ბელგიელი აგენტი: ურუგვაიში თქვენზე მეტად უჭირთ, მაგრამ უკეთ თამაშობენ

AutoSharing Option
ფოტოზე: ლაშა ჯაკობია და მარტინ ანგოტე

ადრეც ვწერდით, რომ 19-წლამდელთა შესარჩევი ეტაპის შეხვედრებისას თბილისს არაერთი ევროპელი მენეჯერი თუ კლუბის წარმომადგენელი სტუმრობდა. ერთ-ერთი მათგანი ძალიან ცნობილი ბელგიელი აგენტი როჟე ანგოტე გახლდათ, რომელმაც წლების წინ ლიეჟის "სტანდარტში" ლაშა ჯაკობია წაიყვანა, წლეულს ზაფხულში კი ლუკა კიკაბიძე - ფრანგულ "ბასტიაში" მოაწყო. ზაფხულში ის "გენტში" გიორგი თევზაძის დაბინავებას ცდილობდა, მაგრამ ტრანსფერი მიზეზთა გამო გადაიდო.

ამ ცოტა ხნის წინ კი თბილისში ცნობილი აგენტის ერთ-ერთი ვაჟი, მარტინ ანგოტე იმყოფებოდა. ვფიქრობთ, მისი ინტერვიუ ძალიან დამაფიქრებელი და საყურადღებოა:

-
მარტინ, საქართველოში რა მიზნით ჩამოხვედით?

- ჩემთვის მნიშვნელოვან ამბებს ვარკვევდი. მამაჩემისგან ისედაც ბევრი რამ ვიცოდი საქართველოზე, აქაურ ფეხბურთზე, არსებულ ვითარებაზე და ასე შემდეგ, მაგრამ თავად მსურდა დეტალებში გარკვევა. სულ საქართველოს ჩემპიონატის 5 მატჩი ვნახე და მის დონეზე წარმოდგენა შემექმნა.

- როგორია ეს შთაბეჭდილებები?
- საკმაოდ მძიმე. პირდაპირ რომ გითხრათ, კატასტროფული დონეა.

- ესე იგი, კატასტროფული...
- სამწუხაროდ, ასეა. საქართველოში ჩამოსვლამდე ლაშა ჯაკობიას ვიცნობდი, რომელიც მამაჩემმა 17 წლის ასაკში ბელგიაში ჩაიყვანა, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი.

ბევრი რამ ვიცი თქვენებზე, ისიც, რომ რამდენჯერმე თქვენი ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებები ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ. თავად ვნახე შარშან, თქვენმა 19-წლამდელებმა ელიტრაუნდში რა კარგი ფეხბურთი აჩვენეს. ამ ყველაფრის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში ნანახმა შოკში ჩამაგდო.

- ყველაზე ცუდად თვალში რა მოგხვდათ?
- ძალიან დაბალი ტემპი და ფეხბურთელების ინერტულობა. ბევრი მათგანი მოედანზე იდგა, არ მოძრაობდა, არ იხსნებოდა, გამწვავებას არ ცდილობდა. მე სხვა ფეხბურთს შევეჩვიე და არ ვიცი, ეს ინერტულობა რას მივაწერო. ეს უფრო მენტალური და აღზრდის პრობლემაა - თავდამსხმელები დგანან და ელიან, როდის მისცემენ პასს.

ვერც წარმოვიდგენდი, რომ ქვეყანაში, სადაც ბევრი ტალანტია, ასეთი ჩემპიონატი იქნებოდა. იმას ვერ ვიტყვი, რომ არ დარბიან, მაგრამ რიტმი არ იგრძნობა და აფეთქებები მეტისმეტად მცირეა. ევროპაში ამაზე ბევრად მაღალი ტემპია არა მხოლოდ ტოპ-ლიგებში, არამედ ბელგიის მეორე ლიგაშიც.

- ძალიან დიდი განსხვავებაა?
- ევროპაში "პორშეს" სისწრაფეებია, საქართველოში კი "ოპელ ასტრას" ტემპში მოძრაობენ.

- ეს ყველაფერი ჩვენი კლუბების ფინანსურ გასაჭირსაც ასახავს. პირობები არ აქვთ, მოთამაშეებს კარგად ვერ ამზადებენ...
- ეს ვიცი და მესმის, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც გაცილებით ნაკლები ფული აქვთ, თქვენზე უფრო მეტად უჭირთ, მაგრამ იქაური ჩემპიონატების დონე და ტემპი გაცილებით მაღალია.

- მაგალითად?
- მაგალითად, პარაგვაისა და ურუგვაიში. შესაძლოა, იქ თქვენნაირი პირობები ან უარესიც კი არის, მაგრამ იქაური კლუბები ფეხბურთელების გაზრდას მაინც ახერხებენ. სხვათა შორის, განსაკუთრებული სიმდიდრით არგენტინული კლუბებიც არ გამოირჩევიან, მაგრამ სხვა მენტალიტეტის ფეხბურთელები ჰყავთ, ბევრად ჟინიანები და მონდომებულები.

დაბალი ტემპია ბრაზილიის მესამე ლიგაში, მაგრამ იქ ნიჭიერს მრავლად წააწყდები. აქ კი ტალანტები 16-17 წლის ბავშვები არიან, მათგან კი ერთი-ორი თუ იზრდება.

- პლუსი საერთოდ ვერ დაინახეთ?
- არა, რატომ? თქვენს ფეხბურთელებს ტექნიკის მხრივ ყველაფერი წესრიგში აქვთ და ბევრ საინტერესო თვისებასაც ავლენენ, მაგრამ ერთადერთი თამაში მომეწონა - ქუთაისში "ტორპედოსა" და "ზესტაფონს" შორის. ეს იყო ბოლო მატჩი, რომელიც ვნახე და ერთადერთი, სადაც ფეხბურთი ვიხილე.

- რომელიმე ფეხბურთელით დაინტერესდით?
- დიახ, ორი საინტერესო ფეხბურთელი მოვძებნე და კიდევ უფრო გამიმყარდა მოსაზრება, რომ 18 წელს მიღწეული ქართველი ფეხბურთელი ევროპაში უნდა წავიდეს, თორემ მერე თქვენთან პროგრესი შეუძლებელია.

მოთხოვნა ბევრს ნიშნავს, აქაური ჩემპიონატის დონეზე კი მოთამაშეს ბევრი არ მოეთხოვება. მაგრამ ასეთ დონეზე ვერავინ განვითარდება და ვერაფერს მიაღწევს. ჯობია, წავიდეს და ბელგიური კლუბის დუბლშემადგენლობაში ითამაშოს, ვიდრე თქვენს უმაღლეს ლიგაში.

- ამაზე უარესი დონის ჩემპიონატი გინახავთ?
- როგორ არ მინახავს? მაგალითად, ავსტრალიაში. იქ ფეხბურთი კარგად არც ესმით. თქვენ კი საფეხბურთო ქვეყანა ხართ და ასეთი დონე არ შეგშვენით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
იმათ გასაგონად... ვინც გეცბაიას აიგივებს ამ სკაუტთან... ქეცბაიამ უამრავი ტყუილი თქვა და თითო ოროლად თავის პოზიციის გასამყარებლად ნათქვამი სიმართლე.. მაინც არაფერს ნიშნავს, მიზეზთა გამო.. ამ კაცს კ ტყუილი არ უთქვამს ჯერ :)
Nodari
17:02 24-12-2014
0
და არ ეკითხებით მერე უნდა თუარა დაბრუნება იმუშავებს დაბალ ხელფასსე და როგორც მისი მომხრეები ამბობთ უპერსპექტივო ნაკრებთან.თუ ფეხბურთელები არაგვყავს როგორც თქვენ ამბობთ ვისთან იმ უმუშავებს.
quTaiseli
18:50 22-12-2014
0

სიახლეები პოპულარული