"მწვრთნელს ცალ ხელში მათრახი უნდა ეჭიროს, მეორეში კი შოკოლადი"

AutoSharing Option
რამაზ მუმლაძე გამოცდილი სპეციალისტი გახლავთ, უმაღლესი ლიგის არაერთი გუნდი გაუწვრთნია, ყველაზე დიდ წარმატებებს კი თბილისის "ვიტ ჯორჯიაში" მიაღწია - საქართველოს ჩემპიონი გახდა და რამდენჯერმე საპრიზო ადგილზეც გაიყვანა ეს გუნდი.

ბოლოს თბილისის "დინამოში" მუშაობდა მეორე გუნდის დამრიგებლად, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად და სელექციონერად, მერე კი ამ კლუბისა და მუმლაძის გზები გაიყარა.

მუმლაძეს არაერთ თემაზე ჩამოვუგდეთ სიტყვა და ვფიქრობთ, ასეთი სპეცილიასტის აზრი ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს.

მუმლაძემ იცის, როგორ ააწყოს გუნდი, როგორ შექმნას კარგი ატმოსფერო, კონკრეტულ მატჩში რა ტაქტიკა აირჩიოს, როგორ გამოიცნოს
შეცვლები და როგორ დაამყაროს საქმიანი ურთიერთობა მასმედიასთან...

- ეროვნული ჩემპიონატი ბოლო წლებში უკან-უკან მიდის - ეთანხმებით ასეთ მკაცრ შეფასებას?
- ფაქტია, წინსვლა არ არის. კარგია, რომ რაღაც კეთდება, მაგალითად, რამდენიმე სტადიონს ჩაუტარდა რეკონსტრუქტია, არის ახალი სტადიონებიც. მნიშვნელოვან წინსვლას კი მეტი ფული სჭირდება.

რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ ბავშვთა ფეხბურთისა და ეროვნული ჩემპიონატის პრობლემებზე, თუ სახელმწიფომ ფული არ ჩადო ფეხბურთში, წარმატებები არ იქნება. უმაღლეს ლიგაში 12 გუნდია, აქედან 5 გუნდს საკუთარი სტადიონი არ აქვს... ძნელია, ამ ყველაფრის შემდეგ წინსვლაზე ლაპარაკი.

- შემოქმედებით ასპექტებზე გადავერთოთ. ყველაზე საინტერესო და კარგ ფეხბურთს რომელი ქართული გუნდი თამაშობს?
- ამ სეზონში საუკეთესო გუნდი თბილისის "დინამოა". გორის "დილა" თამაშობდა კარგ ფეხბურთს გიორგი დევდარიანის ხელში. ვფიქრობ, დევდარიანი რომ დარჩენილიყო "დილაში", გუნდისთვის უკეთესი იქნებოდა, ამ მწვრთნელმა მართლა დაატყო საკუთარი ხელი "დილას". კარგ ფეხბურთს თამაშობს ლანჩხუთის "გურია", ნორმალურად გამოიყურება "ჩიხურა", გია გეგუჩაძის ხელში უკეთესი იქნება "ზესტაფონი", გამოსარჩევია ქუთაისის "ტორპედოს" ახალგაზრდული გუნდიც...

- "ვიტ ჯორჯიაში" მისვლამდე წლობით მუშაობდით თბილისის "დინამოში", ეს კლუბი ეროვნული ნაკრებისთვის ფეხბურთელების მთავარი მიმწოდებელი იყო, ნაკრების ბირთვს "დინამოში" დაოსტატებული მოთამაშეები შეადგენდნენ და საინტერესოა, რა დამოკიდებულება იყო მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შორის. ამას იმიტომაც გეკითხებით, რომ ამ ურთიერთობის თემა ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა იმის ფონზე, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარშემო ხდება...
- დისციპლინა და ურთიერთობა - "დინამოში" ეს ყველაფერი მაღალ დონეზე იყო. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მათ შორის - უთანხმოებები, ეს დიდ გუნდებშიც არის და პატარებშიც, ოღონდ, ასეთი საკითხები ოჯახში უნდა მოგვარდეს, ყველაფრის გარეთ გამოტანა დაუშვებელია.

- დამეთანხმებით, ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელის ფაქტორი...
- მწვრთნელს ცალ ხელში მათრახი უნდა ეჭიროს, მეორეში კი შოკოლადი - ასე უნდა მოაწყოს ურთიერთობა. არ არსებობენ იდეალური მწვრთნელები და იდეალური ფეხბურთელები, მაგრამ კონფლიქტების გარეთ გამოტანას არ მივესალმები.

- "ვიტ ჯორჯიაში" როგორ მოახერხეთ კარგი, შეკრული გუნდის შექმნა?
- კლუბის პრეზიდენტიდან დაწყებული, მძღოლით დამთავრებული - ერთიანი სისტემა იყო, ერთი ოჯახივით ვიყავით, წარმატებისთვის საჭირო ერთიანი აურა გვქონდა, ერთი სული და გული - ამ ყველაფერს მოაქვს წარმატება.

- თბილისის "დინამოსთან" განშორების მიზეზი რა იყო?
- კლუბში გადაადგილებები მოხდა და იქ ჩემი ადგილი აღარ აღმოჩნდა. მადლობა მითხრეს და დავშორდით. "დინამოში" ჩემი საფეხბურთო საქმიანობის ყველაზე დიდი ნაწილი გავატარე და ყოველთვის მის გულშემატკივრად დავრჩები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მათრახით და შოკოლადით ცირკის ცხოველებს წვრთნიან მუმლაძევ, რეებს ლაპარაკობ? შენისთანა "მწვრთნელები" რომ გვყავს, იმიტომაცაა ქართული ფეხბურთი კარგ დღეში
მერაბი გ.
06:43 02-12-2013
0
გიორგი, ჯიგარი ხარ ძმაო, გეთანხმები!
merabi
21:42 01-12-2013
0

სიახლეები პოპულარული