ვისწავლოთ საფეხბურთო მენეჯმენტი! უეფა დაგვეხმარება...

AutoSharing Option
საჩხერეს "ჩიხურას" დირექტორი ბერიკა შუკაკიძე საფეხბურთო მენეჯმენტის კურსებზე იმყოფებოდა და საინტერესო ამბებიც გვითხრა:

"დეკემბერში, საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთისა და სომხეთის რამდენიმე კლუბის წარმომადგენელი უეფას მენეჯმენტის სკოლაში კურსებს გავდიოდით. ჩემ გარდა, იყვნენ ფეხბურთის ფედერაციის, "დინამოს", "საბურთალოს", "დილასა" და "სიონის" წარმომადგენლები.

ახლა სწავლება "ონ ლაინ" რეჟიმში წარიმართება, მარტში კი უეფას წარმომადგენლები თბილისში გვესტუმრებიან და ერთწლიან კურსებს დავამთავრებთ.

ამ კუთხით, გამოცდილების გასაზიარებლად, 5 დღე "ვიტესში" ვიყავი და სტრატეგიის, მენეჯმენტის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობების, სპორტული ღონისძიებების ორგანიზების საკითხებით დავინტერესდი. გარდა ამისა, არნემელებს ბავშვთა უნიკალური აკადემია
აქვთ და მისი ნახვა მართლაც ღირდა. მიმაჩნია, რომ ამ ხუთმა დღემ მეც და თითოეულ ჩვენგანს ბევრი რამ შესძინა".

კლუბში მუშაობის პარალელურად, შუკაკიძე ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსისტეტის ლექტორი გახლავთ. მისი თქმით, "ილიაუნში" საფეხბურთო მენეჯმენტის სწავლების საგნად დანერგვა სურს:

"სწავლების დროს უეფას სასწავლო დეპარტამენტის უფროს თომას ჯუნდს შევხვდით. საქმე ისაა, რომ საფეხბურთო საკითხებზე ათასგვარი ლიტერატურაა, მაგრამ ქართულად ძალიან მცირე ნაწილია თარგმნილი და ამ კუთხით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის დეფიციტს წარმოადგენს.

მათ შორის, ცხადია, მენეჯმენტზე არსებული ლიტერატურის პრობლემაც გვაწუხებს. მე კი მსურდა, რომ უეფას მისი ეგიდით გამოსული ასეთი წიგნების თარგმნის ნებართვა დაერთო.

ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ უახლოეს მომავალში "ილიაუნში" ერთ-ერთ საგნად "საფეხბურთო მენეჯმენტსაც" შემოვიტანთ...

საკითხის მოგვარებაში უეფას ქართველი თანამშრომელი დავით პეტრიაშვილი და ჩვენი ფედერაციის გენერალური დირექტორი რევაზ არველაძე დაგვეხმარნენ. უეფაში მათ მიმართ დიდი პატივისცემა ყველგან იგრძნობა. მათ მიაღწიეს იმას, რომ წიგნების თარგმნას უეფა დააფინანსებს. მთავარია, საკითხი საქართველოში გადაწყდეს.

შემდეგი ნაბიჯი "ილიაუნში" სპორტული მენეჯმენტის ჯგუფის ჩამოყალიბება უნდა იყოს, რომლის წევრებმა სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია უნდა დააფუძნონ, ფეხბურთის განვითარების სხვადასხვა გამოცდილება შეისწავლონ და ჩვენთვის ოპტიმალურ ვარიანტზე იმუშაონ. ამას კვლევის სახე უნდა ჰქონდეს და გაკეთდეს ის, რაც საქართველოში არასოდეს მომხდარა - პროგრამის განხორციელების შედეგად რა დანახარჯები და მოგება იქნება და რა შედეგები შეიძლება მივიღოთ.

იმედია, ამ მიმართულების განვითარების ინტერესი გაჩნდება, რადგან საქართველოში მსგავსი კვლევები არასოდეს ჩატარებულა. ევროპელები კი თითოეული ნაბიჯის შედეგებზე კვლევებს ატარებენ და დროა, პრაქტიკული და პრაგმატული მუშაობა ჩვენც ვისწავლოთ. ლოზუნგებისა და ცარიელი სიტყვების დრო უნდა დასრულდეს.

ეს იდეა "ილიაუნის" რექტორ გიგა ზედანიას გავაცანი. მას ის ძალიან მოეწონა და იმედი გამიჩნდა".

შუკაკიძე მართლაც საინტერესო იდეას გვთავაზობს. მთავარია, ხელშეწყობა იყოს, თორემ 2004 წელს მსგავსი პროექტი ნიკო დოლიძესაც ჰქონდა - საფეხბურთო აკადემია "ოლიმპის" ერთ-ერთი დამფუძნებლის აზრით, ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის სასურველი იქნებოდა, რეგიონებში საფეხბურთო ცენტრების დაფუძნება, ხოლო "ოლიმპის" სკოლის ბაზაზე - უეფას მენეჯმენტის სკოლის გახსნა, რაც კლუბების საქმიანობას გააუმჯობესებდა.

ამ იდეას სფფ-ს ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაც ემხრობოდა და საკითხი უეფაში წარადგინა. მეტიც, ვიცოდით, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში ეს ყველაფერი დადებითად გადაწყდა, მაგრამ...

მოხდა ის, რაც საქართველოში სამწუხარო ტრადიციად დამკვიდრდა - წინა ხელმძღვანელის მიერ მოწონებული იდეა შემდგომმა დაიწუნა, არადა, ქვეყანა პრიორიტეტებით უნდა ცხოვრობდეს და არა - პიროვნული სიმპათია-ანტიპათიებით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯეოსპორტს.ჯი-ს ფოტო რომ გაქვთ აღებული მიუთითეთ!!!!
miranda
19:49 10-01-2015
0
ეს კაცი ვინაა? ფეხბურთში საიდან მოხვდა ?
tengo
15:05 11-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული