ქვიშას და "ჰეი ვარას" ჰქონდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
27 სექტემბერი: კიდევ ერთხელ სოხუმის "დინამოზე"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვის უნდა ვეთამაშოთ ფეხბურთში??? ზუსტად 21 წლის წინ აფხაზები და ჩეჩნები ქართველების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ. ფეხბურთის თამაში კი არა ხელი არ უნდა ჩამოართვა მაგათ. მტერია და მორჩა.
გიორგი
19:20 27-09-2013
0
არც ქართველები ვაკლეებდით ჩემი!!!! ასე რომ არგვინდა
xaniga
13:28 28-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული