ჯერ არ ვიცით, როდის ჩატარდება ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები, თუმცა კობიაშვილი, ვინც გენერალურ მდივან რევაზ არველაძესთან ერთად ფავორიტად გვესახება, საარჩევნო კამპანიას იწყებს და ეს ვერაფრით იქნება რიგითი ამბავი.
კობიაშვილი აპირებს ჟურნალისტებთან შეხვედრას და ქართული ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობაზე საუბარს.
სავარაუდოდ, ახლავე უნდა გაირკვეს იმ პირთა ვინაობა, ვინც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მის გვერდით დადგება...
გერმანიიდან დიდ რისკამდე
აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ლევან კობიაშვილი "ჰერტაში" მუშაობს. თავისთავად, დღევანდელი გადასახედიდან, კობიაშვილის ნაბიჯი რთულად ასახსნელია. მიატოვო ყველაფერი და დაბრუნდე ქართულ ფეხბურთში - ეს, დაახლოებით, ქარის წისქვილებთან ბრძოლას ჰგავს.
ნებისმიერი პიროვნება თავისუფალია საკუთარ არჩევანში. ასეა კობიაშვილიც, თუმცა, ალბათ, ბევრი მის ადგილას სხვანაირად მოიქცეოდა.
არა სპონტანურად...
ზუსტად ვიცით, რომ კობიაშვილს ეს გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიუღია. ჯერ კიდევ ფეხბურთელობის პერიოდში გაიარა სამენეჯერო კურსები და სწავლა აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგაც გააგრძელა.ერთიც - ისიც ვიცით, რომ კობიაშვილი და მისი მეგობრები ბოლო დროს დიდი ყურადღებით აკვირდებოდნენ ქართულ ფეხბურთში შექმნილ სიტუაციას და გადაწყვეტილება ლევანმა მხოლოდ ბევრი ფიქრის შემდეგ მიიღო.
გამოდის, რომ ჩვენს ფეხბურთში არსებული უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, კობიაშვილს იმედი აქვს, რომ სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ნამდვილად არ იყრიდა კენჭს - ვინ იტყვის, რომ აწყობილი ევროპული ქვეყნის კლუბში მუშაობას საქართველოს ფეხბურთის პრეზიდენტობა სჯობს?!
გუნდი
ცხადია, კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის მარტო ვერ იბრძოლებს. მას გვერდით სჭირდება ისეთი ხალხი, წლების განმავლობაში ქართულ ფეხბურთში ავტორიტეტი რომ მოიხვეჭეს.უპირველეს ყოვლისა, კობიაშვილის ბანაკში უნდა მოვიაზროთ მისი უახლოესი მეგობრები - ალექსანდრე იაშვილი, დავით მუჯირი, ლევან ცქიტიშვილი, ზაზა ზამთარაძე და სხვები.
ფაქტია - კობიაშვილის არ იყოს, ლევანის უახლოეს გარემოცვასაც თავისი სიტყვა ეთქმის ქართულ ფეხბურთში. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება "კობის" გუნდის სრული შემადგენლობა. უფრო ზუსტად მისი გუნდის შესახებ მას შემდეგ შევიტყობთ, რაც კობიაშვილის პრეზენტაცია შედგება, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატისა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"