რატომ ითამაშა ბორის პაიჭაძემ თურქეთის ნაკრებში?

AutoSharing Option
დღეს, 3 თებერვალს, ქართული ფეხბურთის პირველი ვარსკვლავის, ბორის პაიჭაძის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა.

თბილისის "დინამოს" იმ თაობის ლიდერმა გუნდში 15 წელი ითამაშა და ხალხში უდიდესი სიყვარული დატოვა.

საერთოდ, ასეა ხოლმე - წარსულის ვარსკვლავებზე ლეგენდების ელფერით მოცულ ამბებს გვიყვებიან.

შევეცდებით, გარკვეული მოვლენები გავაცოცხლოთ და დაგანახვოთ, რომ საქართველოსთვის ბორის პაიჭაძე გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელი...

უკრაინული ტრიუმფი და გაშიფრული ტრიუკი
სოლომონ პაიჭაძეს 6 შვილი ჰყავდა - 4 ქალიშვილი და 2 ვაჟი. ბორისი 5 წლის იყო, მისი ოჯახი ფოთში რომ დასახლდა. სოლომონი პორტში
მტვირთავთა ბრიგადირად მუშაობდა. ფოთში კი ინგლისელთა გემები შემოდიოდნენ, ფოთიდან მარგანეცი მიჰქონდათ, ჩვენ კი ფეხბურთი დაგვიტოვეს...

ბორისი კარგადაც სწავლობდა და მამასთან მტვირთავადაც მუშაობდა. სწორედ ინგლისელების შესრულებით ნახა პირველად ფეხბურთი და ძალიან გაიტაცა. 8 კლასი ისწავლა და შემდეგ ფოთის საზღვაო ტექნიკუმში ჩააბარა. მისი დასრულების მერე კი გემ "ტენდრაზე" მექანიკოსად მოეწყო.

სწორედ ფოთის საზღვაო ტექნიკუმის გუნდში თამაშით გაიცნეს 16 წლის ბიჭი და მალე ქალაქის ნაკრებში მიიწვიეს. პარალელურად, ფოთის ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა და თავიდანვე სახელი გაითქვა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე პერსპექტიულმა ფეხბურთელმა...

მამას შვილის გატაცება არ მოსწონდა, რადგან ფეხბურთს სერიოზულ საქმედ არ თვლიდა, მაგრამ ერთხელ ფოთს ხარკოვის გუნდი ესტუმრა, რომელსაც ფოთელებმა 2:1 სწორედ პაიჭაძის გადამწყვეტი გოლით მოუგეს, ხალხმა კი მატჩის გმირი სტადიონიდან ხელში ატაცებული გაიყვანა. თამაშის შემდეგ შვილის თამაშით აღფრთოვანებულმა სოლომონ პაიჭაძემ ფეხბურთისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად შეცვალა...

სწორედ მაშინ მოხდა ეს ამბავი: 1934 წელს, როგორც შრომის მოწინავე (?!), ბორის პაიჭაძე ინგლისში სამოგზაუროდ გაუშვეს, მაგრამ გემზე ჩასხდომამდე ტელეგრამა მიიღო: "მამა სიკვდილის პირასაა, ჩამოდი".

სახლში დაბრუნებულმა მამა საღსალამათი ნახა. დეპეშა კი, თურმე, თანაგუნდელმა კალისტრატე იმნაძემ გაუგზავნა, რადგან ფოთის გუნდს ბათუმში საქართველოს ჩემპიონატის მნიშვნელოვანი შეხვედრა ელოდა, ბორიას გარეშე მოგება კი წარმოუდგენელი იყო. ის მატჩი ფოთელებმა 2:1 მოიგეს, პაიჭაძემ კი დუბლი შეასრულა.

ამის შემდეგ ფოთელები უკრაინულ ტურნეში გაემგზავრნენ, სადაც 29 მატჩიდან მხოლოდ ერთი ფრე ითამაშეს, დანარჩენი 28 კი მოიგეს (?!). სწორედ მაშინ საინტერესო ამბავი მოხდა: ფოთის ნაკრებმა, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ... თურქეთის ნაკრების სახელით ითამაშა და 2:3 წააგო.

საქმე ის იყო, რომ თურქები ოდესაში ვერ ჩავიდნენ, ხალხი კი მატჩზე მისასვლელად ემზადებოდა და ქართველებს მათ ნაცვლად თამაში სთხოვეს. ფოთელებმა უკრაინელ ორგანიზატორებს გაუგეს და თურქების სახელით ითამაშეს. თუმცა, ოდესელებმა წინა დღეებში ნანახი ქართველები მაინც იცნეს და ამ ფანდმა არ გაჭრა.

ბერიას საყვარელი ფეხბურთელი
1935 წლის ზაფხულის მიწურულს, ბორის პაიჭაძე დედაქალაქში სწავლის გასაგრძელებლად სხვა ფოთელ ფეხბურთელებთან (ვალოდია ბერძენიშვილი, გრიშა გაგუა, გვაჩი ჯორბენაძე) ერთად ჩამოვიდა და ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის კარი შეაღო.

ინსტიტუტის რექტორი იუზა ვაშაყმაძე ფეხბურთის გულშემატკივარი იყო და ფოთელი ვარსკვლავები სასწავლებელში უგამოცდოდ ჩარიცხა.

ეს მაშინდელი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი იყო - 1925 წელს დაარსებული "დინამო" თვით დედაქალაქშიც კი არ იყო საუკეთესო გუნდი. ქალაქის ჩემპიონობას ერთმანეთს, უმთავრესად, ზიი (ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი, ტექნიკური უნივერსიტეტის წინამორბედი), ტსპო (Тбилисский союз потребительских обшеств) და "ლოკომოტივი" ეცილებოდნენ. ყველაზე პოპულარული მაინც ზიი ყოფილა. ფოთელების დამატებით, ამ გუნდმა ქალაქის ჩემპიონის ტიტული უპრობლემოდ მოიპოვა, მალე კი საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასწავლებლების ჩემპიონიც გახდა.

მაშინ "დინამოს" პატრონი და ტიტულები აკლდა, მაგრამ 1936 წლის თებერვალში საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატის გამართვა გადაწყდა. "ბ" ჯგუფში ქართულ ფეხბურთს "დინამო" წარადგენდა. რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ იქ საუკეთესო მოთამაშეებს მოუყარა თავი, მათ შორის - ზიი-ს ფოთელ ვარსკვლავებსაც.

რეალურად, ეს გადაწყვეტილება ამიერკავკასიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ლავრენტი ბერიამ მიიღო და საამისოდ, პაიჭაძეს პირადადაც შეხვდა. იმ დროისთვის, ბორისის მამა დაჭერილი იყო და მაშინდელი პირველი "ჩეკისტის", გოგლიძისგან მისი გათავისუფლების დაპირება მიიღო, მაგრამ ბერიას იგივე თხოვნა ვერ გაუბედა.

1942 წელს პაიჭაძე ბერიას მოსკოვში კიდევ ერთხელ შეხვდა. მაშინ კი გაბედა და მამის გათავისუფლება სთხოვა, მაგრამ... გაირკვა, რომ გადასახლებაში მყოფი სოლომონ პაიჭაძე გარდაცვლილიყო...

1940-51 წლებში პაიჭაძე გუნდის კაპიტანი იყო. Sportall.Geის იყო გრიგორი ფედოტოვის სახელობის "ასიანთა" კლუბის წევრი, სადაც სსრკ-ის ჩემპიონატებში 100-ზე მეტი გოლის გამტანები ერთიანდებოდნენ.

საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში სულ 101 ჰეთ-თრიკი დაფიქსირდა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველებს ეკუთვნით. პაიჭაძემ კარიერაში სულ 8 ჰეთ-თრიკი შეასრულა და ამ მაჩვენებლით, უკრაინელ ოლეგ პროტასოვთან ერთად, მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს. მას მხოლოდ გრიგორი ფედოტოვი (12 ჰეთ-თრიქი), ალექსანდრე პონომარიოვი (10) და ნიკიტა სიმონიანი (9) უსწრებენ.

ქართველებში მას შემდეგ მოდიან გაიოზ ჯეჯელავა, მიხეილ მესხი, ზაურ კალოევი, ავთანდილ ღოღობერიძე (4-4) და რამაზ შენგელია (3).

სხვათა შორის, საქართველოს ნაკრების პირველი საერთაშორისო გოლის ავტორიც პაიჭაძეა. ბასკეთის ნაკრები 1937 წლის 25 ივლისს "დინამოს" შეხვდა და 2:0 მოიგო. რამდენიმე დღის შემდეგ, 30 ივლისს, ბასკებს უკვე საქართველოს ნაკრები დაუპირისპირდა. პირენეელებმა ეს თამაშიც მოიგეს - 3:1. ქართველებიდან ერთადერთი გოლი 22 წლის ბორის პაიჭაძემ გაიტანა.

ბევრისთვის უცნობია, რომ პაიჭაძის ინიციატივა იყო საქართველოში "ტყავის ბურთის" გათამაშების წამოწყება, რომელიც შემდეგ მთელ საბჭოეთში აიტაცეს და ტრადიციულ ტურნირად და ტალანტების სამჭედლოდ აქციეს.

იმპერიაში მეორე ადგილიც წარმატებაა
სხვათა შორის, მანამდე მცირე ხნით ადრე, პაიჭაძე ჯერ კიდევ კრემლში მყოფ ბერიას კიდევ ერთხელ შეხვდა. ეს ამბავი ქართული ფეხბურთის ფოტომემატიანემ, აწ გარდაცვლილმა კონსტანტინე შანიძემ გაიხსენა:

"ბორის პაიჭაძე ჰყვებოდა, როგორ შევიდა ბერიასთან და თავისი სატკივარი უთხრა - ლავრენტი პავლოვიჩ, სულ გვჩაგრავენ და ჩემპიონობის შანსს არ გავძლევენო. ბერია კი მკაცრად შემოუტრიალდა - რუსეთის იმპერიაში ქართველისთვის მეორე ადგილიც დიდი მიღწევაა და სხვაზე არც იფიქროთო"...

1953 წელს, "დინამოდან" მიხეილ იაკუშინის წასვლის შემდეგ, სეზონის მსვლელობისას გუნდი სწორედ პაიჭაძეს ჩააბარეს. მას საქართველოში უზომო ავტორიტეტი ჰქონდა, თუმცა სამწვრთნელო საქმეში გამოუცდელი იყო და საქმისთვის ხელის მოკიდება არ სურდა. ბოლოს თხოვნას დათანხმდა და მისი ხელმძღვანელობით, "დინამოს" "ოქროს მატჩში" მონაწილეობა პირველად მაშინ შეეძლო.

1953 წლის 4 სექტემბერს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მატჩი შედგა, რომელსაც ერთ-ერთმა რუსმა ჟურნალისტმა წერილი უძღვნა სათაურით - "მკვლელობა" პეტროვსკის პარკში".

ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში "დინამომ" მოსკოვში "ტორპედოს" 2:1 მოუგო. თბილისელებმა გასახდელში გამარჯვება იზეიმეს და მხოლოდ მეორე დღეს გაიგეს, რომ... მატჩი უნდა გადათამაშებულიყო, რადგან "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი მოროზოვმა მსაჯების "შეცდომების" გამო ფეხბურთის ფედერაციაში საჩივარი შეიტანა, რომელიც დაუკმაყოფილეს.

არადა, დასასჯელი "ტორპედო" იყო, რადგან მსაჯის საფინალო სასტვენისთანავე მინდორზე ასეულობით მოსკოველი გადახტა...

ცხადია, დინამოელებს გადათამაშებაში მონაწილეობა არ სურდათ, რადგან იცოდნენ - მაინც არ მოაგებინებდნენ. მოედანზე გასვლას მხოლოდ პაიჭაძის დიდი პატივისცემით დათანხმდნენ.

პაიჭაძე იხსენებდა: "მოსკოველებს მსაჯისადმი პრეტენზიაზე არაფერი უთქვამთ და პროტესტი არც მატჩის ოქმში შეუტანიათ. ერთმანეთს ხელი გავუწოდეთ და ასე დავშორდით.

დასაძინებლად ვემზადებოდი, როცა ტელეფონთან მიხმეს. საკავშირო ფიზკულტურის კომიტეტიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, მოსკოვიდან არ გავმგზავრებულიყავით - "ტორპედომ" მატჩი გააპროტესტაო.

გავვოცდი. მეგონა, ვიღაც ხუმრობდა. თუმცა... ნომრებში შევდიოდი, ბიჭებს ვესაუბრებოდი, ვარწმუნებდი, მაგრამ ვერაფერი მოვახერხე - ისინი განადგურებულები იყვნენ".

მომხდარმა დინამოელები ისე დათრგუნა, საბრძოლველად ვერ განეწყვნენ, ამას მიკერძოებული მსაჯობაც დაემატა და მატჩი წააგეს, "ოქროს მატჩში" მონაწილეობისთვის აუცილებელი ქულათა მარაგიც ვერ დააგროვეს, ხოლო ჩემპიონობა მოსკოვის "სპარტაკმა" მოიპოვა.

აღშფოთებული პაიჭაძე კრემლში ბერიას კიდევ ერთხელ შეხვდა და დახმარება სთხოვა. მერე ეს ამბავი ქართული ფეხბურთის ფოტომემატიანემ, აწ გარდაცვლილმა კონსტანტინე შანიძემ გაიხსენა:

"თბილისში ჩამოსული ბორის პაიჭაძე ვნახე. ძალიან დათრგუნული იყო. ჰყვებოდა, როგორ შევიდა ბერიასთან და თავისი სატკივარი უთხრა - ლავრენტი პავლოვიჩ, დაგვჩაგრეს და ჩემპიონობა წაგვართვესო. ბერია კი მკაცრად შემოუტრიალდა - რუსეთის იმპერიაში ქართველისთვის მეორე ადგილიც დიდი მიღწევაა და სხვაზე არც იფიქროთო"...

ეროვნული ღირსების გრძნობა
საინტერესოა, რას ამბობდნენ ბორის პაიჭაძეზე, მაგალითად - ქართული ფეხბურთის პატრიარქი ანდრო ჟორდანია: "ჩვენს დროში ის არანაკლებ დიდებას მოიმკიდა, ვიდრე დი სტეფანო ან პელე".

საბჭოთა ფეხბურთის ვარსკვლავი ვიქტორ პონედელნიკი მიიჩნევდა, რომ სწორედ პაიჭაძემ განსაზღვრა ქართული ფეხბურთის სტილი:
"პაიჭაძე იყო სწრაფი, ტექნიკური, მიზანმიმართული ფეხბურთელი. მაგრამ, უპირველესად, დამამახსოვრდა, როგორც კარგი ორგანიზატორი - ის გუნდის თამაშს ხელმძღვანელობდა.

არ მიკვირს, რომ მას შემდეგ საქართველოდან ვირტუოზი ფეხბურთელების თაობები წამოვიდნენ".

Sportall.Ge

"ბურთი ფეხზე ჰქონდა მიბმული და ასე მოძრაობდა. დრიბლინგის ნახვა თუ გინდოდათ, პაიჭაძის თამაში უნდა გენახათ", - ეს უკვე ისტორიკოს ვერნი ალფაიძის სიტყვებია.

ქართული ფეხბურთის პირველ ვარსკვლავზე ჯუმბერ ებრალიძის მიერ გადაღებულ ფილმში საინტერესო ფრაზას ამბობს რეჟისორი რევაზ ჩხეიძე: "ჩვენი ეპოქის ადამიანებისთვის პაიჭაძე ეროვნული გმირია. ის მოედანზე ჩვენს სახელს იცავდა".

პაიჭაძის დიდი დამსახურება არა მარტო გოლები, არამედ ისიცაა, რომ საქართველოში ფეხბურთმა სპორტის სახეობაზე გაცილებით მეტი დატვირთვა შეიძინა და ეროვნული ღირსების დაფარული გრძნობა და სიამაყე მოედანზე გადაიტანა - თითოეული გოლი ქართველობას თავისუფლების სურვილს უძლიერებდა და ძალას ჰმატებდა.

მოდიან ქართული ფეხბურთის ახალი თაობები და მათი ვალიც ისაა, რომ ეროვნული ღირსების გრძნობა და სიამაყე დაგვიბრუნონ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
შესაძლოა, ბერიიამ სხვა დროს უთხრა პაიჭაძეს ეს ფრაზა. მაგრამ, ჩვენების მიერ თამაშის მოგება და თამაშისვე უსამართლოდ გადათამაშება ნაღდი ისტორიაა! ნახეთ. http://fc-dynamo.ru/champ/prot.php?id=252000
მამუკა
11 მარტი 2015 07:42
0
1953 წლის გადათამაშებული მატჩის პერიპეტიები. კრემლში მაშინაც ღორები იყვნენ.http://fc-dynamo.ru/champ/prot.php?id=252000
მამუკა
11 მარტი 2015 07:38
0
პაიჭაძის შესახებ შესანიშნავი ნაშრომები აქვს დაწერილი ცნობილ ჟურნალისტს აწ გარდაცვლილ ოთარ ნოზაძეს - თუნდაც ,,იჯდა და ტიროდა მომავალი ფეხბურთის კარუზო". სწორედ ლელოში იბეჭდებოდა წლების წინ
qomagi
03 თებერვალი 2015 23:44
0
1953 წლის ამბები არასწორადაა გადმოცემული.
ხანდახან 1939 წლის თასის გათამაშებაც უნდა გავიხსენოთ ხოლმე, სურათის სისრულისათვის.
alzo
03 თებერვალი 2015 21:23
0
მერაბ მამულაშვილო გადაამოწმე ფაქტები და ისე დაწერე სტატია!
messi 10
03 თებერვალი 2015 19:00
0
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩვენი ლეგენდა!
del piero 10
03 თებერვალი 2015 18:59
0
ლელო !!!
53 წლის სექტემბერში პაიჭაძე ბერიას შეხვდაო რომ წერთ, ის მაინც არ გაგიგიათ ბერია ივნისში უკვე რომ დახვრეტილი რომ იყო ?:))))))
თენგო
03 თებერვალი 2015 15:53
0
რატო გვატკუებთ?
goga
03 თებერვალი 2015 15:45
0
ყოჩაღ მერაბ,ძლივს გაახსენეთ ხალხს რომ ფეხბურთი ეროვნულ სიამაყემდეა ასული და ვერცერთი სპორტის სახეობა ამას ვერ იტვირთავს!
მიქაელი
03 თებერვალი 2015 15:39
0
ფეხბურთის კარუზო ლეგენდა!
კაცი
03 თებერვალი 2015 15:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული