ხშირად მომხდარა, მწვრთნელს წარმატებით უმუშავია გუნდში, მერე იქიდან წასულა და შემდეგ დაბრუნებულა. ამის უამრავი მაგალითი არსებობს და დაბრუნება ყოველთვის არ ნიშნავს ერთ მდინარეში მეორედ შესვლას.
2011 წელს, გეგუჩაძის წასვლის შემდეგ, "ზესტაფონს" თითქოს ღერძი გამოეცალა. იცვლებოდნენ მწვრთნელები, გუნდსაც არა უშავდა რა, მაგრამ ის "ზესტაფონი" აღარ იყო, რაც გეგუჩაძემ შექმნა - გამართული, ხარისხიანი, მკვეთრად გამოხატული ხელწერით, კომბინაციური თამაშითა და მიმზიდველობით.
მან იმ გუნდის შექმნას წლები მოანდომა. ფეხბურთში სხვანაირად არ გამოდის. მანამდე "ზესტაფონი" დაჩვეული იყო მწვრთნელთა ხშირ ცვლას, გეგუჩაძემ
გეგუჩაძის წასვლის შემდეგაც, 2011 წლის აგვისტოდან, "ზესტაფონმა" რამდენიმე მწვრთნელი გამოიცვალა და ამით ხეირი ვერ ნახა.
ამ სეზონის წინ კლუბი ერთხელაც დაფიქრდა გეგუჩაძის მიწვევაზე, მაგრამ მაშინ ხელი ხელს ვერ დაჰკრეს და მარგველებმა სერბ რატკო დოსტანიჩს უხმეს.
დოსტანიჩმა ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი, საქართველოში თითქოს გავლით იყო ჩამოსული და მალევე წავიდა...
მწვრთნელის შერჩევა არ არის ადვილი საქმე, ამაში ხანდახან დიდი გუნდებიც ცდებიან. გეგუჩაძე ქართული კლუბების პრეზიდენტებისთვის მაინცდამაინც სასურველი მწვრთნელი არ არის - საკუთარი პრინციპები აქვს, რომელსაც მკაცრად იცავს. მას არ მიიწვევენ გამგეობისა თუ აგენტის მიერ მართულ გუნდში, რადგან ამ საქმიდან არაფერი გამოვა, კერძო და მდიდარი კლუბი კი საქართველოში ძალიან ცოტაა.
მახსოვს, იოჰან ბოსკამპი რომ ჩამოვიდა საქართველოში, ბევრი ჩვენებური მწვრთნელი მას ამრეზით უყურებდა - ამან და ამისნაირებმა უნდა წაგვართვან ლუკმა-პურიო. მაშინ ერთგვარი მოდა იყო, რომ მწვრთნელი ფეხბურთელის ტრანსფერის წილში იჯდა, ფეხბურთელს "პადიომნიდან" ან ხელფასიდან ართმევდა პროცენტს.
გეგუჩაძემ კი სხვა გზა აირჩია, აკვირდებოდა ბოსკამპის სამწვრთნელო მეთოდიკას და მისი თანამოაზრეც გახდა უმეტეს საკითხებში.
როცა "დინამოს" ივო შუშაკი წვრთნიდა, გეგუჩაძეს ამ კლუბის მეორე გუნდი ებარა. მიმართულების მხრივ, შუშაკის "დინამო" ალთას იყო, გეგუჩაძის "დინამო 2" კი ბალთას - ორი, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული სტილით. იმ დროს "დინამოში" ხელმძღვანელობა შეიცვალა, კლუბის მმართველი დავით პეტრიაშვილი გახდა და რისკიანი გადაწყვეტილებაც მიიღო - შუშაკი გეგუჩაძემ შეცვალა.
რისკმაც გაამართლა - "დინამო" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა...
ახლა კი ისევ "ზესტაფონი" და გეგუჩაძე. ფაქტია, მწვრთნელების ცვლაში იმერულმა კლუბმა დრო დაკარგა, დრო კი ფულია.
გეგუჩაძე ძალიან არ ჰგავს სხვა ქართველ მწვრთნელებს. რომ არა მწვრთნელობა, ალბათ სპორტული ჟურნალისტი გავხდებოდიო - გვითხრა ერთხელ. სხვისი არ ვიცი და, მე კი ინტერესით წავიკითხავდი გეგუჩაძის საფეხბურთო ბლოგებს, მაგრამ ქართული მედია ასეთი ნოვაციებისთვის ვერ იცლის, არადა, კარგ საფეხბურთო ქვეყნებში არა ერთ მწვრთნელსა თუ ყოფილ ფეხბურთელს უცდია ბლოგერობა...
რაღაც ახალი და საინტერესო - ასეთი გამოდგა გეგუჩაძე, როცა "დინამოს" მთავარი მწვრთნელი გახდა. მიზანმიმართული, გეგმაზომიერი პოლიტიკა, გუნდის ჩამოყალიბების პროცესი - ასე მუშაობდა ის "ზესტაფონში".
ის ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელობის კანდიდატადაც მოიაზრებოდა კახა ცხადაძესთან ერთად. ქართველი მწვრთნელებიდან სანაკრებო არჩევანი მართლაც მწირია.
ბოლოს გეგუჩაძე ქუთაისის "ტორპედოში" მუშაობდა, იქაც კარგი გუნდი შექმნა და იმ პერიოდში ბევრ ფეხბურთელსა და მწვრთნელს უთქვამს - საქართველოში ყველაზე კარგ ფეხბურთს "ტორპედო" თამაშობსო...
"ტორპედოდან" "ზესტაფონამდე" ხუთი თვე გავიდა და გული დამწყდა, გეგუჩაძემ ბლოგერობა რომ ვერ მოასწრო, მწვრთნელად მუშაობისას ამის დრო არ ექნება.
ისე კი, ყველაფერს თავისი დრო აქვს და მე მაინც მჯერა, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად წავიკითხავ გეგუჩაძის ბლოგს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გია გეგუჩაძე: ექვსეულში შესვლასა და ევროტურნირზე თამაშზე უნდა ვიფიქროთ
გია გეგუჩაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
გია გეგუჩაძე: რომ არა მწვრთნელობა, ჟურნალისტი გავხდებოდი