მამუკა ღონღაძე: დაზღვევამ მიშველა, თორემ...

AutoSharing Option
ლატვიის 2012 წლის ჩემპიონატის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი მამუკა ღონღაძე ქუთაისის "ტორპედომ" ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე დაიმატა. მშობლიურ კლუბში მან კარგად დაიწყო თამაში, საგაზაფხულო ეტაპზე ჩატარებულ 8 შეხვედრაში 4 გოლიც გაიტანა და გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენაში დაეხმარა...

მაგრამ წლეულს მამუკა ღონღაძე აღარ გამოჩენილა. დავადგინეთ, რომ 12 აპრილს, "ვიტ ჯორჯიასთან" მიღებული ტრავმა "კანუს" დღემდე არ აძლევს თამაშის საშუალებას. ეს ფინანსური პრობლემებით გამოწვეული ტიპური ქართული ისტორიაა, სადაც თავს ბევრი ნეგატიური ფაქტორი იყრის.

"თავიდან, ექიმმა რომ გამსინჯა, მითხრა - მყესია დაჭიმულიო. მართალია, სეზონის ბოლომდე
დასვენება მომიხდა, მაგრამ ტრავმა სერიოზული არ მეგონა და იმედიანად ვიყავი.

გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, მე კი ვარჯიში ივლისში განვაახლე და ყველაფერი ისე კარგად მიდიოდა, მეგონა, გორის "დილასთან" მეორე ტურში მაინც ვითამაშებდი, მაგრამ...

ვარჯიშისას ტკივილმა ისევ შემახსენა თავი. თბილისში ცნობილმა ტრავმატოლოგმა გამსინჯა და აღმოჩნდა, რომ საქმე ბევრად უფრო რთულად ყოფილა, ვიდრე მეგონა - მენისკიც საოპერაციო გახდა და, რაც მთავარია, ჯვარედინი იოგებიც.

ოპერაცია გავიკეთე და უკვე მეორე თვეა, რეაბილიტაციას გავდივარ. ერთადერთი შვება ისაა, რომ იოგები მხოლოდ დაზიანებული აღმოჩნდა და რეაბილიტაციისთვის შედარებით ნაკლები დრო დამჭირდება.

იმედია, მოედანს თებერვლის ბოლოს მაინც დავუბრუნდები", - ამბობს ღონღაძე.

29 წლის თავდამსხმელი დასძენს, რომ ტრავმის გამო, პრობლემებს წააწყდა:

"ტრავმა ფეხბურთში ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ასეთი მძიმე გადასატანი არ მეგონა. ფსიქოლოგიურად მაგრად გამიჭირდა.

მეორეცაა - მეგონა, რომ ხარჯებში კლუბი შემეშველებოდა. ასეთი პუნქტი "ტორპედოსთან" კონტრაქტშიც იყო გათვალისწინებული. მაგრამ ხომ გახსოვთ, მოსამზადებელ პერიოდში გუნდში ფული არ იყო, ბიჭები მძიმე მდგომარეობაში იყვნენ და მეც ოპერაციის ხარჯის ნაწილი საკუთარი ჯიბიდან გავისტუმრე.

კიდევ კარგი, საყოველთაო დაზღვევა შემოიღეს. ამ პროგრამით, მკურნალობისა და ოპერაციის ხარჯების 70 პროცენტი გამისტუმრეს.

სამწუხაროდ, ეს პრობლემა საქართველოში საკმაოდ მწვავედ დგას და ბევრ ფეხბურთელს აწუხებს. არადა, კარგად მახსოვს, ლატვიაში ფეხბურთელის მკურნალობას მთლიანად კლუბი უზრუნველყოფდა, რადგან იქ მოთამაშეთა დაზღვევა სავალდებულოა".

ღონღაძე გახშირებული ტრავმიანობის მიზეზზეც ლაპარაკობს:

"რამდენიმე მოთამაშის ჩამოთვლა შემიძლია, ვისაც ჯვარედინი იოგები დაუწყდა და მკურნალობს. ვფიქრობ, ეს საქართველოში არსებული ხელოვნური მოედნების ბრალია. ბევრი მათგანი უხარისხოა და ტრავმის რისკს ზრდის".

"კანუს" "ტორპედოსთან" კონტრაქტი მალე უმთავრდება. მან არ იცის, გაგრძელდება თუ არა ქუთაისურ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება:

"მოედანზე დაბრუნება მომენატრა. თითქოს, ფეხბურთიც ასე არასოდეს მყვარებია. თურმე, ვარჯიშიც რამხელა ბედნიერება ყოფილა. მაგრამ ჯერ არ ვიცი, სად ვითამაშებ, რადგან დეკემბერში "ტორპედოსთან" კონტრაქტი მიმთავრდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
male gamojamrtelobas vusurveb )))
ise vinaa es ro ar vicodit aqamde aravin tan bombardirobac mouswria )))
nika
29 ნოემბერი 2014 15:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული