პორტრეტები: ბომბარდირი ღმერთისგან

AutoSharing Option
...საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი. ორი დინამოელი - რამაზ შენგელია და ვაჟა ჟვანია "დნეპრის" კარის წინ, ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდნენ. ჟვანიამ უფროსს დაუთმო. "ეეე, ჟვანკო... შენი ჯერია... მიდი... გაიტანე!" - გაისმა პასუხად...

ეს ეპიზოდი რამაზ შენგელიას გარდაცვალების მერე გაიხსენა ვაჟა ჟვანიამ. ნიშანდობლივი, დამახასიათებელი ეპიზოდია. საფეხბურთო თვალსაზრისითაც კი ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ყველაფრის მნახველი ღირსეული კაცის ხასიათს, ფიქრს, გაქანებას რომ ასახავს.

როცა ამ ყველაფრის მნახველმა კაცმა საკუთარი თავის ფასი იცის, მაგრამ ხვალეზეც ფიქრობს და სწორედ ამ ხვალის ანგარიშში გითმობს, "შენი ჯერიაო", გაგულიანებს - შენ, ვინც
მერე უნდა წამოხვიდე...

აქ ამირან მინაშვილის მონაყოლის გაუხსენებლობა დანაშაულია, ახალკაცმა მინდორზე შემიყვანა თუ არა, მთელ სტადიონს გააგონა შოთა ხინჩაგაშვილმაო: "ბურთი ფეხში ამირანს"!

ასეთი ურთიერთობები იყო. ასეთი "დინამო"...

რამაზ შენგელია მოვლენა იყო. ნიჭის, ალღოსა და სიხარულის კომბინაცია.

ნიჭი არ ყოფილიყო, არაფერი დაიწყებოდა.

ალღოს ეღალატა, სხვისი გასატანი იქნებოდა ის იმდენი გოლი და...

სიხარულს რაც შეეხება...

არც მანამდე, არც მას მერე არ მახსოვს, ქართულ ფეხბურთში ვინმეს ისე მაგრად და იმდენჯერ გახარებოდეს.

მერე რა ლამაზად, რა ემოციურად გამოხატავდა ამ სიხარულს - ჰაერში შეხტომით, მუშტშემართული, ბედნიერი სახითა და ზურგზე ვეებერთელა ერთიანებით.

ეს იმ პატარა ბიჭისეული სიხარულების გაგრძელება იყო, კარლო ხურციძე რომ ასწავლიდა: "გაიტანე! რითიც გინდა, გაიტანე - ფეხით, მკერდით, თავით, ცხვირით... ოღონდ გაიტანე!"

ასე გაზარდა, ასე დაგეშა იმ სულკურთხეულმა - ფეხბურთში ყველაზე დიდი დღესასწაული გოლია და ყველაზე მეტად მისი გატანა უნდა გიხაროდესო...

ჰოდა, თავადაც უხაროდა და სხვებსაც ახარებდა - მერე რამდენს.

გეგე შენგელიამ კვიპროსულ ჩემპიონატში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და 15-ათასამდე ქომაგმა ტაშით გააცილა. "ნახე?" - გეგემ თავის ქართველ მენეჯერს კმაყოფილი ტრიბუნებისკენ მიანიშნა.

ზოგადად, ის ქართველი მენეჯერი სიტყვებს არასოდეს ეძებს ჯიბეში, მაგრამ იმ მომენტში მთლად "ცხრიანში" მოარტყა: "მამაშენს 100 ათასი კაცი უკრავდა ტაშსო"...

კი. ასე იყო - ბევრი, ძალიან ბევრი ადამიანი უკრავდა ტაშს რამაზ შენგელიას.

ფეხბურთმა მოყირჭებაც იცის და 24 წლისა ვიყავი, ბურთის დანახვა შემზიზღდა, ბურთისკენ გახედვა აღარ მინდოდაო, რომ თქვა. მერე, მოგვიანებით - თამაშს თავი რომ დაანება და რაღაცები სააშკარაოზე გამოიტანა.

ხვდებოდა ამ ყველაფერს ნოდარ ახალკაცი, არა მარტო შენგელიასას - ყიფიანის, გუცაევის, ჩივაძის, გაბელიას, სულაქველიძის, დარასელიას, მოკლედ, ყველას გასაჭირს ხვდებოდა და გადაწყვიტა, თავიდან დაეწყო.

კიდევ ერთხელ - რა არის, ერთხელაც "მოშიებოდათ" ბიჭებს ფეხბურთი.

არ გამოვიდა. ბედი, ფატალიზმი ჩაერია. ერთმანეთს ბევრი ცუდი და ცოტა კარგი ამბავი წაეწყო და არ გამოვიდა. ანარეკლიღა გამოდგა ეს, ახალი "დინამო" წინამორბედისა.

იმ ვარსკვლავური გუნდიდან ორიოდ თანაგუნდელთან ერთად რამაზ შენგელიაც იყო, ბოლომდე რომ უერთგულა "დინამოს".

ბორია სიჭინავამ მითხრა ერთხელ - თაობათა ცვლა რომ დაიწყო, ბასამ გვათრია, ხურჯინში ვეჯექით ბასას ბიჭებიო - დაახლოებით იმგვარი სიტუაცია იყო ოთხმოციანების მეორე ნახევრის "დინამოში" და მაშინ რამაზ შენგელიას რქებიც ხნავდნენ.

კიდევ ქუთაისი იყო. კიდევ რა - თავიდანაც და მერეც სულ ქუთაისი არ იყო? სულ მწვანე, სულ მოღადავე და სულ მომღიმარი ქუთაისი - "ხაჟალია, დაარტყი პენალი! ვინ კითხავს სუდიას!"

ჩემი ბიჭობის წიგნი მახსოვს. მინდია მოსაშვილის ნარკვევი რამაზ შენგელიაზე და იმ ნარკვევში იყო, "რეროო, ქუთაისი გადამწვარა, რეროოო"...

კალამმა გაქცევა იცის. ფეხბურთელებზე მაგარი გაქცევა და მიუხედავად იმისა, იმ ნარკვევმა პატარაობა გამილამაზა, თავს ვერ დავდებ, რომ ვარჯიშისას მართლა ამას ღიღინებდა თუ არა შენგელია.

მაგრამ ქუთაისი რომ სულ მასთან იყო, ეს კი ნაღდია - ქუთაისშივე იტყვიან, "წყალი რო არ გოუვა, იმნაირი სიმართლე"...

იქიდან მოდიოდა ის ხალასი იუმორიც, მარტო ქუთაისში და ქუთაისლებმა რომ იციან - თბილი, მზიანი, ხიცინ-ხიცინა იუმორი.
დაახლოებით ისეთი, მოსკოვის "ტორპედოსთან" მატჩის წინ რომ ათქმევინა რამაზს: "ყიფო რავაა, ყიფოო?" და...

"ყიფო ისეა, ზარაპინმა ("ტორპედოს" მეკარე იყო - რედ) დეპეშა რომ გამოატანოს, თბილისში ჩამეიტანს თუ არა, ვერ გეტყვიო"...

ასეთი "დინამო იყო. ასეთი ურთიერთობები.

"გული ჯერ კიდევ მოთამაშეობის დროს აწუხებდა" - ამას "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი გერმან ზონინი იხსენებს - "არ შეიძლებოდა მისი მეტისმეტად დატვირთვა და ამიტომ ყოველთვის ვეკითხებოდი, რა ერჩივნა, სასტარტოშივე თამაში თუ მერე, შეცვლაზე შესვლა. პირველივე წუთებიდან მინდორზე იწევდა, ბრძოლა უნდოდა სულ".

რუსულად უფრო კარგად ჟღერს და კოტე მახარაძემ "ქრსქთპლმპ რი ქრგთ" უწოდა და საერთოდ, ამ ქუთაისელი ბიჭის დაბადებაში ღმერთი არ გარეულიყო, 24 წლის ასაკში იმ ვეებერთელა ქვეყნის ორჯერ საუკეთესო ფეხბურთელობას ვინ აღირსებდა?

რუსი და უკრაინელი ვარსკვლავებისას ნუ ვიტყვით, მაჩაიძის, ყიფიანის, გუცაევის, ჩივაძის, სულაქველიძის, გაბელიას ფონზე განსაკუთრებით მაგარი ჩანს ეს პირველკაცობა.

ერთგან ისიც წავიკითხე, ვარსკვლავური ავადმყოფობა რომ არ შეყროდა, ნოდარ ახალკაცმა მორიგი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, სკამზე დასვა, ძირითადში რევაზ ჩელებაძე გაამწესა და ასე ხელახლა დაამშია შენგელიაო.

საეჭვო ფაქტია - სხვაგან არსად და არავისგან გამიგონია. ვინც შენგელიას იცნობდა, ისიც იცის, შორს იყო ამ "თავში ავარდნებისგან" და მაინცდამაინც არც ია-ვარდით მოფენილი გზით უვლია ვარსკვლავობამდე - კარლო ხურციძე რომ არა, ფეხბურთის თამაშსაც არ ანებებდნენ, სულ პატარას დაუპირეს გუნდიდან დათხოვნა და ეს სულ ახსოვდა.

ქუთაისთან ერთად მარანიც იყო. მისთვის დედული და ჩემთვის მშობლიური სოფელი. ვინ იცის, რამდენი და რამდენჯერ მიკითხავს მისი ამბავი უკვე გვარიანად გაჭაღარავებულ-გაჭარმაგებული მისი ტოლებისთვის.

მისი პატარა ბიჭობის ძმაკაცებისთვის. იგონებდნენ და იგონებენ - დაუზარებლად, ღიმილით, ამ ბოლოს, რაღა თქმა უნდა, დანანებით...
იმ ნიჭის, ალღოსა და სიხარულის მომსწრე ხომ მარნის მოლიანი ეზოებიც არიან - რამაზ შენგელიას ხომ იქაც უსაშველოდ უხაროდა გატანილი გოლები.

იგონებენ მის მკაცრ ბაბუას და ყველაზე ალალ ქომაგს, ბებია ალექსანდრას, ასე ძალიან, ძალიან რომ უყვარდა რამაზ შენგელიას და რომლის სამძიმარიც მთელმა თბილისის "დინამომ" მოიხადა.

"რა კაფანდარები ყოფილან?!" - ჰკვირობდნენ მერე მარნელები.

ასეთი "დინამო" იყო. ასეთი ურთიერთობები.

ფეხბურთმა გულისტკენებიც იცის და რამდენჯერმე უთქვამს სინანულით - ნეტა, ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატი 1982-ში კი არა, 81-ში ყოფილიყოო.

ხომ ადვილი მისახვედრია? მაშინ ყიფიანსა და გუცაევს ნაკრებს მიღმა არავინ (ვერავინ) დატოვებდა და არც რამაზ შენგელია დასჯერდებოდა მხოლოდ შოტლანდიელების კარში გატანილ ბურთს.

კიდევ გაიტანდა და კიდევ გაიხარებდა.

მერე რა ლამაზად, რა ემოციურად გამოხატავდა ამ სიხარულს - ჰაერში შეხტომით, მუშტშემართული...

მე ასეთი დავიმახსოვრე.

კონსტანტინე გოგიშვილი
სპეციალურად ლელო WEEK-ისთვის
მკითხველის კომენტარები / 3 /
რამაზი ბურთს რომ მიიღებდა,მხოლოდ კარს ხედავდა და იქ დარტყმაზე ფიქრობდა.ერთხელ,როგორღაც წამომცდა,ბურთის ღორია მეთქი.მაშინვე ვინანე და ახლაც ვერ მიპატიებია ეს სულელური სიტყვები ჩემი თავისათვის.როცა დინამო დინამოობდა,მაშინ ხომ იყო,მაგრამ დინამომ დარასელია და ყიფიანი რომ დაკარგა და ძალიან გაუჭირდა,მაშინ უფრო დავაფასე რამაზი.მთელი დაცვა მას დასდევდა,მას კი მაინც გაჰქონდა,მისი მასშტაბისათვის ცოტა,მაგრამ მაინც საკმაოდ ბევრი და თან საოცრებებს აკეთებდა მოედანზე.მთელი დაცვა გაჰყავდა ბურთის ჩაწოდების ზონიდან.შედი სხვა რომელიმე,ამ ზონაში და დაარტყი კარში,მაგრამ გამოუცდელი ბიჭები,ამდენს ვერ ხვდებოდნენ,მომენტს ვერ იყენებდნენ.მიმაჩნია, რომ შენგელიამ 1983-4-5 წლის სეზონებში უფრო მაგრადაც კი ითამაშა,ვიდრე ადრე,მაგრამ პარტნიორები აღარ იყვნენ ისეთები და მისი გარჯა,გუნდს იმდენ სარგებელს ვეღარ აძლევდა.ნეტავი კიდევ როდის გვეყოლება ასეთი გოლეადორი,ღმერთისაგან მასზე კალთა დაბერტყილი
სოსო
16:53 24-07-2020
0
კაი სტატიაა ,მაგარი იყო მაგარი მებრძოლი.ხანდეხან თუ ბურთი არ ქონდა უმაინც სულ დარბოდა ....იმდენს ირბენდა პერსონალურ მეურვეს სანამ არ მობეზრდებოდა კუდში დევნა ..........და მერე შენგელია მგელობდა ..........ეხ სადაა ახლა მასეთი ფეხბურთელი
Emzar
00:27 17-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული