ამ ვაკუუმის შევსებას სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ჩვენი პარტნიორი გვერდის, Dinamo Tbilisi cup winner cup 1981-ის ადმინისტრაციის დახმარებით ვცდილობთ.
აქვე განვმარტავთ, რომ ამ ადამიანებს თბილისის "დინამოსთან" არანაირი კავშირი არ აქვთ და, ზოგადად, ქართული ფეხბურთის ისტორიის შესწავლითა და წყაროების მოძიებით არიან დაკავებულები.
თბილისის ოთხი მტრული ბანაკი
გულშემატკივრისთვის ერთერთი უცნობი ისტორია ყველაზე პოპულარული ქართული კლუბის, თბილისის "დინამოს" აღორძინებასა და მის ხელახლა
ბევრს ჰგონია, 1925 წელს ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბი რომ დაარსდა, მას შემდეგ ქვეყნის უპირობო ლიდერი იყო. ასე სულაც არ იყო. მეტიც, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დაწყებამდე, "დინამო" თბილისის საუკეთესო კლუბიც არ იყო. Dinamo Tbilisi cup winner cup 1981-ის ერთერთი დამფუძნებელი ზურაბ რუბაშვილი გვიყვება:
"ისტორია, რომელსაც მოგითხრობთ, ისტორიულ წყაროებს ეფუძნება. 30-ანი წლების პირველ ნახევარში თბილისელი გულშემატკივარი ოთხ "მტრულ" ბანაკად იყო გათიშული ზიის (ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი, სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის წინამორბედი), ტსპოს (თბილისის მომხმარებელთა საზოგადოების კავშირი), "ლოკომოტივისა" და "დინამოს" ქომაგებად.
გაზაფხულსა და შემოდგომაზე გამართულ ტურნირებზე ქალაქის ჩემპიონობას, უმთავრესად, ერთმანეთს ეს ოთხი გუნდი ეცილებოდა. ხან ერთი ბანაკი ზეიმობდა, ხან მეორე. მინდვრებზე ფეხბურთელები იბრძოდნენ, ტრიბუნებზე გულშემატკივრები.
ოთხი ერთმანეთის მჯობი გუნდი, ოთხი შეურიგებელი ბანაკი ასეთი იყო მაშინდელი თბილისის საფეხბურთო სამყარო.
ყველაზე მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი მაშინ ზიის ჰყავდა სტუდენტობა, მთელი თბილისის ახალგაზრდობა და, საერთოდაც, დედაქალაქის ყველაზე პოპულარული და სახალხო გუნდი იყო.
როცა გუნდი იმარჯვებდა, სტადიონზე მტრედებს აფრენდნენ და სიგიჟის წუთები დგებოდა. ზიიის ფეხბურთელების სახელი მთელ ქალაქში ქუხდა: "ლასტოჩკა" იური კასტაძე, "სვეჩკა" მიშა მინაევი, "პარავოზა" მიშა ბალოტინი, "დუხავიკა" გერმან კირილოვი, "კრასავჩიკა" ვალია კოძისი. ზიის გულშემატკივრები თბილისის საშემოდგომო პირველობის დაწყებამდე დარჩენილ დღეებს ითვლიდნენ, როცა მათი საყვარელი გუნდი მოედანზე ახალი "ვარსკვლავებით" გაძლიერებული გამოვიდოდა".
პირველი ხმაურიანი ტრანსფერი
"1935 წლის ზაფხულის მიწურულს, დედაქალაქში სწავლის გასაგრძელებლად უკვე სახელგანთქმული ფოთელი ფეხბურთელები ჩამოვიდნენ ბორის პაიჭაძე, ვალოდია ბერძენიშვილი, გრიშა გაგუა, გვაჩი ჯორბენაძე და ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის კარი შეაღეს.
ინსტიტუტის დირექციაში ბევრი იყო ფეხბურთის მოყვარული და თავის სასწავლებლისა და, რაც მთავარია, გუნდის ახალ შევსებას ხელგაშლილი დახვდნენ, ფოთელი ვარსკვლავები უგამოცდოდ მიიღეს და საერთოტექნიკურ ფაკულტეტზე ჩარიცხეს.
ეს მაშინდელი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი იყო. პერიფერიიდან სასწავლებლად ჩამოსული ძლიერი ფეხბურთელების შესახებ გავრცელებულმა ამბავმა ნახევარი ქალაქი გაახარა.
ტრადიციული ტურნირი 1 ოქტომბერს დაიწყო და ზიიმ მეტოქეებს განახლებულგაძლიერებული გუნდით შეუტია. გრიშა გაგუასა და გვაჩი ჯორბენაძეს ნახევარდაცვა არგუნეს, ვალოდია ბერძენიშვილი შუამარბად დააყენეს, ოცი წლის ბორია პაიჭაძეს კი თავდასხმის გაძღოლა დაეკისრა.
ზიიმ მეტოქეებს ფარხმალი დააყრევინა და ქალაქში უძლიერესის სახელი დაუმარცხებლად მოიპოვა. ფოთელი ვარსკვლავები გულშემატკივართა კერპებად იქცნენ: მომთხოვნმა და ჭირვეულმა თბილისელმა ქომაგმა ლამაზი და ვაჟკაცური თამაშისთვის ისინი უზომოდ შეიყვარა.
დინამოს მეორედ დაბადება
საინტერესოა, რა პოზიცია ჰქონდა მაშინ "დინამოს". რუბაშვილი ამის შესახებაც გვიყვება:
"მაშინ "დინამო" პოპულარული იყო, მაგრამ ვერც თბილისს ლიდერობდა და, მით უფრო, ვერც ქართულ ფეხბურთს.
ამ წლებში ზიი და ტსპო იყო ის ორი გუნდი, რომლებიც ქალაქის ჩემპიონობისთვის იბრძოდა. ეს პაიჭაძის მაგალითიდანაც ჩანს, რომელიც ზიიში იმიტომ აიყვანეს, რომ იქ სასწავლებლად ჩააბარა, "დინამოს" კი პატრონი და ტიტულები აკლდა.
ასე მიილია 1935 წლის შემოდგომა და ყველა 1936 წლის გაზაფხულს ელოდა. თებერვალში მოსკოვიდან მოსულმა ცნობამ თბილისელი გულშემატკივრები გამოაღვიძა და ააფორიაქა.
საღამოს გაზეთებში ("მუშა" და "ვეჩორკა") მოსკოვიდან მიღებული ინფორმაცია გამოაქვეყნეს სათაურით "სიახლე ფეხბურთში", სადაც ეწერა: "საკავშირო შეჯიბრებას საფუძვლად დაედება არა ქალაქთა ნაკრები გუნდების შეხვედრები, როგორც ეს წლევანდლამდე ხდებოდა, არამედ სპორტულ საზოგადოებათა კოლექტივების ჩემპიონატი, რომელიც წრიული სისტემით გაიმართება.
პირველობაზე მონაწილე გუნდები, თავიანთი ოსტატობის დონის მიხედვით, დაყოფილ იქნებიან "ა", "ბ", "ვ" და "გ" ჯგუფებად".
დასასრულ, გაზეთები იტყობინებოდნენ, რომ ამ დიდი მასშტაბის ასპარეზობაზე ქართული ფეხბურთი წარმოდგენილი იქნება "ბ" ჯგუფში, ერთი გუნდით. რომელი იქნებოდა ეს გუნდი? გულშემატკივრებმა ახლა ამაზე ატეხეს კამათი ზიი, ტსპო, "ლოკომოტივი" თუ "დინამო"?
"დინამო" დაასკვნეს საქართველოს ფეხბურთის შეფებმა და გულშემატკივართა დავას წერტილი დაუსვეს. მარტი პირველ დღეებს ითვლიდა, როცა ზიის, ტსპოს და "ლოკომოტივს" "ნაღები მოხადეს" და საუკეთესოები "დინამოში" გადაიყვანეს. ამათ შორის, ცხადია, ზიის ფოთელი ვარსკვლავებიც იყვნენ.
1925 წელს დაარსებული, 1928 წლიდან აღზევებული და 1934 წლიდან დაქვეითებული თბილისის "დინამო" ისევ გასწორდა წელში და 1936 წლის გაზაფხულზე მეორედ დაიბადა".
ისტორია არ უნდა დაიკარგოს
ქართული ფეხბურთის ისტორიით დაინტერესებული ერთერთი პიროვნება ზურაბ ბურჭულაძეა გრაფიკოსი, რომელიც ქართული სპორტის ლეგენდების პოპულარიზებას თავისივე ნამუშევრების მაისურებზე გადატანით ცდილობს.
"ქართული ფეხბურთის ისტორიული ვიდეოფოტომასალის მოპოვება პრობლემურია და დიდ ფინანსებს უკავშირდება. რუსეთში, უკრაინასა და ესპანეთში რამდენიმე კოლექციონერთან მაქვს მიმოწერა, რომელთაც თბილისის "დინამოზე" უნიკალური ვიდეო და ფოტომასალა გააჩნიათ, მაგრამ საკმაოდ სოლიდურ თანხას ითხოვენ.
მაგალითად, ჩემი მოპოვებული და მოწოდებულია მიშა მესხის არგენტინაში თამაშის უნიკალური ფოტო, რომელიც ჟურნალ "ლელო week"-ის პირველ ნომერს ამშვენებს.
სამწუხაროდ, საქართველოში აღარ მოიპოვება 1964 წლის "ოქროს მატჩის" ვიდეოჩანაწერი. არადა, ვიცი, სად ინახება მაღალხარისხიანი ფირი, მაგრამ მას 100 000 ევროდ აფასებენ.
ამას გარდა, კავშირი დავამყარე ადამიანთან, რომელსაც "ინტერი" "დინამოს" მატჩი და სხვა უნიკალური ვიდეოჩანაწერები გააჩნია. მათ შორის, 1961 წლის 18 ნოემბერს ბუენოს აირესში გამართული არგენტინასსრ კავშირის შეხვედრის, რომელიც მიშა მესხმა მეგავარსკვლავის დონეზე ჩაატარა.
რუსეთი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა და აქედან გამომდინარე, საბჭოური სპორტის სრული ვიდეოფოტოისტორია პოდმოსკოვიეში, დაბა კრასნოგორსკში ინახება. ამავე არქივშია ჩვენთვის საინტერესო ყველა ვიდეო თუ ფოტომასალა. ვიდეოს გადმოწერა, გაქირავება და შესყიდვა შესაძლებელია, მაგრამ შესაბამისი ფასიც აქვს. ეს ამ არქივის მენეჯერმა მითხრა. იმისთვის, რომ შევისყიდოთ, კოპირება გავუკეთოთ ან თუნდაც დავიქირავოთ, საჭიროა საქართველოს მხრიდან ოფიციალური იურიდიული პირის დასტური. მოკლედ, რეალური თემაა. მთავარია სპონსორის გამონახვა და ყველაფერი გაკეთდება...
შევეკითხე და დიდი ალბათობით, ამ არქივშია 1962 წელს კალათბურთში ჩემპიონთა თასის იმ ფინალის შეხვედრის ამსახველი კადრებიც, თბილისის "დინამომ" მადრიდის "რეალი" რომ დაამარცხა.
რაც მთავარია, ყველა მასალა ძალიან მაღალ ხარისხშია შენახული! მოკლედ, ეს საქმე რეალური და მისახედია. იქნებ, ჩვენი და "ლელოს" ერთობლივი ძალებით დავაინტერესოთ სახელმწიფო სტრუქტურები ან სპონსორები, რომ ამ ისტორიული კადრების ნაწილი მაინც შეისყიდოს.
ჩვენ ამაში არანაირი ინტერესი არ გვაქვს, მხოლოდ ერთი გვსურს ისტორიას შენახვა და აღრიცხვა სჭირდება", ამბობს ბურჭულაძე.
ზურაბ რუბაშვილი: "საუკუნის კი არა, 20 წლის წინანდელი თამაშების ჩანაწერებიც დაკარგულია. "ლინფილდთან" ევროპულ საკლუბო ტურნირზე დამოუკიდებელი საქართველოს გუნდის მიერ ჩატარებული პირველი მატჩის ნახვაც ოცნებად მაქვს ქცეული. სირცხვილი არ არის?! ამიტომ არის აუცილებელი, რომ ამ საქმეს მიეხედოს. ეს ყველაფერი ხომ მომავალ თაობებს გადაეცემათ".
ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week
https://www.facebook.com/pages/Dinamo-Tbilisi-cup-winner-cup-1981/137804429637394
სოსო, მართალი ხარ, ნამდვილად საჭიროა დინამოს თამაშებზე რამე ვქნათ.... ეს ძირითადად არქივებშია, ქართული იქნება თუ რუსული, და ბევრს აქვს ინტერესი დინამოს თამაშების ნახვის, ასევე ბევრ ახალ თაობასაც, აინტერესებთ როგორი მაგარი იყო, ყიფიანი, დარასელია, მესხი, მეტრეველი და ა.შ.
საიტის ადმინისტრაცია: ბატონო გიორგი, თქვენი კონტაქტები ”ლელოს” ჟურნალისტებს უკვე მივაწოდეთ.