და რა ხდება ამ დროს "ტორპედოში"? გუნდში რევაზ ძოძუაშვილი კი მივიდა მწვრთნელად, მაგრამ ვინ არის მისი დამნიშნავი, ვინ იქნება "ტორპედოს" მფლობელი?
"ვისოლი", რომელიც ინახავდა კლუბს, ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს იმას, რომ "ტორპედოდან" წავიდა. როცა ამ კომპანიამ ქუთაისური კლუბი ჩაიბარა, უცნობია, რა სპონსორული ვალდებულებები აიღო. ისიც გაურკვეველია - თუ "ვისოლი" ოფიციალურად დაადასტურებს "ტორპედოდან" წასვლას, ვის დარჩება სტადიონი და საღორიის ბაზა.
ამ
გაურკვევლობა მართლაც ცუდი რამ არის. ისიც არ ვიცით, ვინ უნდა დაინტერესდეს "ტორპედოს" მომავლით, ვინ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ კლუბს დაფინანსება ჰქონდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან თუ კერძო სექტორისგან. საფეხბურთო მეცენატები ჯერაც არ ჩანან, ქუთაისის მერიის ბიუჯეტი, ალბათ, უკვე გაწერილია.
ვინ და როგორ შეეხიდება "ტორპედოს"? აი, საკლუბო ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა რომ არსებობდეს, "ტორპედო" გაურკვევლობაში არ იქნებოდა, მაგრამ ეს პროგრამა, რომელიც ვერა და ვერ ეღირსა დღის სინათლეს (თუ მართლა არის დამუშავების სტადიაში), მხოლოდ თავისთვის არსებობს, ჯერაც ბერწია.
ბიუჯეტი შეუმცირეს რუსთავის "მეტალურგს" და კლუბიც უწინდელ ხელფასებს ვეღარ გადაუხდის ფეხბურთელებს. ეს იმას ნიშნავს, რომ "მეტალურგს" ბევრი ფეხბურთელი დატოვებს, მაგრამ სად, რომელ ქართულ გუნდებში მიმოიფანტებიან?
"მეტალურგის" ამბავი არახალია ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის, რომლის ერთადერთი სიახლე, ამ ეტაპზე, "ზესტაფონის" მომძლავრებაა.
* * *
სხვისი რა გითხრათ და, მე კი გამიხარდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია აბუ დაბიში რომ იყო "ვიტესის" საკონტროლო მატჩებზე დასასწრებად. როგორც ჩანს, ის სერიოზულად არის დაინტერესებული, ეროვნულ გუნდში ვაკო ყაზაიშვილისა და გიორგი ჭანტურიას მიწვევით. ამ ფეხბურთელებს წლეულს შეუსრულდებათ 21 წელი, თუმცა ახალგაზრდული ნაკრებისთვის ალბათ უკვე გადაზრდილები არიან - "ვიტესის" ძირითადში დამკვიდრებისთვის რა ხანია იბრძვიან და ეს უკვე კაცების ამბიციაა და არა ჭაბუკების.
იტალიურ პრესაში დაიწერა, ჭანტურიას შეძენას სერია A-ს ბინადარი "ბოლონია" აპირებსო. ჭანტურიას იტალიელი აგენტი ჰყავს და ეს ამბავი ჭორს არ ჰგავს.
"ბოლონიას" საქმე ვერ არის კარგად, სერია B-ში ჩაყურყუმალავება ემუქრება და ჩვენებურიც იმად სურს, შეტევაში რომ დაიხმაროს. ყველაფერს ალბათ ის გადაწონის, რამდენად მონდომებული იქნება "ბოლონია" ჭანტურიას ტრანსფერით.
* * *
ამასობაში, ისიც შევიტყვეთ, თორნიკე ოქრიაშვილი მარიუპოლის "ილიჩივეციდან" ოდესის "ჩერნომორეცში" გადადისო. "ჩერნომორეცი" ევროპალიგის 1/8 ფინალშია გასული და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამ ტურნირზე მომავალ სეზონშიც ითამაშებს. "ილიჩივეციდან" ასეთ გუნდში გადასვლა ურიგო ნაბიჯი არ უნდა იყოს, მაგრამ გახსოვთ ოქრიაშვილის ოქროგოლი ბელარუსთან?
გახსოვთ ის ეპიზოდები, როცა ნაკრების წინა შესარჩევში ორიგინალური გადაწყვეტილებებით უსხლტებოდა მეტოქეებს? ეს ყველაფერი ნიჭია, ამის ვარჯიშით შექმნა შეუძლებელია და ასეთი ქართველი, ალბათ, "ჩერნომორეცისთვისაც" უნდა დაგვენანოს.
* * *
ქეცბაიას ნაკრებს კი წლეულს მინიმუმ ორი ვაკანსიის შევსება მოუწევს - ზურაბ ხიზანიშვილის და ალექსანდრე ამისულაშვილის. ორი ახალი, საერთაშორისო გამოცდილების მცველი - ასე დგას საკითხი. გაუჩენელს ქეცბაიაც ვერ გააჩენს. ისიც ვიცით, რომ გუნდის შენების საფუძველი მეკარე და დაცვაა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ საქართველოს ნაკრები, მორიგი შესარჩევი ციკლის დაწყების წინ, ამხანაგურ მატჩებს ისეთ მეტოქეებთან გამართავს, ანდორასა და სან მარინოს ბევრად რომ არ აღემატება.
ამხანაგურებში გამარჯვება ზრდის თავდაჯერებულობას მწვრთნელისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც. ისღა დაგვრჩენია, იოტისხელა ნიუანსებასაც რომ ჩავეჭიდოთ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
აი, ეგეთებს რო კითხულობს, თვითონაც უმყარდება რწმენა, რო რაღაცეებს იმსახურებს იმიტო, რო 1 წლის წინ გოლი შეუგდო ბელორუსს. არადა, ყოველდღე უნდა ამტკიცებდეს, რომ მეტს იმსახურებს, რასაც არ აკეთებს! ყოველდღე!
თუ არადა, ნახავთ, რასაც მიაღწევს.