"დნიპრომ" რუსთავში თბილისიდან გადმოინაცვლა, სადაც "საბურთალოსთან", ესპანეთის "ატლეტიკოსთან" და ისრაელის "მაქაბისთან" ერთად "სალერის თასზე" მონაწილეობდა.
უკრაინელმა ჭაბუკებმა კი ამჯერად ძალები რუსთაველ თანატოლებთან მოსინჯეს და ვერ ვიტყვით, რომ კმაყოფილნი დარჩებოდნენ ამ სპარინგით: "მეტალურგს" მთელი მატჩის განმავლობაში უდიდესი უპირატესობა ჰქონდა და სტუმრებს ერთობ მწარე
ისე, ერთი მხრივ, მასპინძელთა ასეთი წარმატებული თამაში ბევრისთვის გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო: "მეტალურგის" და, საერთოდ, რუსთავის ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშისა და მოგვიანებით, რუსთავის "ოლიმპის" ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვარლამ კილასონიას დამოძღვრილი გუნდი ხომ თავის ასაკში აგერ, უკვე მეორე წელიწადია, საუკეთესოა საქართველოში!
შეგახსენებთ, რომ ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "მეტალურგი" წინა სეზონში ჭაბუკთა ლიგის გამარჯვებული გახდა; მიმდინარე სეზონშიც ყველაფერი აქეთკენ მიდის. I ეტაპის შემდეგ "მეტალურგი" გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია და უახლოეს მდევარს 9 ქულით უსწრებს.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს რუსთაველი ჭაბუკების "მშრალი არითმეტიკული მაჩვენებლებიც": ჭაბუკთა ლიგაში ჩატარებულ 14 მატჩში 13 მოგება, 1 ფრე და შთამბეჭდავია ბურთების სხვაობაც (45:8).
თუმცა, ყოველივე ამის მიუხედავად, რუსთავში ძალიან ბევრს უკვირს ერთი მართლაც უცნაური ტენდენცია: საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ამ წარმატებული ჭაბუკთა გუნდის ერთ (!) ფეხბურთელს რომ არ იძახებენ.
თუმცა, იმედია, რომ "მეტალურგის" ჭაბუკები ამ ფაქტით გულს არ გაიტეხენ და სხვათა შორის, სწორედ ასე დამოძღვრა კიდეც "დნიპროსთან" მატჩის წინ მასპინძლები ამ ამხანაგური მატჩის დამსწრეთაგან ყველაზე ცნობადმა სახემ, რუსთავის ფეხბურთის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა წარმომადგენელმა, საქართველოს ნაკრების პირველმა კაპიტანმა და დღესდღეობით არანაკლებ წარმატებულმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ.
ეს უკანასკნელი მშობლიურ ქალაქს და იმ სტადიონს სტუმრობდა, სადაც პირველი ნაბიჯები გადადგა ფეხბურთში. ჰოდა, კოლეგისა და მეგობრის, ვარლამ კილასონიას თხოვნასაც სიამოვნებით დათანხმდა და მატჩის დაწყებამდე "მეტალურგის" ჭაბუკებს მოკლე, მაგრამ თბილი სიტყვებითაც მიმართა, სასურველი რჩევებიც მისცა და წარმატებებიც უსურვა; თანაც, ბიჭებს თავისი მაგალითიც გაანდო:
"თავის დროზე არც მე მიწვევდნენ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში, მაგრამ რუსთავის "მეტალურგიდან" ჯერ საკავშირო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, თბილისის "დინამოში" მოვხვდი, ერთ წელიწადში კი - საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში..."
...ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ რუსთაველმა ჭაბუკებმა თანატოლი მეტოქე პირწმინდად დაჩაგრეს; თანაც, საქმე მხოლოდ ანგარიშში არ იყო: ვარლამ კილასონიას გუნდი (4-1-4-1 ტაქტიკით რომ ასპარეზობდა) სწრაფად, საზრიანად და, რაც ყველაზე მთავარია, სწორად თამაშობდა!
გვერწმუნეთ, ნამდვილად არ ვაჭარბებთ: "მეტალურგის" ჭაბუკი ფეხბურთელების გუნდური თამაშიც თვალსასეირო იყო და ინდივიდუალურ ოსტატობაშიც აშკარად დაჯაბნეს მეტოქე. "დნიპროს" კარში გატანილი 7 გოლიც ერთიმეორეზე ეფექტური იყო, რომელთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა გააზრებული კომბინაციების ლოგიკურ დაგვირგვინებად უნდა მივიჩნიოთ.
"დნიპროს" კარში გოლები გაიტანეს: ოთარ კიტეიშვილმა (2), ლაშა პაქსაშვილმა, ავთანდილ გუჯაბიძემ, გიორგი კილასონიამ, დავით გეგეშიძემ და რამაზ შაქარიშვილმა.
აქვე ისიც გვინდა აღვნიშნოთ, რომ "დნიპროს" სამწვრთნელო შტაბში ჩვენი თანამემამულე, გელა ღლონტი ირიცხებოდა, ხოლო გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ასევე ქართველი ჭაბუკი ჯაბა ფხაკაძე გახლავთ.
ამათ გარდა, "დნიპროს" შემადგენლობაში კიდევ სამი ქართველი ჭაბუკი ასპარეზობდა; თუმცა, როგორც შევიტყვეთ, დათო ჭოხონელიძე, ვაკო მეფარიშვილი და ზაურ ხუბუტია უკრაინულ გუნდში სინჯებზე იმყოფებიან.
დასასრულ, გაგაცნობთ "მეტალურგის" ჭაბუკთა გუნდის შემადგენლობას: გიორგი ნადირაძე - გიორგი გოცაძე, ბაჩანა მიქელაძე, თეიმურაზ ბაგრატიონი, ლევან გამყრელიძე - გიორგი კილასონია - ლაშა პაქსაშვილი, სოსო გულუა, ოთარ კიტეიშვილი, ავთანდილ გუჯაბიძე - ლაშა მაისურაძე. შეცვლაზე შემოვიდნენ: გიორგი ახვლედიანი, გიორგი ნერგაძე, გიორგი დევიძე, დავით გეგეშიძე, რამაზ შაქარიშვილი, შოთა ქირია, გიორგი ბერაძე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"