მწვრთნელის პრო-ლიცენზია 6 ათასი დოლარი ღირს

AutoSharing Option
27 თებერვალს საქართველოს ნაკრების საწვრთნელ კომპლექს "ბასაზე" მწვრთნელთათვის პრო-ლიცენზიის კურსები დაიწყო.

სწავლას 15 "სტუდენტი-მწვრთნელი" შეუდგა და მათგან არც ერთია ისეთი, ქართული ფეხბურთის ქომაგის წინაშე წარდგენა რომ სჭირდებოდეს: ალექსანდრე ჩივაძე, ოთარ გაბელია, გოჩა ტყებუჩავა, გიორგი ცეცაძე, გიორგი დევდარიანი, სოსო ჭედია, მალხაზ ჟვანია, გელა შეყილაძე, ვარლამ კილასონია, თემურ შალამბერიძე, სოსო ფრუიძე, ბადრი კვარაცხელია, გიორგი ტუღუში ("დილას" მწვრთნელის ასისტენტი), ვასილ მაისურაძე, რამაზ სოღოლაშვილი.

წელიწადნახევრის განმავლობაში მათ ლექციებს სხვადასხვა პროფესიონალი მწვრთნელი წაუკითხავთ და თეორიულ სწავლებას პრაქტიკული მეცადინეობებიც შეცვლის. პირველ ლექციას საქართველოს მწვრთნელთა განათლების ხელმძღვანელი
გაიოზ დარსაძე
და უეფას წარმომადგენელი, შვეიცარიის 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცი დენი რაიზერი გაუძღვნენ.

სხვათა შორის, შვეიცარია უკვე რა ხანია სწორედ ასაკობრივი ნაკრებების შედეგებითა და თამაშის ხარისხით გამოირჩევა, რაიზერმა კი შეგირდები 2009 წელს მსოფლიოს ჩემპიონობამდე მიიყვანა. პრო-ლიცენზიის შესაბამისი სწავლა-განათლება მწვრთნელებს 6 ათასი დოლარი დაუჯდებათ.

შეგახსენებთ, რომ პრო-ლიცენზიის გაცემის უფლება უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას რამდენიმე კვირის წინ მისცა და აგერ, უკვე სწავლებაც დაიწყო.

"პირველ ყოვლისა, მინდა მადლობა ვუთხრა ალექსანდრე ჩივაძესა და ოთარ გაბელიას, რომლებიც ახალგაზრდა კოლეგებთან ერთად არიან აქ და პრო-ლიცენზიისთვის საჭირო სწავლას იწყებენ. ასევე მადლობა უნდა გადავუხადო უეფას სტუმარს, რომელიც ლექციების ჩასატარებლად გვესტუმრა.

ცხადია, პრო-ლიცენზიის მფლობელი მწვრთნელებით ჩვენი გუნდები ხვალ და ზეგ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ, მაგრამ პროგრესი რომ იქნება, დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ. ჩვენს მწვრთნელებს გზა ყველა დონეზე ხსნილი ექნებათ და მეტ ცოდნასაც მიიღებენ",
- ამ სიტყვებით მიესალმა და წარმატება უსურვა პრო-ლიცენზიის მაძიებელთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ და ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასგან მოკითხვაც გადასცა.

აქვე გეტყვით, რომ საკლუბო მწვრთნელებს შორის დღეს პრო-ლიცენზია კახა ცხადაძეს (ბაქოს "ინტერი"), გიორგი ჩიხრაძეს (ზაქათალის "სიმურგი"), გია გეგუჩაძეს ("ზესტაფონი"), შოთა არველაძესა (სტამბულის "ქასიმფაშა") და ამჟამად უმუშევარ ვლადიმერ ხაჩიძეს აქვთ. სხვათა შორის, ხუთივე მწვრთნელმა პრო-ლიცენზია კიევში აიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული