"ოქროს ბიჭები" ტაშკენტშიც დააფასეს

AutoSharing Option
21 ნოემბერს, ტაშკენტის "ფახთაქორის" სტადიონზე, თბილისის "დინამოს" მიერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობის მოპოვების 50 წლისთავი აღინიშნა. ღონისძიება უზბეკეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით (ელჩი კონსტანტინე ჟღენტი), ადგილობრივი სპორტული ორგანიზაციებისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

ვეტერან ფეხბურთელებთან, ჟურნალისტებთან და გულშემატკივრებთან ერთად ტაშკენტში თავად მინისტრი ლევან ყიფიანი და მისი მოადგილე აკაკი ლოდიაც იმყოფებოდნენ.

ქართველთა დელეგაციას ტაშკენტის აეროპორტში გულთბილი დახვედრა მოუწყვეს: "ოქროს ბიჭებს" - ილია დათუნაშვილსა და ვლადიმერ ბარქაიას, ასევე - ალექსანდრე ჩივაძეს, ვლადიმერ გუცაევს და სხვებს. იმავე საღამოს ჩვენს დელეგაციას უმასპინძლა
უზბეკეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბიზნესმენმა სალიმ აბდუვალიევმა, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია.

"ვერც ვიფიქრებდი, რომ ჩვენი გამარჯვება ამდენი ხნის შემდეგაც ემახსოვრებოდათ ტაშკენტში! ეს ყველაფერი ძალიან ამაღელვებელი და სასიამოვნოა! მადლობა ყველას, ვინც ასეთი დახვედრა მოგვიწყო", - გაოცებული იყო "ოქროს მატჩის" ერთ-ერთი გმირი ილია დათუნაშვილი.

ქართულმა დელეგაციამ 1979 წელს ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული ტაშკენტის "ფახთაქორის" ფეხბურთელთა მემორიალი და უზბეკეთის XX საუკუნის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული გენადი კრასნიცკის საფლავი გვირგვინებით შეამკეს.

ამის შემდეგ ქართველი სტუმრები ბოლო წლების საუკეთესო უზბეკური კლუბის, "ბუნიოდკორის" სტადიონს (ეროვნული ნაკრების საშინაო არენა) ესტუმრნენ. მეორე დღეს კი ჩვენთვის იმ ლეგენდარულ არენაზეც დადგეს ფეხი, სადაც 1964 წლის 18 ნოემბერს "ოქროს ბიჭებმა" მოსკოვის "ტორპედო" დამატებით დროში 4:1 დაამარცხეს.

ვეტერანთა მატჩი, რომელიც ორი 30-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა, ამგვარი მატჩებისთვის ტრადიციულად უხვგოლიანი გამოდგა - 4:4. ქართველებიდან 2-2 გოლი მიხეილ ყაველაშვილმა და გიორგი დემეტრაძემ გაიტანეს. მათ გარდა, ითამაშეს ირაკლი ზოიძემ, სოსო გრიშიკაშვილმა, მამუკა მაჭავარიანმა, ირაკლი ვაშაკიძემ, გიორგი ანჩაბაძემ, გოგა გახოკიძემ, ლევან ცქიტიშვილმა, გოჩა ჯამარაულმა, ზურაბ ყიფიანმა, ალექსანდრე იაშვილმა და რატი ალექსიძემ, გუნდის კაპიტანი კი მალხაზ მახარაძე გახლდათ.

ტაშკენტელთა შორის კი იყვნენ მირჯალოლ კასიმოვი, ჰორენ ოგანესიანი, ჯაფარ ირისმეტოვი, იგორ შკვირინი და სხვები.

Sportall.Ge

დღის მიწურულს, "ფახთაქორის" ხელმძღვანელებმა საქართველოდან ჩასულ სტუმრებს სასტუმრო "უზბეკისტანში" საზეიმო ვახშამზე უმასპინძლეს, სადაც უზბეკეთის ოლიმპიური კომიტეტისა და ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებმა თითოეული სტუმარი სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული