10 წლის წინ: თბილისის "დინამოს" ტრიუმფი მოსკოვში [VIDEO]

AutoSharing Option
10 წლის წინ, 2004 წლის იანვარში, თბილისის "დინამომ" თავისი ტიტულების კოლექციას კიდევ ერთი შემატა: მოსკოვში ჩატარებული "თანამეგობრობის თასის" გათამაშებაში საქართველოს ჩემპიონმა ტურნირი დაუმარცხებლად განვლო და ამ ტურნირის გამარჯვებულიც გახდა!

ხორვატი სპეციალისტის, ივო შუშაკის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამომ" 2003 წელს საქართველოს ჩემპიონობაც იზეიმა და თასიც მოიპოვა; ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება კი "თანამეგობრობის თასზე" გამარჯვება იყო!

"დინამომ" წარმატებით განვლო ჯგუფური ეტაპი: ყირგიზული "ჟაშტიკი" 7:1 დაამარცხა, ლატვიურ "სკონტოს" 2:2 ეთამაშა, ყაზახურ "ირტიშს" კი 5:3 აჯობა.

წარმატებული გზა პლეი ოფშიც გაგრძელდა: 1/4-ფინალში "დინამომ" ბელორუსის "გომელს"
4:1 მოუგო, 1/2-ფინალში კი - ამ გათამაშების ერთ-ერთ უპირველეს ფავორიტს, მოლდოვის ჩემპიონს "შერიფს" (2:1).

რაც შეეხება ფინალს, "დინამოს" მეტოქე ისევ ლატვიური "სკონტო" იყო. საქართველოს ჩემპიონმა ერთიმეორეზე ეფექტური გოლებით მეტოქეს აჯობა (3:1) და სრულიად დამსახურებულად გახდა 2004 წლის "თანამეგობრობის თასის" გამარჯვებული.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ "დინამომ" ტურნირზე ჩატარებული შვიდივე მატჩი, ფაქტობრივად, ერთი და იგივე შემადგენლობით ჩაატარა, - ერთადერთი ცვლილება ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მერე მოხდა, როცა უნიჭიერესი ფორვარდის, 19 წლის სანდრო იაშვილის ნაცვლად ძირითადში ადგილი ლევან მელქაძემ დაიკავა.

დანარჩენ ათ მოთამაშეს კი შეუცვლელის სტატუსი ჰქონდა: დავით გვარამაძეს, ილია კანდელაკს, გიორგი შაშიაშვილს, დავით კვირკველიას, ალექსანდრე გოგობერიშვილს, ლადო ბურდულს, გიორგი ანჩაბაძეს, ლადო ახალაიას, ვიტალი დარასელიას და რატი ალექსიძეს.

შეცვლაზე შედიოდნენ: კარლოს და როჩა, მიხეილ ბობოხიძე, არჩილ სახვაძე, ლევან ხმალაძე, მამუკა წერეთელი, გიორგი ჩიტაია და ზურაბ მამალაძე.

Sportall.Geდინამოელებმა ამ ტურნირზე მეტოქეთა კარში 23 გოლი გაიტანეს: ვიტალი დარასელია - 6, რატი ალექსიძე - 4, ლადო ბურდული - 3, სანდრო იაშვილი - 2, ლევან მელქაძე - 2, გიორგი შაშიაშვილი - 2, დავით კვირკველია - 2, გიორგი ანჩაბაძე - 1, ალექსანდრე გოგობერიშვილი - 1.

დაბოლოს, იმასაც დავძენთ, რომ იმდროინდელი "დინამოს" ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ვიტალი დარასელია "თანამეგობრობის თასის" საუკეთესო ბომბარდირიც გახდა!

P.S. ეს იყო "დინამოს" (და საერთოდ, ქართული გუნდების) პირველი და უკანასკნელი გამარჯვება "თანამეგობრობის თასზე"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული