ტრიუმფი - "ოქროს ბიჭები 50" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1964 წლის 18 ნოემბერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მუდამ დარჩება დაუვიწყარ თარიღად: ტაშკენტში გამართულ "ოქროს მატჩში" თბილისის "დინამომ" დამატებით დროში მოუგო მოსკოვის "ტორპედოს" და პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი!

როგორ დაიწყო...
...ამ პირველ და მართლაც უდიდეს ტრიუმფამდე "დინამო" ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოდიოდა: ბორის პაიჭაძის, ავთანდილ ღოღობერიძის, გივი ჩოხელის, ზაურ კალოევისა თუ კიდევ მრავალი სხვა გამორჩეული ფეხბურთელის თაობას ხან მცირედი აკლდებოდა, ხან კიდევ... შეგნებულად არ გვიშვებდნენ ტრიუმფამდე;

ჰო, მართლაც ასე იყო: 1936 წლიდან (ანუ საკავშირო პირველობის დაწყებიდან) მოყოლებული 1960 წლის ჩათვლით, სსრკ
ჩემპიონი ხომ მხოლოდ და მხოლოდ... მოსკოვის გუნდი უნდა გამხდარიყო!

მოსკოველთა ჰეგემონია 1961 წელს კიევის "დინამომ" დაარღვია, სამი წლის შემდეგ კი იმავე წარმატებას ამჯერად უკვე თბილისის "დინამომ" მიაღწია; იმ "დინამომ", რომელსაც მანამდე საბჭოთა კავშირის თასის 4 ფინალი ჰქონდა წაგებული, ხოლო საბჭოთა კავშირის პირველობაზე ექვსჯერ იყო ბრინჯაოს პრიზიორი და ოთხჯერ - ვერცხლის პრიზიორი...

ჩვენი "დინამო" 1964 წლამდეც ყოფილა ძალიან ახლოს ოქროს მედლებამდე, მაგრამ მოსკოვში სულ "სხვაგვარად" ფიქრობდნენ და ერთხელ (1953 წელს) სულაც ჩემპიონობა ძალით წაართვეს!

1964 წლის ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ანდრო ჟორდანია გახლდათ, რომლის დაწყებული გზა მიხაილ იაკუშინმა გააგრძელა და კიდევ ერთმა გამორჩეულმა სპეციალისტმა, გავრილ კაჩალინმა დაასრულა, - სწორედ ამ სამი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ის გუნდი, 50 წლის წინათ ქართველ ქომაგს უდიდესი სიხარული რომ მოუტანა!

...ის საჩემპიონო სეზონი "დინამომ" მიხაილ იაკუშინის ხელმძღვანელობით დაიწყო და საწყისი ექვსი მატჩიდან ხუთი მოიგო, ერთი კი ფრედ დაამთავრა; არადა, დინამოელებს სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდათ: ტრავმების გამო ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელი (სერგო კოტრიკაძე, მურთაზ ხურცილავა, ილია დათუნაშვილი) გუნდს ვერ ეხმარებოდა.

VII ტურში, სტუმრად მოსკოვის "დინამოსთან" წაგების (1:3) მერე, მიხაილ იაკუშინი გაათავისუფლეს და მის ნაცვლად გავრილ კაჩალინი მოიყვანეს, საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპეციალისტი, რომლის ხელმძღვანელობითაც 1960 წელს სსრკ ნაკრებმა ევროპის თასი (ანუ ევროპის ჩემპიონატი - გ.ტ.) მოიგო.

კაჩალინის დებიუტი
კაჩალინის დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა: არცთუ ძლიერ გუნდებთან ("მოლდოვა", "კაირატი", "შახტიორი") ჩატარებულ სამ შეხვედრაში "დინამომ" მხოლოდ ერთადერთი ქულა მოიპოვა. გარდამტეხი აღმოჩნდა XI ტური, როცა "დინამო" სტუმრად ეთამაშებოდა იმ სეზონის უდავო ფავორიტს, მოსკოვის "ტორპედოს", რომლის შემადგენლობაშიც არაერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი გამოდიოდა: ანზორ კავაზაშვილი, ვალერი ვორონინი, ვალენტინ ივანოვი, ვიქტორ შუსტიკოვი, ბორის ბატანოვი.

ეს უშეღავათო პაექრობა ფრედ, 1:1 დამთავრდა და, რაც მთავარია, "დინამოს" ძირითადში პირველად გამოჩნდნენ სერგო კოტრიკაძე და მურთაზ ხურცილავა (ილია დათუნაშვილი ორი ტურით ადრე დაბრუნდა). აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ შეხვედრის არბიტრი... მიქელის რუბენისი გახლდათ, სწორედ ის რუბენისი, იმავე სეზონის ბოლოს ამ გუნდებს შორის ჩატარებული "ოქროს მატჩი" რომ იმსაჯა "ზედმეტად" ობიექტურად და რის გამოც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დისკვალიფიცირებულიც გახლდათ!

პირველი წრის ბოლომდე დარჩენილი 4 მატჩიდან "დინამომ" 3 მოიგო და ერთი ფრედ ითამაშა, მეორე წრის დასაწყისში კი ორი გასვლითი შეხვედრიდან (კიევის "დინამოსთან" და ცსკა-სთან) მხოლოდ 1 ქულა "ჩამოიტანა", თუმცა ესეც დროებითი "ჩავარდნა" იყო და ყველაფერი იმითაც იყო განპირობებული, რომ "დინამოს" ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე მიხეილ მესხი 8 ტურის განმავლობაში ვერ ეხმარებოდა თავის გუნდს.

და აი, XXI ტურში, სტუმრად მოსკოვის "სპარტაკის" დამარცხების შემდეგ (გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი სლავა მეტრეველმა გაიტანა) თბილისის "დინამოს" შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო და ჩვენმა გუნდმაც სეზონის ბოლომდე 14 მატჩი წაუგებლად ჩაატარა!

აქედან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს XXVIII ტურის საშინაო მატჩი, როცა ჩინებულ ფორმაში მყოფი "დინამო" ჩემპიონატის ლიდერს, "ტორპედოს" მასპინძლობდა. მასპინძლებმა ეს შეხვედრა დიდი აღმავლობით ჩაატარეს და მიხეილ მესხის, სლავა მეტრეველისა და შოთა იამანიძის გოლებით ძალიან ძლიერი მეტოქე 3:1 დაამარცხეს.

ფინიშამდე ოთხი ტურით ადრე
ამ მოგებით "დინამომ" პირველ ადგილზე გადაინაცვლა და ფინიშამდე 4 ტურით ადრე ჩემპიონობის მშვენიერი შანსი გაუჩნდა, მაგრამ სტუმრად ჯერ "კაირატს" ეთამაშა ფრედ, მერე კი იმ მართლაც "ისტორიული" მატჩის დღეც დადგა, როცა XXX ტურში ერთმანეთის პირისპირ ქუთაისის "ტორპედო" და "დინამო" წარდგნენ.

"დინამო" საჩემპიონო "რბოლაში" იყო ჩართული, ქუთაისელებს კი უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხე ემუქრებოდათ და ყველა უშეღავათო ბრძოლის მოლოდინში იყო.

ასეც მოხდა: 30 000 გულშემატკივრის თვალწინ უაღრესად დაძაბული და ნერვული მატჩი ჩატარდა, საბოლოოდ აშკარად "არამშვიდობიანი" საყაიმო ანგარიშით (1:1) რომ დამთავრდა: ვალერიან ჩხარტიშვილის გოლს დინამოელთაგან ილია დათუნაშვილმა უპასუხა. სამწუხაროდ, მატჩის მსვლელობისას არაერთი ექსცესი მოხდა და კიდევ უარესი ამბები ხდებოდა შეხვედრის დასრულების შემდეგ, თუმცა იმდროინდელ ქართულ (მით უმეტეს - საკავშირო) პრესაში ამ თემას ტაბუ ედო.

ეგ კი არა, წლების მერეც, ამ შეხვედრის მონაწილე ფეხბურთელებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ, 1964 წლის 30 ოქტომბერს ქუთაისში ჩატარებული იმ მატჩისა თუ მატჩისშემდგომი პერიპეტიების გახსენებისათვის თავი აერიდებინათ; არადა, როგორც გადმოცემით გვსმენია, მატჩის შემდეგ დიდი არეულობები მომხდარა, მაშინდელ მილიციას იარაღიც უსვრია და მსხვერპლიც ყოფილა.

თუმცა, სჯობს ისევ 1964 წლის ფინიშის მიწურულს დავუბრუნდეთ და, ჩვენდა ბედად, ისე მოხდა, რომ იმ XXX ტურში ვერც მოსკოვის "ტორპედომ" მოიგო. ანუ ფინიშამდე დარჩენილი ორი ტურის წინ კონკურენტებს ქულათა ერთნაირი რაოდენობა (42-42) ჰქონდათ.

დარჩენილ ორ ტურში კონკურენტებმა, მოლოდინისამებრ, იმარჯვეს და ჩემპიონატიც ერთნაირი ქულებით (46-46) დაამთავრეს.; ჰოდა, პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, ჩემპიონის გამოსავლენად "ოქროს მატჩი" დაინიშნა, რომელიც, დებულების თანახმად, ნეიტრალურ მოედანზე უნდა ჩატარებულიყო...

ოქროს მატჩი
"ოქროს მატჩის" ჩატარების ადგილად უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი შეირჩა და იმ დროისათვის ორი საუკეთესო საბჭოური გუნდის, თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "ტორპედოს" დაპირისპირებას "ფახთაქორის" სტადიონის ტრიბუნებიდან 70 000 (!) მაყურებელი უცქერდა!

აქედან, სულ მცირე, 10 000 გულშემატკივარი საქართველოდან ჩავიდა უზბეკეთში, ხოლო დანარჩენი მაყურებლების უდიდესი ნაწილი (უფრო ზუსტად, ადგილობრივი გულშემატკივარი)... თბილისის "დინამოს" ქომაგობდა!

იმ მართლაც დაუვიწყარი "ოქროს მატჩის" პერიპეტიებზე არაერთხელ დაწერილა და თქმულა; ჩვენ მხოლოდ იმას დავძენთ, რომ დინამოელები არ დააბნია საკუთარ კარში მიღებულმა ბურთმა (ანუ ყბადაღებული "პირველი გოლის ფაქტორი" არ ამოქმედებულა - გ.ტ.) და როცა ილია დათუნაშვილმა თავისი "საფირმო" კუთხურიდან ბურთი მეტოქის კარში ზუსტად "ჩასვა", აი, თამაშში გარდატეხა სწორედ მაშინ მოხდა!

ჩვენი უფროსი კოლეგის, დემიკო ლოლაძის მიერ სპეციალურად ამ მოვლენისადმი სულ ახლახან გამოცემულ წიგნში ("ქართული ფეხბურთის დიდგორი") ვკითხულობთ:

"ვისაც დინამოელები უნახავს 1964 წელს, დაგვეთანხმება, რომ გუნდი მოედანზე უჩვენებდა ბრწყინვალე თამაშს. მასში ორგანულად იყო შერწყმული შესანიშნავი ტექნიკა, ტაქტიკური სიბრძნე და საუცხოო ფიზიკური მომზადება..."

საჩემპიონო სეზონში "დინამოს" შემადგენლობაში გამოდიოდნენ: სლავა მეტრეველი - 33 მატჩი (12 გოლი), გიორგი სიჭინავა - 33 (2), ვლადიმერ ბარქაია - 32 (9), ჯემალ ზეინკლიშვილი - 32, გურამ ცხოვრებოვი - 32, შოთა იამანიძე - 30 (5), ბორის სიჭინავა - 30 (3), ილია დათუნაშვილი - 24 (13), მიხეილ მესხი - 24 (6), სერგო კოტრიკაძე - 23, გურამ პეტრიაშვილი - 21, ალექსანდრ აფშევი - 19 (2), ვახტანგ რეხვიაშვილი - 13, ნოდარ ლეჟავა - 10, მურთაზ ხურცილავა - 8, ელგუჯა ხუციშვილი - 5, ზაურ კალოევი - 1, ნომალ მაისურაძე - 1.

აღსანიშნავია, რომ იმ სეზონში წარმატებას მიაღწიეს "დინამოს" დუბლიორებმაც და ისინიც ჩემპიონები გახდნენ; იმ დროისათვის ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა ვახტანგ რეხვიაშვილმა კი ორი ოქროს მედალი მიიღო: როგორც ძირითადი გუნდის ფეხბურთელმა, ასევე - დუბლშემადგენლობისა.

სეზონის ბოლოს, "33 საუკეთესოს" ტრადიციულ ნომინაციაში "დინამო" 9 ფეხბურთელით იყო წარდგენილი: შოთა იამანიძე, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი - პირველ ნომრებად, გიორგი სიჭინავა, ბორის სიჭინავა, ვლადიმერ ბარქაია და ილია დათუნაშვილი - მეორე ნომრებად, ჯემალ ზეინკლიშვილი და გურამ ცხოვრებოვი - მესამე ნომრებად.

ქართული ფეხბურთის პირველი დიდი გამარჯვებიდან მეორე წელიწადს პირველად მოხდა, როცა საბჭოური გუნდი ევროტურნირებზე გამოჩნდა: თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში კიევის "დინამო" ჩაება; აი, რაც შეეხება ჩემპიონთა თასს, მადრიდის "რეალის", "მანჩესტერ იუნაიტედის", მილანის "ინტერის", ლისაბონის "ბენფიკას" და სხვა გრანდების გვერდით თბილისის "დინამოსაც" უნდა ეასპარეზა, მაგრამ ვითომდა "შესაბამისი საბუთების დაგვიანების" გამო ეს ვერ მოხერხდა; უფრო ზუსტად, ალბათ, მოსკოვში ვერაფრით შეეგუენ იმ ფაქტს, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე პირველი საბჭოური გუნდი... თბილისის "დინამო" უნდა ყოფილიყო.

...სამწუხაროდ, 1964 წლის 18 ნოემბრის მატჩის მონაწილე 11 ჩვენი ფეხბურთელიდან დღესდღეობით ცოცხალი მხოლოდ სამია: ილია დათუნაშვილი, ვლადიმერ ბარქაია და გიორგი სიჭინავა, რომელთაც მხნეობა და ჯანმრთელობა გვინდა ვუსურვოთ!

ოქროს მატჩი
18.10.1964. ტაშკენტი. ფახთაქორი. 70 000 მაყურებელი
დინამო (თბ)-ტორპედო (მ) 4:1, დდ
გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (72), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (105), 4:1 მეტრეველი (106-პენ)
დინამო: ს. კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი, გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი.
ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, მეშჩერიაკოვი, შუსტიკოვი, სარაევი, ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი, შჩერბაკოვი, სერგეევი.
არბიტრი: მ. რუბენისი (რიგა)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მადლობა მართლაც ოქროს თაობას იმ უდიდესი სიხარულისთვის, რაც მაშინ მიანიჭა სრულიად საქართველოს. სამარადისო ხსოვნა გარდაცვლილებს და ჯანმრთელობა და კიდევ დიდხანს სიცოხლე ცოცხლებს.
Shalva73
22:23 18-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული