ტრავმების ეპიდემია თბილისის "დინამოში"

AutoSharing Option
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა თბილისის"დინამომ" მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა.

პოლონურ "პოდბესკიძიესთან" ფრედ დამთავრებული შეხვედრის მერე მალხაზ ჟვანიას გუნდი ამჯერად ხორვატიის ერთ-ერთ უძლიერეს და ტიტულიან კლუბს, სპლიტის "ჰაიდუკს" დაუპირისპირდა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ხორვატიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი ნახევარმცველი იგორ ტუდორი გახლავთ; შარშანდელი სექტემბრიდან მოყოლებული კი, ამ გუნდის ღირსებას პერსპექტიული ქართველი შემტევი, 21 წლის გიორგი ილურიძე იცავს, თუმცა გორის "დილას" ყოფილ ფეხბურთელს "დინამოს" წინააღმდეგ ჩატარებულ ტესტ-მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

..."პოდბესკიძიესთან" მატჩში "დინამოს" ერთდროულად სამი ფეხბურთელი დაუშავდა: ოთარ კაკაბაძემ, დავით
ხურცილავამ
და გიორგი მერებაშვილმა მოედანი ტრავმების გამო დატოვეს. სწორედ ამის გამოც იყო, რომ "ჰაიდუკის" წინააღმდეგ "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე გადაადგილება მოხდა.

ისე კი, პოლონელებთან ჩატარებულ საკონტროლო მატჩთან შედარებით, ამჯერად ძირითადში გამოჩნდნენ გიორგი პაპავა, გიორგი რეხვიაშვილი, მათე ცინცაძე, გიორგი ჯანელიძე და ირაკლი მოდებაძე. სამწუხაროდ, უსიამოვნებას ვერც "ჰაიდუკთან" მატჩში ავცდით: 30-ე წუთზე ტრავმა მიიღო "დინამოს" კაპიტანმა გიორგი ლორიამ, რომლის ნაცვლადაც მოედანზე გუნდის დებიუტანტი, 24 წლის ნიკა დაუშვილი გამოჩნდა.

34-ე წუთზე კი "ჰაიდუკმა" ამ მატჩის პირველი გოლი გაიტანა: ხორვატებმა ბურთი საკუთარი საჯარიმოდან წამოიღეს, მოკლე პასებით მრავალსვლიანი კომბინაციაც გაითამაშეს (ამ საგოლე შეტევაში შვიდმა (!) ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა) და ჩვენს საჯარიმოში მყოფ ჟან კუასიმ საბოლოო დარტყმა უპრობლემოდ შეასრულა.

19 წლის ამ კოტდივუარელმა თავდამსხმელმა მეორე ტაიმშიც შეძლო თავის გამოჩენა: "ჰაიდუკმა" შეტევა მარცხენა ფლანგიდან წამოიწყო, რასაც ბურთის საპირისპირო ფლანგზე გადატანა და კარისკენ ზუსტი დარტყმაც მოჰყვა და ნიკა დაუშვილის მოგერიებულზეც ყველაზე ადრე სწორედ კუასი გაჩნდა და ახლო მანძილიდან გოლის გატანა არ გასჭირვებია.

ეს ყველაფერი 84-ე წუთზე მოხდა, ხუთ წუთში კი "დინამომ" ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო: მარჯვენა ფლანგიდან დარკო გლიშიჩის ჩამოწოდებულ კუთხურს დორინ გოგამ მოხდენილი თავური დარტყმა მოაყოლა და "ჰაიდუკის" მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

"ჰაიდუკთან" მატჩში "დინამომ" ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ლორია (30. დაუშვილი) - პაპავა, გველესიანი, რეხვიაშვილი, კვირკველია - ცინცაძე, ძარია (77. გორგიაშვილი), ჯანელიძე (46. გლიშიჩი) - ჩისკო (6. ვუო), მოდებაძე (68. პაპუნაშვილი), დიასამიძე (46. გოგა).

მომდევნო საკონტროლო მატჩს "დინამო" 3 თებერვალს ჩაატარებს "მლადა ბოლესლავთან" - ეს გუნდი ჩეხეთის ჩემპიონატში პირველი ეტაპის შემდეგ VI ადგილზეა, თუმცა მესამე ადგილზე მყოფ "ტეპლიცეს" სამი ქულით ჩამორჩება.

ამას გარდა, "მლადა ბოლესლავი" თასის მეოთხედფინალშიც არის გასული და, აქედან გამომდინარე, ევროტურნირებზე მოხვედრის შანსსაც ინარჩუნებს.

სხვათა შორის, ამ გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი... დუშან უჰრინი (უმცროსი) გახლავთ, რომელიც თბილისის "დინამოს" შარშან, დეკემბრის დასაწყისში დაემშვიდობა. 2014 წლის იანვრიდან "მლადა ბოლესლავს" ცნობილი ჩეხი სპეციალისტი კარელ იაროლიმი წვრთნის, რომელსაც გუნდში თავისი ვაჟი დახვდა: "ჰამბურგის" ყოფილი კაპიტანი, ბუნდესლიგაში 318 მატჩის ჩამტარებელი, 34 წლის დავიდ იაროლიმი.

"მლადა ბოლესლავში" კიდევ ერთი ცნობილი ვეტერანი ასპარეზობს: 37 წლის ირჟი შტაინერს "ჰანოვერის" შემადგენლობაში არაერთი სეზონი აქვს გატარებული ბუნდესლიგაში.

ახლა კი ისევ "დინამოს" დავუბრუნდეთ: სამწუხაროდ, ოთარ კაკაბაძისა და დავით ხურცილავას ტრავმები იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ამ ორივე მარჯვენა მცველს თურქული შეკრების მიტოვებაც მოუწია და დაგეგმილ სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსს თბილისში გაივლიან.

მათ ნაცვლად კი შაბათს დილით თურქეთში გაფრინდა "დინამო 2"-ის ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი: 21 წლის მარჯვენა მცველი ვაკო ბაჩიაშვილი და 19 წლის ცენტრალური მცველი სანდრო გურეშიძე. ეს უკანასკნელი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, ამჟამად კი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული